Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ჩაუტარებს “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ დათვალიერებას?

ვინ ჩაუტარებს “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ დათვალიერებას?

თბილისის მერის “მილანური” ახირებები

3087
ვინ ჩაუტარებს “ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ დათვალიერებას?

სოციალური ქსელები ჩვენი ქვეყნის ახლანდელი მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართულმა უკმაყოფილების ახალმა ტალღამ მოიცვა. საზოგადოდ, რა თქმა უნდა, არ არსებობს მთავრობა, რომელსაც ყველა კმაყოფილი ეყოლება, მაგრამქართული ოცნებაუკვე ყველაზე გადამკვდარ მომხრეებსაც კი მტრებად იკიდებს და, ალბათ, ვერც ერთი ასტროლოგი ვერ გვეტყვის, რომელი ვარსკვლავები გაუწყრნენ ამ პოლიტიკურ პარტიას, მის რიგებში ერთი ჭკუადამჯდარი ადამიანიც რომ არ მოიძებნა, პარტიის ხელმძღვანელებს ცოტა ტვინი მაინც დააყოლებინოს ნამოქმედარზე.

ამჯერად მასობრივი უკმაყოფილება მოქმედი ხელისუფლების პიორობებში წამოწყებულმა ახალმა მატრაკვეცობამ _ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ დავას იმაზე, რომ წელიწადში ერთხელ ქვეყანაში არსებული ავტოპარკის ტექნიკური გადამოწმება კარგია, თუმცა გადამოწმებაც არის და გადამოწმებაც. “ჩემს მანქანას უკანა შუქფარზე ჰქონდა ბზარი და მხოლოდ ამის გამო არ გამატარეს ტექდათვალიერება”, “2010 წელს გამოშვებული ავტომობილი მყავს და საქარე მინაზე ასანთის კოლოფის ხელა ბზარის გულისთვის დამბრაკეს”, “უკანა სანომრე ნიშნის გამანათებელი ორი ნათურიდან ერთი დამწვარი იყო და გამომიშვეს ერთთვიანი ვადით”, “უბრალოდ, ბზარი აქვს მანქანას წინა ბამპერზე. ამის გამო დამიწუნეს” _ ასეთი პოსტებით გაივსო ინტერნეტსივრცე და, ბუნებრივია, აღარც უნდა მტკიცება, თქვენი თვალითაც გექნებათ ნანახი, რომ ამგვარ პოსტებს ბოლოში, “დასკვნის სახით”, აუცილებლად მოსდევს “ქართული ოცნების” და მისი ლიდერების უხამსად და უდიერად მოხსენიება.

ვინმე იტყვის, რა დიდი აჟიოტაჟის ასაწევი თემა ესაა, ბოლოს და ბოლოს, “ტეხასმოტრი” ხომ არ არის საქართველოს მოქალაქეების ნომერ პირველი პრობლემაო? ჰოდა, სწორედ ეს არის საქმე! ისედაც უამრავპრობლემიან ადამიანებს კიდევ ერთი პრობლემა დაუმატეს, თანაც სრულიად უაზრო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტომობილი არაერთი ოჯახისთვის, შესაძლოა, ერთადერთი შემოსავლის წყარო იყოს, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს ეს ამბავი “არც ისე პრობლემურ” საკითხად აღარ მოეჩვენება.

მით უფრო უნდა ფიქრობდეს ამას მმართველი პოლიტიკური ძალა, თუკი მას კვლავ სურს, 2020 წლის შემდეგაც ქვეყნის მართვის სადავეებთან დარჩეს. სიმართლე ითქვას, ამ დონის გონებასუსტობა წარმოუდგენელიც კია და, ცოტა არ იყოს, მყარად იკიდებს საზოგადოებაში ფეხს ერთგვარად პარადოქსული აზრი, რომ “ქართული ოცნების” მესვეურები განგებ “იჩალიჩებენ” 2020-ში არჩევნების წაგებას და გადაწყვეტილი აქვთ, ხელისუფლების “ხავერდოვნად” გადაბარება “ნაციონალური მოძრაობისთვის”.

