მთავარი პოლიტიკა ვინ იმარჯვებს სირიაში?

ვინ იმარჯვებს სირიაში?

1960
გააზიარეთ
სირია

აპრილის პირველი რიცხვებიდან მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის დაწყების მოლოდინში ცხოვრობდა. 14 აპრილს, გამთენიისას აშშმა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ მას რუსეთის მყისიერი სიმეტრიული პასუხი არ მოჰყოლია, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. რა შეიძლება მოუტანოს ამან სირიას, რეგიონსა და საქართველოს?

დასავლეთის ქვეყნებმა იერიშის მთავარ მიზნად იმ ინფრასტრუქტურის განადგურება დაასახელეს, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს ქიმიური იარაღის შექმნისა და გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ამასთანავე, მათ გაახმიანეს საკუთარი პოზიცია სირიის მომავალის თაობაზე. გაეროში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კარენ პირსმა ოთხი პირობა ჩამოთვალა: ა) სირიის ქიმიური პროგრამა უნდა გაუქმდეს, ხოლო ქიმიური იარაღის მარაგი განადგურდეს; ბ) საბრძოლო მოქმედებები დაუყონებლივ უნდა შეწყდეს, როგორც ამას გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ითვალისწინებს; გ) ასადის ხელისუფლება უნდა დაუბრუნეს ჟენევის მოლაპარაკების პროცესს; დ) ქიმიური იარაღის გამოყენებასთან და სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნოიერტმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: “სირიის რეჟიმმა შეიძლება გააკეთოს რამდენიმე რამ: უპირველესად, მოახდინოს მის ხელთ არსებული ქიმიური იარაღის მარაგის დეკლარირება”. ნოიერტის თქმით, ამ შემთხვევაში აშშ დაეხმარება სირიას, ჟენევის სამშვიდობო პროცესში შევიდეს და მიაღწიოს იმ ეტაპს, “როდესაც არჩევნები ჩატარდება და ქვეყნის აღდგენა დაიწყება”.

ეს შეთავაზება, რომელიც დამასკოში აღიქვეს, როგორც ულტიმატუმი, სავარაუდოდ, ორ მიზანს ისახავს. ასადის ძალები ამ ეტაპზე მოწინააღმდეგეებს აქტიურად უტევენ. უშუალოდ დასავლეთის იერიშის წინ რუსეთისა და ირანის დახმარებით მათ დაიკავეს აღმოსავლეთ გუთას ანკლავი, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში აკონტროლებდა. ძალების გამოთავისუფლების შემდეგ ისინი, დიდი ალბათობით, სხვა მსგავს ანკლავებს შეუტევენ, ოპოზიციას ტერიტორიას წაართმევენ და, შესაბამისად, შეამცირებენ მის პოლიტიკურ “წონას”. ამ ეტაპზე საქმე სირიის ტერიტორიაზე სამი დიდი ზონის შექმნისკენ მიდის, რომელსაც აკონტროლებენ ცენტრალური ხელისუფლება (და, შესაბამისად, რუსეთი და ირანი), თურქეთი და მისი სირიელი მოკავშირეები და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთები, რომლებიც იკავებენ ტერიტორიას მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით. დასავლური კოალიციის გეგმის არსს, სავარაუდოდ, წარმოადგენს ოპოზიციის გადარჩენა, შემდეგ კი ასადის ხელისუფლების ეტაპობრივი დემონტაჟი, სამშვიდობო დარეგულირებისა და არჩევნების გამართვის პარალელურად.

სარაკეტო იერიშს ასადის ძალებისთვის კრიტიკული ზიანი არ მიუყენებია. საინტერესოა კომენტარები, რომლებიც ისრაელში გაკეთდა, ქვეყანაში, რომელიც მოვლენების ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს. გადამდგარმა გენერალმა ამირამ ლევინმა დასავლეთის იერიშის მასშტაბებზე “დიდი იმედგაცრუება” გამოხატა და თქვა, რომ სჯობდა, ის საერთოდ არ ყოფილიყო. ტელეკომპანია “მე-10 არხის” კომენტატორი ჰაზი სიმანტოვი თვლის, რომ “ასადმა ორმაგი მოგება ნახა _ მან არა მხოლოდ გაუძლო დასავლეთის იერიშს, არამედ მიიღებს უფრო ფართო სამხედრო და პოლიტიკურ დახმარებას რუსეთისგან და ირანისგან”. “ასადს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს, _ განაცხადა სამხედრო მიმომხილველმა ბენ იშაიმ, _ იერიშის შეზღუდულმა ხასიათმა არა მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების, არამედ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა მისცა”. აღსანიშნავია, რომ კვირას, გამთენიისას ისრაელმა 16 ავიაიერიში მიიტანა ირანის ბაზებზე სირიაში.

