მთავარი პოლიტიკა ვადაგასული მარიონეტი

ვადაგასული მარიონეტი

2532
გააზიარეთ
გიორგი კვირიკაშვილი

იმ დღეებში, როდესაც ქვეყანას წლის შედეგები უნდა შეეჯამებინა, პრემიერმინისტრმა ნაციონალების დახმარებით პარლამენტში ისტერიკული ბენეფისი მოაწყო, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, ვერ გადაფარავს იმ სავალალო შედეგს, რომლითაც მთავრობა და პირადად გიორგი კვირიკაშვილი 2017 წელს ასრულებს.

ინციდენტი პარლამენტში ძალიან აძლევდა ხელს ორივე მხარეს, სწორედ ამიტომ შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ ის ხელოვნურად გათამაშდა. საქმე ისაა, რომ ბოლო დროს საზოგადოებაში, მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში, დაიწყო ღია მსჯელობა კვირიკაშვილის გადადგომაზე. ის, რაც პარლამენტში მოხდა, შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც “2016 წლის არჩევნები მინიატურაში”, როდესაც ნაციონალების გააქტიურებამ და თავხედმა მუქარებმა აიძულა ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, “ქართული ოცნების” გარშემო გაერთიანებულიყო. ასეა დღესაც _ ამ ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ 20 დეკემბრის ინციდენტის შემდეგ შეწყვიტა (ეს დროებითია, მაგრამ მაინც) კვირიკაშვილის კრიტიკა და მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ნაციონალებს დაუპირისპირდა. ნაციონალებმა, თავის მხრივ, არაპოპულარულ მთავრობასთან ბრძოლის მედროშის როლი მოირგეს (ცხადია, ესეც დროებითია). ყოველივე ამან უკანა პლანზე გადაწია საუბრები წლის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე და თუნდაც იმ საეჭვო ტენდერებზე, რომლებზეც ცოტა ხნის წინათ გიორგი გაჩეჩილაძე ალაპარაკდა. ამ ინციდენტს კიდევ ერთი საინტერესო ქვეტექსტი აქვს – ის ქმნის სათანადო ფონს ელცინისეული “მე დავიღალე, მე მივდივარ” ტიპის განცხადებისთვის, იმ შემთხვევისთვის, თუ “შუშის სასახლეში” მართლაც დაიგეგმა პრემიერის შეცვლა ახლო მომავალში. ამ მხრივ, ის სავსებით ბუნებრივად ჯდება კვირიკაშვილთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ინციდენტების ჯაჭვში (შალელაშვილის ეპიზოდი-გაჩეჩილაძის ეპიზოდი-მელიას ეპიზოდი).

მოდელი, რომლის ფარგლებში სიმბოლური დაპირისპირება ნაციონალებთან ყოველივე დანარჩენს ფარავს და ამართლებს, ძალზე პრიმიტიული და ამავე დროს ცინიკურია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღემდე გამართულად მუშაობ,. თუმცა, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რას ცვლის არსებითად ის, რომ კვირიკაშვილმა მელიას შეაგინა? ეკონომიკის მდგომარეობა გაუმჯობესდა ამით, სამართლიანობა აღდგა თუ რა? ეს იყო მხოლოდ ყვირილი, ცარიელი სიტყვები, რომელიც საკმაოდ მძიმე მოსასმენი იყო.

ეს ეპიზოდი გარკვეულ წინააღმდეგობაში შევიდა კვირიკაშვილის “დავარცხნილ იმიჯთან”, რომელმაც მის დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მაშინ, 2015 წლის მიწურულს, 2016 წლის არჩევნების პერსპექტივის გათვალისწინებით, ივანიშვილს სჭირდებოდა “ქართული ოცნებისთვის” უფრო გაწონასწორებული ძალის იმიჯის შექმნა, როგორც საგარეო, ისე საშინაო არენაზე. იყო სხვა მიზეზებიც, რომელთა გამო მან ირაკლი ღარიბაშვილის პოსტზე დატოვება მიზანშეუწონლად ჩათვალა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის დაწინაურებაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ საიმიჯო ფაქტორმა შეასრულა. ამასთანავე, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის ივანიშვილს არ აუბუნტდებოდა და იმ მოკრძალებულ “თავნებობასაც” არ გამოავლენდა, რომელიც თუნდაც პრეზიდენტ მარგველაშვილს ახასიათებს.

იმისთვის, რომ სისტემაში კვირიკაშვილის მდგომარეობა უკეთ აღვწეროთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ლამაზი ხის ფიგურები, რომლებსაც ძველად გემის ქიმზე ამაგრებდნენ. ის უფუნქციო, თუმცა ამავე დროს მიმზიდველი ელემენტია _ გემის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. “ქართულ ოცნებაშიკვირიკაშვილი სწორედ ასეთ ფუნქციას ასრულებდა. ისტორიკოსებმა და მეზღვაურებმა შეიძლება გააღრმავონ ეს მეტაფორა – საქმე ისაა, რომ ძველად ტუალეტს მეზღვაურებისთვის ქიმზე აწყობდნენ, სწორედ იმ ლამაზი ფიგურების უკან _ გემის ყველაზე მიმზიდველი ელემენტი ყველაზე ჭუჭყიან ადგილს ფარავდა. საინტერესოა, აცნობიერებდა თუ არა გიორგი კვირიკაშვილი თავიდანვე, რა როლი უნდა შეესრულებინა “ქართული ოცნებისთვის”.

