მთავარი საზოგადოება “ვიზაქორწინება” ქართულად

“ვიზაქორწინება” ქართულად

1118
გააზიარეთ
პასპორტი

სამწუხაროდ, გამართლდა ზოგიერთი ექსპერტის პროგნოზი, რომ დიდი ძალისხმევით მიღებული ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება ბევრი არასასიამოვნო ფაქტის წინაშე დააყენებდა ქართულ სახელმწიფოს.

მიზეზი უამრავია და მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ პროცესის ერთ მარტივ, “თანამდევ” სქემაზე, რომელიც მშვენივრად იქნა “აღმოჩენილი” და რეალიზებული ზოგიერთი ჩვენი თანამემამულის მიერ, რომელთა ქმედებებმა ლიბერალიზაციიდან ერთი წლის თავზე შოკში ჩააგდო ევროპის ბევრი ქვეყანა.

თავის დროზე, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრები გაიხსნა, პირველი ქვეყანა, რომელმაც ქართველი “მოგზაურების” ტალღა მიიღო, თურქეთი იყო. ვინც იყვნენ ეს “მოგზაურები”, მოგეხსენებათ…. ბოდიში და, ქართველი მეძავები(!), ამიტომაც მოგვეკერა ეს სამარცხვინო იარლიყი ქართველებს და დღემდე ისე გვიყურებენ თურქები, როგორც გარყვნილ ერს. თავისუფალი სავიზო რეჟიმის შემოღებიდან ერთი წლის თავზე ევროპაში კიდევ დავიმსახურეთ მორიგი ეპითეტები _ ქურდი და ნარკომანი. საინტერესოა, ვინ არიან ახალი სტილისევრომოგზაურებიდა როგორ ხვდებიან დაუბრკოლებლად და რამდენჯერმე ევროკავშირის ტერიტორიაზე სავიზო რეჟიმის დარღვევის გამო უკან დაბრუნების ან სულაც დეპორტაციის მიუხედავად.

ამ “მოგზაურების” (რამდენი პროცენტი იქნება, ჩვენი ფანტაზიით წარმოვიდგინოთ) ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებში საქურდავად და ამ გზით ფულის შოვნის მიზნით ჩადიან, ნაწილი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით გარკვეული პერიოდის განმავლობაში იღებს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის უფლებას. მართალია, ახალი ევროკანონმდებლობით ეს პერიოდი ძალიან შეზღუდულია, მაგრამ “ჩვენები” მშვენივრად ასწრებენ ქურდობას და სხვა უამრავ სამარცხვინო ქმედებას.

“ევრომოგზაურების” მეორე, უფრო დიდი ნაწილი, არალეგალურად “საქმიანობს” პოლიტიკური დევნილისა და გულდამწვარი მამულიშვილის ნიღბის გარეშე. საპასპორტო რეჟიმის დარღვევა დიდად არ ანაღვლებთ და გეტყვით რატომ: მათ ჩვენი კანონმდებლობა იცავს და ახალისებს. ძაღლის თავი დამარხულია სწორედ ამ საკანონმდებლო ლაფსუსში, რომელიც არ გამოეპარათ ჩვენს მოხერხებულ მოქალაქეებს.

ყველას მოეხსენება, როგორ არის გამარტივებული ჩვენთან ქორწინების რეგისტრაცია. მისასალმებელია ბედნიერი კავშირების ელვის უსწრაფესი რეგისტრაცია, მაგრამ “უბედურების”, ანუ გაყრის სასწრაფოდ დარეგისტრირებას ვინ გვაჩქარებს?

ამ გამარტივებული პროცედურიდან იწყება ყველაფერი. “გადეპორტებული” და “ცხოვრების ახალი ფურცლიდან” დაწყების მსურველი თანამემამულეები დაუბრკოლებლად, უმოკლეს ვადაში ახერხებენ მორიგი ფიქტიური გაყრა-დაქორწინების აქტების რეგისტრაციას. მცირე საფასურის სანაცვლოდ, “ოჯახს მონატრებული” საქართველოს მოქალაქე ქალები სიამოვნებით მიდიან ასეთ კავშირზე. შემდგომ ეტაპზე “მამრი”, ასევე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, უსწრაფესად იღებს საყვარელი “მდედრის” გვარს და…. ახალი პასპორტით “ახალი ევროპული სიმაღლეების დასაძლევად” მზად არის.

ბოროტი ენები ამბობენ, რომ ამ სქემით ბევრი უცხოელიც სარგებლობს ახლო დაშორეულიაღმოსავლეთის ქვეყნებიდან. სწორედ ამით აიხსნება ამ კატეგორიის ვიზიტორებისა და პოტენციურისასიძოებისგაძლიერებული სურვილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახვედრად.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოქალაქეების საქციელით ერისთვის “ევროპაში თავის მოჭრა” (ცხონებული დოდო აბაშიძის გმირი მახსენდება “რაჭა ჩემი სიყვარული”-დან) ახალი არ არის. ეს პროცესები სათავეს 1990-იანი წლებიდან იღებს, ქართველების მიერ “ხელახლა აღმოჩენილი ბებერი კონტინენტის” აქტიური “კოლონიზაციის” შემდგომ, თუმცა იმხანად ევროპაში შედარებით შეზღუდული კონტიგენტი “მოგზაურობდა”, “საქმიანობის” და თავისმოჭრის მასშტაბებიც შედარებით მოკრძალებული იყო.

არ ვიცი, რა ვუწოდო ქვეყანაში არსებულ ერთი “სარკმლის თუ ფანჯრის” ქორწინებას. საზოგადოდ, მისასალმებელია ქართული კანონმდებლობის მიერ ამ უმნიშვნელოვანესი აქტის ხელშეწყობა _ კი, ბატონო, “გააბედნიერეთ” და გაამრავლეთ საკუთარი მოქალაქეები, მაგრამ ცოტა გონივრულად. “ანტიბედნიერების”, ანუ ქორწინების გაუქმების საკანონმდებლო მართვა მაინც მოხდეს, თორემ მართლა მოგვეჭრა თავი და არა მხოლოდ ევროპაში.

დავით აბულაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here