2012 წელს სათავეში მოსული ხელისუფლების ერთ–ერთი დაპირება სოფლის მეურნეობის განვითარება იყო. გარდა იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში მილიარდი ლარი უნდა ჩადებულიყო ყოველწლიურად, დამატებით თითო სოფელს მილიონამდე თანხა უნდა მიეღო. მილიარდმა ლარმა ჩაილურის წყალი დალია, აი, სოფლებისთვის დაპირებული მილიონი კი ათი ათასამდე დაპატარავდა, ახლა ყოველწლიურად თითო სოფელს ათი ათასი ლარი ერგება და, ძირითადად, გარე განათებაზე იხარჯება.
რატომ? იმიტომ, რომ ამ თანხით 30 კვადრატული მეტრი გზის დაგებაა შესაძლებელი, აშენებით ვერაფერს ააშენებ და რა დარჩა?! ჰოდა, ნათდება სოფლები და ოღროჩოღრო გზები ისევ ტალახდება წვიმისას, ისევ კეთილმოუწყობელია ბაღები და სკოლები, ისევ უმუშევრობაა მთავარი პრობლემა და ისევ იცლება მამაპაპისეული სახლები. ლუკმაპურის საშოვნელად ახალგაზრდები ან დედაქალაქში მოდიან, ან ევროპაში და იმის გამო, რომ პროფესიული ტექნიკუმები მოვსპეთ (კომუნისტური გადმონაშთი იყო თურმე), პროფესია პრაქტიკულად არავის აქვს. ჰოდა, უცხო მიწაზე გადახვეწილი ბიჭების დიდი ნაწილი იპარავს, რასაც შედეგად ის მოაქვს, რომ ევროპული ქვეყნების სამართალდამცავები, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად აცხადებენ: კრიმინალური დაჯგუფებები დავიჭირეთ და ისინი საქართველოდან არიანო.
გასულ კვირას ტელეეთერში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას საზოგადოება ინტერესით ელოდა. ექსპრემიერმა საინტერესოც ბევრი თქვა და უინტერესოც, მაგრამ ერთ-ერთი თემა, რომელსაც თითქოს გაკვრით შეეხო, სწორედ უმუშევრობა იყო. “მე არ მიმაჩნია, რომ სოფელში, საკუთარ ნაკვეთში მომუშავე კაცი დასაქმებულია”, _ თქვა ივანიშვილმა და თემა აღარ განავრცო. ჟურნალისტი იქ დეკორაციის როლს რომ ასრულებდა, ცხადად ჩანდა და ამიტომ არ ჰკითხა, _ დაპირებული მილიარდი და კიდევ მილიონები სად არისო…
დღეს სოფლებში კატასტროფული სიტუაციაა. იმის გამო, რომ ადგილობრივებს ფული არ აქვთ (სახელმწიფომ ყველანაირი სუბსიდია მოხსნა და განაცხადა, რომ წელს სუბსიდია აღარც ყურძენზე იქნება), ამიტომ მიწის დიდ ფართობს, პრაქტიკულად, ვერავინ ამუშავებს. სამაგიეროდ, ირანელები, ინდოელები და კიდევ ათასი ჯურის ხალხი ჩადის ქართულ სოფლებში, ასეულობით ჰექტარს ამუშავებს, მუშებად ადგილობრივები ჰყავს, რომლებსაც კაპიკებს უხდის და ქართულ მიწაზე მოწეული დოვლათი თავის სამშობლოში გააქვს. რატომ? _ იმიტომ, რომ ქართულ მადლიან მიწაზე მოსავალი შხამ-ქიმიკატების გარეშე მოდის, გენმოდიფიცირებული არ არის და ამას ყველა აღიარებს. ისიც ვთქვათ, რომ, სულ რაღაც, ორიოდე კვირის წინათ სერიოზული დაპირისპირება მოხდა საგარეჯოს რაიონში. ადგილობრივისგან იჯარით აღებულ მიწაზე ირანელებმა ხორბალი მოიყვანეს და მეპატრონეს იჯარის ფულის გადახდაზე უარი უთხრეს _ აქაოდა, უცხოელები ვართ და, სადაც გინდა, გვიჩივლეო. მოიჯარემ იარაღი აიღო და ირანელებს მინდორში მიადგა: ჩემი ფული მომეცითო. მათ პოლიციაში დარეკეს და… მადლობა საგარეჯოელ პოლიციელებს, რომლებიც სიტუაციაში გაერკვნენ, ხელშეკრულებაც ნახეს, რომელიც ირანელებს თანხის გადახდას ავალდებულებდა, და… თანხა, 20 ათასი ლარი, იქვე გადაახდევინეს.
