მთავარი საზოგადოება ვასილი კადენეცი: საქართველოს პირველი ეროვნული გმირი სეპარატისტებმა 9 აპრილის მემორიალთან მოკლეს

ვასილი კადენეცი: საქართველოს პირველი ეროვნული გმირი სეპარატისტებმა 9 აპრილის მემორიალთან მოკლეს

4681
გააზიარეთ
ვასილი კადენეცი

ვასილი კადენეცი საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად არჩეული იყო იმ პერიოდში, როცა კომკავშირს სათავეში ჟიული შარტავა ედგა.

მეგობრობდნენ. უღალატოდ. როცა ჟიული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ გადაიყვანეს, ვასილი მის გვერდით უნდა ყოფილიყო.

იყო კიდეც.

კადენეცი აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში, გლეხის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. იქაური კაცია. ჟიული შარტავას სიცოცხლის ბოლო დღემდე მის გვერდით იყო.

26-წლიანი დუმილის შემდეგ ვასილი კადენეცმა გადაწყვიტა პრესაში გამოსვლა და საამისოდსაქართველო და მსოფლიოაირჩია. იმიტომ ხომ არა, რომ მას და ამ სტრიქონების ავტორს საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ერთობლივი მუშაობა გვაკავშირებდა ოდესღაც?

არ მიკითხავს.

მაშ, ასე: ვასილი კადენეცი საუბრობს საქართველოს პირველი ეროვნული გმირის _ ჟიული შარტავას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებზე, ურთულეს და უმძიმეს დროზე, როცა საქართველოს ბედი ბეწვზე ეკიდა.

_ 1993 წლის აპრილში ერთმანეთს თბილისში რომ შევხვდით, ჟიულიმ მითხრა: ხვალ სოხუმში ჩავდივარ, ნათესავის პანაშვიდს უნდა დავესწრო. თუ შეძლებ, დამხვდი, სალაპარაკო მაქვსო.

დავხვდი. გზაში საუბრისას მითხრა, რომ შევარდნაძემ შესთავაზა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. თამაზ ნადარეიშვილს გულის დაავადება გაურთულდა, თბილისში მკურნალობდა და მისი შეცვლა აუცილებელი შეიქნა. ჟიულიმ მკითხა, რას მირჩევო. მისდამი შევარდნაძის განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილი იყო, ამიტომ ვურჩიე, უნდა დათანხმდეთ, რადგან უარის შემთხვევაში თქვენი კარიერა, შეიძლება ამით დამთავრდეს-მეთქი.

ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა

პანაშვიდზე მისულ ჟიული შარტავას შემოეხვივნენ ადგილობრივი დეპუტატები: სიტუაცია ჩვენთან გართულებულია, ლიდერი არ გვყავს და თქვენი ჩამოსვლა აფხაზეთში აუცილებელიაო. ჟიულის ამაზე განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია. საღამოს ვახშმობისას, ჩემს სახლში, სადაც მოწვეული მყავდა გალაქტიონ ნაჭყებია, მამუკა ნაჭყებია, ავთო ფილია, ეს აზრი შიგადაშიგ გაკრთებოდა ხოლმე. ჩვენი კოლეგები და მეგობრები გულწრფელი იყვნენ, როცა ამბობდნენ, რომ შარტავასნაირი ხელმძღვანელი მართლაც სჭირდებოდა აფხაზეთს.

სტუმრები რომ წავიდნენ, ჟიულიმ მითხრა, რომ სიტუაცია ჩვენთან უაღრესად რთული იყო. ეს, უპირველესად, მათი ბრალი იყო, ვინც ავტონომიური რესპუბლიკის სათავეში იდგა. ისინი პრაქტიკულად ხელს უწყობდნენ სეპარატისტული იდეების განვითარებას და აძლიერებდნენ იმ მოძრაობას, რომელიც აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას ქადაგებდა. “მე აქ, ალბათ, არ ჩამოვალო”, _ მითხრა მაშინ ჟიულიმ.

მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და მეუბნებიან: შენი მეგობარი სოხუმში ჩამოდისო. ასეც მოხდა.

