მთავარი საზოგადოება ვისი სითი ვის პარკშია?

ვისი სითი ვის პარკშია?

1324
გააზიარეთ
მერია

თბილისის მერიამ კომპანიასითი პარკთანხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ცნობამ საზოგადოების დიდი ნაწილი გაახარა, თუმცა არაერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ახალი სისტემა შეიძლება ძველივით უსამართლო ან, სულაც, უარესი აღმოჩნდეს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, 10 აპრილის შემდეგ “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ თანმდევ განცხადებაში განავრცო ეს თემა და განაცხადა, რომ “კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შელახა ყოველმხრივ საზოგადოებრივი ინტერესები და უფლებები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ არ გვაქვს იმის დრო, რომ კომპანიას ვასწავლოთ მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. კომპანიასთან, რომელსაც არ ესმის, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არღვევს მოქალაქეების უფლებებს და მას შესრულება სჭირდება, საქმე არ გვაქვს… ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ სამართლიანად, სწორად, სამართლებრივად, კანონისა და ხელშეკრულების პირობების დაცვით, რის გამოც ჯარიმის გადახდა არ მოგვიწევს”, თუმცა “სითი პარკში” მიიჩნევენ, რომ მერიის გადაწყვეტილება, რომ 2024 წლამდე დადებული ხელშეკრულება გაწყვიტოს, არაკეთილსინდისიერია, ამიტომ აპირებენ, სასამართლოს მიმართონ.

მერად არჩევის შემდეგ (მაგრამ თანამდებობის ოფიციალურ დაკავებამდე) კალაძემ “სითი პარკს” პირველად 9 ნოემბერს შეუტია: “ვნახოთ სტატისტიკა, ჯარიმები, რომლებიც მათი მხრიდანაა გამოწერილი და რომლებიც გასაჩივრდა, 99% არის გამამართლებელი განაჩენი, მოქალაქეების საკეთილდღეოდ გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ანუ ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად?” და არ გამორიცხა, რომ მერია კომპანიას სასამართლოში უჩივლებს. “სითი პარკში” მაშინ განაცხადეს, რომ კალაძეს არასწორი მონაცემები მიაწოდეს. ეს ეპიზოდი კონფლიქტის შესაძლო გაღრმავებაზე მიანიშნებდა. კამათში იმ დროისთვის მოქმედი მერი დავით ნარმანია ჩაერთო და განაცხადა, რომ “ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის შეცვლის შემთხვევაშიც მერიამ, მინიმუმ, 25 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს. სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ”. სწორედ ეს 25 მილიონი გახდა მთავარი საბაბი იმისა, რომ მერიამსითი პარკთანთანამშრომლობა გააგრძელა, თორემ მოლოდინი ხელშეკრულების გაწყვეტისა ჯერ კიდევ 2014 წელს არსებობდა, მითუმეტეს რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისითი პარკისადა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას, ურთიერთობას იძიებდა. ნარმანიამაც მრისხანე განცხადებებით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ რადიკალურ ნაბიჯებზე უარი თქვა. რა შეიცვალა ამჟამად?

2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მერობის ერთერთმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა, რომელმაცსითი პარკთანურთიერთობა თავისი კამპანიის ერთერთ მთავარ თემად აქცია, განაცხადა: “ქართული ოცნებაცდილობს, შექმნას ახალი სატრანსპორტო მონსტრი და ძალიან საეჭვო გარიგებაზე წავიდეს. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკება ყველა მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიასთან, რომელიც არისთბილისის მიკროავტობუსისმფლობელი. ამ გარიგებით, “სითი პარკს” ჩაანაცვლებს მისი კომპანია”. ელისაშვილი ვარაუდობდა, რომ ყბადაღებულ 25 მილიონსსითი პარკსსწორედ მაქაცარია გადაუხდიდა. მაქაცარიამ (უფრო სწორად, კომპანია “თბილისის მიკროავტობუსმა”) ეს ინფორმაცია უარყო, მაგრამ ხმები მოსალოდნელი გარიგების თაობაზე მაინც ვრცელდებოდა.

