მთავარი პოლიტიკა ვინ მოიგებს “კომპრომატების ომს”?

ვინ მოიგებს “კომპრომატების ომს”?

773
გააზიარეთ
ვინ მოიგებს “კომპრომატების ომს”?

დასასრულს უახლოვდება ერთერთი ყველაზე ნერვიული და ბინძური წინასაარჩევნო პერიოდი ქართული დემოკრატიის ხანმოკლე ისტორიაში _ 28 ოქტომბერს ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ. კონცენტრირებული ნეგატივის ასეთი დოზა საზოგადოებას, დიდი ხანია, არ მიუღია. მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, რამ განაპირობა კომპრომატის ასეთი გამოყენება და რა შედეგი მოიტანა ამან.

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს ელექტორატი კარგად იცნობს, როგორც წესი, აღარ ენდობა მათ დაპირებებს და ირონიულად აღიქვამს მათ მცდელობებს, თავი უმწიკვლოდ წარმოაჩინონ. ყველა პოლიტიკური ძალა განიხილება, როგორც აპრიორი ცუდი, ამიტომ ისინი გამუდმებით არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მოწინააღმდეგე გაცილებით უარესია და მისი შესაძლო გამარჯვება სასიკვდილო საფრთხეს უკავშირდება.

ამისთვის ორი ძირითადი მეთოდი გამოიყენება. კანდიდატების “გაშავებაში” ახალი და უჩვეულო არაფერია, უბრალოდ, დღეს მოწინააღმდეგეთა დემონიზაცია ისე უხეშად და დაუფარავად ხდება, რომ პროცესი არაერთგზის, სავსებით სამართლიანად შეადარეს ტალახის სროლას. ამასთანავე, წლევანდელ კამპანიაში არაპროპორციულად დიდი ადგილი ფარულმა ჩანაწერებმა დაიკავა. ისინი შეგვიძლია პირობითად სამ ნაწილად დავყოთ _ ზაზა ოქუაშვილის, მირზა სუბელიანისა და ბადრი პატარკაციშვილის “ქეისებად”. ჩანაწერებში პრეზიდენტობის კანდიდატები აქამდე არ ფიგურირებდნენ; მათი გამოყენებითნაცმოძრაობადაქართული ოცნებაცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ მოწინააღმდეგე პარტია დამნაშავეთა ბანდას წარმოადგენს.

საინფორმაციო ომი ფარული ჩანაწერების გამოყენებით “ნაცმოძრაობამ” დაიწყო. მან სცადა, ოქუაშვილის გარშემო დაწყებული სკანდალისთვის აპოკალიფსის სახე მიეცა და იგივე ტაქტიკა სუბელიანის საქმეში გამოიყენა. კომპრომატზე აქცენტის გადატანა ერთობ სარისკო ჩანდა, რადგან ნაციონალებმა, სავარაუდოდ, იცოდნენ, რომოცნებას” “შავი დღისთვისშემონახული აქვს რამდენიმე არანაკლებ, და, შესაძლოა, უფრო მეტად სკანდალური ფირი _ ერთერთი (მაგრამ, დიდი ალბათობით, არა ერთადერთი) პატარკაციშვილთან დაკავშირებული ჩანაწერია. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლების რესურსები ამ მხრივ დიდია და “დარტყმების გაცვლას” აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა, თუ “ნაცმოძრაობის” ხელთ არსებულ კომპრომატს, 2012 წლის “ციხის კადრების” მსგავსად, ბირთვული აფეთქების ეფექტი ექნებოდა.

ნაციონალები დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ 2012 წლის არჩევნები სწორედ ამ კადრებმა წააგებინა, ანუ (მათი გადასახედიდან) მოწინააღმდეგის ერთმა წარმატებულმა საინფორმაციო და ფსიქოლოგიურმა შეტევამ. ისინი იშვიათად უფიქრდებიან იმას, რომ “ციხის კადრებმა” მხოლოდ დააგვირგვინა ხანგრძლივი, მრავალწლიანი პროცესი, რომლის განმავლობაში საზოგადოების ცნობიერებაში დაილექა ხელისუფლების მოქმედებასთან დაკავშირებული ეჭვები და ნეგატივი. ჯერ კიდევ კადრების გამოქვეყნებამდე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არაერთგზის ჰქონდა გაგონილი, რომ საპატიმროებში მსგავსი რამ ხდება. არსებითად, “ციხის კადრები” უკვე ჩამოყალიბებული რწმენა-წარმოდგენების შემზარავ ილუსტრაციას წარმოადგენდა _ საბოლოოდ(!) დადასტურდა ძველი ეჭვები სისტემური დანაშაულის თაობაზე, მაგრამ ამის აღიარება ნაციონალებისთვის სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ხასიათის აღიარების ტოლფასია, ამიტომ ურჩევნიათ, ისაუბრონ ერთ ცალკე აღებულ, თითქოს შემთხვევით ეპიზოდზე.

