მთავარი პოლიტიკა ვინ ამოიყვანს ამერიკას ავღანური ჭაობიდან?

ვინ ამოიყვანს ამერიკას ავღანური ჭაობიდან?

2519
გააზიარეთ
ავღანეთი

სიტუაცია ავღანეთში განუხრელად რთულდება. თითქმის ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია სისხლიანი შეტაკებებისა და ტერაქტების შესახებ და საზოგადოება შიშობს, რომ ამ ქვეყანაში მყოფ ქართველ სამხედროებს შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

აშშ-ის პოლიტიკა ავღანეთში სრული კრახით დაგვირგვინდა. სიტუაციის სტაბილიზაციისთვის 115 მილიარდი დოლარი დაიხარჯა (ამ თანხაში სამხედრო ხარჯები არ შედის), რაც, დოლარის კურსის და მსყიდველუნარიანობის ცვლილების გათვალისწინებით, უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ “მარშალის გეგმის” ფარგლებში გამოყოფილი თანხა. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა კატასტროფულია.

ავღანეთის სამთავრობო ჯარში 180 ათასი მებრძოლია, პოლიციაში _ 150 ათასი, ტერიტორიული თავდაცვის რაზმებში _ დაახლოებით 30 ათასი. მათ ზურგს უმაგრებს 3 ათასამდე ამერიკელი სპეცრაზმელი და ავღანური ქვედანაყოფების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში ჩართული 13 ათასამდე უცხოელი სამხედრო (მათ შორის 10 ათასამდე ამერიკელია). მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგის ძალები გაცილებით (7-8-ჯერ) მცირეა, ცენტრალური ხელისუფლება ოფიციალურად აღიარებს, რომ ვერ აკონტროლებს ქვეყნის ტერიტორიის 10%-ს, ხოლო 25 პროცენტისთვის მუდმივი ბრძოლა მიდის. ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ტერიტორია მყარად კონტროლდება; ბევრ პროვინციას ხელისუფლების პარალელურად “თალიბანის” ე.წ. ჩრდილოვანი გუბერნატორები მართავენ. არის დასახლებული პუნქტები, რომლებშიც ხელისუფლების წარმომადგენლები გამაგრებული ბაზებიდან და რეზიდენციებიდან გარეთ თითქმის არ გამოდიან, განსაკუთრებით ღამის საათებში. ხშირ შემთხვევაში, ისინი “თალიბანს” ფარულად ურიგდებიან და უსაფრთხოების სანაცვლოდ მასთან ბრძოლაზე ფაქტობრივად უარს ამბობენ. ამერიკელების 15-წლიანი ძალისხმევა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაეფექტური, სულით ხორცამდე კორუმპირებული და ძალიან სუსტი არმიის შექმნით დაგვირგვინდა.

ამა წლის 21 აპრილს მაზარი-შარიფში ბოევიკები სამთავრობო ჯარის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბაზაში შეიჭრნენ, 150 (ზოგიერთი წყაროს თანახმად კი _ 250-მდე) სამხედრო მოკლეს და 500-მდე დაჭრეს. თავდასხმის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ორიოდე დღით ადრე იქ ჩასული იყო საინსპექციო ჯგუფი თავდაცვის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მაზარი-შარიფში დისლოცირებული კორპუსის შეიარაღების 40% გამქრალია. თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ სამხედროებმა ის ბოევიკებს მიჰყიდეს; მსგავსი რამ თანამედროვე ავღანურ არმიაში ხშირად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ “თალიბანმა” პასუხისმგებლობა თავდასხმაზე საკუთარ თავზე აიღო, მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება არაერთი ვერსია, რომ მას ხელი ერთ-ერთმა სახელისუფლო ჯგუფმა შეუწყო. ხელისუფლების შიგნით გრძელდება დაპირისპირება პრეზიდენტ აშრაფ განისა და პრემიერმინისტრ აბდულა აბდულას შორის, რომელთაც მხარს გავლენიანი კლანების კოალიციები უჭერენ. ტერაქტმა აიძულა თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გადამდგარიყვნენ და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ მომხდარი შიდასახელისუფლო ინტრიგებს დაუკავშირეს.

