Home რუბრიკები პოლიტიკა “ვენეციელი იურისტი” და “ევროპული ჰონდურასი”

“ვენეციელი იურისტი” და “ევროპული ჰონდურასი”

3248
ჯანი ბუკიკიო

მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები”, _ ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს ეს ფრაზა გასული კვირის მთავარ ციტატად იქცა. ბოლო დღეებში ნათლად გამოჩნდა, რომ საკონსტიტუციო რეფორმას სერიოზული ხარვეზები ახასიათებს, ხოლო პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდა.

მმართველი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ცდილობდნენ, შეერბილებინათ ჯანი ბუკიკიოს კომენტარის ნეგატიური ეფექტი _ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ხან იმას არკვევდნენ, ვისი ტიკი-ტომარაა ბუკიკიო, ხან კი “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” ტიპის პათეტიკაში ვარდებოდნენ. იმედია, არავის დავიწყებია, რომ ვენეციის კომისიას უზენაესი არბიტრის სტატუსი სწორედ “ქართულმა ოცნებამ” მიანიჭა. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ პირობა დადო: “არც ერთ იმ ნორმას არ მივიღებთ, რომელსაც უარყოფითად შეაფასებს ვენეციის კომისია”. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ საკუთარი ხელით შექმნა წინაპირობები იმისთვის, რომ ბუკიკიოს უარყოფით შეფასებებს მისთვის მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა.

“ვენეციელი ვაჭარი” შექსპირის პიესების პირველ კრებულში, ე.წ. პირველ ფოლიოში, მოხსენიებულია, როგორც კომედია, თუმცა, სპეციალისტების აზრით, გაცილებით მართებულია, მას დრამა ვუწოდოთ. ასეა ჩვენი “ვენეციელი იურისტის” შემთხვევაშიც _ რამდენიც უნდა დასცინონქართული ოცნებისმომხრეებმა ჯანი ბუკიკიოს სოცქსელებში, მომხდარი კომედიად ვერ გადაიქცევა. ის, რაც ხდება, ტრაგედიაა _ არაკომპეტენტური და გაუმაძღარი ადამიანების ჯგუფი ქვეყანას კრიზისისკენ მიაქანებს.

ვენეციის კომისიას, ისევე, როგორც 2010-ში, ბევრი შენიშვნა ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებით მისი თავმჯდომარე ორმა გარემოებამ აღაშფოთა. მას შემდეგ, რაც კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა, “ქართულმა ოცნებამ” მასში კიდევ ერთი გარდამავალი დებულება შეიტანა, რომლის თანახმად, არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლისთვის გადაიდო. ამის გაკეთების შემდეგ მმართველი პარტიის ლიდერები, განსაკუთრებით “საპარლამენტო ბანაკიდან”, ძალიან კმაყოფილი ჩანდნენ და რაღაცით ჰგავდნენ XIX საუკუნის პაპუას ბელადებს, რომლებმაც, მათი ჭკუით, თეთრკანიანები მოატყუეს.