“ნაცმოძრაობამ”, ხელისუფლების არც თუ ძლიერი ფავორიტის “ჩაძირვაზე” კონცენტრირების ნაცვლად, აქცენტი ფარულ ჩანაწერებზე გადაიტანა, რამაც სალომე ზურაბიშვილის შტაბს შესაძლებლობა მისცა, თანდათან მოეხდინა იმ ზიანის კომპენსირება, რომელიც ნაციონალებმა კამპანიის დასაწყისში მიაყენეს (აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებული ბრალდებები და სხვ.). ფაქტობრივად, როდესაც ნაციონალები კომპრომატზე გადაერთნენ, ზურაბიშვილს ამით ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცეს _ საინტერესოა, რამ განაპირობა ეს არჩევანი?!

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ნაციონალებს, უპირველესად კი, მიხეილ სააკაშვილს (შესაძლოა, ქვეცნობიერად), სურთ, მოწინააღმდეგის წარმატებული შეტევა გაიმეორონ, ისე, როგორც მას აღიქვამენ. მედიასა და განსაკუთრებით სოცქსელებში, კარგად ჩანს, რომ ისინი გამუდმებით ავლებენ პარალელს დღევანდელ სკანდალებსა და “ციხის კადრებს” შორის, ისევე, როგორც ადრე ადარებდნენ სხვადასხვა საქმეს გირგვლიანის მკვლელობას და 2003-12 წლების სხვა სისხლიან ეპიზოდებს. როგორც ჩანს, ისინი ვერ ივიწყებენ იმ ძველ სცენარებს, რომლებიც მათმა მოწინააღმდეგეებმა ოდესღაც, განსხვავებულ პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოში გამოიყენეს.

ნაციონალები ხელისუფლებაში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოვიდნენ, იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც სხვებმა შეიმუშავეს და სხვა ქვეყნებში გამოსცადეს. ძალიან ბევრი რამ მათ მოღვაწეობაში, არსებითად, საქართველოს პირობების მიმართ სხვისი გამოცდილების ადაპტირებას წარმოადგენდა; ორიგინალური წამოწყება არც ისე ბევრი ჰქონდათ. მთავარი განხილულ შემთხვევაში, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის რევანშის წყურვილია _ შესაძლოა, მას სურს, ივანიშვილი სწორედ იმ ტაქტიკის გამოყენებით დაამარცხოს, რომელმაც 2012-ში მისი რეჟიმი დაასამარა. ეს სპორტისთვის დამახასიათებელი მატჩ-რევანშის სურვილია _ იმავე დარბაზში, იმავე მაყურებლის თვალწინ… მაგრამ ის ზრდის არა მხოლოდ მოტივაციას, არამედ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას მოწინააღმდეგეზე.

ცოტა ხნის წინათ სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომნაცმოძრაობისბელადი კრიპტოვალუტის პროექტში ჩაერთო. შესაძლოა, ეს დამთხვევაა, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ამით სააკაშვილი ცდილობს, დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ ივანიშვილზე არაფრითაა ნაკლები და მისი ბიტკოინებთან დაკავშირებული წარმატების გამეორება შეუძლია. ასეა თუ ისე, არჩევანიკომპრომატების ომისსასარგებლოდ ნაციონალების ბელადმა, შესაძლოა, 2012 წლის ტრავმატული გამოცდილების გათვალისწინებით გააკეთა.