ედუარდ შევარდნაძემ ჩამოიყვანა ჟიული შარტავა და წარუდგინა საგანგებოდ მოწვეულ აქტივის კრებას, როგორც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სარდლის კანდიდატურა.

ამ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

ჟიული შარტავას ბიუსტი
ჟიული შარტავას ბიუსტი

_ როდის მოხდა ეს წარდგენა?

_ 1993 წლის ივნისში. ამ დღიდან სოხუმის დაცემამდე ჟიული ჩემს სახლში ცხოვრობდა. მის გვერდით ვიყავი დღე და ღამე. როგორც ჩანს, ვჭირდებოდი სოხუმის სპეციფიკურ პრობლემებში, საკადრო რეზერვში ზუსტად გასარკვევად და ა.შ. ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩვენს პარტიულ-სამეურნეო აქტივს _ აფხაზებს, ქართველებს, რუსებს, სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს _ ჟიული შესანიშნავად იცნობდა, რადგან მათ უმეტესობას კომკავშირის გზა ჰქონდა გავლილი; იმ ახალგაზრდული ორგანიზაციისა, რომელსაც იგი რამდენიმე წელიწადი სათავეში ედგა.

ამიტომ არ გართულებია მათთან სანდო ურთიერთობის დამყარება. პირველივე დღეებიდან ელაპარაკებოდა ძმობასა და მეგობრობაზე, მშვიდობაზე, შერიგებაზე. მოჰყავდა ამის მაგალითები და არწმუნებდა, რომ უმთავრესი და უპირველესი ამოცანა იყო ყველა პრობლემის განხილვა-გადაწყვეტა მშვიდობიან გარემოში.

_ და ჰქონდა წარმატება?

_ რა თქმა უნდა, თუმცა წინააღმდეგობაც ცოტა არ ყოფილა. მე თითქმის ყველა მის “ხალხში გასვლას” ვესწრებოდი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ, როგორც იტყვიან, ყინული დაიძრა, თუმცა ნეგატივიზმს, სეპარატიზმს ისე ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული, რომ პრობლემების სწრაფ და საფუძვლიან გადაწყვეტამდე კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი.

მაგრამ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მაშინ გადაიდგა და ეს არ უნდა დავივიწყოთ.

სამწუხაროდ, არ დასცალდა.

უნდა გითხრათ, რომ ჟიული ყოველთვის გაურბოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ იქ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ჩაეყარა საფუძველი მტრობის, დაპირისპირების შხამიან მარცვლებს, დაიწყო და გრძელდებოდა ბრძოლა სავარძლებისთვის, ყველას უნდოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობა, მინისტრობა და .. ერთი სიტყვით, “თბილი ადგილისთვისბრძოლამაქტივისტებსმოქალაქეობრივი მოვალეობა დაავიწყა.

ძნელი იყო, მაგრამ ჟიულიმ მოახერხა ის, რომ მისი სიტყვისთვის ყური დაეგდოთ, მისი საკადრო და სამეურნეო გადაწყვეტილებები მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ.

მაგალითად დავასახელებ გურამ გაბისკირიას სოხუმის მერად დანიშვნას, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მის გვერდით იდგა და არ უღალატია.

_ დღეს იმასაც იხსენებენ, რომ ფრონტისპირა ქალაქმა სოხუმმა თანდათან მშვიდობიანი იერსახე მიიღო.

_ მართალია. თითქოს დიდი არაფერია, ქალაქში ყვავილნარის აღდგენა, პარკებსა და სკვერებს პატრონის ხელი რომ დაეტყო, მაგრამ, დამიჯერეთ, მოქალაქეებზე დადებითად იმოქმედა ასეთმა მშვიდობიანმა შტრიხმა. ხალხი თანდათან რწმუნდებოდა, რომ აფხაზეთის ომი დასასრულს უახლოვდებოდა.