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ქართველთა დაუცველობის სინდრომი (და საკუთარი დაუსჯელობის სინდრომიც _ რედ.) უცხოელებს ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. საკუთარ ქვეყანაში სტუმრებად ვიქეცით და ეს როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა, თუმცა თემა, რომელზეც ახლა ვაპირებთ საუბარს, ექსკლუზიურია და, რაც მთავარია, სახელმწიფო უწყებები მაქსიმუმს აკეთებენ, ინფორმაციამ რომ არ გაჟონოს, ვინაიდან, შესაძლოა, ამის შემდეგ ხელი ტურიზმს შეეშალოს, იმ ტურიზმს, რომელიც თურმე ბიუჯეტის შევსების მთავარი წყაროა.
დაახლოებით ორი თვის წინათ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო უცხოელი ტურისტების მიმართ, მაგრამ ვერავინ დააკავა, რადგან ეჭვმიტანილებმა ქვეყნის დატოვება მოასწრეს. ტურისტების ბრალი ბალახის მოწამვლაში ედებოდათ. რამდენიმე ადგილობრივი ყვებოდა, რომ ტურისტების ჯგუფი ერთი კვირის განმავლობაში დადიოდა საძოვრებზე და რაღაც ნარინჯისფერ ფხვნილს აბნევდა. როცა ადგილობრივებმა მიზეზი იკითხეს, უთხრეს, რომ ეს ფერების ერთგვარი ფესტივალი იყო, რომელიც მათ სამშობლოში აღინიშნება. ჰოდა, ეს “ფერების ფესტივალი” ტურისტებმა აზერბაიჯანის რამდენიმე რეგიონში მოაწყვეს და ამის შემდეგ დაიწყო, რაც დაიწყო. ადგილობრივების საქონელი დაავადდა, გაურკვეველი ვირუსი გაუჩნდა და დაიხოცა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ვერაფერი რომ ვერ გაარკვია, უცხოელი ექსპერტები მოიწვია და ახალი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ასეულ მილიონობით დოლარი დახარჯა. ექსპერტებმა კი დაადგინეს, რომ ბალახი სწორედ იმ ნარინჯისფერი საღებავით მოიწამლა. მაშინ ერთ-ერთმა ექსპერტმა ეს პროცესი კომპიუტერულ ვირუსებს შეადარა, როცა ჰაკერთა ჯგუფი ვირუსს ავრცელებს, კომპიუტერებს აფუჭებს და მერე ანტივირუსს მილიონობით დოლარად ყიდის.
მეორე თვეა, რაჭასა და სვანეთში საქონელი იხოცება. ადგილობრივები ყვებიან, რომ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს კანი ებერება, შემდეგ გამობერილი ადგილი უჩირქდება და პირუტყვი კვდება. მისი ხორცი კი მთლიანად დამპალია, ანუ საკვებად მისი გამოყენება შეუძლებელია. მთავარი კი ის არის, რომ ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ბალახი მოწამლულია, რადგან მთაში ნახეს არაერთი ადგილი, სადაც ბალახი, მწვანე კი არა, ნარინჯისფერია.
“ყველა დარწმუნებულია, რომ ბალახი მოწამლეს. მოწამლეს იმიტომ, რომ რაჭასა და სვანეთში ეკოლოგიურად სუფთა რძის პროდუქტებსა და ხორცს აწარმოებენ. აქ ხომ არ არის არც ქარხნები, არც იმდენი ავტომობილი დადის სოფლებში, რომ გამონაბოლქვი იყოს და ამიტომ ჯანსაღია ბუნება. პრაქტიკულად, არ მომხდარა, რომ აქ სერიოზული დაავადება ყოფილიყოს, ახლა კი საქონლის 40 პროცენტი გაწყდა. არ ვამბობ, რომ ვეტექიმები არ ცდილობენ; ამოდიან, სწავლობენ, წვალობენ, მაგრამ ვერაფერს უხერხებენ. ათასი ნემსი და ვაქცინა სცადეს, მაგრამ არაფერი ეშველა. ბავშვებმა თქვეს: ტურისტები ყრიდნენ მინდორში ფხვნილსო. შეისწავლეს ის ადგილიც, მაგრამ ჯერ შედეგები არ ვიცით”, _ გვითხრა სვანეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
სხვათა შორის, გასულ კვირას ხელისუფლებამ სვანეთში სპეცდანიშნულების რაზმიც შეიყვანა და ხეტყის უკანონო ჭრასთან დაუნდობელი ბრძოლა გამოაცხადა. რა თქმა უნდა, უკანონოდ არაფრის კეთება არ შეიძლება; მეტიც, ხეტყის განადგურებას კანონითაც უნდა მოვუფრთხილდეთ, მაგრამ იმას არავინ ამბობს, რომ იმ დაანონსებული ჰესების აშენების შემთხვევაში, სვანეთში იმდენი ხე მოიჭრება, სრულიად საქართველიმ ათი წელი რომ ჭრას, ბოლოს ვერ გავა.