მართლაც გაუგებარია, როდესაც პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინოცნებისლიდერები გამოვიდნენ და განაცხადეს ხალხისგანსიგნალიმივიღეთ და ზუსტად გავაანალიზეთო, რა მიიღეს და როგორ გააანალიზეს?

აქვე გავიხსენოთ “ტაქსების” თემაც, სადაც ასევე მეტად უაზრო მოთხოვნებთან გვაქვს საქმე. კი, ბატონო, მოვთხოვოთ “ტაქსების” მძღიოლებს გამართული მანქანები და ლიცენზიები. ჯანდაბას! წელიწადში ერთხელ 50-ლარიანი ლიცენზიის აღება არ უნდა იყოს დიდი პრობლემა, მაგრამ აი, ვინც ის სრულიად იდიოტური მოთხოვნა მოიგონა, რომ, თუკი ადამიანსტაქსაობასურს, მაშინ ავტომობილი მაინცადამაინც თეთრად უნდა გადაღებოსო, არ არისქართული ოცნებისპირდაპირი მტერი?

მავანი ამბობს, რომ ეს თბილისის “მილანელი” მერის ჯიუტი ხასიათის ბრალია და “ტაქსების” სითეთრე დედაქალაქში მისი ახირებაა. ვერ ვიტყვით, რომ ეს ძალიან დაუჯერებელი ამბავია, რადგან კახა კალაძეს მართლაც ახასიათებს ჯიუტობები და მისგან არაერთხელ მოგვისმენია საზოგადოებისთვის ძალიან გამაღიზიანებელი ტონი: მე ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე და, ქვეყანა რომც დაიქცეს, ეს მაინც ასე იქნება!” შეიძლება ითქვას, ეს კალაძისა და მისი “კამანდის” სტილია და, მიუხედავად იმისა, რომ ორიოდეჯერ ცხვირიც კი დაიზიანეს ასეთი სიჯიუტის გამო საზოგადოებასთან, ისინი მაინც მართვის ასეთ სტილს “აწვებიან”. ეტყობა, დაზიანება საკმარისი არ არის და ასეთი ტიპებისთვის ცხვირის მწარედ წამტვრევაა აუცილებელი, რათა ჭკუა ისწავლონ. ოღონდ წამტვრეული ცხვირით ჭკუის სწავლას რაღა აზრი ექნება, ნამდვილად ვერ გეტყვით.

ჰო, მართლა, არ გამოგვრჩეს გარე მოვაჭრეებიც. ხომ გაგივლიათ ბოლო პერიოდში “ვარკეთილის”, “სამგორის” “ისნის” “300 არაგველის” “ავლაბრის” “ვაგზლის მოედნის” “დელისის” თუ მეტროპოლიტენის კიდევ სხვა სადგურებთან? აბა, როგორი წესრიგია, ხომ ხედავთ? არის სადმე გარე მოვაჭრეების ჭაჭანება?

როგორ? მაგის მეტი რა არის? აჰ, ბოდიში, “ამას წინეებზე” დიდი რიხით აყრილი გარე მოვაჭრები ისევ დაბრუნდნენ ყველა სადგურთან და ისევ ყიდიან სხვადასხვა საქონელს? კაი კაცო, არ გადამრიო! მაგას მე მაშინაც ვწერდი, დედაქალაქში ახალგამომცხვარმა მერმა რომ წაიმატრაკვეცა და გარე მოვაჭრეების “ალაგმვა” დაიწყო. მაშინ მავანმა ოპონენეტებმა “შურიანი” და “ბოღმიანი” მიწოდეს. სხვათა შორის, იმავეს ვწერდი და ვამბობდი სააკაშვილის დროსაც, როდესაც გიგი უგულავამ დაიწყო გარე ვაჭრობის აკრძალვით კეკლუცობა და ზუსტად იმავეს ვწერდი და ვამბობდი შევარდნაძის დროსაც, როდესაც ჯერ კიდევ თბილისის მაშინდელმა მერმა ბადრი შოშიტაიშვილმა დაიწყო ლაპარაკი გარე მოვაჭრეთა დახურულ ბაზრებში შეყვანაზე.