პირველად კალაძისა და მაქაცარიას გვარებმა ერთ კონტექსტში 2014 წელს გაიჟღერა. მაშინ “კავკასუს ონლაინის” ყოფილმა მფლობელმა მამია სანადირაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ ბიზნესმენებს _ ხვიჩა მაქაცარიასა და ლევან ყარამანაშვილს ახალ ხელისუფლებაში სწორედ კახი კალაძე მფარველობს.

ჯერჯერობით მერია ახალ კონტრაქტორ ფირმაზე არაფერს ამბობს. სპეციალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით ვერ გაართმევს და გამორიცხული არაა, რომ დედაქალაქში პარკირებასთან დაკავშირებით ქაოტური სიტუაცია შეიქმნას. ამ ფონზე ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც ერთადერთი ხსნა, მითუმეტეს თუ ის “სითი პარკის” პირსაგამტეხლოს გაისტუმრებს. ამის ალბათობა არც ისე დაბალია (საუბარი იმაზე, როგორ გაფორმდება ეს იურიდიულიად, ჯერ ნაადრევია). ბოლო წლების მწარე გამოცდილება გვკარნახობს, რომ ახალი კონტრაქტორი, სავარაუდოდ, შეეცდება, დახარჯული თანხა მოქალაქეების ჯიბიდან მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ამოიღოს.

საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია ეჭვი, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები 2012 წლიდან ცდილობდნენ, წილში ჩამჯდარიყვნენ კორუფციული ბიზნესის იმ გაუმჭვირვალ სქემებში, რომლებიც მათმა წინამორბედებმა შექმნეს, და მიზნის მისაღწევად სამართლებრივ ბერკეტებს იყენებდნენ. კომენტატორების ნაწილი სწორედ ამით ხსნიდა იმ ფაქტს, რომ ახალი ხელისუფლება თავიდან ბევრს ხმაურობდასითი პარკისსაქმესთან დაკავშირებით, შემდეგ კი საეჭვოდ დადუმდა, მაგრამ კალაძის ბოლო გადაწყვეტილება ამ ჩარჩოში არ ჯდება. ის, როგორც ჩანს, არ აპირებს, გამოიყენოს ძველი სქემა, არამედ სურს, ახალი შექმნას.

ეს მნიშვნელოვანი ნიუანსია. კოაბიტაცია ეხებოდა არა მხოლოდ და, შესაძლოა, არა იმდენად პოლიტიკას, რამდენადაც “ჩრდილოვანი”, ცრუმაგიერ პირებზე გაფორმებული წილების გადანაწილებას ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომპრომისის საფუძველზე. განხილულ შემთხვევაში კი სასურველი შედეგის მიღწევა, სავარაუდოდ, არა კომპრომისის, არამედ იმპერატიული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება. ეს არ ნიშნავს, რომ “ძველების” ინტერესები უგულებელყოფილი იქნება, მათ შეიძლება საკმაოდ მსუყე კომპენსაცია მისცენ. შესაძლოა, კახი კალაძეს სურს, თავად განსაზღვროს თამაშის ახალი წესები, მაგრამ ამისთვის დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხის გამოვლენა მოუწევს, ვიდრე “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებს. ივანიშვილმა შეიძლება ჩათვალოს, რომ კალაძე საკუთარ იმპერიას ქმნის და სწრაფად აფართოებს და ეს საფრთხედ აღიქვას.

საინტერესოა, რომ მაღალჩინოსნების ინტერესებზე “სითი პარკმაც” მიუთითა. “კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა”, _ განაცხდა “სითი პარკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ტაბიძემ. მან, აგრეთვე, ხაზი გაუსვა იმას, რომ ინციდენტმა შეიძლება საქართველო-ისრაელის ბიზნესურთიერთობა დააზარალოს და ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზეც აისახოს. როგორც ცნობილია, “სითი პარკი” ისრაელში დაფუძნებულ კომპანიას ეკუთვნის და მისი დირექტორატი ისრაელის მოქალაქეებისგან შედგება. ეს სავსებით კონკრეტული მინიშნებაა იმაზე, რომ იურიდიული “ომი კომპენსაციისთვის” ადგილობრივ სასამართლოებსა და საერთაშორისო არბიტრაჟში ხელისუფლებას შეიძლება ძვირი დაუჯდეს, მაგრამ, თუ ის ელისაშვილის მიერ აღწერილი სქემის ფარგლებში იმოქმედებს, ყველა დაინტერესებული მხარე, სავარაუდოდ, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი დარჩება.

