Home რუბრიკები პოლიტიკა ვიზალიბერალიზაციის კრიმინალიზაცია

ვიზალიბერალიზაციის კრიმინალიზაცია

3319
ვიზალიბერალიზაციის კრიმინალიზაცია

ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს ამოქმედებიდან 10 თვეში შეჩერების საფრთხე დაემუქრა. რა არის ამის მიზეზი და ეკისრება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა მომხდარზე?

სიტუაციის სერიოზულობაში საზოგადოება მას შემდეგ დარწმუნდა, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზიერმა განაცხადა: “ჩვენ შეგვიძლია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. საქართველოზეა დამოკიდებული ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება”. დე მეზიერის თქმით, გერმანული მხარე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მომატების გამო წუხს: “ასევე შეშფოთებას იწვევს კრიმინალი, ძალიან მაღალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით”.

მართალია, 2017-ში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირდა (3771-დან 3462-მდე), მაგრამ ბოლო თვეებში მკვეთრი ზრდის ტენდენცია შეინიშნება. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რომელიცდი ველტმაგამოაქვეყნა, გასული წლის სექტემბერში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, ოქტომბერში _ 355-მა, ნოემბერში _ 444-მა, დეკემბერში _ 522-მა, იანვარში კი _745-მა. ამ ადამიანების უმრავლესობას გერმანიაში დარჩენის შანსი არ აქვს. ამ ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2017-ში საქართველოს მოქალაქეების 6340 განაცხადი განიხილეს. 6210 შემთხვევაში სტატუსზე უარი უთხრეს ან საქმის განხილვა ფორმალური მიზეზების გამო შეწყვიტეს. დარჩენილი 130 შემთხვევიდან ლტოლვილის სტატუსი 15 პიროვნებას მიენიჭა, დანარჩენებს ქვეყანაში ყოფნის უფლება გაუხანგრძლივდა.

თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელზეც გერმანული მხარე ყურადღებას ამახვილებს და ამბობს, რომ ქართველების ნაწილი იმ პერიოდში, როდესაც მათი საქმის განხილვა მიმდინარეობს, კრიმინალურ საქმიანობას ეწევა. ამას ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა იოაჰიმ შტამპმა და ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდა, ზომები მიიღოს. მან განაცხადა, რომ 2017 წლის იანვართან შედარებით, დეკემბერში თავშესაფრის მაძიებელი ქართველების რაოდენობა “400 პროცენტით გაიზარდა” (170-დან 743-მდე) და მიუთითა, რომ იმ ადგილების ახლოს, სადაც თავშესაფრის მაძიებელი ქართველები ცხოვრობენ, დანაშაულმა მკვეთრად იმატა (ქურდობა მაღაზიებში, ველოსიპედების მოპარვა და ა.შ.) და ამის გამო მოსახლეობის შეშფოთება იზრდება. მან იმ ქართველებზეც ისაუბრა, რომლებიც “ცდილობენ გერმანელი გადამხდელების ხარჯზე იმკურნალონ”.

ბუნდესტაგის დეპუტატი მმართველი ფრაქციიდან, ექსპერტი საშინაო უსაფრთხოების საკითხებში შტეფან მაიერი ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, თუ ტენდენციის დაძლევა ვერ მოხერხდება. მისი შეფასებით, საქართველოს იმ მოქალაქეების ქცევა, რომლებიც უვიზო რეჟიმს არღვევენ, “მიუღებელი და უტიფარია” (“დი ველტი”).

ყოველივე ამან საქართველოში ერთობ ნერვული რეაქცია გამოიწვია. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შესახვედრად მიავლინეს შს მინისტრის მოადგილე. ხელისუფლება, ერთი მხრივ, ცდილობდა, დაერწმუნებინა მოქალაქეები, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება და, მეორე მხრივ, უმტკიცებდა ევროპელ პარტნიორებს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა ზომას მიმართავს. პრემიერმინისტრმა საგანგებო თათბირი გამართა. მან შსს-ს დაავალა, გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა ევროპულ ქვეყნებთან და გააქტიუროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი. აგრეთვე, გადაწყდა, რომ დაიწყება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია უვიზო რეჟიმის დარღვევის რისკებზე.