მაგრამ მოხდა პირიქით…

ჟიული, როცა მშვიდობა იყო
ჟიული, როცა მშვიდობა იყო

სოხუმის დაცემამდე ათი დღით ადრე ედუარდ შევარდნაძემ სტალინის აგარაკიდანВЧტელეფონით დაურეკა რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტ ბორის ელცინს და უთხრა, რომ საომარმა დაპირისპირებამ ისეთი ხასიათი მიიღო, დროზე და სასწრაფოდ თუ არ განვახორციელებთ ღონისძიებებს ომის შესაწყვეტად, ისეთი პრობლემები წამოგვეჭრება, რომელთა გადასაწყვეტად წლები დაგვჭირდება. ეს პრობლემები საქართველორუსეთის ურთიერთობაზეც უარყოფითად აისახება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათო. შესთავაზა და სთხოვა, ჩარეულიყო ამ საკითხის მოგვარებაში.

ტელეფონით ამ საუბარს არ დავსწრებივარ, მაგრამ ჟიული შარტავას გადმოცემით ვიცი, რომ პრეზიდენტმა ელცინმა შევარდნაძეს უპასუხა, რომ ხვალვე თქვენთან ჩამოვა რუსეთის ეროვნებათა საკითხების მინისტრი ბორის პასტუხოვი. განიხილავთ დსთ-ში _ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში _ საქართველოს შესვლის საკითხს და, რასაც გადაწყვეტთ, იმაზე იქნება დამოკიდებული კონფლიქტის მოგვარებაო.

_ პასტუხოვი და შარტავა ერთსა და იმავე პერიოდში მუშაობდნენ კომკავშირში.

_ და დიდი მეგობრებიც იყვნენ. მქონდა შესაძლებლობა, რამდენჯერმე დავსწრებოდი მათ არაფორმალურ, “პირისპირ” შეხვედრას ჭიქა ჩაიზე და გულახდილი საუბრებისთვის მომესმინა. ამჯერადაც გაიმართა მათი პირისპირ შეხვედრა სტალინის აგარაკზე. ორ საათს გაგრძელდა მოლაპარაკება, ზუსტად ორ საათს.

დამთავრებისთანავე სტუმარ-მასპინძელი ვახშამზე მივიპატიჟე, რომელსაც ესწრებოდნენ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის თანაშემწე, გვარი არ მახსოვს, ორი გენერალი, პასტუხოვი, შარტავა. ცხადია, მეც მათთან ერთად ვიყავი. ვახშამი _ როგორც ვახშამი. არაფერი ყურადღება მისაქცევი იქ არ თქმულა.

სტუმარი იმავე საღამოს გავაცილეთ აეროპორტში _ ვერტმფრენით ადლერში გაფრინდა.

ცოტა უკან დავბრუნდები.

(მარცხნიდან პირველი) ჟიულის უკანასკნელი ფოტო
(მარცხნიდან პირველი) ჟიულის უკანასკნელი ფოტო

მას შემდეგ, რაც შევარდნაძე ელცინს ომის დამთავრების შესახებ ელაპარაკა, ჟიულიმ დამავალა: _ ვასია, დსთში შესვლის საინიციატივო ჯგუფის 25-კაციანი სია შეადგინე და მაჩვენეო. სია ოპერატიულად ჩამოვწერე. სახელმწიფოთა ახალ წარმონაქმნში შესვლის მოთხოვნას პირველმა ხელი მოაწერა რაულ ეშბამ, მეორემ _ ლორიკ მარშანიამ, მესამე მე ვიყავი, მეოთხე _ სერგო წურწუმია, რომელიც ხელმძღვანელობდა სახელმწიფო აგარაკების დაცვის სამსახურს.

ჟიული გაეცნო ამ სიას და მთხოვა, ედუარდ შევარდაძისთვის შემეტანა. შევარდნაძე გაეცნო და მოიწონა.

ამ დროს სახელმწიფო აგარაკზე იმყოფებოდნენ “ახალგაზრდა რეფორმატორები”: ზურაბ ჟვანია, ირინა სარიშვილი, ბათიაშვილი, ქადაგიშვილი და სხვები, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ სოხუმში. გულახდილად რომ ვთქვა, შარტავას მათთან შეხვედრა მაინცდამაინც არ ხიბლავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ისინი თავიანთი მაქსიმალიზმით მუშაობაში ხელს უშლიდნენ და ართულებდნენ ვითარებას.

