Home რუბრიკები პოლიტიკა ვალერი კვარაცხელია: საგარეო პოლიტიკის 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტი პრაქტიკულად იმის თქმაა ხალხისთვის,...

ვალერი კვარაცხელია: საგარეო პოლიტიკის 2019-2022 წლების სტრატეგიის დოკუმენტი პრაქტიკულად იმის თქმაა ხალხისთვის, რომ არაფერი შეიცვლება

1382
ვალერი კვარაცხელია

29 მარტს საქართველოსმეოცნებემთავრობამ უცხოელ ექსპერტებსა და დიპლომატებთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ საგარეო პოლიტიკის 2019-2022 წლების სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტი, რომელიც უწყებათაშორისმა საბჭომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთ არსებული დიპლომატიური მისიებისა და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის აქტიური მონაწილეობით მოამზადა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მთავარ მიმართულებებსა და მათი განხორციელების მექანიზმებს განსაზღვრავს (განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებზეა გამახვილებული). დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს საკანონმდებლო რეფორმები, რათა ახლო მომავალში მოხდეს მისი მაქსიმალურად დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

ამონარიდი ტექსტიდან: “ამოცანა 2.4: ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ახალი დინამიკის შეტანა; არსებული ინსტრუმენტების სრულად გამოყენება და კონკრეტული მიმართულებებით ასოცირების შეთანხმების მიღმა ამოცანების იდენტიფიცირება და განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან; ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში ჩართულობის ხელშეწყობა”.

დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ “წამყვან პარტნიორ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრობლობით უნდა მოხდეს უფრო მაღალი სტანდარტის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება”, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმების შემუშავება და პრაქტიკაში მათი ეფექტიანად განხორციელება, რაც თურმე არა მხოლოდ ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულების, არამედ მისი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი წინაპირობაა: “ამოცანა 4.1: პარტნიორ სახელმწიფოებთან და წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობით ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების, თანამედროვე მაღალი დემოკრატიული სტანდარტების შენარჩუნების უზრუნველყოფა, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებების შესრულების, არამედ ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების აუცილებელ წინაპირობას”. რაც შეეხება უშუალოდ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, რომელიც პრიორიტეტებს შორის უმთავრეს ადგილს იკავებს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვა ფართო საზოგადოების კონსენსუსზე დამყარებულ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს წარმადგენს: “ევროკავშირისა და ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრესი გარანტია, რომელიც ეფუძნება საქართველოს ცივილიზაციურ არჩევანს, არის ფართო საზოგადოებრივი თანხმობის შედეგი და გამყარებულია ქვეყნის კონსტიტუციით”.

მოკლედ, სტრატეგია, რომელსაც ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტული საშუალებები საზოგადოების პირდაპირ დაკვეთად აცხადებს, რეალურად დროში გაწერილი ერთგვარი “ლიბერალური” დღის წესრიგია. ამ დოკუმენტის შესაბამისად, “ოცნებამ” მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კანონმდებლობაში უნდა განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომლებიც უმოკლეს ვადაში ადამიანის უფლებების ევროპულ ხარისხში აყვანას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ცნობიერების ფუნდამენტურად შეცვლას და სწორედ ევროპული ტიპის ნეოლიბერალური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს…

რას ნიშნავს რეალურად სტრატეგიის დოკუმენტში მოცემული სიტყვები: “თანამედროვე მაღალი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა” და რა ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყანაში კანონმდებლობის დაახლოების პროცესი ევროპულ კანონმდებლობასთან?

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება სოციოლოგი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი კვარაცხელია.

_ ბატონო ვალერი, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინათ დაამტკიცა, ხაზგასმით წერია, რომ უნდა მოხდეს კანონმდებლობის მაქსიმალურად დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან

