მთავარი პოლიტიკა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლით შეფუთული ფულის შოვნის მარათონი

ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლით შეფუთული ფულის შოვნის მარათონი

1054
გააზიარეთ
ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლით შეფუთული ფულის შოვნის მარათონი

მსოფლიო ახალ კორონავირუსს რომ ებრძვის, ყველამ ვიცით. ადამიანები განსაცდელში ერთმანეთს მხარში რომ უნდა ამოვუდგეთ, არც ეს არის ახალიფილოსოფია”. ალბათ, არც ისაა ახალი ამბავი, რომ ყოველთვის არსებობდა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დიდ განსაცდელს პირადი გამორჩენის მიზნით იყენებდა.

შორს რომ არ წავიდეთ, ავიღოთ ცნობილი თბილისური ფენომენი _ “დეზერტირების ბაზარი”. მაშინ, როდესაც მსოფლიო ყველაზე დიდ ჭირს, ფაშიზმს, ებრძოდა, გარკვეული პერსონები დეფიციტური საკვებისა და პროდუქტების გაყიდვით მდიდრდებოდნენ და ეს, ძირითადად, სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც, თავიანთ თანამოძმეებთან ერთად, ომში წასვლას რაღაც მაქინაციებით აარიდეს თავი და სამშობლოს, ოჯახების დასაცავად ფრონტზე წასული ადამიანების ხარჯზე მოინდომეს გამდიდრება. მარტივად რომ ვთქვათ, დეზერტირები “იატაკქვეშ” ვაჭრობდნენ სწორედ იქ, სადაც ახლა ბაზარია. ამიტომაც შეარქვა მოგვიანებით ამ ადგილს ხალხმა “დეზერტირების ბაზარი”. დარწმუნებული ვარ, ე.წ. შავი ჭირის მსოფლიოში გავრცელების პერიოდშიც, სხვა ეპიდემიებისა თუ განსაცდელების დროსაც ყველგან მოიძებნებოდნენ ადამიანები, რომლებიც, ამ განსაცდელთან ბრძოლის ნაცვლად, შექმნილი სიტუაციის ბოროტად გამოყენებითა და პირადი გამდიდრებით იქნებოდნენ დაკავებულნი.

თუმცა, ოცდამეერთე საუკუნე მაინც ოცდამეერთე საუკუნეა და “კოვიდ-19”-მა განსაცდელის პირადი გამდიდრების მიზნით გამოყენების ისეთი ფაქტები დაგვანახვა, რომლებიც აქამდე კაცობრიობას ნამდვილად არ ექნება ნანახ-გაგონილი. ამჯერად გამორჩენაზე არა კონკრეტული ინდივიდები, არამედ საკმაოდ დიდი ორგანიზაციები ფიქრობენ. ყველაზე მთავარი კი აქ არის ის, რომ პირადი გამორჩენის მოტივს ეს ორგანიზაციები “ხალხზე ზრუნვისა” და “ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლის” საბაბით ფუთავენ.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარია ბანკებზე. საქართველოში მოქმედმა სამივე მთავარმა ბანკმა _ “თიბისი ბანკმა”, “საქართველოს ბანკმა” და “ლიბერთი ბანკმა” _ აშკარად გადაწყვიტეს ამ მძიმე გაჭირვების პერიოდში ისედაც დაზარალებულ მოსახლეობაზე კიდევ უფრო მეტად წიხლის დაჭერა და კრედიტებზე “სამთვიანი საშეღავათო პერიოდი” შესთავაზეს კლიენტებს. ბევრს შეიძლება ეს ბანკებისგან დადებითი ჟესტი ეგონოს _ რას ერჩით, ამ სამი თვის განმავლობაში ადამიანებს პროცენტების გადახდა არ მოუწევთ და მაგას რა ჯობიაო?!

მაგრამ, თუ შეხვალთ შესაბამის ვებგვერდზე და ნახავთ, თქვენი სესხის დაფარვის გრაფიკმა სინამდვილეში როგორი ტრანსფორმაცია განიცადა, უმალ მიხვდებით, რომ ესსაშეღავათო პერიოდიკი არა, დიდი ფინანსური აფერაა და ეს სამისაშეღავათო თვემომდევნო თვეებსა და წლებში ცხვირში ძმრად ამოდინდება ყველას, ვინც ამშეღავათითისარგებლებს.

სხვათა შორის, სწორედ ამ დათანხმება-არდათანხმებაზე მინდოდა მეთქვა: ბანკებმა ესეც სათავისოდ გათვალეს და კლიენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაუგზავნეს: “ვისაც არ გსურთ საშეღავათო სამი თვით სარგებლობა, განაცხადი შემოიტანეთ ინტერნეტით”-ო.