“ხეტყის ჭრის წინააღმდეგი ჩვენც ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი ტოტიც არ უნდა გავიდეს სვანეთიდან. არის ტყეები, რომლებსაც, წლებია, ვიყენებთ, ვხშირავთ. სვანი თავის სადგომ–სამყოფელს არ გაანადგურებს, მაგრამ აქ სხვა ამბავია. რეალურად, ხეტყის ბიზნესს თბილისში ჰყავს მფარველები და ტყის მასივების განადგურება მათი დაკვეთაა, უზარმაზარ ფულს იხდიან და ვიღაცას წასცდება ხოლმე ხელი. გვითხრა კიდეც ხელისუფლებამ: ჩვენ მათ ვეძებთ, მათზე გვინდა გასვლა, თორემ სვანებთან პრეტენზია არ გვაქვსო. სამაგიეროდ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, თანაც, არაერთი: არ შეიძლება, ამდენი ტურისტი უკონტროლოდ მოძრაობდეს სვანეთში, უღრან ტყეშიც კი შეიძლება გადააწყდე კარავს და ათასი ჯურის ხალხს. ან ეს რა უბედურებაა, სახედაფარულები რომ დადიან ქალები, მომრავლდნენ ბოლო დროს. ვერ გაიგებ, ვინ არის, რას წარმოადგენს. მათი სახლში შეშვება არ უნდა არავის და მერე ამბობენ: დისკრიმინაციააო. რა დისკრიმინაცია, სახლში ვინ შემოგყავს, სახეზე ხომ უნდა ცნობდე?!” _ ამბობენ სვანეთის მცხოვრებნი.
შევეცადეთ, შეგვეტყო, სვანეთსა და რაჭაში ბალახის მოწამვლის შემთხვევებს თუ იძიებენ სახელმწიფო სტრუქტურები, მაგრამ ოფიციალურად ვერაფერს გავხდით. რეალურად, მოსახლეობის გარდა, სვანეთსა და რაჭაში საქონლის მასობრივი მოწამვლისა და დახოცვის ფაქტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ადასტურებენ, კულუარულად კი გვითხრეს: ამ მიმართულებით არა მხოლოდ სფეროს ექსპერტები, არამედ ძალოვანი უწყებებიც მუშაობენ და გამოძიება დაწყებულიაო. რას დაადგენს გამოძიება, მომავალში გამოჩნდება, მანამდე კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სვანეთსა და რაჭაში მოსახლეობა მკვდარ პირუტყვს ყოველდღე მარხავს.
ბესო ბარბაქაძე
ამ ქვეყნად ბიძოს გარეშე არაფერი არ კეთდება და ის ფხვნილიც, ალბათ, მომავალში ჰესების აშენებას ემსახურება, მით უმეტეს, ჩანს, რომ ადამიანების ბედი ამ ხელისუფლებას არ ანაღვლებს.
სიმპტომები ვირუსულ დაავადებას ჰგავს და არა მოწამლას.
სუფთა დივერსიაა,რას აკეთებს სუსი,ტუმცა რას გააკეთებს ტურისტები უპრაგონოდ შემოდიან საქართველოში და ვისაც სად სურს იქ მიდის ყოველგვარი ნებართვის გარეშე მარტო ან თანამზრახველთან ერთად და რასაც უნდა იმას აკეთებს,ადგილობრივები ხმას უბატონოდ ვერ სცემენ რადგან დამნაშავე ყოველტვის ადგილობრივები გამოდიან რადგან ტურიზმის განვითარებას ხელს უშლიო და იჭერენ დამნაშავე კი მიდის თავის გზით,ეძიე მერექარი მინდორში როგორც ასერებმა.