Home რუბრიკები საზოგადოება ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის _ ჭკვიანი უცოდინარი თუ უჭკუო უმეცარი?

ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის _ ჭკვიანი უცოდინარი თუ უჭკუო უმეცარი?

2067
ალექსანდრე ჯეჯელავა

უმეცრება უმთავრესი სენია ჩვენს ცხოვრებაში. ნაბიჯს ვერ გადადგამთ, უმეცრების კვალს რომ არ წააწყდეთ, უმეცრების მწარე ნაყოფის გემო რომ არ იგრძნოთო, _ გულისტკივილით წერდა ილია ჭავჭავაძე 1886 წელს.

ერის მამა წუხდა, რომდაუნდობლობა, შური, მტრობა, უსამართლობა, ძარცვაგლეჯა, ჩხუბი, ცემახოცვა და სხვა ბევრი ამგვარი ნაყოფი უმეცრებისაფეხმოკიდებული იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში; წუხდა იმაზეც, რომ ქვეყანაში არ ეგულებოდამეცნიერებით შეიარაღებული კაცი”, რომელიც მუყაით, გამრჯე მეურნეს თავისი ცოდნით მხარში ამოუდგებოდა და ხვავისა და ბარაქის შექმნაში დაეხმარებოდაპეტერბურგიდან მომავალი სამშობლოს ბედზე დაფიქრებული ილია თავს ეკითხება: “შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?” (“მგზავრის წერილები”).

ფაქტია, რომ თერგდალეულთა თავდადებამ და თავგანწირვამ იმ პერიოდში ბევრი კარგი ქართული საქმე გააკეთა. დღეს კი, “თერგდალეულებიარა, მაგრამჭკუადალეულებინამდვილად გვყავს, რომლებსაც თავიპროგრესული იდეებითაქვთ გამოტენილი, “ახალი ხედვებითჭრიან და კერავენ ყველაფერს; ყბედობის საღერღელაშლილებს სურთ, “წუთისოფლის ბორბალს ღერძი გამოუცვალონდა თავიანთ ნებაზე ატრიალონ ცა და ქვეყანა

და განა აღარ არის დროსიახლეებისდანერგვის?

ჰოდა, დაიწყეს კიდეც სულ თავიდან: პირველი კლასიდან და პირველი წიგნიდან _ შეუტიეს იაკობ გოგობეშვილისდედა ენას”; არც კომბლეს კომბლისა შეშინებიათ: ქართული ზღაპრებიც გააკრიტიკეს დასამართლიანადაც”.

აბა, რა მოსატანია ნაცარქექია სპაიდერმენთან?! და კიდევ _ სიზმარა ან სალამურა?!

კომბლეზე ხომ ჩვენმა პატივცემულმა განათლების მინისტრმა ლამის დისერტაცია დაწერა.

 ქატოსა და ფქვილზეც, ყველა ზღაპარში რომაა მიმოფანტული, ხან _ იქ და ხან _ აქ.

და ქართველი კაცის ეგოიზმზეც _ “ლხინი _ აქა, ჭირი _ იქა”. ესაა კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი?!

კიდევ კარგი, “ჯეჯერომ დაგვინიშნეს განათლების მინისტრად, თორემ, ვინ იცის, რამდენ ხანს ვიქნებოდით ასებნელებიდაუმეცრები”…

ხუმრობა იქით იყოს და, მსგავსი დამოკიდებულება და მიდგომა მომავალი თაობის სწავლააღზრდისადმი ქვეყანას დაღუპავს. სჯობს, ისევ ილიას პუბლიკაციებში მოვძებნოთ პასუხი კიდევ ერთ წყევლაკრულვიან კითხვაზე:

ვინ უფრო საშიშია საზოგადოებისთვის _ ჭკვიანი უცოდინარი თუ უჭკუო უმეცარი?

“უმეცრობა და უვიცრობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავისს ქერქშია, _ რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისითავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილპიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს. მან თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება.

სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული, მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხველად, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის…”.