ახალგაზრდებმა რომ შეიტყვეს, ასეთი საინიციატივო ჯგუფის არსებობა, დიდი ხმაური ატეხეს. სხვებზე მეტად ირინა სარიშვილი ირჯებოდა. მან ედუარდ შევარდნაძეს უთხრა, რომ, თუ თქვენ ამ ქაღალდს ხელს მოაწერთ, თბილისში არაფერი გესაქმებათ, პირდაპირ მოსკოვში გაემგზავრეთო! სხვებიც შეუერთდნენ მას და გაბრაზებული შევარდნაძე იმავე საღამოს თბილისში გაფრინდა.

ლტოლვილები
ლტოლვილები

მეორე დილით ჩამოვიდა პასტუხოვი. სია დახეულია, შევარდნაძე სოხუმში არ არის. პასტუხოვშარტავას შეხვედრა უშედეგო იყო.

გაფრენამდე 10-15 წუთი ჟიულიმ და პასტუხოვმა აეროპორტში კიდევ ერთხელ ილაპარაკეს.

აეროპორტიდან სოხუმში რომ ვბრუნდებოდით, ჟიულის შევეკითხე, რა გითხრათ პასტუხოვმა-მეთქი.

სინდისს და პატიოსნებას გეფიცებით, რაც ჟიულიმ მიპასუხა, იმას ზუსტად გადმოგცემთ. ასეთი სიტყვები მისგან პირველად მოვისმინე:

_ Это мерзавец, негодяй и подлец!

თქვა იმ კაცზე, რომელთანაც წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.

_ ალბათ, ღირსი იყო!

_ რა თქმა უნდა! ასეთი პასუხი რომ მოვისმინე, აღარ მიკითხავს, მაინც რით დაიმსახურა პასტუხოვმა ასეთი მწარე შეფასება…

(პასტუხოვი საკავშირო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნებს შორის ყველაზე უსახური პიროვნება იყო. ნახმარ და გამხმარ ფურცელს გავდა, რომელზეც მისი სახელისა და გვარის დაწერა ყოვლად შეუძლებელი იყო. ..)

27 სექტემბერს სოხუმი დაეცა: დსთ წევრობაზე უარის თქმა საქართველოსთვის გარდაუვალ კატასტროფად ტრანსფორმირდებოდა. ეს აშკარა იყო.

გაწევრების საკითხი შევარდნაძემ პარლამენტის სხდომაზე გაიტანა და შეძლო დეპუტატების დარწმუნება, რომ სხვა გზა იმ სიტუაციაში არც თეორიულად, არც პრაქტიკულად არ არსებობდა.

* * *

ფუნაგორია თემაში

საქართველოს პარლამენტში ურთულესი და უმძიმესი პრობლემების განხილვაგადაწყვეტის დროს დეპუტატთა დაპირისპირების ერთგვარად განსამუხტად პარლამენტის წევრი ჯანსუღ ჩარკვიანი ფუნაგორიებს წერდა და კოლეგებს უკითხავდა.

არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. ბატონმა ჯანსუღმა დაწერა:

ასე გვითხრა შევარდნაძემ

ტრიბუნაზე შემდგარმა:

შევალთ _ დედა გვეტირება,

არ შევალთ და _ დედმამა.

დაწერა და წაუკითხა ედუარდ შევარდნაძეს. იმანაც მოუსმინა და უპასუხა:

_ მამებს რას გვერჩი, ჯანსუღ?!

ცნობისთვის: ორიგინალშიდედა გვეტირებამსუყე კახური გინებით იკითხება.

* * *

სიტუაცია თანდათან უარესდებოდა. სოხუმის დაცემამდე 3 დღით ადრე ჟიულიმ მითხრა, რომ შევარდნაძე სახელმწიფო აგარაკზე იმყოფებოდა და რომ იგი აუცილებლად მის გვერდით უნდა ყოფილიყო, მარტოს ვერ დავტოვებო, ამიტომ ჩემს სახლში ღამეს აღარ გაათევდა.

