Home ახალი ამბები საქართველო “ვეფხისტყაოსანი”, ბოდიში და აშშ

“ვეფხისტყაოსანი”, ბოდიში და აშშ

443

სანამ მთავარ საკითხს შევეხებოდე, ერთი ისტორია უნდა მოვყვე.

ბრწყინვალე ფილოსოფოსი და სოციოლოგი, პროფესორი ვენორ ქვაჩახია ლიტერატურასა და მწერლობაში ღრმად განსწავლული პიროვნება იყო. საბჭოთა კავშირში პირველი სოციოლოგიის კათედრის ჩამომყალიბებელი (თსუ 1968 წ.) მეცნიერი იმ პერიოდის მსოფლიო ფილოსოფოსთა და სოციოლოგთა წრეში აღიარებული და მიღებული მოღვაწე გახლდათ. ”გენიოსთა სამყაროში ანუ ვაჟა, დოსტოევსკი, კაფკა და გალაკტიონი” – ასე ერქვა მის ერთ-ერთ გახმაურებულ სტატიას, რომელსაც მეოცე საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს დიდი პოლემიკა და ვნებათა ღელვა მოჰყვა. პირად ცხოვრებაში ტრაგიკული პიროვნება, რომელმაც თორმეტი წლის ერთადერთი ასული დაკარგა,  ორმოცდაჩვიდმეტი წლისა  აღესრულა უმძიმესი სენისგან.

ბედმა ვენორ ქვაჩახიას  ასპირანტობა და, რაც მთავარია, მისი მეგობრობა მარგუნა. იგი იყო ჩემი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელიც, მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის. მისი უკანასკნელი გამოკვლევა პრეტენზიული სათაურით  ”ვეფხისტყაოსნის საიდუმლო ანუ ანდერძი რუსთაველისა” სანახევროდ ჩემი ჩაწერილია. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვული წერას ვეღარ ახერხებდა და ტექსტს მე მკარნახობდა, რომელსაც ვიწერდი. იცოდა, რომ ფინალი ახლოვდებოდა, ამიტომ ჩქარობდა. როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, ამ მძიმე შრომაში ვათენებდით და ვაღამებდით. იგი აზროვნებდა, მე მექანიკურად ვიწერდი, წინასწარ გაკეთებული უამრავი ჩანაწერიდან შესაბამისი ადგილის მოძებნაში ვშველოდი და გზადაგზა ტექსტის სინტაქსურად გამართვაში ვეხმარებოდი. მკრთალი შუქით განათებულ მის სამუშაო ოთახში, ”ვეფხისტყაოსანზე” გამოკვლევა კი არა, თითქოს ”ვეფხისტყაოსანი” იწერებოდა. ჩვენ თვალწინ ცოცხლდებოდა გენიალური ლიტერატურული ნაწარმოების დიდებულ პერსონაჟთა მთელი გალერეა…

”ვეფხისტყაოსანზე” გამოკვლევა და ჩემი დიდი მასწავლებლის სიცოცხლე ერთად მიდიოდა დასასრულისკენ. ლოცულობდა, უზენაესს დაწყებული გამოკვლევის დასრულების საშუალებას შესთხოვდა. გამოკვლევა დასრულდა. ტრაგიკული სვე-ბედის მქონე ახალგაზრდა მეცნიერის სიცოცხლეც მალე ჩაიფერფლა. ყველაფერი სადღაც გაუჩინარდა, მხოლოდ ხელნაწერი ფურცლებით გამოტენილი სქელი საქაღალდე დარჩა ჩემთან.

მერე აირ-დაირია ქვეყანა, რასაც საბჭოთა კავშირის ნგრევა, სამოქალაქო ომი, ომი ცხინვალში, ომი ვენორ ქვაჩახიას სამშობლო აფხაზეთში და სხვა ათასი უბედურება მოჰყვა. ისეთი დრო დადგა, ”ვეფხისტყაოსანზე” ქვაჩახიას გამოკვლევა კი არა, შოთა რუსთაველი და ”ვეფხისტყაოსანი” აღარ ახსოვდა არავის. სქელი საქაღალდე ორ ათეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელუხლებლად იდო ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში. მხოლოდ 2004 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის, ბატონ როინ მეტრეველის თანადგომით შევძელით წიგნის გამოცემა. წიგნის რედაქტორის საპასუხისმგებლო მისია მე დამეკისრა. რეცენზენტები არიან აკადემიკოსი ალექსანდრე ბარამიძე, პროფესორი რევაზ ბალანჩივაძე და პროფესორი ვახტანგ გოგუაძე.

