მთავარი საზოგადოება ვინ დაუვლის ფერხულსა და ბუქნას 31 ოქტომბერს?

ვინ დაუვლის ფერხულსა და ბუქნას 31 ოქტომბერს?

282
გააზიარეთ
ვინ დაუვლის ფერხულსა და ბუქნას 31 ოქტომბერს?

რამდენიმე დღეც და დასრულდება ეს წინასაარჩევნო ბაკქანალია _ განუკითხაობა, რომელიც, ალბათ, არც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დასრულდება, უფრო პირიქით: მერე უკეთ დავინახავთ, რა შენაძლება ადამიანს, რომელსაც შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს ან, საერთოდ, არც ჰქონია. ახლა კი კიდევ ერთხელ შევჩერდეთ იმაზე, თუ რას ჰპირდებიან პოლიტიკური პარტიები ამომრჩეველს, როგორი მონდომებითიღვწიანმიზნის მისაღწევად. მათი წარმომადგენლები, რომლებსაც სანაცვლოდ გროშებს ჩაუყრიან მუჭში, სახლის კარზეც კი უკაკუნებენ ყოველდღიური პრობლემებით გულდამძიმებულ მოქალაქეებს და ღიმილიანი სახით გასაუბრებას სთავაზობენ. ვინ თანხმდება, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ვინ _ გულის მოფხანვის მიზნით გაუბამს საუბარს, ვინ კიდევ ცხვირწინ მიუხურავს კარს და ისევე გაწბილებულს დატოვებს დაუპატიჟებელ სტუმარს, როგორც მისი გამომგზავნი ტოვებდა პარლამენტში მოხვედრის შემდეგ

ჰოდა, მათ შორის, ვინც წინასაარჩევნოდ პარტიებს თუნდაც იმ ორიოდე გროშისთვის მიეკედლა, სარეკლამო ფურცლების დარიგებაში რომ უხდიან, ბევრს ურჩევნია, ჩუმად მივიდეს ამა თუ იმ კართან, დატოვოს ეს “ავბედითი” ფურცლები და შემდეგ ისევ ფეხაკრეფით გაეცალოს იქაურობას.

ასე გაივსო სადარბაზოები საუკეთესო ხარისხის ქაღალდზე მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილი ბროშურებით, რომლებმაც რატომღაც იმ კარის ზღურბლს ვერ “გადააბიჯეს”, რომელთანაც დატოვეს… მაგრამ ქარმაც თუ დაუბერა, მერე ეზოებში მოფრიალე ამ “ცნობის ფურცლებს” მეეზოვე უძებნის შესაფერის ადგილს.

და მაინც: რას ფიქრობს ხალხი?

“ბევრს ჭიქა კენჭიც ეყოფა, უგუნურს _ დრამის წონანიო”, ზოგჯერ “ახალსა ნამუდრაგალსა ძველის სჯობიან ჩანჩალიო”, თუმცა ხალხს ისიც გაუგონია, რომ “ბებერსა, სასძლოდ მორთულსა, უფრთხილდი, მოერიდეო”.

თვალი გადავავლოთ პარტიების წინასაარჩევნო გზავნილებსაც:

ვინ დაუვლის ფერხულსა და ბუქნას 31 ოქტომბერს?

ლოგიკურია, რომ მმართველი პარტია აღმშენებლობის გაგრძელებას გვთავაზობს და ციფრებში გვთავაზობს თავის საარჩევნო დაპირებებს;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი საარჩევნო დაპირება კი ოლიგარქის რუსული მენტალობის მმართველობის დასრულებაა, ასევე ეკონომიკის განვითარება და მართლმსაჯულების რეფორმები; მთავარი საარჩევნო სლოგანი კი “მდიდარ საქართველოს” და “ძლიერ ოჯახს” გვპირდება;