პარალელურად, მთავრობა განაგრძობს მოქმედებას იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის ბოლო ანგარიშში შევიდა. მათ შორის იყო “ევროპოლთან” დადებული შეთანხმების ამოქმედება და “ევროჯასტთან” (ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტო) შეთანხმების გაფორმება, პოლიციის რეფორმის დასრულება და დანაშაულის ანალიზის სისტემის შექმნა, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავება და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება (მათ შორის, კანონმდებლობის შეცვლა ევროპული სტანდარტის შესაბამისად). აგრეთვე, ზომების მიღება მიგრაციის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად და უკვე ნახსენები საინფორმაციო კამპანიის გაგრძელება.

მთავრობის შეშფოთება გასაგებია _ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება მისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხედავს: მას არ შეუძლია სიტუაციის სწრაფად და რადიკალურად შეცვლა. უვიზო რეჟიმის შეჩერებას, საზოგადოებაში, სავარაუდოდ, ანტიდასავლური, ანტიევროპული განწყობების მოზღვავება და ევროკავშირზე თუ გერმანიაზე განაწყენება მოჰყვება. წყენა დღესაც შეინიშნება _ მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის არაერთი მაძიებელი ცუდად იქცევა, სტატისტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით, ქართველები გერმანიაში რაიმე განსაკუთრებულ, აპოკალიფსურ პრობლემას არ ქმნიან. ამასთანავე, ძალზე მტკივნეულად აღიქმება მინიშნებები ერის კრიმინალურ მენტალიტეტზე _ უვიზო მიმოსვლით უამრავი ჩვეულებრივი, პატიოსანი ქართველი სარგებლობს (10 თვის მონაცემებით, უვიზოდ ევროპაში 170 ათასი მოქალაქე ჩავიდა) და მათ არ სიამოვნებთ, რომ ქურდბაცაცების გამო პრობლემები ექმნებათ. ბოლო პერიოდში ვრცელდება ცნობები კონტროლის გამკაცრების თაობაზე _ 13 თებერვალს ქუთაისი-მემინგების რეისის 19 მგზავრი გერმანიაში არ შეუშვეს, 20 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქის დეპორტაციის შესახებ. ამან ფსიქოლოგიური ფონი კიდევ უფრო დაძაბა. უვიზო რეჟიმის შეჩერებამ სერიოზული დისკომფორტი შეიძლება შეუქმნას ერს _ ვიზების პრობლემებს თავი რომ დავანებოთ, არავის სიამოვნებს, როდესაც მსოფლიოს თვალწინ ქურდბაცაცად წარმოაჩენენ.

იმაში, რომ ღარიბი ქვეყნების მოქალაქეების ნაწილი მდიდარ ქვეყნებში გადასახლებას ცდილობს, ახალი და უჩვეულო არაფერია. ლატვია, რომელიც საქართველოზე გაცილებით კარგად ცხოვრობს, ბოლო ათი წლის განმავლობაში 250 ათასამდე ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10%-ზე მეტია. ლატვიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, წასულთა 62,7% პროცენტი დაბრუნებას არ აპირებს, ხოლო დაბრუნებულთა 40% ისევ საზღვარგარეთ გაემგზავრა. მაგრამ ლატვია ევროკავშირის წევრია და მის მოქალაქეებს სხვა ევროპულ ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება აქვთ. ქართველებს კი, საეჭვო მაქინაციების გარდა, სხვა გზა, პრაქტიკულად, არ რჩებათ _ ლეგალური დასაქმება წარმოუდგენლად რთულია, ხოლო ლტოლვილის სტატუსის მიღება, როგორც გერმანიის საიმიგრაციო სამსახურის სტატისტიკიდან ჩანს _ პრაქტიკულად, შეუძლებელი, რადგან ითვლება, რომ საქართველო “უსაფრთხო ქვეყანაა”. მიუხედავად ამისა, ათასობით მოქალაქე მაინც ცდილობს ევროკავშირში შეაღწიოს და იმედოვნებს, რომ გაუმართლებს.

აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა _ შეიძლება თუ არა უსაფრთხოდ ჩაითვალოს ქვეყანა, რომელშიც ასეთი მძიმე, თითქმის კატასტროფული სოციალურეკონომიკური მდგომარეობაა? გონივრულიაუსაფრთხოსსტატუსის მინიჭება მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ფასადი აქვს, რომელიც ჰიბრიდული რეჟიმის არსებობას ნიღბავს? ყველასათვის ცხადია, რომ პრობლემის დაძლევის ერთადერთი რეალისტური გზა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მაგრამ მთავრობას ეს არ შეუძლია, ხოლო ევროკავშირი ვალდებული არ არის, საქართველოს ისეთივე დახმარება გაუწიოს, როგორიც ლატვიას ან ევროგაერთიანების სხვა, შედარებით ღარიბ წევრებს.

ესმით თუ არა ევროპელებს, კერძოდ კი, გერმანელებს, რომ საქართველო, თავის მთავრობასთან ერთად, მოჯადოებულ წრეში მოექცა და არ შეუძლია უვიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობა მკვეთრად შეამციროს? ალბათ, ესმით, მეტიც _ ამ შედეგს ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციამდე პროგნოზირებდნენ და შეჩერების მექანიზმის შექმნას სწორედ ამით ამართლებდნენ. ამასთანავე, მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, ქართველი ქურდბაცაცების პრობლემა ზღვაში წვეთია იმ კრიმინოგენურ პრობლემებთან შედარებით, რომელსაც გერმანიას უქმნის უამრავი ლტოლვილი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. მიუხედავად ამისა, გერმანიის ოფიციალური პირები მაინც განაგრძობენ საუბარს მკაცრ ტონალობაში, შესაძლოა, იმისთვის, რომ ნათლად აჩვენონ საქართველოს მთავრობას: მასზე ზემოქმედების სერიოზული ბერკეტი მოიპოვეს. ეს მით უფრო მძიმე მოსასმენია, რომ გერმანიას, ისტორიული კავშირებიდან გამომდინარე, ქართველების დიდი ნაწილი ყველაზე მეგობრულ ევროპულ სახელმწიფოდ თვლის.

ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებით გამოწვეული უკმაყოფილება რუსეთისკენ მიმართოს. “რუსული პროპაგანდის შედეგი შეიძლება იყოს რიგ შემთხვევებში, როდესაც ევროპის დედაქალაქებში სწორედ ქართველების მიმართ მედია არის განსაკუთრებით მობილიზებული და ქართველების თემას განსაკუთრებით წამოწევს”, _თქვა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა (“რუსთავი 2”). მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა კი განაცხადა: “საქართველოს რუსეთის სახით ჰყავს დიდი პროპაგანდისტული მტერი, რომელიც საქართველოს შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას დიდი სიამოვნებით ეცდება, მათ შორის ვიზალიბერალიაციის პროცესში” (“პირველი არხი”). თუმცა არც ერთს და არც მეორეს არ დაუზუსტებია, რა კავშირი აქვს რუსეთთან თომას დე მეზიერს ან იოაჰიმ შტამპს და არაფერი უთქვამთ “დი ველტისა” და სხვა გერმანული გამოცემების კავშირებზე “გაზპრომთან”. საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში არ შეიძლება წარმოიქმნას უთანხმოება ან პრობლემა, რომელიც რუსეთის ინსპირირებული არაა, რაც საკმაოდ ინფანტილურად გამოიყურება.

ლუკა ნემსაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here