თუ სიტუაცია გართულდება, “სითი პარკს”, ალბათ, გაუჭირდება საზოგადოების თუნდაც მინიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს. პოლიტიკოსები, რომლებიც ხელისუფლებას ნებისმიერი ნაბიჯისთვის აკრიტიკებენ, კალაძეს კონტრაქტის გაწყვეტის გამო არ საყვედურობენ. გიგი უგულავამაც კი, რომლის მერობის პერიოდში გაფორმდა ავადსახსენებელი ხელშეკრულება, “სითი პარკი” პირდაპირ არ დაიცვა, არამედ ერთობ ბუნდოვანი განცხადება გააკეთა: “მე ძალიან კარგად მესმის, რომ პარკინგის ინსპექტორები მსოფლიოს არც ერთ ქალაქში არავის არასდროს არ უყვარს, თუმცა ეს არის აუცილებელი “ბოროტება”, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქალაქმა იფუნქციონიროს და ელემენტარული წესრიგი იყოს” (ინტერპრესნიუსი). მან, აგრეთვე, მოუწოდა “ევროპული საქართველოს” ფრაქციას, საკრებულოში “დაიბაროს თბილისის სატრანსპორტო კომპანია და საზოგადოებას წარუდგინოს გეგმა, რას აპირებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 აპრილის შემდეგ. მე მაქვს განცდა, რომ მერიის დღევანდელი ადმინისტრაცია ამ სიმძიმისთვის ამ წუთას მოუმზადებელია და ჩვენ 10 აპრილის შემდეგ შეიძლება, უბრალოდ, ქაოსი მივიღოთ”.

ამგვარად, ადამიანი, რომელსაც “სითი პარკის” საქმის თაობაზე ძალიან მძიმე ბრალდებები წაუყენეს, იქცევა ისე, თითქოს მას მორალური უფლება აქვს, პარკირების პრობლემასთან დაკავშირებით რაღაც მოითხოვოს, ვიღაც სადღაც დაიბაროს. ბოლო თვეებში “ევროპული საქართველო” სწორედ ამ ტაქტიკას იყენებს; ალბათ, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” არ შესწევს უნარი, შეახსენოს ამ პარტიის წარმომადგენლებს მათი წარსული, როდესაც ნებისმიერი მათგანი წარმოთქვამს სიტყვას “მოვითხოვთ”. ეს მხოლოდ პარკირებას როდი ეხება. გასულ კვირას “ევროპული საქართველო” “ნაცმოძრაობასთან” უნისონში ჭკუას არიგებდა ხელისუფლებას, თუ რა განცხადებით უნდა მიმართოს რუსეთს. ხელისუფლების კრიტიკა, ზოგადად, ჯანსაღი მოვლენაა, მაგრამ, ალბათ, არა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც თავიდან ვერ აიცილეს ომი რუსეთთან და სამარცხვინოდ წააგეს ის. ასეა თუ ისე, მათ უკვე მიანიშნეს, რა ტაქტიკას გამოიყენებენ და, სავარაუდოდ, შეეცდებიან, სიტუაცია 10 აპრილის შემდეგ წარმოაჩინონ, როგორც ქაოსი. ეს თითქოს საზიანოა კალაძისთვის, მიუხედავად იმისა, რომ, “სითი პარკის” ისტორიიდან გამომდინარე, უგულავა და მისი პარტია პარკირების საკითხში ავტორიტეტად არ გამოდგება, მაგრამ ამავე დროს ხელს უწყობს ახალი კონტრაქტორის გამოვლენის დაჩქარებას, მათ შორის იმ სქემის ფარგლებში, რომელიც ელისაშვილმა აღწერა. ასე რომ, ამ შემთხვევაში ვერ გამოვრიცხავთ კახა კალაძისა დაევროპული საქართველოსინტერესების გარკვეულ დამთხვევას. შესაძლოა, თბილისის ახალმა მერმა ამ პარტიასკონსტრუქციული ოპოზიციატყუილად არ უწოდა.

ლუკა ნემსაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here