ევროპული საქართველო გარდამტეხი ცვლილებების კომპასად წარმოგვიდგენს თავს და აშშ-ის მოდელზე დაფუძნებულ მართლმსაჯულების რეფორმებს გვთავაზობს, ასევე დროებით უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანასაც გვპირდება;

ლელო საქართველოსთვის მარშალის გეგმას გვთავაზობს საქართველოს ასაღორძნებლად და ძლიერი საშუალო კლასის შექმნასა და საქართველოს რეგიონის პოლიტიკურ, ფინანსურ, ლოჯისტიკურ და კულტურულ ცენტრად ქცევას გვპირდება;

სტრატეგია აღმაშენებელი ირწმუნება, რომ საქმის მკეთებელთა გუნდია, რომელიც კონტრასტს ქმნის ივანიშვილის “ფულის მკეთებელთა” გუნდთან;

პატრიოტთა ალიანსის წინასაარჩევნო კამპანია უკვე არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, მათ შორის, მოსკოვისგან მოთხოვნილი სავარაუდო დაფინანსებისა და ანტითურქული აგიტაციისთვის;

ერთიანი საქართველოს ლიდერი, “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი შემოქმედი ნინო ბურჯანაძე კი ამომრჩეველს “ძალასა და გამოცდილებას” სთავაზობს;

კონსერვატორები _ ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის თავგადაკლულ ბრძოლას გვპირდებიან, ოღონდ რუსეთის გარეშე. თანაც პარტია წელს დამოუკიდებლად სინჯავს ნიადაგს წინაასარჩევნო გზავნილით “მეტი კონსერვატორი – მეტი სტაბილურობა”;

ლეიბორისტული პარტია თავის შალვა ნათელაშვილიანად ოლიგარქიის დასრულებასა და ცხოველებზე ზრუნვისკენ მოგვიწოდებს…

როგორც ილია იტყოდა ასეთ შემთხვევაში, “ერთადერთი ბაზარი, საცა უვაჭრელად, ესე იგი ფასის გამოუჩხრეკლად და გამოურკვევლად გადის ამისთანა სასაცილო საქონელი, ჩვენის ბულვარის აკადემიაა”.

მოდი აქ შევჩერდეთ და ახლა ზოგადად ძირითად ტენდენციებზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა:

როგორც ჩანს, პოლიტიკოსებს სჯერათ, რომ წარსულის ტრავმებმა კვლავ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებებში, “ოლიგარქის მმართველობის” დასრულების სურვილი კი ოპოზიციური ძალების გამაერთიანებელი შეიქნა (თუმცა დროებით, მაგრამ მაინც);

როგორც ჩანს, არჩევნებში “ქართულ ოცნებას” ერთგვარი ამერიკული ოცნება დაუპირისპირდება, რამდენადაც ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ შთაგონებას ამერიკულ და დასავლურ მოდელებში ეძებენ; შედარებით ახალი და მცირე ზომის პარტიები კი ცდილობენ, ამომრჩეველს თავი დიდი ხნის ნანატრ “მესამე ძალად” წარუდგინონ.

ბევრი გვპირდება ეკონომიკის გადარჩენასა და სიღარიბის დასრულებას, მაგრამ ხალხს მათი ნაკლებად სჯერა, რადგან “დაძველდა, ბატონებო, ეგ იარაღი, გაცვდა, იმიტომ, რომ თავდაპირველადვე ხანგრძლიობის უნარი და ღონე არა ჰქონია, ქარისაგან მობერილი იყო და ქარმავე წაიღო და საწყაოდ ავისა და კარგისა, მართლისა და ტყუილისა დარჩა სიავე და სიკარგე, სიმართლე და სიცრუე და სხვა არაფერი”.

ვინ დაუვლის ფერხულსა და ბუქნას 31 ოქტომბერს?

არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების ძირითადი ნაწილი ძველი პოლიტიკოსები და პარლამენტარები არიან, ნაწილი კი პირველად ცდილობს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრას, მაგრამ აქ მთავარი მათი ძველ-ახლობა კი არ არის, არამედ რისი გამკეთებლები არიან ქვეყნისთვის. “საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია, და ტყუილის ჭეშმარიტებად გაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედაც მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი გარჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკლებულ წისქვილსავით”.

როგორც ილია ამბობს, “ამ ბუქნისა და ფერხულისაგან აყენებული მტვერი ბევრს თვალს უბნელებს და ამ თვალთა დაბნელებაშია კიდეც ზოგიერთების იმედი გამარჯვებისა”, რომელთაც აქედანვე ჰგონიათ, რომ საქმე “გათავებულია და დამში მოსული”.

ქვემოთ მკითხველს ვთავაზობთ ილიას წერილს “ბულვარის აკადემია”, რომელშიც ავტორი თუმცა არჩევნებზე არ საუბრობს, მაგრამ ეს პუბლიკაცია საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეების ურთიერთდამოკიდებულებაზე, ერთმანეთისთვის სახელის გატეხვის მცდელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ “კილვა და ძაგება ძველი იარაღია უღონობისა, გაცვეთილი ფანდია სახსარმოკლებულ ფალავნისა”, რაც ასე დამახასიათებელია დღევანდელი ვაიპოლიტიკოსებისთვის.

ბულვარის აკადემია

ერთგვარის ყალიბის მწერალნი არიან ჩვენში, რომელთაც ერთი სასაცილო ზნე სჭირთ, როცა საპოლემიკოდ გამობძანდებიან ხოლმე მოედანზედ. როცა ჰსურთ, თავის მოპირისპირეს წუნი რამ დასდონ, ვითომ სახელი გაუფუჭონ, საზოგადოებაში აბრუ გაუტეხონ, ამისთვის მარტო ერთი იარაღი აქვთ: აიღებენ და რის და ვის ათვალწუნებაც უნდათ, იმას მიაკერებენ ხოლმე მარტო ერთს სიტყვას: “ძველიაოდა საქმე, მათის ფიქრით, გათავებულია და დამში მოსული. რა თქმა უნდა, ამნაირის ფარ-ხმლით მეომარი დიდის ტყვია-წამლის პატრონი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ თვითონ ეგ იარაღი მეტისმეტი ძველია და დღეს მარტო ბავშვებსღა აქვთ ხელში სათამაშოდ და მარტო იმათი შესაფერია და მოსახდენი. გონებაში ჩავარდნილ, ჭკვათამყოფელ კაცისათვის კი სათაკილოა მაგისთანა იარაღის ხელში ჭერა, იმიტომ რომ არასფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალი და ვარდი კი ძველი. ხომ ესეა, მაგრამ ზემოხსენებულ ყალიბის მწერლებმა იმოდენა მოედანი მოიპოვეს ჩვენს უმეცარ წვრილფეხობაში, რომ ჩვენის ბულვარის აკადემიაში ეხლა კარგა საკმაოდ დიდი წრეა მკითხველებისა, რომელიცა ჰკმარობს ავისა და კარგის გასარჩევად მარტო ორს სიტყვას: “ძველია, ახალია”.