ამასთანავე, ჯანი ბუკიკიო თბილისში ვიზიტისას მუდამ უსვამდა ხაზს კონსენსუსის არარსებობას _ მმართველი პარტია საკონსტუტუციო ცვლილებებს, ფაქტობრივად, იზოლაციაში იღებს. პარტია, რომელსაც არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა დაახლოებით მეოთხედმა დაუჭირა (უბნებზე 51,63% მივიდა, “ქართულ ოცნებას” 48,7% მისცა ხმა), ცვლის კონსტიტუციას ისე, რომ პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიები, მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მას დიქტატსა და ანტიდემოკრატიულობაში ადანაშაულებენ, ხოლო პლებისციტის ჩატარებისთვის მას გამბედაობა არ ჰყოფნის. ეს ნიშნავს, რომ ახალ კონსტიტუციას ლეგიტიმურობის ხარისხი ძალიან დაბალი ექნება და მისი ჩასწორების საკითხი დღის წესრიგში დაუყონებლივ დადგება მას შემდეგ, რაც პოლიტიკური კონიუნქტურა შეიცვლება. ეს კი, თავის მხრივ, ქართული სახელმწიფოს და მისი პოლიტიკური სისტემის გრძელვადიანი სტაბილიზაციის შესაძლებლობას გამორიცხავს.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, მას უპირატესობას ხშირად იმიტომ ანიჭებენ, რომ, აგერ უკვე ორი ათწლეულია, მაჟორიტარული ოლქები ხელისუფლებისთვის “მანდატების ყულაბად” გადაიქცა, ხოლო საარჩევნო პროცესი იქ ათას სიმახინჯეს უკავშირდება, მაგრამ პროპორციული სისტემა არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც პანაცეა. მსოფლიო გამოცდილება ცხადყოფს, რომ მაჟორიტარული სისტემა კარგად მუშაობს იქ, სადაც ტრადიციულად ძლიერია რეგიონული თვითმმართველობა _ დღეს კი მას ზღუდავენ. 90-იანების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს მმართველებს ცენტრისა და რეგიონების დაპირისპირების ეშინიათ და ადგილობრივი ელიტებისთვის უფლებების გადაცემა არ სურთ. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება – იქ, სადაც სისტემა შერეულია, მაჟორიტარები და პარტიული სიით არჩეული დეპუტატები ორ სხვადასხვა პალატაში მუშაობენ. მათი მოღვაწეობა ერთ პალატაში დემოკრატიული გამოცდილების საწინააღმდეგო ნონსენსია. როდესაც ვენეციის კომისიამ სცადა, საუბარი ამ მიმართულებით წაეყვანა, ხელისუფლებამ მყისიერად მიუთითა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ისე, რომ გარდამავალ მოდელებზე საუბარი არც დაუწყია. ასეთ ვითარებაში ვენეციის კომისიამ საუკეთესო ვარიანტად (ან ნაკლებ ბოროტებად) ჩათვალა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერა, მითუმეტეს, რომ მას მხარს ქართველი დემოკრატების უმრავლესობა უჭერს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საუბარი ორპალატიან პარლამენტზე მომავალში არ გაგრძელდება.

პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა პარტიების სისუსტეა. აქ ის კი არაა მნიშვნელოვანი, რომ ბოლო თვეებში როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური პარტიების რეიტინგი განუხრელად ეცემა, არამედ ის, რომ ქართული პარტიებისთვის მთავარია არა იდეები, არამედ კონკრეტული ადამიანების ან ჯგუფების ინტერესები. სინამდვილეში, ეს არ არის ნამდვილი პარტიები, არამედ _ რაღაც საშუალო ფეოდალურ ამალასა და იმავე პერიოდის ყაჩაღთა ბანდას შორის. ბოლო დროს გაჩნდა ილუზია, რომ საარჩევნო ბლოკების აკრძალვა, რომელიც თავისთავად დემოკრატიის წინააღმდეგ და მმართველი ძალის სასარგებლოდ მუშაობს, ხელს პარტიების გამსხვილებასა და სიტუაციის გაჯანსაღებას შეუწყობდა, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილება _ 2020 წლის არჩევნებში ბარიერი სამ პროცენტამდე დაწიოს _ ამ (ისედაც საეჭვო პერსპექტივების მქონე) შესაძლებლობას ბლოკავს. განახლებული საარჩევნო სისტემის პირობებში, სავარაუდოდ, შენარჩუნდება მოთხოვნა ქარიზმატულ დემაგოგებსა და არაადეკვატურ დაპირებებზე, რომლებიც, საარჩევნო სისტემის მანკიერებებს თავი რომ დავანებოთ, საზოგადოების ჩამორჩენილობის უტყუარი ინდიკატორია.