“უმეცრება _ აი უმთავრესი სენი, რომელიც ჩვენ ძვალ-რბილში გაგვჯდომია, შეუბრალებლად ჰღრღნის სიცოცხლეს… ეს არავისთვის საიდუმლო არ არის: თითონ ცხოვრება ხმა-მაღლივ ღაღადებს. ჩვენს ცხოვრებაში ისე ფეხს ვერ გასდგამთ, რომ უმეცრების კვალს ზედ არ წააწყდეთ, რომ უმეცრების მწარე ნაყოფმა თავისი გემო არ გაგაღებინოთ… გადიკითხეთ ყურადღებით გაზეთებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მხარედან მოწერილი ამბები და ჰნახავთ…

ჩვენი ხალხი უმთავრესად მიწის მუშაობას მისდევს. წლითიწლობით მიწას ჩაჰყურებს, ატრიალებს, ჰხნავს, სთესავს; ვაზს უვლის, ბოსტნეული მოჰყავს; წელებზედ ფეხს იდგამს, თავს მაღლა არ იღებს, ჯაფას არ ერიდება, ძალ-ღონეს არა ჰზოგავს, ოღონდ წლის საზრდო მოიპოვოს. მაგრამ აი წელს სეტყვამ გაუნადგურა წლის ნაღვაწი საზრდო, მერმის კალიამ ხელცარიელზე დასო, მესამე წელს კიდევ სხვა ღვთის რისხვა დაატყდა თავსა. წლის ნაწვავ-ნადაგი ხელიდამ გამოეცალა… რა ქნას? ცოდნა მას არა აქვს, ვერც თავის საკუთარს ძალ-ღონეს დანდობია, ვერც სხვას მინდობია, ვერც ცალკე ღონით გასძღოლია.. სად არის განათლებული, მეცნიერებით შეიარაღებული კაცი, რომ მისთვის გული შესტკივოდეს და წარმატების გზა უჩვენოს?..

ხალხს მოსავლიანი წელიწადი დაუდგა, ჯაფამ მუქთად არ ჩაუარა. ხალხს ათასგვარი ხარჯი და გადასახადი აწევს კისერზე. ამისათვის ფული უნდა. მოსავალია მთელი მისი სიმდიდრე, ერთად-ერთი წყარო. მოსავალია მისი ფული, მოსავლით უნდა გაუძღვეს ყველა ხარჯს და გადასახადსა. მოსავალი უნდა ფულად აქციოს. მაგრამ როგორ? აღებ-მიცემობისა არა ესმის რა, ანგარიში კარგად ვერ გაუგია, სად რასა აქვს გასავალი, არ იცის… ესეც ერთი უმეცრების ნაყოფი!

სიღარიბე, რიგიანის სახლების უქონლობა, ცუდი სასმელ-საჭმელი, უსუფთაობა, სიბინძურე და სხვა ამ-გვარი ჯანმრთელობის წინააღმდეგი გარემოება ავრცელებს ხალხში და ხელს უწყობს ათასგვარ ავადმყოფობას, სნეულებას და ჭირსა. ბევრი მათგანი იხოცება და შველას-კი ვერსაიდამა ჰხედავს. ექიმი არა ჰყავს, წამალი არა აქვს. უილაჯობით ხან შემლოცველთან გარბის, ხან მკითხავთან, ხან ხელთ ეძლევა უმეცარს ექიმობას სოფლისას, შელოცვას, ხატებში სიარულს. სოფლელ დედაკაცების წამლობას, ხშირად უფრო მეტი ვნება მოაქვთ ხალხისათვის, ვიდრე სარგებლობა. განა ხალხს სიცოცხლე მოსძაგებია, განა სიკვდილი იამება? მაშ რატომ მეცნიერებას არ მიჰმართავს, რატომ თავის ერთს უძვირფასეს საუნჯეს _ სიცოცხლეს არ იცავს რიგიანად? აქაც დამნაშავე იგივე უმეცრება, ცრუმორწმუნებაა.