ამ ტერაქტის გამო აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი იძულებული გახდა, სასწრაფოდ ქაბულში ჩასულიყო. მისი განცხადებებიდან ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო ბრალდებამ მოსკოვის მისამართით, რომელიც მეტისმა თალიბების მხარდაჭერაში, მეტიც, მათთვის შეიარაღების მიწოდებაში დაადანაშაულა.

ავღანეთის ოფიციალურ ხელისუფლებას დღეს დაახლოებით 50 ათასი მებრძოლი უპირისპირდება და მათგანთალიბანს”, მაქსიმუმ, 35 ათასი მიეკუთვნება. “ისლამურ სახელმწიფოს” 7 ათასზე მეტი მეომარი ჰყავს, დააახლოებით 5 ათასი თავსალ ქაიდასწევრს უწოდებს. ამას ემატება არაერთი ეთნიკურ ან რელიგიურ ნიადაგზე შექმნილი ფორმირება, ასევე, ადგილობრივი თავდაცვის რაზმები და ბანდფორმირებები, რომლებიც დღეს შეიძლება მთავრობის, ხოლო ხვალ მისი მოწინააღმდეგეების მხარეს იბრძოლონ.

ავღანეთსა და სირიაში შექმნილ სიტუაციას შორის შეიძლება ორი მნიშვნელოვანი პარალელი გავავლოთ: მთავრობა და ოპოზიცია არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ მესამე ძალასაც, “ისლამურ სახელმწიფოს” ებრძვიან, რომელთა დეკლარირებულ მიზანს ავღანეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე “ერთიანი ისლამური სახელმწიფოს” შექმნა წარმოადგენს (მათი ამბიციები ცენტრალური აზიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებსა და უიგურებით დასახლებულ ჩინურ ოლქებსაც ეხება). “თალიბანი” დღეს კონცენტრირებულია მხოლოდ ავღანეთის პრობლემებზე და, 2001 წლისგან განსხვავებით, ჰეგემონურ ამბიციებს (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით) არ ახმიანებს. ეს საკმაოდ ეშმაკური სვლაა, თალიბებს სურთ, რომ უცხოელების თვალში ზომიერ ძალად, ასე ვთქვათ, “ნაკლებ ბოროტებად” წარმოჩინდნენ.

კიდევ ერთი მსგავსება სირიის კონფლიქტთან იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელოვან გავლენას კონფლიქტის განვითარებაზე არა მხოლოდ ზესახელმწიფოები, არამედ რეგიონული მოთამაშეები ახდენენ. პაკისტანი განაგრძობს ავღანეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეების ფარულ მხარდაჭერას და განიხილავს მათ, როგორც მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელიც ხელს უშლის პაკისტანის წინააღმდეგ მიმართული ინდოეთ-ავღანეთის ალიანსის ფორმირებას. პაკისტანის ლიდერების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ, როგორც კი სიტუაცია ავღანეთშიდალაგდება”, ის პაკისტანს ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ისინი ყოვეთვის მოითხოვდნენ სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ავღანეთის ნეიტრალური სტატუსის დაფიქსირებას, რომლის გარანტიებს, ერთი მხრივ, ზესახელმწიფოების შეთანხმება უზრუნველყოფდა; მეორე მხრივ კი _ “ეროვნული შერიგებისმომავალ მთავრობაში საკვანძო თანამდებობებზე პაკისტანის მიერ კონტროლირებადითალიბებისდანიშვნა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რთული არჩევანის წინაშე დგას. ავღანეთში სიტუაციის გაუმჯობესება მოითხოვს სამხედრო ძალისხმევის გაზრდას და ახალი ხარჯების გაწევას, რაც ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებებს აშკარად ეწინააღმდეგება. ზემძლავრი ბომბების ჩამოგდების მსგავსი დემონსტრაციები, რომლებსაც ადგილი ახლახან ჰქონდა, შეიძლება გარკვეული დროით დაამშვიდოს ამერიკული საზოგადოება, მაგრამ მათი ფსიქოლოგიური ეფექტი დიდხანს ვერ გასტანს. ადრე თუ გვიან, ყველა დაინახავს, რომ სიტუცია რთულდება _ თალიბანისადაისლამური სახელმწიფოსწარმატებები აშკარაა, განსაკუთრებით ავღანეთის ჩრდილოეთში. მეტისის განცხადება მოსკოვის დესტრუქციული როლის შესახებ, სხვა ყველაფერთან ერთად, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა აშშ-ის მიერ შექმნილი ხელისუფლებისა და მისი ძალების უსუსურობის გამართლებას; მან საქმე წარმოაჩინა ისე, თითქოს მათ უპირისპირდება არა შედარებით სუსტი “თალიბანი”, არამედ უზარმაზარი რესურსების მქონე რუსეთი.