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში “ქართული ოცნება” მოწადინებულია, მაქსიმალურად გაახანგძლივოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ხელისუფლებაში ყოფნა, გახადოს სისტემა უფრო მართვადი და პროგნოზირებადი, ამასთანავე, შეინარჩუნოს და შეძლებისდაგვარად გააუმჯობესოს დემოკრატიული ფასადი, რადგან მისი სტაბილურობა უფრო მეტად დამოკიდებულია დასავლელი პარტნიორების შეფასებაზე, ვიდრე, მაგალითად, მეზობელი აზერბაიჯანის ხელისუფლების. “მთავარ პრიზს” ოპოზიციისთვის ამ შემთხვევაში დასავლეთის შეშფოთება წარმოადგენს, ვინაიდან ის აცნობიერებს, რომ არ ეყოფა ძალები იმისთვის, რომ შექმნილი სიტუაციიდან სრულფასოვანი პოლიტიკური კრიზისი “გამოძერწოს”. სწორედ ამიტომ, ძალიან დიდი ალბათობით, არ იტყვის უარს პროცესის ბოიკოტირებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ქართული ოცნება” ზოგიერთ სადავო მუხლს დათმობს. მის სასარგებლოდ ორი ფაქტორი მუშაობს _ “ქართული ოცნების” მოუქნელი, ცუდად გათვლილი მოქმედება, რომელიც, უპირველესად, საკონსიტუციო რეფორმის კურატორის, ირაკლი კობახიძის, “დამსახურებაა”, და პრეზიდენტის მკვეთრად ნეგატიური პოზიცია.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია, ხოლო მოქალაქეთა დიდ ნაწილი გიორგი მარგველაშვილს, მარტივად რომ ვთქვათ, “ცარიელ ადგილად” თვლის, მან ბოლო თვეებში “ქართული ოცნებას” გაცილებით დიდი საიმიჯო ზიანი მიაყენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ივანიშვილმა ყოველივე მომხდარი, ალბათ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. “კოალიაციამ ერთხმად წამოაყენა გიორგის კანდიდატურა. მისმა პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა ის, რომ გიორგი კოალიციის კანდიდატი გახდა. შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ბედნიერი ვარ, მარგველაშვილი ჩვენს გუნდში და საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში რომ აღმოჩნდა. ასეთი პიროვნება ძალიან საჭიროა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს”, _ ამბობდა ივანიშვილი 4 წლის წინათ, 2013 წლის ივლისში, აჭარის ტელევიზიის ეთერში. და აი შედეგიც, როგორც ის თავის ფეისბუკ-გვერდზე გასულ კვირას სალომე ზურაბიშვილმა აღწერა, “პირდაპირ უცხოელებთან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, უმაღლეს მოსამართლეებთან პრეზიდენტმა ჩვენი ევროპული ღირებულებები, საქართველოს სანდოობა და მისი დემოკრატიულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ”.

ეჭვგარეშეა, რომ ბიძინა ივანიშვილს საკადრო პოლიტიკის არაფერი გაეგება _ თითქმის ყველა კანდიდატურამ, რომლებიც მან საკვანძო თანამდებობებისთვის შეარჩია, “ქართულ ოცნებასამა თუ იმ ფორმით დიდი ზიანი მიაყენა. აქ საინტერესოა სხვა მომენტირატომ არ უნდა მიუთითოს მარგველაშვილმა (ყველა მისი მინუსის მიუხედავად) ან ნებისმიერმა ჩვენგანმა თუნდაც ევროპელ პარტნიორებთან საუბარში მმართველი პარტიის პოლიტიკის ანტიდემოკრატიულობაზე, რომელიც იმდენად აშკარა გახდა, რომ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის წარმომადგენლებსაც კი მიეცათ საბაბი, დემოკრატიის დამცველების ნიღაბი მოირგონ.

ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ ეს ევროპელი პარტნიორები (და არა სუსტი სამოქალაქო საზოგადოება) წარმოადგენენ ერთ-ერთ იშვიათ დაბრკოლებას, რომელიც ახალ ჰიბრიდულ რეჟიმს კაციჭამია დიქტატურად გადაქცევაში ხელს უშლის; არანაირი სხვა ზნეობრივი ან იდეური წინაღობა მას არ ზღუდავს. მართალია, მარგველაშვილი კომუნიკაციას ევროპელებთან პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და ეს ნაკლებად პატიოსანი თამაშია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საუბარი რეალურ პრობლემებზე ტაბუირებული უნდა გახდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს კონსტიტუციის გაუპატიურება უნდა დავაცადოთ ან მისი ვალი გვმართებს (და არა პირიქით)?

ბოლო ორ ათწლეულში მიღებულ გამოცდილებას ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ: როგორც კი ხელისუფლება წესების დარღვევას იწყებს, დაუყონებლივ სილა უნდა გავაწნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ მალე, მაქსიმუმ 10-15 წლის განმალობაში, საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება “ევროპულ ჰონდურასად” და მას უკვე ვეღარაფერი უშველის.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here