დაუკვირდით: ვისაც გსურთ, მათ მოგვმართეთო კი არა, ვისაც არ გსურთო!

ანუ ადამიანების უმეტესობას, რომლებიც (ჩემი არ იყოს) დიდ ყურადღებას არც მიაქცევდნენ ბანკიდან მოსულ “ეს-ემ-ეს”-ს, ეს სამთვიანი “საშეღავათო პერიოდი” ავტომატურად გაუაქტიურდათ და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტის გადახდა დაეკისრათ ბანკისთვის.

ყველაზე საოცარი თაღლითობის შემოქმედნი მაინც, ასე ვთქვათ, “კომუნალურიკომპანიები არიან: “ჯივიპი” (წყალმომარაგება), “თელასი” (ელექტრომომარაგება) დათბილისი ენერჯი” (გაზმომარაგება).

ეს დღეებია, ყველა თბილისელს მისდის მობილურზე მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ თავის მრიცხველს გადაუღოს ფოტო და შემდეგ “ვაიბერის” ან სხვა აპლიკაციის საშუალებით გაგზავნოს მითითებულ ნომერზე. შეტყობინებაში ნათქვამია ისიც, რომ ეს საჭიროა, რათა კომპანიამ შეძლოს ქვითრის გამოწერა და აბონენტმა გადაიხადოს დახარჯული წყლის, დენისა თუ ბუნებრივი აირის საფასური.

სიმართლე გითხრათ, მე მხოლოდ “ჯი-ვი-პიდან” მომივიდა ჯერჯერობით, ასეთი შეტყობინება, თუმცა, როდესაც ვიკითხე, ბევრმა დამიდასტურა, რომ ანალოგიური შეტყობინებები მოსახლეობას “თელასმაც” გაუგზავნა და “თბილისი ენერჯიმაც”.

დავინტერესდი და დავრეკე შეტყობინებაში მითითებულ ნომერზე, სადაც, წესით, “ვაიბერით” უნდა გადამეგზავნა ჩემი მრიცხველის ანათვალისთვის გადაღებული ფოტო და იქვე მიმეთითებინა ძველი ანათვალი და სხვაობაც _ მოკლედ, მთელი საინკასაციო სამუშაო უნდა გამეწია სრული მოცულობით. ზარზე მალევე მიპასუხეს და ვკითხე, ეს რისთვის არის საჭირო-მეთქი? თურმე ნუ იტყვით და, ეს ორგანიზაციები დისტანციურ მუშაობაზე გადასულან და ამიტომ მრიცხველებს არ ეკარებიან, ვირუსის გავრცელებას რომ არ შეუწყონ ხელი.

თქვე კაი დედმამიშვილებო! ქვეყნაში უკვე სხვადასხვა ტიპის აკრძალვები უქმდება, სახელმწიფო ნორმალური ცხოვრების რიტმს უბრუნდება ნელნელა და თქვენ რა პანიკას თესავთ? ნუთუ ქუჩაში გატანილ მრიცხველებთან ინკასატორების მისვლა არის საფრთხე ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით?

როდესაც ამ თემაზე სოციალურ ქსელში დაიწერა, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელმაც საკუთარ ვებსაიტზე განცხადება გაავრცელა, “თბილისი ენერჯი” იყო. მათი თქმით, ასეთი მესიჯები მისდით მხოლოდ იმ აბონენტებს, რომელთა მრიცხველები ჯერ კიდევ შიგნით, ბინებშია, დამონტაჟებული და ინკასატორებს ოჯახებში შესვლასა და კონტაქტს არიდებენ…

კარგი, მაგრამ, ჯერ ერთი, ის უნდა ვთქვათ, რომ ბინებში დარჩენილი მრიცხველებით ძალიან ცოტა ოჯახი ცხოვრობს თბილისში, პლუს, ეს მესიჯი ჩემს არაერთ ისეთ ნაცნობს მიუვიდა, რომლებსაც მრიცხველი, კარგა ხანია, ბინიდან გარეთ აქვთ გატანილი, მაგრამ ჯანდაბას, დავანებოთ თავი “თბილისი ენერჯის”!

მიპასუხეთ, ვისაც გეხებათ: ნუთუ თბილისში ერთი სახლი და კორპუსი მაინც არის დარჩენილი, რომელშიც ელექტრომრიცხველები ან ქუჩაში, ან კიდევ სადარბაზოებში არ არის გატანილი?