_ მოდი, ჯერ ამ დოკუმენტის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. საერთოდ, როდესაც ასეთ დოკუმენტს იღებენ, წესით, ის, პირველ რიგში, რაღაც არსებითად მნიშვნელოვან სიახლეს უნდა გულისხმობდეს. პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, სოციალური საკითხების მიმართულებით მასში ძირეულ ცვლილებებსა და გარდაქმნებზე უნდა იყოს საუბარი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენისთანა ქვეყანაში, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებულმა წარუმატებელმა პოლიტიკამ სრული კრახი განაცდევინა როგორც ეკონომიკას, ისე სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სხვა მიმართულებებს, ცვლილებები განსაკუთრებით საჭიროა თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოება, უკვე წლებია, ამაოდ ელოდება ამ ცვლილებებს. ეს მოლოდინი უკვე საყოველთაო პოლიტიკურ ნიჰილიზმშია გადაზრდილი. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არაფერი მსგავსი ამ დოკუმენტში არ არის. ისევ ნატო, ევროკავშირი და ტრაბახია იმის თაობაზე, რომ თურმე რამხელა პროგრესი გვაქვს დემოკრატიის თვალსაზრისით: ასევე _ განგაში და ისტერიკა რუსული პროპაგანდის საფრთხეებზე, რომელიც სად, რაში ჩანს, გაუგებარია. არადა, როცა ქვეყანას დაკარგული აქვს ტერიტორიების მესამედი, აქვს სრული დემოგრაფიული კატასტროფა, ეკონომიკური კოლაფსი, სიდუხჭირე და მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, ყველას აინტერესებს ერთი რამ _ რა შეიცვლება. კიდევ ვიმეორებ: ეს დოკუმენტი, პრაქტიკულად, არის იმის თქმა ხალხისთვის, რომ არაფერი შეიცვლება. ეს არის დოკუმენტი იმის შესახებ, რომ მომდევნო სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთდება…

რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის დაახლოებას, ეს თავისთავად არასწორი ფორმულირებაა, იმიტომ, რომ, თუ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და თავისუფლებისკენ ვისწრაფვით, გარედან ნაკარნახევ ნორმებზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, საკუთარ სახელმწიფოებრივ ინტერესებს უნდა ვარგებდეთ ყველაფერს და, მათ შორის, კანონმდებლობასაც. თუმცა მსოფლიო “ლიბერალური” დიქტატურის პირობებში კანონიც, სამართალიც და ყველანაირი სამართლებრივი ნორმაც არის ის, რასაც დასავლეთი გითითებს. ეს შეიძლება სულ არ ჯდებოდეს შენს ეთნოკულტურულ, გეოპოლიტიკურ და სხვა სახის თავისებურებებში, მაგრამ მაინც…

_ დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ფართო საზოგადოებრივი თანხმობის შედეგია. თქვენი აზრით, რამდენად არის ეს რეალურად საზოგადოების არჩევანი?

_ საერთოდ, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ერთი რამ: როდესაც ქვეყანაში სახელისუფლო ძალა პოლიტიკურ ლეგიტიმაციას იღებს გარედან და თავიდან ბოლომდე ამ გარე ძალაზეა დამოკიდებული, იქ საზოგადოების დაკვეთა ხდება მეორეხარისხოვანი. არც კი დგას ასეთ ქვეყნებში საკითხი, _ რა უნდა საზოგადოებას. ასე რომ, ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გვესმისლიბერალურიმედიით, რომ თურმე ხალხმა ასე გადაწყვიტა, რომ ესისტორიული არჩევანიადა .., არის დემოკრატიული ფასადი. რეალურად რა ხდება ამ ფასადს მიღმა, ყველამ ვიცით: ერთ მხარეს არის ხალხი, მეორე მხარეს _ პოლიტიკური ხელისუფლება.

ნატოსა და ევროკავშირს რაც შეეხება, არავითარ არჩევანს ეს არ წარმოადგენს. ეს არის ყველაზე იაფფასიანი საშინაო მოხმარების ტყუილი, რომელიც უკვე ისე დაძველდა, რომ თვით ხელისუფლებისთვისაც წამგებიანია პოლიტიკურად.

_ წამგებიანი რა თვალსაზრისით?

_ როდესაც ამ თემაზე იწყება საუბარი და კეთდება განცხადებები, რომ თურმე ნატოსა და ევროკავშირის კარი ჩვენთვის ღიაა, ყველა ხვდება, რომ უკვე არარეალური შეფასებებია. შეიძლება ითქვას, ეს არის ერთგვარი წყალგამყოფი, რომლის მიღმა ყველა ხვდება, რომ მხოლოდ ტყუილია.