ზემოხსენებულ ყალიბის მწერლებს ეს ორი სიტყვა დაუხვევიათ ხელზე და, სხვა ყველაფერში რომ უღონონი არიან, თვითონ “ახალობით” იწონებენ თავს და სხვას კი “ძველობით” ჰწუნობენ0. მოგახსენეთ, ამისთანა მანერამ მწერლობაში, დიდი ხანია, იქაც თავისი დრო მოიჭამა, საცა დაიბადა და საცა პირველ გაჩნდა ქვეყნის სასაცილოდ. სასაცილოდ ვამბობთ იმისათვის, რომ საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონდაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედაც მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი გარჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკლებულ წისქვილსავით. სასაცილოზედ მეტი არ არის, მაშ რა ეშმაკი და ქაჯია!.. ერთადერთი ბაზარი, საცა უვაჭრელად, ესე იგი ფასის გამოუჩხრეკლად და გამოურკვევლად გადის ამისთანა სასაცილო საქონელი, ჩვენის ბულვარის აკადემიაა. არც საკვირველია. ბევრს ჭიქა კენჭიც ეყოფა, უგუნურს _ დრამის წონანი”, სწორედ ამ აკადემიაზედ არის ზედგამოჭრილი; ბევრს არას დაგიდევთ, ცოტასა ჰკმარობს და თუნდაც არ იკმაროს, ბევრის მოსათავებელი გოგრაც არა აქვს. თუნდა ჰქონდეს კიდეც, რად უნდა? მეტი ბარგია. აქ ოღონდ სთქვით ვისზედმე და რაზედმე “ძველია” და კმარა კიდეც: ორს კურდღელს ერთს გამოდგომაზედ დაიჭერთ. ჯერ იმას, რომ “ძველობით” ხსენებულს მაშინვე შეჰბოჭვენ და სამარცხვინო ბოძზედ გააკვრენ: “დახე, დახე, ძველი ყოფილა და არ ვიცოდითო”. აღარავინ ჰკითხულობს: “კაცო, რა ვუყოთ, რომ ძველია! იქნება კარგია, იქნება მართალი მაგ ძველშია. თქვე დალოცვილებო, ერთი საქმესაც ჩახედეთ გულში!.. ერთი მოსჩხრიკეთ, სინჯეთ, მთელს სიგრძე-სიგანეზედ მოატარეთ ეგ თქვენი გონების თვალი და!.. “

თქვენც არ მომიკვდეთ, იმ წვრილფეხობის აკადემიაში ამ მჩხვრიმალისათვის ყურიც არავინ შეიბერტყოს, “ძველია” და რაღა კითხვა უნდა, არ ევარგებაო. დაჰკვრენ კვერს და დაასმენ ბეჭედსა. ამ სახით, ძველობით ხსენებული ხომ სამარცხვინო ბოძზეა გაკრული საჯაროდ და ერთი კურდღელი ეს არის, რომელსაც იგი აკადემია დააჭერინებს ხოლმე “ძველობით” წუნმდებელს მწერალსა. ეს მწერალი ამავე დროს მეორე კურდღელსაც იჭერს წვრილფეხობის აკადემიის მწევრებითა. რაკი მწერლის მიერ ათვალწუნებული აზრი, საგანი თუ კაცი ძველი ყოფილა, აშკარაა, თვითონ წუნმდებელი მწერალი, მისი აზრი, ახალი იქნება და, რაკი ახალია, კარგი უნდა იყოს. მაშ “ტააშ-ტაში” ამ ახალსა და მაშინ ნახეთ ის წვრილფეხობის აკადემია, თავის აკადემიკოსთან ერთად, როგორ აიკრეფს კალთებს და რა ფერხულს და ბუქნას დაუვლის!… რა თქმა უნდა, ჭკვათამყოფელი ნაწილი საზოგადოებისა, გონებაგახსნილი მსმენელი ნანვითა და ნაღვლით უყურებს ამ ლიტერატურულს ბუქნას დარბაისელის აკადემიისას, მაგრამ მაინც ამ ბუქნისა და ფერხულისაგან აყენებული მტვერი ბევრს თვალს უბნელებს და ამ თვალთა დაბნელებაშია კიდეც ზოგიერთების იმედი გამარჯვებისა. ჩვენ ყოველ ამას ვამბობთ იმიტომ კი არა, რომ ყოველივეძველიმოგვწონდეს და ყოველსავეახალსვწუნობდეთ. ავკარგიანობა ახალშიაც არის და ძველშიაც. ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომრა ვარდმან თვისი ყვავილი, გაახმოს დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”. ეს ყოვლად მხსნელი წესი და რიგია ადამიანის წინმსვლელობისა და ქვეყნიერობის ბრუნვატრიალისა.