მეზობლები ყურადღებით გვაკვირდებოდნენ, თუ ჟიული შინ ბრუნდებოდა, მაშასადამე, მდგომარეობა ნორმალური იყო და სოხუმის დატოვება აუცილებელი არ ჩანდა. არადა, სასწრაფოდ უნდა გაცლოდნენ ქალაქს. არც ჩემი ოჯახი იყო გამონაკლისი _ ავადმყოფი დედა, პატარა ბავშვები. თადარიგი მეც უნდა დამეჭირა, ამიტომ ვუთხარი ჟიულის, რომ ოჯახს აეროპორტთან ახლოს, ნათესავებთან, გავხიზნავდი.

აეროპორტთან ჩვენი ერთადერთი ტანკი იდგა და დროდადრო ოჩამჩირის მიმართულებით ისროდა. 26 სექტემბრის საღამოსთვის მას არც ჭურვები ჰქონდა, არც ადგილიდან დაძვრა შეეძლო. უსარგებლო ჯართივით იდგა. მე და ერთი ჩემი მეგობარი იმ დღეს ტანკთან მივედით სიტუაციის გასარკვევად.

ვხედავთ, რომ იქაურობას მოუახლოვდა ერთი ძველი, ჭაობისფერი “ჟიგული” და იქიდან გადმოვიდა ჟიული შარტავა: ისიც თურმე ჩამოვლაზე იყო და საცეცხლე წერტილებს ამოწმებდა.

ჟიულიმ მაშინ მითხრა, რომ ვითარება ძალიან ცუდია და ხვალ აუცილებლად ჩამოდი სოხუმშიო. სამწუხაროდ, მეორე დილიდან სოხუმში შესვლა შეუძლებელი შეიქნა. ჩვენი იმ საღამოს შეხვედრა უკანასკნელი აღმოჩნდა.

არაერთხელ გაკეთებული განმარტების მიუხედავად, დღესაც აქაიქ კითხულობენ, თუ რატომ დარჩა ჟიული შარტავა სოხუმში. ჯერ ერთი, სოხუმში კი არ დარჩა, არამედ დაბრუნდა მინისტრთა საბჭოში, როგორც ყოველთვის, გადაუდებელი საქმეების მოსაგვარებლად და, რაც მთავარია, სოხუმის დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც, სამწუხაროდ, უკვე შეუძლებელი იყო.

ამ დროისთვის ქალაქის ქართველი მოსახლეობის 70 პროცენტი დაბრუნებული იყო სოხუმში, რომელსაც აწესრიგებდნენ, ასუფთავებდნენ, შეძლებისამებრ ალამაზებდნენ. ხალხმა დაიჯერა, რომ მშვიდობის დრო დადგა და სწორედ მაშინ აიძაგრა, აბობოქრდა სეპარატისტული ძალები, შეუტია ქალაქს. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქში მტრის პირისპირ დარჩა. ჟიულიმ თქვა, რომ ხალხს ვერ დავტოვებო, და გამოვიდა ზუსტად ისე, კაპიტანი ჩასაძირად განწირულ გემს ყველაზე ბოლოს რომ დატოვებს.

ან არ დატოვებს.

ჟიული დარჩა.

ჩვენი სამხედროები ერთმანეთის მიყოლებით აშიშვლებდნენ ფრონტის ხაზს. “პატრიოტი” ნოდარ ნათაძე და მისთანანი აგულიანებდნენ:

_ გაიქეცით, გაიქეცით, აფხაზები მოდიან!

ყველაფერი იყო იმ ომში…

_ ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლნი კი შეეწირნენ.

_ ახლა გეტყვით, ჩემი ვარაუდით, სად დახვრიტეს არაკაცებმა ჩვენი მამულიშვილები.

სოხუმის რაიონში, სოფელ აჩადარას მხარეს, გუდაუთისკენ მიმავალ გზაზე ააგეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის პროსპექტზე დაღუპულთა მემორიალი. მაშინ პარტიის სოხუმის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი ვიყავი და ამ ინიციატივის განხორციელებისთვის ხელი არ შემიშლია: არც მომხრე ვიყავი, არც _ მოწინააღმდეგე.

აჩადარაში სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა აფხაზი ანატოლი ოტირბა, ნორმალური ინტერნაციონალი, პოზიტიური ადამიანი. აფხაზი მოსახლეობის ნაწილს, ინტელიგენციას უმძიმეს მდგომარეობაში ჰყავდა ჩაგდებული ეს კაცი _ რატომ დართე მემორიალის აგების ნებაო! სიცოცხლეს უმწარებდნენ, სისტემატურად, განუწყვეტლივ. ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ეს ახალგაზრდა კაცი იძულებული გახდა, თავი მოეკლა.

