Home რუბრიკები საზოგადოება ვთამაშობთ, ვაგებთ, ვმკურნალობთ

ვთამაშობთ, ვაგებთ, ვმკურნალობთ

700
ვთამაშობთ, ვაგებთ, ვმკურნალობთ

პოპულარულმა გამოცემაფორბსმასაქართველოში მოქმედი ასი უდიდესი კომპანიის სია გამოაქვეყნა და მათი წლიური ბრუნვა და მოგებული თანხა დაიანგარიშა. ასეულის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ გეტყვით, რომ პირველ ადგილზეასოკარი”, რომელიც ქართულ ბაზარზე როგორც ბუნებრივი აირის, ისე საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია. ლოგიკურად, ასეც უნდა იყოს, რადგან ნავთობკომპანიები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ლიდერობენ, მაგრამ მსოფლიოში ვერსად ნახავთ, რომ საუკეთესო ათეულში ერთბაშად სამისააფთიაქო ქსელი იყოს. ეს, სულ ცოტა, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სენი გვჭირს, მაგრამ რეალურად სიტუაცია არც ისეთი უსაშველოა. მართალია, ექიმთან ვიზიტი ყველას გვიწევს, მაგრამ ეპიდემიურ აფეთქებებს ნაკლებად ვუჩივით. ძაღლის თავიც სხვაგან არის დამარხული და იქამდე აუცილებლად მივალთ, მანამდე კი

“ფორბსის” სიაში მეხუთე ადგილზეა აფთიაქების ქსელი “პსპ”. მისმა შემოსავალმა გასულ წელს 477 265 000 ლარი შეადგინა, აქედან სუფთა მოგება 33 097 000 ლარი იყო. იმასაც გეტყვით, რომ პსპ-ს ქსელი 202 აფთიაქსა და “ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკებს აერთიანებს. მეშვიდე ადგილზეა “ავერსი” წლიური 366 150 000-ლარიანი ბრუნვითა და 22 629 000-ლარიანი მოგებით. ავერსს საქართველოს მასშტაბით 241 აფთიაქი აქვს. მეცხრე ადგილზე 450 315 000 ლარის ბრუნვითა და 37 319 000 ლარის მოგებით “ჯი პი სი”-ს სააფთიაქო ქსელია 255 აფთიაქით. ვერ გეტყვით, რატომ არის ჯი პი სი მეცხრე ადგილზე, როცა ორივე აფთიაქზე მეტი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ “ფორბსმა” ასე დაალაგა და ჩვენც მივყვეთ.

დავიწყოთ იმით, რომ “პსპ” და “ჯი პი სი” პრაქტიკულად ერთი ჯგუფის ხელშია, ანუ იმ ადამიანების, რომლებსაც აქციები “საქართველოს ბანკშიც” აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვეუბნებიან და ამ ინფორმაციის დაზუსტება ოფიციალურ დონეზე წარმოუდგენელია, რადგან, როგორც ხდება ხოლმე, ყველა რაღაცას მალავს და ის რაღაც ყველაზე საინტერესოა.

თითქოს უცნაურია, რომ ათეულში ერთბაშად სამი სააფთიაქო ქსელი მოხვდა, თანაც სამეულის საერთო მოგება წლის განმავლობაში თითქმის ას მილიონ ლარს უკაკუნებს. თუ “პსპ”-ს დამფუძნებელსა და მთავარ აქციონერს, პარლამენტარ კახა ოქრიაშვილს დავუჯერებთ, საქართველოში წამლები არ არის ძვირი, უბრალოდ, შემოსავალი აქვს ხალხს დაბალი. დაახლოებით ანალოგიური რამ თქვა ეკონომიკის იმ მინისტრმა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ მოხსნეს, და ეს ნათქვამი ყველაზე დიდ სისულელედ ჩაუთვალეს მინისტობის 10-თვიან კარიერაში. რას ნიშნავს, წამლები ძვირი არ არის?! მაგალითად, ავიღოთ სოდის აბები, რომლებსაც ის ადამიანები სვამენ, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა აწუხებთ. საქართველოში 100-აბიანი კოლოფის ფასი 70 ლარიდან იწყება, ხოლო ზუსტად იმავე შეფუთვით, იმავე წარმოებით, იმავე რაოდენობით 100-აბიანი კოლოფი გერმანიაში 1.45 ევრო ღირს, ანუ ხუთი ლარიც არა, საქართველოში ეს მედიკამენტი 14-ჯერ ძვირია. ახლა იკითხავთ: ამ მედიკამენტს ხომ ჩამოტანა და განბაჟება უნდაო, მოგების მარჟაო? ეგეც გავარკვიეთ _ ქართულმა სააფთიაქო კომპანიებმა ეს მედიკამენტი პირდაპირ აფთიაქში რომ იყიდონ, ანუ გერმანელ კოლეგებს მოგება რომ დაუტოვონ, განაბაჟონ და ზედ ორმაგი მოგება დაამატონ, ფასი 20 ლარს არ უნდა ასცდეს. მაგრამ არა, აქაურმა კომპანიებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჯანმრთელობა უპირველესია _ ადამიანები საკვებს მოიკლებენ, იშიმშილებენ და საკუთარი თავისთვის თუ შვილისთვის წამლის ფულს მოაგროვებენ და იმკურნალებენ.

ახლა რომ არ იფიქროთ, მხოლოდ სოდის აბებზე წერენ, სხვა მედიკამენტებზე სათქმელი არაფერიაო, გეტყვით, რომ საქართველოში წამლებში დახარჯულ ას ლარზე (საუბარია, მაგალითად, კორსიზზე, პარაცეტამოლზე, ტკივილგამაყუჩებლებზე) ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში დიდი-დიდი ათი ევრო მოდის.