მას შემდეგ კიდევ ორი ათეული წელიწადი გავიდა და დღის წესრიგში წიგნის მეორე გამოცემის საკითხი დადგა. ერთხელ კიდევ ვკითხულობ ამ ბრწყინვალე ნაშრომს და ისეთივე განცდა მეუფლება, როგორიც იმ დროს, როდესაც დიდი მეცნიერის მიერ ნაკარნახები აზრები ქაღალდზე გადამქონდა ორმოც წელიწადზე მეტი ხნის წინათ.

მცირე მოცულობის სტატიისთვის აშკარად ვრცელი შესავალი გამომივიდა, რის გამოც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სწორედ ბოდიშის თემამ მიბიძგა სტატიაში ამ თემის შემოტანისკენ. უფრო სწორად, იმ აჟიოტაჟმა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ბოდიშის მოხდის გზით ოს ძმებსა და დებთან შერიგებისკენ მოწოდებას მოჰყვა.

– ბოდიში არა და არასოდეს! – ისროლა ლოზუნგი დასავლეთის ”მეხუთე კოლონამ”.

– რა გვაქვს ბოდიშის მოსახდელი? – პათეტიკურ შეკითხვას სვამენ ისინი.

– ანწუხელიძის სულს რა პასუხი გავცეთ? – წარბშეუხრელად მიდიან აშკარა სპეკულაციაზე.

ჰოდა, აგერ პროფესორ ქვაჩახიას გამოკვლევაში ვკითხულობ: ”ვეფხისტყაოსანში” ორი ტიპის პერსონაჟები არიან” – პერსონაჟები, რომლებიც ტირიან, და პერსონაჟები, რომლებიც არ ტირიან. პერსონაჟები, რომლებიც ტირიან, არიან სიკეთის მატარებელნი, ხოლო პერსონაჟები, რომლებიც არ ტირიან, რომლებსაც ცრემლი აქვთ გამშრალი, არიან ბოროტი პერსონაჟები”. რუსთაველს ბოროტ პერსონაჟებად მეფე და დედოფალი (ლაპარაკია ფარსადანსა და მის მეუღლეზე, ფარსადანის და დავარზე და მაღალი წრის სხვა წარმომადგენლებზე) გამოუყვანია, მაგრამ ფეოდალურ საზოგადოებაში ამას ღიად ვერ გააკეთებდა, ამიტომ ეს ყველაფერი დაშიფრულად, საიდუმლოდ უთქვამს. უარყოფითი პერსონაჟები ტირილის უნარის  უქონლობით გამოურჩევია დადებითი პერსონაჟებისგან. საინტერესო მიგნებაა, მით უფრო, რომ ამის დასტური (რომ ეს მართლა ასეა) გენიალურ ავტორს პოემაშივე მოუცია.

ეს რთული თემაა და შორს წაგვიყვანს. ის კი,  რატომ ვყვები ამის შესახებ სტატიაში, სულაც არ არის ძნელი გასაგები: ისევე, როგორც რუსთაველმა მისი უკვდავი პოემის პერსონაჟები დაყო ორ კატეგორიად (ტირილის უნარის მქონეებად და ამ უნარს მოკლებულებად), ბიძინა ივანიშვილის ერთმა მოწოდებამაც ბოდიშის მოხდისკენ საქართველო ორ კატეგორიად დაყო – ბოდიშის მოხდის უნარის მქონეებად და ასეთ უნარს მოკლებულებად; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზნეობრივ და უზნეო კატეგორიებად. ბოდიშის მოხდის უნარი აქცევს ადამიანს ადამიანად. ადამიანი, რომელსაც ბოდიშის მოხდა შეუძლია, მხოლოდ საკუთარი სამრეკლოდან არ რეკავს, იგი მოვლენებს სხვისი კუთხიდანაც აფასებს და ისეთივე კრიტიკული და მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ, როგორიც არის სხვის (თუნდაც მტრის) მიმართ. იგი, ერთი მხრივ, მომნანიებელია, მეორე მხრივ – მიმტევებელი. ბოდიშის მოხდის (ისევე, როგორც მადლობის გადახდის) უნარი ადამიანში ზნეობისა და კულტურის საზომი მექანიზმია, ანუ მასში სინდისის არსებობის ნიშანია. ბოდიშის ცნება ღვთაებრივი შინაარსითაა გასხივოსნებული. ბოდიში ზეგარდმო მადლის მატარებელი სიტყვაა, ამიტომ ადამიანებში, რომლებიც ბოდიშის მოხდის მადლს მოკლებულნი არიან (ეს უნარი ატროფირებული აქვთ), ღვთაებრივი საწყისი არ არსებობს. ასეთ ადამიანებს სინდისი არ ესინჯებათ, ისინი სატანის მოციქულები არიან (ეს არ უნდა გავავრცელოთ იმ კონკრეტულ და ცალკეულ შემთხვევებზე, როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანს დანაშაულში მონაწილეობის საქმეს უთითხნიან, რომელსაც იგი არ აღიარებს და, შესაბამისად, ბოდიშსაც არ იხდის. ეს სპეციფიკური მომენტია და ამ სტატიაში ამაზე არ ვმსჯელობთ). ჩვეულებრივ შემთხვევებში ბოდიში კულტურის განუყოფელი ნაწილია, კულტურის მაჩვენებელია, მისი არსებობის ნიშანია.