მაგრამ ისიც დასავიწყარი არ არის, რომ ზოგჯერახალსა ნამუდრაგალსა ძველის სჯობიან ჩანჩალი”. აი სად არის ის ბეწვის ხიდი, რომელზედაც გავლას საღი ჭკუა უნდა, მართლის სიყვარული და ვაჟკაცური გამდებაობა, ნამეტნავად ჩვენში, საცა უფროს-ერთო მარტო იმისათვის ჰთრთის და ჰძრწის, ბულვარის აკადემია რას მეტყვისო, მომიწონებს თუ დამიწუნებსო, ესე იგი ახლობაში ჩამომართმევს თუ ძველობაშიო. ტკივილი ამაშია! თუნდ ესეც არ იყოს, რით ვერ გაიგეს, რომ ეგეთი საპოლემიკო იარაღი ჭკვათამყოფელთათვის არა სჭრის. იგი გამოუდეგარი და ყოვლად უხეირო იარაღია და მერე სხვისგან ნათხოვარი, სხვის გამონაცვალი. მაგას ერთს დროს ძალიან ხშირადა ჰხმარობდნენ რუსეთში, მაგრამ მალე ჰნახეს, რომ მარტო ბეღურების საფრთხალად თუ გამოდგება და დიდი ხანია, თავი დაანებეს, ხოლო გამონაცვალს ჩვენები მიესივნენ და დაეპატრონენ. დაძველდა, ბატონებო, ეგ იარაღი, გაცვდა, იმიტომ, რომ თავდაპირველადვე ხანგრძლიობის უნარი და ღონე არა ჰქონია, ქარისაგან მობერილი იყო და ქარმავე წაიღო და საწყაოდ ავისა და კარგისა, მართლისა და ტყუილისა დარჩა სიავე და სიკარგე, სიმართლე და სიცრუე და სხვა არაფერი.

ნუთუ ამის გამოცნობას დიდი ჭკუა უნდა, რომ ავკარგიანობა, ტყუილმართლობა არც ახალს ახლობით მიეწებება, არც ძველს ძველობით. ავსაც და კარგსაც, ტყუილსაც და მართალსაც თავისი საკუთარი ბუნება აქვს და თვითვეული თვისდა ბუნებისამებრ უნდა გაირჩეს და გამოიზომოს და არა სიახლით და სიძველითა. ყველას, ძველია თუ ახალი, მინამ მსჯავრს დასდებდეთ, კბილი კი არ უნდა უსინჯოთ, ბუნება უნდა გამოუჩხრიკოთ და მარტო მაშინ დაეჭდევა თქვენს მსჯავრს ადამიანის საკადრისი ღირებულობა და ფასი. ძველობით ხსენება სხვისა, ამით კილვა და ძაგება ძველი იარაღია უღონობისა, გაცვეთილი ფანდია სახსარმოკლებულ ფალავნისა. მწერლისა თუ მთქმელის არარაობის, ცარიელობის უტყუარი ნიშანი მაგ იარაღის ხმარებაა. რაკი მაგგვარს იარაღს ხელი წაავლო კაცმა, იმას თავი დაუკარით და “მშვიდობის მგზავრობა დაულოცეთ”. იგი წასულია, გარდასულია და ვერც სიმარდე წერისა, ვერც სუსხიანობა კალმისა ვერ იხსნის ამისთანა მწერალს ამ სამწუხარო ბედისაგან. ნუ ენდობით და ერიდენით მაგ უღონო ღონესა. მაგ იარაღის მხმარებელი მწერალი გადაბერებულს გასათხოვარსა ჰგავს, ანუ, უკეთ ვსთქვათ, საპატარძლოდ მორთულს ბებერსა, და ტყუილად კი არ არის ნათქვამი: “ბებერსა, სასძლოდ მორთულსა, უფრთხილდი, მოერიდეო”.

ტფილისი, 1887 წელი,

13 ოქტომბერი

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here