აშშ-ის წარმომადგენელი გაეროში ნიკი ჰეილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად იქნება, სირიაზე ახალი შეტევა მიიტანოს იმ შემთხვევაში, თუ იქ ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ. ასადი და მისი მოკავშირეები, თავის მხრივ, ირწმუნებიან, რომ ქიმიური იარაღის ბოლო გამოყენება აღმოსავლეთ გუთაში მათი მოწინააღმდეგეების მიერ დადგმული პროვოკაცია იყო. ფაქტია, რომ ქიმიური იარაღი წარმოადგენს კარგ საბაბს დასავლეთისთვის, რათა ასადის ხელისუფლებაზე ახალი იერიშები მიიტანოს. ოფიციალურ დამასკოს კი ძალიან გაუჭირდება ქიმიური შეიარაღების “დეკლარირება”, რადგან ჯერ კიდევ 2014-ში განაცხადა, რომ ის მთლიანად გაანადგურა _ ამ მხრივ სირიაში ჩაკეტილი წრე შეიქმნა.

აქ შეიძლება გაჩნდეს მნიშვნელოვანი კითხვა: თუ ასადი თავს არხეინად გრძნობს და, როგორც ნიკი ჰეილი ამბობს, კვლავ ინარჩუნებს ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობას, მაშინ რატომ ამბობს ვაშინგტონი, რომ ოპერაცია წარმატებული იყო? მართალია, იერიშმა გაანადგურა რამდენიმე შენობა, მაგრამ ქიმიური პროგრამა ბირთვულთან შედარებით იაფი და მარტივია _ შესაბამისი კვლევებისა და წარმოების აღდგენა არც ისე რთულია. ამასთანავე, ასადის ძალები მოწინააღმდეგეებს აქტიურად უტევენ. აქედან გამომდინარე, ძალიან ძნელი სათქმელია, მიაღწია თუ არა დასავლეთმა წარმატებას. მართალია, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა, რომ “დამრტყმელია”, მაგრამ რა შეცვალა ამან რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაში? შესაძლოა, დარტყმა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა _ დასავლური კოალიციის მოწინააღმდეგეებმა სავარაუდო სამიზნე ობიექტებზე ევაკუაცია დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაიწყეს.

სირიის ომი ახალ ეტაპს უახლოვდება _ სირიის ცენტრალური ხელისუფლება და თურქეთი სულ უფრო მეტ ტერიტორიას იკავებენ, ხოლო ოპოზიციის ანკლავების რაოდენობა განუხრელად მცირდება. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მოკავშირე ადგილობრივმა ძალებმა შეიძლება შექმნან ტაქტიკური ალიანსი აშშის მიერ მხარდაჭერილი ქურთების წინააღმდეგ, მითუმეტეს რომ თურქეთის ხელისუფლება მათ კონტროლს სირიის აღმოსავლეთზე მნიშვნელოვან საფრთხედ თვლის. ამ პრობლემას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ქვეტექსტი აქვს.

იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ევფრატის აღმოსავლეთით აშშ-ის სატელიტები იკავებენ, სასოფლო-სამეურნეო მიწების 57%-ია, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის ზონაში, სადაც მოსახლეობის 65% ცხოვრობს, მხოლოდ 27%. ქურთები აკონტროლებენ ჰიდროელექტოსადგურების კასკადს (გენერაციის დაახლოებით 80%), ნავთობმოპოვების თითქმის 80%-ს და გაზის მოპოვების ნახევარს (5 მილიარდ კუბურ მეტრამდე). სავარაუდოდ, სწორედ ეს ტერიტორია გახდება მთავარი პრიზი ომის მომდევნო ეტაპზე, თუ ასადი ევფრატის დასავლეთით შეიარაღებული ოპოზიციის ნეიტრალიზებას შეძლებს. ქურთებმა არაერთგზის აღნიშნეს, რომ არ სურთ ჩაბმა ფართომასშტაბიან ომში, შესაძლოა იმიტომ, რომ მწარედ ახსოვთ ერაყის ქურთისტანში განცდილი მარცხი და აცნობიერებენ, რომ სამ მძლავრ სახელმწიფოსთან დაპირისპირება დიდი საფრთხის შემცველია. მათი ლიდერები დროდადრო მიანიშნებენ, რომ ერთიანი სირიის ფარგლებში ფართო ავტონომია დააკმაყოფილებთ. ქურთების მდგომარეობას ის გარემოება ართულებს, რომ დონალდ ტრამპი საჯაროდ აცხადებს, რომ სურს, რაც შეიძლება მალე გაიყვანოს აშშ-ის სახმელეთო ძალები სირიიდან _ დღეს ევფრატის აღმოსავლეთ ნაპირზე დისლოცირებულია რამდენიმე ათასი ამერიკელი სამხედრო და სწორედ ეს აძლევს შესაძლებლობას ქურთებს ასადისგან მაქსიმუმი მოითხოვონ. ამერიკელების წასვლის შემთხვევაში, მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდება. მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დაარწმუნა ტრამპი, ეს ძალები სირიაში დატოვოს, მაგრამ სიტუაცია მაინც ბუნდოვანია. ზოგიერთი კომენტატორი წერს, რომ სარაკეტო იერიში ამ კონტინგენტის გაყვანის ერთგვარ სიმბოლურ კომპენსაციას წარმოადგენდა, თუმცა საუბარი ამაზე ერთობ ნაადრევი ჩანს _ ამერიკული კონტინგენტი კვლავინდებურად ძველ პოზიციებზეა.

გასულ კვირას მსოფლიომ თითქოს შვებით ამოისუნთქა, რადგან გააცნობიერა, რომ არანაირი ბირთვული აპოკალიფსი ახლო მომავალში არ მოხდება, მაგრამ, ამავე დროს, ყველასათვის ცხადი გახდა, რომ სირიის სისხლიანი კრიზისი დიდხანს გაგრძელდება. საკმაოდ საგულისხმო იყო რეაქცია საქართველოში _ სოციალური ქსელების მომხმარებლები ინტერესით აკვირდებოდნენ პროცესებს, გასროლილ და ჩამოგდებულ რაკეტებს ითვლიდნენ. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდა რადიკალური პროამერიკელების ჯგუფი, რომელმაც კრემლის დამარცხებად ჩათვალა ის, რომ მან თეთრი სახლის მოქმედებას სიმეტრიული პასუხი არ გასცა _ არ დაუპირისპირა თავისი ხომალდები ამერიკულ ხომალდებს, საჰაერო თავდაცვა _ თვითმფრინავებს და ა.შ. მაგრამ პასუხი, სავარაუდოდ, ასიმეტრიული იქნება, რუსები და მათი მოკავშირეები უპასუხებენ იქ, სადაც მეტი შესაძლებლობა აქვთ, ანუ ხმელეთზე. სწორედ იმ დღეებში, როდესაც დასავლურმა ავიაციამ თავისი იერიში განახორციელა, მათ აღმოსავლეთ გუთაზე სრული კონტროლი დაამყარეს.

თუ ჩვენ განვიხილავთ რადიკალურ და ნაკლებად სავარაუდო სცენარს, რომლის ფარგლებში ამერიკელები და მათი მოკავშირეები საჰაერო კამპანიას გააძლიერებენ, ასადს კადაფის გზას გაუყენებენ და რუსებს სირიიდან წასვლას აიძულებენ, ამ შემთხვევაშიც პასუხი, სავარაუდოდ, ასიმეტრიული იქნება _ კრემლმა შეიძლება უპასუხოს იქ, სადაც უფრო ძლიერია, კერძოდ კი სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ევროპის ენერგომომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც უფრო გამწვავდება ურთიერთობა აშშ-სა და რუსეთს შორის, მით უფრო გაიზრდება მსგავსი გეოპოლიტიკური “დარტყმების” გაცვლის საფრთხე. ამგვარად, ის ქართველები, რომელთაც სურთ, რომ ტრამპმა პუტინის წინააღმდეგ სირიაში რაც შეიძლება ხისტად იმოქმედოს, უნდა დაფიქრდნენ იმ საფრთხეებზე, რომლებიც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს.

ლუკა ნემსაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here