ხელისუფლებამ მას სიმეტრიულად უპასუხა და ყოფილი ძალოვნების საუბრების შემზარავი ჩანაწერები გამოქვეყნა (პატარკაციშვილის საქმე). საინფორმაციო დარტყმების გაცვლამ ერთმნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამომრჩეველთა ცნობიერებაში ძველი ბიპოლარული მოდელის აქტივაციას _ “ოცნება” ნაციონალების წინააღმდეგ”, რომელმაც მოქმედ ხელისუფლებას წარმატება 2012 წლიდან დღემდე გამართულ ყველა არჩევნებში მოუტანა. თუ ნაციონალების პროპაგანდისტული მანქანის მთავარი სამიზნედ კვლავ სალომე ზურაბიშვილი დარჩებოდა, ალბათ, სხვა სიტუაციას მივიღებდით, მაგრამ ამჟამად, ისევე როგორც 2016-ში, წინა პლანზე ისევ გამოვიდა ლოზუნგი “ჩვენ ან ისინი”, რომელიც აიძულებს მოქალაქეებს, არა თავისუფალი არჩევანის, არამედ ინსტინქტური რეაქციის დონეზე იმოქმედონ _ უკეთესი კანდიდატი კი არ შეარჩიონ, არამედ სასიკვდილო საფრთხე მოიგერიონ. ეს მნიშვნელოვანწილად აბალანსებს იმ ნეგატივს, რომელიცკომპრომატების ომმახელისუფლებას მოუტანა, რადგან შესაძლებლობას აძლევს, სააკაშვილის რეჟიმის რესტავრაციის საფრთხობელა გამოიყენოს. შეიძლება ითქვას, რომ ფარული ჩანაწერები, ტაქტიკური თვალსაზრისით, აზიანებს ხელისუფლებას, მაგრამ სტრატეგიულით _ სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მობილიზებაში ეხმარება.

კონკრეტული ჩანაწერების ეფექტი ცალკე საუბრის თემაა. ის, რასაც ზაზა ოქუაშვილი ამბობს, უაღრესად სკანდალურია, თუმცა, გარემოებათა გამო, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მასში მიუკერძოებელი ბრალმდებლის ან უმწიკვლო მსხვერპლის დანახვა უჭირს, რაც მკაფიოდ არის გამოხატული სოცქსელებსა და კერძო საუბრებში. “სუბელიანის ჩანაწერები” უფრო ეფექტიანი გამოდგა, თუმცა, იქიდან გამოდინარე, რომ ეს ისტორია საკმაოდ ჩახლართულია, ხოლო მასში მონაწილე პირების მოტივები შედარებით ძნელად გასაშიფრი, მოქალაქეებს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, როგორც წესი, ვერ გამოაქვთ, უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ერთი გარემოება: ნაცმოძრაობისმედიასაშუალებები სარალიძის საქმეზე მირზა სუბელიანის მუდმივ დემონიზებას ახდენდნენ, რამაც, სავარაუდოდ, ნეგატიური გავლენა იქონია მისი განცხადებების აღქმაზე საზოგადოების მიერ. ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ერთი, რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ნააზრევია, რომლის მოტივები წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია, ქვეტექსტში კი, ისევ და ისევ, ცდილობენ, შემდეგი აზრი ჩააქსოვონ: “კი, ცუდები ვართ, მაგრამ ნაციონალები უარესები არიან”. რაც შეეხება “პატარკაციშვილის ეპიზოდს”, საკუთრივ მასალა მომაკვდინებელი სიმძიმისაა, თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გაღიზიანდა იმის გამო, რომ ის წინასაარჩევნოდ, ანუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენეს. ამასთანავე, ამ ისტორიას გაცილებით მეტი კავშირი აქვს წარსულთან, ვიდრე ამომრჩეველისთვის უფრო აქტუალურ აწმყოსთან.

საბოლოო ჯამში, ყველა ჩანაწერმა მოახდინა გარკვეული გავლენა ელექტორატის განწყობაზე, თუმცა არა ისეთი დრამატული, როგორიც დამკვეთებს სურდათ. საგულისხმოა, რომ კომპრომატის ყოველი ახალი ულუფის შემდეგ, როგორც ხელისუფლების, ისე მისი ოპონენტების შტატიანი პროპაგანდისტები და უბრალო მხარდამჭერები ერთგვარ ტრანსში ვარდებოდნენ და სავსებით გულწრფელად არწმუნებდნენ ყველას, უპირველესად კი, საკუთარ თავს, რომ “ამის შემდეგ” “ქართული ოცნების” (ან “ნაცმოძრაობის”) საქმე დამთავრებულია _ მაშინ, როდესაც ეს რეალობას აშკარად არ შეესაბამებოდა.

მიუხედავად იმისა, ვინ მიიღებს უფრო მეტ ხმას 28 ოქტომბერს, უკვე ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობა ამ არჩევნებში დამარცხდა, რადგან ის კვლავ მიიყვანეს იმ წერტილამდე, არჩევანი ორ ბოროტებას შორის რომ უნდა გაეკეთებინა. მას არ აქვს არანაირი გარანტია იმისა, რომ ანალოგიური რამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც არ განმეორდება.

დიმიტრი მონიავა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here