ამერიკელები მძიმე მდგომარეობაში არიან, მათ არ შეუძლიათ, მკვეთრად გაზარდონ სამხედრო კონტინგენტი და ვერც მძლავრ ადგილობრივ ძალებს ქმნიან, ამავე დროს ავღანეთიდან წასვლასაც ვერ ახერხებენ. აქ საქმე არა მხოლოდ მარცხის აღიარებასა და მისგან გამომდინარე დამცირებაშიაამერიკელების სასწრაფოევაკუაციაავღანეთიდან ჩინეთსა და რუსეთს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის და ისინი იძულებულნი გახდებიან, უამრავი რესურსი დახარჯონ იმისთვის, რომ ქაოსის ზონის ლოკალიზება მოახდინონ. მაგრამ ამ შემთხვევაში მკვეთრად გაიზრდება იმის საფრთხე, რომ ამერიკელები დაკარგავენ ყველა პოზიციას არა მხოლოდ პაკისტანში, არამედ მთელს რეგიონში; ნაკლებად სავარაუდოა, ვაშინგტონი ამას დათანხმდეს. ის, დიდი ალბათობით, “შუალედურ” სტრატეგიას აირჩევს და განაგრძობს ოპერაციას დაახლოებით იმ ფორმატში, რომელშიც ის ამჟამად მიმდინარეობს, შესაბამისად, ქართველი სამხედროები ავღანეთში კიდევ საკმაო ხანს დარჩებიან. ჩვენი ხელისუფლება მათი გამოყვანის ან თუნდაც არაპროპოციულად დიდი კონტინგენტის შემცირების საკითხის დაყენებას, სავარაუდოდ, ვერ გაბედავს.

აშშ-ის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ოლსონმა ახლახან მოუწოდა ტრამპის ადმინისტრაციას, ეტაპობრივად გაიყვანოს ჯარი ავღანეთიდან და თალიბები კონფლიქტის მხარედ აღიაროს. სამშვიდობო პროცესში მათი ჩართვის წინაპირობად მან ავღანეთის ამჟაინდელი კონსტიტუციის აღიარება და “ალ ქაიდასთან” კავშირების გაწყვეტა დაასახელა. ამასთანავე, მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, განაგრძოს ავღანეთის ხელისუფლების მხარდაჭერა; ოლსონი მიიჩნევს, რომ თალიბები მაშინ დათანხმდებიან მოლაპარაკებას, როდესაც დაინახავენ, რომ სამხედრო გზით დასახულ მიზნებს ვერ აღწევენ.

ეს წინადადებები თითქოს სავსებით ლოგიკურად გამოიყურება, მაგრამ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭირდება ამერიკელი საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ მტერი, რომელსაც აშშ 15-ზე მეტი წლის განმავლობაში ებრძოდა, ბოროტების განსახიერებად წარმოაჩენდა და აცხადებდა, რომ მის საბოლოო დასამარებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასვას და მასთან კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიოს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს შეიძლება ვიეტნამში განცდილი მარცხის ტოლფასი გახდეს.

დონალდ ტრამპი, მისი იმიჯისა და წინასაარჩევნო კამპანიის თავისებურებებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ დაინტერესებულია კარგ პიარში და განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება სიტუაციებს, რომლებშიც შეიძლება “სახე დაკარგოს”. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ის ვერ მოახერხებს, ავღანეთში ომის შეწყვეტის მიმართულებით ისეთივე თამამი ნაბიჯები გადადგას, როგორიც რიჩარდ ნიქსონმა ვიეტნამის მიმართ გადადგა. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ადრე თუ გვიან ის მაინც იძულებული გახდება, რაღაც შეცვალოს, რადგან დღევანდელი მდგომარეობა აშკარად პათოლოგიურია. რაღაც მომენტში თეთრი სახლის პოლიტიკა ავღანეთში დაემსგავსა რთული, მაგრამ აუცილებელი ოპერაციის მუდმივ გადადებას და მძიმე დაავადების ასპირინით განკურნების მცდელობას, თუმცა ცხადია, ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

ლუკა ნემსაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here