გულახდილად თქვით: რამდენისგან მოგისმენიათ, რომ სამკურნალოდ ფული არ ჰქონია და ოჯახის წევრის გადასარჩენად ბინა გაუყიდია, ღია ცის ქვეშ დარჩენილა და ფული მაინც არ ეყო? რამდენისგან მოგისმენიათ, რომ ამ სააფთიაქო ქსელების კლინიკებში მისულ პაციენტებს აიძულებენ, ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტები მაინცდამაინც მათ ქსელში იყიდონრატომ? იმიტომ, რომ ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე, გაჭირვების ხარჯზე მილიონები იშოვონ და, რაც მთავარია, ამ ყველაფერს მერე გვამადლიან: წამლები შემოგვაქვს, გმკურნალობთ და თქვენ კი უკმაყოფილო ხართო.

სხვათა შორის, არც პაციენტები მალავენ და არც ექიმები, რომ სახელმწიფო დაზღვევის შემოღების შემდეგ კლინიკები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა იქ მისული ადამიანები ბოლომდეგამოწურონდა სახელმწიფოს მიერ გადასახდელი თანხა ბოლომდე აიღონ. ეს სამწუხარო და… ქართული რეალობაა. რატომღაც გამორიცხული გვგონია, რომ ევროპაში რომელიმე კლინიკაში პაციენტი რამდენიმე დღე დამატებით გააჩერონ რეანიმაციაში სარგებლის მიღების იმედად, როცა პაციენტს რეანიმაციული მკურნალობა აღარ სჭირდება.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: საქართველოში ფარმაცევტული კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ. ესეც ქართული “ნოუ ჰაუა”. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სააფთიაქო ქსელების ხელმძღვანელები მოლაპარაკებულნი არიან და წამლებს ერთსა და იმავე ფასში ყიდიან ან ისე მცირე სხვაობით, რომ მყიდველისთვის აზრი არ აქვს, გაიაროს დამატებით რამდენიმე მეტრი, რათა 5 ან 10 თეთრით ნაკლები გადაიხადოს. მით უმეტეს, თუ წამალში სამნიშნა ციფრიან თანხას იხდის.

როცა მასალას ვამზადებდი, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ვკითხე აზრი და საინტერესო პასუხი მივიღე: აფთიაქებს რომ ჩააცივდით, აზარტული თამაშები ნახეთ და მიხვდებით, სად ვცხოვრობთო. ვნახეთ და… აჭარაბეთმაგასული წელი 45-მილიონიანი მოგებით დაასრულა, “კრისტალბეთისმონაგარმა კიმოკრძალებული” 34 მილიონი შეადგინა. უცხო თვალისთვის ეს ყველაფერი, ალბათ, ასე ჩანს _ ქართველები ფულს აგებენ აზარტულ თამაშებში, შემდეგ კი მიღებული სტრესის სამკურნალოდ აფთიაქში მიდიან. პარალელურად, ტელეფონით ახლობლებს უყვებიან ამ ყველაფერს, რადგანმაგთიკომისმოგებამ 91 მილიონი შეადგინა დაეს ისმაგთიკომია”, ერთი თვის წინათ ტარიფები რომ გააძვირა, აქაოდა, ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელიაო. არადა, 91 მილიონს რომ მოიგებს კომპანია და კიდევ უკმაყოფილო იქნება

ყველაფრის პარალელურად, საქართველოში კონკურენციის სააგენტო არსებობს. მისი ხელმძღვანელი ნოდარ ხადური გახლავთ, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, რომელსაც წესითა და რიგით, კარგად უნდა ესმოდეს, რა არის კონკურენცია, მაგრამ ჯერჯერობით ამ უწყების მიერ აღმოჩენილი ან გამოვლენილი რაიმე ფაქტი არ გვინახავს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს სააგენტო კონკრეტული ადამიანების დასაქმებისთვის შეიქმნა, სოლიდური (ოთხნიშნა) ხელფასებიც დაენიშნათ და არიან თავისთვის, პასუხსაც არავინ სთხოვთ და არც თავად იწუხებენ თავს. არ გჯერათ? დეკემბერში არ იყო, პრემიერმა სწორედ ამ სააგენტოს რომ დაავალა, პურის ფასმა რატომ მოიმატა, გაგვირკვიეთო? და არკვევენ დღემდე. დავალება პრემიერმაც დაივიწყა (ან დაავიწყებინეს) და არც სააგენტოს გამოუქვეყნებია დასკვნა. სწორედ ამ სააგენტომ უნდა შეისწავლოს ფარმაცევტული ბაზარი და გამოაქვეყნოს დასკვნა, რომ ასე არ შეიძლება, რომ მოგების მარჟა გარკვეულ ზღვარს არ უნდა აჭარბებდეს და ათჯერ, ოცჯერ ძვირს არ უნდა იხდიდნენ ადამიანები წამალში. წამალს ხომ სიამოვნებისთვის არ ყიდულობენ? ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორი მონაცემები იქნება წელს, მაგრამ იმის თქმა კი დაზუსტებით შეგვიძლია, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოწინავე პოზიციებს არ დათმობენ. არ შეუტევს სახელმწიფო მათ, რადგან ხელს არ აძლევს. ბოლო პერიოდში კი ძალიან ხშირად ისეა ყველაფერი, როგორც სახელმწიფოს აძლევს ხელს, ხალხს არ მოსწონს და პირიქით. და ასე ერთ მოჯადოებულ წრეზე, დიდი ხანია, დავდივართ და გამოსწორებას პირი არ უჩანს. გვერდიდან კი ასე ჩანს _ ვთამაშობთ, ვაგებთ, ვმკურნალობთ…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here