კიდევ ვიმეორებ: დემაგოგიასა და პოპულიზმს იმის თაობაზე, რომ ხვალზეგ ნატოში მიგვიღებენ და მერე რუსეთი თითს ვერ დაგვაკარებს, ისედაც პოლიტიკურ ჭაობში ჩაფლული საქართველო უფსკრულისკენ მიჰყავს. ევროატლანტიკურმა არჩევანმა ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ნგრევა, განადგურება და დაქუცმაცება მოუტანა, რაც დღემდე გრძელდება. სხვათა შორის, იმ დოკუმენტში ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის არამეზობელ ქვეყნებთანაც, ურთიერთობების გაღრმავებაზეა საუბარი. ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომლის მიმართ კვლავ გამოყენებულია კონფრონტაციული რიტორიკა. ძალიან მაინტერესებს, ამ კონფრონტაციული რიტორიკით აპირებენ ესენი ამ ქვეყანასთან თუნდაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაგრძელებას?! ასე წარმოუდგენიათ პრობლემების მოგვარება სახელმწიფოსთან, რომელიც მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ერთ-ერთი დიდი და უძლიერესი მოთამაშეა?!

_ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას იმის გამო, რომ თურმე რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო ხშირად იყენებს ჰიბრიდული ომის მეთოდებს დაცდილობს, ბიძგი მისცეს საზოგადოების ყველა ფენაში ტრადიციულად ჩამოყალიბებული დასავლური ღირებულებების გადახედვის პროცესს”. თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს რეალურად საქართველოში რუსული პროპაგანდა და ამ პროპაგანდის შედეგი ის, რომ მოსახლეობაში ანტიდასავლურმა, “ანტილიბერალურმაგანწყობებმა მოიმატა?

_ თუ რუსულ პროპაგანდას დავარქმევთ იმას, რომ ქვეყანა ხელში ჩაგდებული აქვს დასავლეთიდან მართულ ძალას, რომელიც სრულიად მოწყვეტილია საკუთარი ხალხის ინტერესებს და, მიუხედავად საზოგადოებაში არსებული უარყოფითი განწყობებისა, განუხრელად განაგრძობს ამ საზოგადოებისთვის, მისი ეთნოკულტურული იდენტობისთვის შეუსაბამო ცვლილებებს, თუკი რუსულ პროპაგანდას დავარქმევთ იმას, რომ ეს ძალა უგულებელყოფს საკუთარი ხალხის ნებას და მხოლოდ დასავლეთისლიბერალურისტებლიშმენტს აღიარებს თავის ერთადერთ იდეოლოგიურპოლიტიკურ მენტორად, მაშინ კი ყოფილა აქ რუსული პროპაგანდა. თუმცა ჩვენ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვხედავთ, რომ არათუ რუსული, საერთოდ სხვა არანაირი აზრისა და იდეის ადგილი აღარ რჩება მედიასივრცეში, გარდა “ლიბერალური” მიმართულებისა. სხვათა შორის, ეს არის სწორედ ერთ-ერთი ნიშანი იმის, რომ თანამედროვე დასავლური “ნეოლიბერალიზმი”, როგორც იდეოლოგია, არის რეპრესიული; და სწორედ ამან განაპირობა დიდწილად თვით დასავლეთშიც ამ იდეოლოგიის მიმართ ფართო საზოგადოების პროტესტი.

კიდევ ვიმეორებ: აბსოლუტურად არანაირი პროპაგანდისტული ზემოქმედება დღეს რუსეთს საქართველოზე არ გააჩნია. არც არის ამის სურვილი და მცდელობები, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად აქვს ამის საშუალება და არსებობს ამ მიმართულებით სერიოზული ბერკეტებიც

_ დასაწყისში თქვით, რომ მთავრობის მიერ მიღებული საგარეო პოლიტიკის 2019-2020 წლების სტრატეგიიდან გამომდინარე, არსებითი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება დღევანდელ ვითარებაში რეალურ ცვლილებებს ბიძგი მისცეს?

_ არავითარი საამისო წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს, ამიტომ, სიმართლე გითხრათ, საუბარიც კი ზედმეტი მგონია იმაზე, რომ ახლო მომავალში შეიძლება რამე შეიცვალოს. ვერ შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ქვეყანას მართავენ დასავლეთის იდეოლოგიურ-პოლიტიკური სკოლაგამოვლილი მარიონეტები. ცვლილებები თუ გვინდა, პირველი და უმთავრესი, რაც უნდა გაკეთდეს, სისტემა უნდა შეიცვალოს პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here