გამოდის, რომ ურთიერთმიტევებისა და ბოდიშის მოხდის ინიციატივით ბიძინა ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოხსნა ყველას, ვისაც მტრობის, შურისძიების, ბოღმისა და ომის ცხოველური ინსტინქტები ვერ დაუძლევია საკუთრ თავში, ვინც ერთხელ და სამუდამოდ ისე ჩაკეტილა ნაციონალიზმის ვიწრო ნაჭუჭში, რომ გამოუსწორებელ ფაშისტად ჩამოყალიბებულა და ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად სიძულვილის გრძნობა აურჩევია.

მე მგონია, რომ ამ მსჯელობაშიც შორს წავედი.

კი, ამ ადამიანთა ფსიქოლოგიური დახასითება ზუსტად ისეთია, როგორიც მოგახსენეთ, მაგრამ გადამწყვეტი ეს არ არის. როგორი საკვირველიც უნდა გეჩვენოთ, გადამწყვეტი სხვა რამ არის: ივანიშვილის იმ მოწოდების შემდეგ გამოგვეცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვინმე მეთიუ მილერი, რომელმაც ქართველები ასე დაგვამშვიდა: ”თქვენ არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი!” აი, თურმე საიდან მოდის ბოდიშის მოხდის აკრძალვა. გარდა იმისა, რომ საქართველოში მოქმედ ”მეხუთე კოლონას”, დასავლეთის ამ ღია აგენტურას, ბოდიშის მოხდისთვის შინაგანი კულტურა და სინდისის ხმა არ ჰყოფნის, მას დასავლეთი უკრძალავს ბოდიშის მოხდას, რადგან ეს დასავლეთისთვის სახიფათო გზაა. ქართველებისა და ოსების, ქართველებისა და აფხაზების ურთიერთმიტევებასა და ერთმანეთისთვის ბოდიშის მოხდას, ამ ერების შერიგებასთან ერთად, შესაძლებელია, მათი დაპირისპირების მიზეზების გამოაშკარავებაც მოჰყვეს, რომელიც ამ საშინელ ისტორიაში დასავლეთის უბინძურესი როლის მხილებით დასრულდება. აი, რატომ დაგეშა დასავლეთმა საკუთარი ”მეხუთე კოლონა” ბოდიშის წინააღმდეგ. არის კიდევ ერთი არსებითი მომენტი, რომელიც დასავლეთს ყველაზე მეტად აშინებს: სამ ნაწილად დაშლილი საქართველო, ანუ რუსეთის მიერ აღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ერთმანეთთან აპირისპირებს რუსეთსა და საქართველოს. ეს კი მხოლოდ აშშ-ის ინტერესებშია, ამიტომ დღეს არსებულ ამ რეალობას (სამ ნაწილად დაშლილ საქართველოს) იცავს არა რუსეთი, არამედ აშშ. ეს ამერიკული პროექტია, რომელიც მიმართულია როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ. ამერიკელები ებრძვიან რა ბოდიშს, ებრძვიან საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების იმ რეალურ პერსპექტივას, რომელიც ახლა გლობალურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში იკვეთება.

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, რომ ამერიკელები მთელი სვლით აამოძრავებენ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მექანიზმს. დანარჩენს 26 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცესები გვიჩვენებს.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here