რას ვწერდი? რას და ელემენტარულ აქსიომას _ გარე ვაჭრობის პრობლემის მოწესრიგების ერთადერთი (არა ერთერთი, არამედ ერთადერთი) გზა არის ქვეყანაში ნორმალური სამუშაო ადგილების შექმნა! თუკი ქვეყანაში იქნება ნორმალური და ღირსეული სამუშაო ადგილები, გარე მოვაჭრეებიც თავისით წავლენ იმ სამუშაო ადგილებზე და ქუჩებიც თავისთავად დაიცლება გარე მოვაჭრეებისგან. თუ არადა, რომელმა მერმაც უნდა იკეკლუცოს, აყრილ-გაყრილი და დახურულ ბაზრებში შეყრილი გარე მოვაჭრეები, ერთ და ორ თუ არა, 4-5 თვეში მაინც ნელ-ნელა დაუბრუნდებიან პირვანდელი დისლოკაციის ადგილებს და გარე ვაჭრობა ისევ გაცხოველდება.

რომ იცოდეთ, იგივე ითქმის, სიცოცხლით კი არა, მართლაცტაქსებითსავსე ქალაქზე. ამდენმა “ტაქსმა” თუ გვინდა რომ აღარ იმოძრაოს ქალაქში, უნდა შევუქმნათ ადამიანებს ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის პირობები რეგიონებში. აკი, თბილისში “მოტაქსავე” მძღოლების ძალიან დიდმა ნაწილმა, სპორტის სასახლე ან ფილარმონია სად მდებარეობს, ისიც კი არ იცის, რადგან რაიონებიდან ორი კაპიკის საშოვნელად ჩამოსული ადამიანები არიან. შესაბამისად, ტაქსებისპრობლემის მოგვარებასაც, კაბალური პირობების წამოყენება და რაღაც უაზრომილანურიახირებები კი არა, მხოლოდ ადგილებზე, რეგიონებში, ნორმალური სამუშაო ადგილების შექმნა მოაგვარებს. თუ არადა, ხალხი იმასაც შესანიშნავად მოახერხებს, რომ არათეთრი მანქანებით და სულაც ლიცენზიის გარეშეც მშვენივრად “იტაქსაონ”. საბჭოთა პერიოდში “კერძო ტაქსები” აკრძალული იყო, ხოლო ოფიციალურად “ტაქსებად” მხოლოდ ყვითელი ფერის “ვოლგებს” გამოიყენებდნენ. მიუხედავად ამისა, ჩემი არაერთი მეზობელი მაინც ახერხებდა თავისი მწვანე თუ წითელი “ნოლშესტებითა” და “ნოლადინებით” “ტაქსაობას” და დღეში, ყველაზე ცოტა, 25 მანეთის გაკეთებას.

ამის ყველაზე კლასიკური მაგალითია მსოფლიოში ცნობილი ფაქტი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტი ალკოჰოლური სასმელი სწორედმშრალი კანონისმოქმედების პერიოდში იყიდებოდა.