დაუნდობლობა, შური, მტრობა, უსამართლობა, ძარცვა-გლეჯა, ჩხუბი, ცემა-ხოცვა ეკონომიურს გაუწყობლობის გამო, და სხვა ბევრი ამგვარი ნაყოფი უმეცრებისა _ ვრცლად არის მოფენილი ჩვენს ცხოვრებაში. უმეცარ კაცს როგორ შთააგონებ, რომ მისი საკუთარი ინტერესები მოითხოვს, რომ თავის მეზობელთან კარგი განწყობილება ჰქონდეს, რომ მეზობლის უბედურება და შეუძლებლობა მას ბედნიერებას და შეძლებას ვერ შესძენს, რომ მხოლოდ ურთიერთობრივი თანხმობა, შეწევნა ჰბადებს ნამდვილ ბედნიერებას და სიმდიდრეს, როგორც მთელის ხალხისას, ისე კერძო კაცისას.

ბევრს ჯერ პირველ-დაწყებითის განათლების ნიშანწყალიც არ მოსცხებია. ხალხმა უმეტეს ნაწილად ცარიელი წერა-კითხვაც არ იცის. წიგნების კითხვა ჩვენში სრულიად არ არის გავრცელებული, რომ ხალხმა თავის ავი მაინც გაიგოს, თუ სხვის კარგას ჯერ კითხვით ვერ შეიძენს. ხალხი უმეცრების გამო სკოლებს ეჭვის თვალით უყურებს და განს უდგება. ზოგიერთ ადგილას ხალხი პირდაპირ მტრულად ეკიდება სკოლას. მაგალითად, ამ დღეებში ერთი ჩვენი კორესპონდენტი გვწერდა, რომ ილორის საზოგადოება ცდილობს თავის სკოლას ხელი შეუშალოსო.

სკოლამ უნდა მოჰფინოს ხალხს განათლება; განათლებამ უნდა განფანტოს მისი გონებითი სიბნელე, განათლებამ უნდა მისცეს მას ძალა ცხოვრებაში საბრძოლველად, და ხალხი კი სდევნის სკოლას, განათლებას. რა მიზეზია? ცხადია, უმეცრება!

აი მოკლედ რა სურათს წარმოგვიდგენს ჩვენ… უმეცრების შედეგი. დასაფიქრებელია ასეთი არა-სანუგეშო სურათი. უმეცრებაა ჩვენის საშიშარი მტერი. უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლიან. განათლება, სწავლა, ცოდნა _ აი ერთადერთი საშუალება, რომელსაც შეუძლიან წამალი დასდოს ჩვენს ცხოვრებას. კვალში ჩაუდგეს, ხალხს მხარი მისცეს და შველა აღმოუჩინოს, ვისაც წამალი აქვს, ვისაც მკურნალობა შეუძლიან. მასწავლებელი, ექიმი, ტეხნიკი, მიწის შემუშავების მცოდნე, _ ყველა, ვინც კი მეცნიერებით და ცოდნით შეიარაღებულია, ყველა საჭიროა ეხლა. თუ ნამდვილად გული გვტკივა ხალხისათვის, თავი ვიჩინოთ, რომ სიბნელე უმეცრებისა გავფანტოთ. თუ ხალხის სიყვარულით არიან გამსჭვალულნი, საქმით დაამტკიცონ სიყვარული და მრავალნი გამოიყვანონ უმეცრებიდამ. უნდა ჩვენს კერძო სარგებლობას, კეთილდღეობას ცოტა რამ ჩამოვათალოთ და საზოგადო სარგებლობას, კეთილდღეობას შევსწიროთ. ფული არა გვაქვსო, გარშემო შემწეობას არა ვხედავთო და ამიტომ უღონონი ვართ ამ საქმისათვისაო, ეს, რასაკვირველია, შესაწყნარებელი მიზეზია და არა გასამართლებელი. ნიჭი, გარჯა და მხნეობა დღეს თუ ხვალ ფულსაც იშოვის და შემწეობასაც მოიპოვებს; ყოველივე ეს თითონ ფულია, თითონ ღონეა და სიმდიდრე, ოღონდ კი კაცი ნუ შეიკეტება ოთხ-კედელ-შუა, ოღონდ კი გულხელდაკრეფილი ცას ნუ შევაჩერდებით: აცა, მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდებაო. ამ ნიჭსა, გარჯას და მხნეობას ითხოვს დღეს ჩვენი ცხოვრება განათლებულის კაცისაგან და ან ვის მოსთხოვს სხვას, თუ არ განათლებულსა და მცოდნე კაცსა!..”

რუბრიკას უძღვება

დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here