მაშ, რის თქმას ცდილობენ ეს “კომუნალური” კომპანიები? ინკასატორებს “სოჩიკთან” მიახლოებით გადაედებათ კორონავირუსი თუ პირიქით _ ისინი გადასდებენ “სოჩიკებს” ვირუსს? რატომ არის დისტანციური მუშაობა აუცილებელი მაშინ, როცა ინკასატორს კონტაქტი არ აქვს აბონენტთან და ჩვენებას ისე იწერს, რომ აბონენტი ვერც კი იგებს?

ხომ არ გვაქვს აქ საქმე ამ კომპანიების მხრიდან ერთგვარ თაღლითობასთან და ხომ არ ნიშნავს ეს ყოველივე, რომ ისინი საკუთარივე ინკასატორებისთვის მისაცემ ხელფასებსზოგავენ”? მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიებმაკოვიდ-19”-ის პრევენციის მომიზეზებით გაუშვეს ინკასატორები სახლებში, შეუწყვიტეს ხელფასი და თავად მოსახლეობისგან ითხოვენ ინკასატორების ფუნქციის უფასოდ შესრულებას?

ასეა თუ ისე, მთავრობამ აუცილებლად უნდა მოსთხოვს ამ კომპანიებს ამ თაღლითობისა და სისულელის შეჩერება და ინკასატორები ჩვეულებრივ უნდა მივიდნენ მრიცხველებთან და ამოიწერონ ჩვენება.

პირადად ვნახე არაერთი ასაკოვანი ადამიანი დაბნეული, რომლებმაც არც ის იციან, რა ამოიწერონ, არც ის, სად და როგორ გაგზავნონ და ბევრმა ისიც კი არ იცის, რომელია ქუჩასა თუ სადარბაზოებში დამონტაჟებული უამრავი მრიცხველიდან კონკრეტულად მისი. რაც შეეხება “ვაიბერსა” და ინტერნეტს _ ეს მათ უმეტესობას გაგონილიც კი არ აქვს! გვიპასუხეთ _ რატომ აწვალებთ ადამიანებს ასე უაზროდ და არასაჭიროდ?!

დასასრულ, მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, რომელიც ასეთ ფონზე მართლაც კურიოზულად გამოიყურება: დილით ძაღლებისთვის საკვების საყიდლად გავედი საკუთარი ავტომობილით და ზოომაღაზიასთან გავაჩერე. ზუსტად 8 წუთში გამოვედი და წინა საქარე მინაზე, ანუ “პარპრიზზე”, შუშის საწმენდში გაჩრილი პარკირების ჯარიმის ქვითარი დამხვდა. როგორც ჩანს, ამ კარანტინობებსა და ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის პირობებში გამომრჩა, რომ რამდენიმე თვის წინათ შეძენილ პარკირების უფლებას ვადა გაუვიდა. ეგ არაფერი, დღესვე შევიძენ ახალს, მაგრამ მაინტერესებს, ინკასატორების მრიცხველებთან მიახლოება თუ შეიცავს საფრთხეს ვირუსის გავრცელების ამბავში, ეს პარკირების ჯარიმების გამომწერები რაღას დაეხეტებიან ქალაქში?

რა, ვირუსი მხოლოდსოჩიკებიდანვრცელედება და ავტომობილებიდან არა? თანაც, ჯარიმის გამომწერს აშკარად შეიძლება უფრო ჰქონდეს კონტაქტი ავტომობილის მფლობელთან, თუკი ეს უკანასკნელი ჯარიმის გამოწერის პროცესში დაბრუნდა თავის ავტომობილთან და დაინახა, რომ ჯარიმას უწერენ. ის აუცილებლად ძალიან “ახლოს” იკონტაქტებს ჯარიმის გამომწერთან! ხოლო ინკასატორს ხშირად ვერც კი ვხედავთ, ისე იწერს ხოლმე ჩვენებას ქუჩაში დამონტაჟებული ჩვენი მრიცხველებიდან.

აი, ეს არის საქმე, პატივცემულო მთავრობავ, რომ ორმაგი, სამმაგი და ძალიან არეულდარეულისტანდარტებითმოქმედებთ, ნაცვლად იმისა, რომ მკაცრი კონტროლი გასწიოთ, განსაკუთრებით იმ პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შექმნილ სიტუაციას, არსებულ განსაცდელს, მხოლოდ საკუთარი გამდიდრების მიზნით იყენებენ და კიდევ აქეთ გვაყვედრიან _ აქაოდა, მოსახლეობაზე ვზრუნავთო!

ბაკურ სვანიძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here