აფხაზი სეპარატისტები ქართველებს ემუქრებოდნენ: ბართლომეს ღამეს მოგიწყობთ და ეს ადგილი (სადაც მემორიალი იდგა) თქვენთვის ყველაზე ტრაგიკულ ადგილად იქცევაო.

მინისტრთა საბჭოს შენობის წინ სეპარატისტებთან მოსალაპარაკებლად ჩასული ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლნი დაატყვევეს, ორ მიკროავტობუსში ჩასვეს და სწორედ აქ მოიყვანეს, გამიზნულად _ არაკაცური მუქარის აღსრულების მიზნით.

ცხედრები იქვე, სოხუმის შემოვლითი გზის დაუმთავრებელი მშენებლობის ორმოებში ჩაყარეს და მიწა გადააყარეს.

ერთადერთი კაცი გადარჩა _ იური გავა, რომელიც პარტიის საოლქო კომიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების განყოფილების გამგედ მუშაობდა. ვიღაცამ იცნო, ეტყობა, დახმარებია ოდესღაც, გამოათრიეს მანქანიდან, გაუშვეს. იური გავა ბორჯომელია, უკრაინელი. შემდეგ მოსკოვში ჩვენს წარმომადგენლობაში მუშაობდა (დავუდასტურე _ ვიცნობ, შევხვედრივარ-მეთქი. _ ა.ს.).

მანქანიდან სოხუმის სამშობიარო სახლთან, გელოვანის ქუჩაზე გადმოიყვანეს.

* * *

ორიოდე სიტყვა რესპონდენტის შესახებ

ვასილი კადენეცი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, აფხაზეთის ომში კაზაკების შეიარაღებულ ფორმირებებს მონაწილეობა რომ არ მიეღოთ და სხვა დამსახურებათა გამო, რომელთა ჩამონათვალში განსაკუთრებით გამოყოფილი იყო მისი მაღალი, ეროვნული სულისკვეთება, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს საბაჟო სისტემაში. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ასარჩევი კანდიდატურების სიაში არ შეუყვანიათ _ ეროვნული სულისკვეთება არ აქვსო. სიცრუეა! ეროვნულმა ხელისუფლებამ რეკომენდაცია გაუწია (ტელევიზიითაც გამოაცხადეს) ვინმე ვასილიევს, რომელიც მაიმუნსაშენის საცეცხლფარეშოს უფროსი იყო. ქართველმა დეპუტატებმა მას დაუჭირეს მხარი. არჩევის შემდეგ ვასილიევი მხოლოდ ერთ დღეს იჯდა ქართველ დეპუტატებთან, მეორე დღესვე აფხაზების მხარეს გადავიდა.

ვასილი კადენეცი საბაჟო სამსახურისა და კაზაკთა კავშირის გენერალია: არის საქართველოს კაზაკთა კავშირის უმაღლესი ატამანი, გენერალ-ლეიტენანტი. დაჯილდოვებულია კაზაკთა ორდენებით. არის კაზაკთა მსოფლიო საბჭოს წევრი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია. ამჟამად პენსიონერია.

საინტერესო ბიოგრაფია აქვს ბატონ ვასილს. თუ საშუალება მოგვეცემა, ეგებ, მოვუთხროთ კიდეც ჩვენს მკითხველებს.

უზადო ქართულითა და მეგრულით მეტყველებს. წერს შესანიშნავ ლექსებს.

არმაზ სანებლიძე

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. სარიშვილი , ბათიაშვილი და მათნაირები რო არა იქნებ საშველი იყო რამე და რამდენი ათასი ხალხი გადაურჩებოდა სიკვდილს. მაინც ხო შევიდნენ იმ ორგანიზაციაში , მაგრამ მაშინ გვიანი იყო. აწი რა გვეშველება აქ აფხაზეთში ისეთი მდგომარეობაა არა მგონია ძველი ცხოვრება დაბრუნდეს.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here