წამიკითხავს ზოგიერთი “უკან პეროგარჭობილი” პერსონის წუწუნიც: რას ერჩით, უნდა მოგვარდეს “ტაქსების” პრობლემა, თორემ ზოგჯერ ისეთ ბინძურ და არაჰიგიენურ ტაქსში მიწევს ჩაჯდომა, ცუდად ვხდებიო. პატივცემულოპეროიანებო”! თქვენ შეიძლებატაქსის” “არაჰიგიენურობითხდებით ცუდად და ამ დროს მაგტაქსისმძღოლის შვილები იქნებ შიმშილით არიან ცუდად? ეგეც რომ არა, იქნებ მე არ მაქვს პრობლემა, რომ მასეთმა “მიუხედავმა” “ტაქსმა” შედარებით იაფად წამიყვანოს სადმე; თქვენ კი შეგიძლიათ ცნობილი კომპანიების “ტაქსები” გამოიძახოთ ადგილებზე, რომლებიც მათ კომპანიებში მომუშავე “ტაქსებს” მაღალ სტანდარტებს უწესებენ და იქ ჩადოთ ეგ თქვენი “ბრწყინვალე” უკანალები.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ სამი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფი ჩვენი მოსახლეობისა _ გარემოვაჭრეები, “მოტაქსავეები” და უბრალო ავტომფლობელები, რომლებიც შეიძლება არ “ტაქსაობენ”, მაგრამ ან კარტოფილი გადააქვთ სადმე გასაყიდად, ან ელიავაზე ნაყიდი მცირე ტვირთი _ კაფელ-მეტლახი, საღებავები და სხვა მისთანები და ამით შეაქვს ოჯახში ორი კაპიკი.

ეს მათი ერთდერთი შემოსავლის წყაროა. ვიმეორებ _ ერთადერთი!

ხოლო რა დონეზე შეიძლება ადამიანი გაამწაროს შემოსავლისა და ლუკმაპურის ერთადერთი წყაროს გადაკეტვამ ან მისი გადაკეტვის საფრთხის გაცნობიერებამ, ეს ჯიუტმა “მილანელმა” თუ არ იცის, იქნებ აუხსნას ვინმემ.

კიდევ ვიმეორებ: არავინ აპროტესტებს ტექდათვალიერების არსებობას, მაგრამ, როდესაც ადამიანს უმნიშვნელოდ გაბზარული ფარის გამო ქუჩაში ავტომობილით გადაადგილებას აუკრძალავენ, მაშინ, როდესაც ეს ფარი შეიძლება 150-200 ლარიც კი ღირდეს, მერე ამ ადამიანს ნუღარ მოსთხოვთ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში ადეკვატური იყოს და “9 წელიახსოვდეს.

მით უფრო, რომ ტექდათვალიერების ცენტრებში ისეთ შარზე არიან, მათ მიერ წარმოდგენილი ყველა პრეტენზია რომ გაითვალისწინო და ავტომობილი ჭკუაზე ისე მოიყვანო, შეიძლება კაი 500 ან 1 000 ლარიც კი დაგიჯდეს. არადა, “მოტაქსავეთა” და მანქანით ლუკმაპურის მშოვნელთა მანქანის ღირებულება ზოგჯერ 1 000 დოლარს არც აღემატება.

ასეთ ფონზე მართლაც საკითხავია: თვითონქართულ ოცნებასხომ არ ესაჭიროება, ტექნიკური არა და, კარგა გვარიანი პოლიტიკური დათვალიერება? იქნებ გამოჩნდეს ვინმე მადლიანი და მიუთითოს, როგორი დაბზარული “პოლიტიკური პარპრიზიდან” იყურებიან და როგორი ჩამსხვრეული “პოლიტიკური შუქფარებით” უყურებენ ამ ქვეყანას, თორემ მართლაც კარზეა მომდგარი 2020 და ვინძლო კახა კალაძეს ემანდ თავადვე მოუწიოს იმ ადგილიდანრაზგონისაღება, რომელსაც ფუნიკულიორზე თურმე ნაცებისთვის აფართოებსისე, სხვათა შორის, ხალხმა კალაძისნაირი არაერთი თავხედი თავის დროზე იმაშიც დაარწმუნა, რომგამოსაქანებლადმაინცდამაინც ფუნიკულიორზე ასვლა არ არის აუცილებელი და უმაგისოდაც შეიძლებაგამოქანებულისროლში თვითონვე აღმოჩნდეს ის, ვინც ხალხს ასე უტიფრად ეჯიუტება.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here