პიროვნულ პრეტენზიებს კვირიკაშვილს იშვიათად უყენებენ, რადგან ნორმალური ხასიათი აქვს და მასთან ურთიერთობა, როგორც წესი, სასიამოვნოა, მაგრამ ეს ვერ გააუქმებს პოლიტიკურ პრეტენზიებს მის მიმართ, მეტიც: გაამძაფრებს მათ, რადგან კარგმა ადამიანმა ცუდ საქმეს ხელი აპრიორი არ უნდა მოჰკიდოს.

გაწონასწორებული კაცის იმიჯი, რომელზეც ამდენს ვსაუბრობთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმოადგენდა შირმას, რომლის მიღმა ჰიბრიდული ოლიგარქიული რეჟიმის გამყარება ხდებოდა. პირველ ადგილზე ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იდგა, მეორეზე _ უცხოელი პარტნიორების, მესამეზე _ ბანკებისა და მსხვილი ბიზნესმენების, მეოთხეზე _ პრემიერის ძველი მეგობრების, რომელთაგან ერთ-ერთს, ალექსანდრე ჯეჯელავას, შეიძლება არა მხოლოდ 2017 წლის, არამედ ხუთწლედის ანტიგმირის წოდება მიენიჭოს, თუმცა პრემიერმინისტრი რატომღაც არ გამოდის და არ მოგვითხრობს იმაზე, რატომ დააწინაურა ის, შემდეგ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობაც ჩააბარა (სწორედ ამის შემდეგ მთავრობის რეიტინგი დაემსგავსა ალმოდებულ ბომბდამშენს, რომელიც მიწისკენ მიექანება), შემდეგ კი მოხსნა ისე, რომ მის მიერ განვლილ გზაზე არაფერი გვიამბო _ თუნდაც ტენდერებზე, რომლებიც მისმა ტრენინგცენტრმა განხილულ პერიოდში მოიგო. ასე რომ, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რა იყო ეს მთლიანობაში: რთული სტრატეგიული მანევრი, ასე ვთქვათ, “პერეხოდ სუვოროვა ჩერეზ ალპი” თუ ბანალური ნეპოტიზმი.

მიუხედავად იმისა, რა უთხრა კვირიკაშვილმა მელიას, სწორედ მისი პრემიერობის წლებში, “ქართული ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” თანაცხოვრება სადომაზოხისტური წყვილის ურთიერთობას დაემსგავსა, რომლის ფარგლებში მმართველი პარტიის მდგომარეობა დაქვემდებარებულია, ხოლო ტერმინი “სამართლიანობის აღდგენა” მინისტრების ლექსიკონიდან საერთოდ ამოვარდა. სწორედ გიორგი კვირიკაშვილმა პირველმა შეიყვანა კაბინეტის შემადგენლობაშინაცმოძრაობისშემომწირველი _ ზურაბ ალავიძე, რომელმაც, სხვათა შორის, სცადა, დაემალა ეს ფაქტი და ამისთვის საყვედურიც კი არ გამოუცხადეს.

სწორედ ამ წლებში მოხდა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გარდატეხა _ ადრე “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა დიდ ნაწილს სჯეროდა, რომ ელიტარული კორუფციის, აღმოფხვრა თუ არა, შეზღუდვა მაინც შესაძლებელია და თვლიდა, რომ ჩაწყობილი ტენდერები და გაბერილი პრემია-დანამატები დროებითი მოვლენაა, თუმცა საბოლოოდ მას დიდი იმედგაცრუება დაეუფლა. ერთი შეხედვით, ეს ერთი ჩვეულებრივი, მორიგი იმედგაცრუებაა, თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ მან მიიყვანა ეს ადამიანები ცნობილ ფორმულამდე: “ორივე ერთი ნაგავია” (“ორივეში” ძველი და ახალი მმართველი პარტიები იგულისხმება).

პრემიერს ხშირად ბრალს სდებდნენ, რომ დიდი თუ მცირე კრიზისების საწყის ეტაპზე (ზაფხულის ხანძრები, არეულობა ბათუმში, 22 ნოემბრის სპეცოპერაცია და ა.შ.) იმალებოდა და ავანსცენაზე მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როდესაც რწმუნდებოდა, რომ პრობლემა მალე დაიძლეოდა. პრინციპში, ეს არაა მიუტევებელი ცოდვა _ საზოგადოებასთან ყველა ისე ურთიერთობს, როგორც შეუძლია. ნამდვილი პრობლემა კი ისაა, რომ მთავრობას არ ჰყოფნიდა ცოდნა და გამბედაობა იმისთვის, რომ მიეღო სწრაფი და კომპეტენტური გადაწყვეტილებები, რათა კრიზისი ჩანასახშივე გაენეიტრალებინა. ის თითქოს ელოდებოდა სანქციას ზემოდან, ფიქრობდა იმაზე, როგორ შეაფასებდა მის ქმედებას ბიძინა ივანიშვილი, ამასობაში კი დრო იკარგებოდა. ამის გამო საზოგადოებაში ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებლობას გაურბის.

ფასების ზრდა და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის შემცირება თავისთავად სერიოზული ჩავარდნაა, რომლის გამოც პრემიერსა და მთავრობას პასუხი უნდა მოეთხოვოს, მაგრამ, შესაძლოა, გაცილებით მნიშვნელოვანია სხვა, სტრატეგიული ხასიათის პრობლემა, რომელმაც თავი ჯერ ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის პერიოდში იჩინა, კვირიკაშვილის დროს კი განსაკუთრებით გამძაფრდა. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეტექსტში ხელს თითქოს “შუშის სასახლისკენ” იშვერენ _ “ჩვენ რა ვქნათ, იქ ასე გადაწყვიტესო”. ივანიშვილი, თავის მხრივ, მიანიშნებს, რომ მიკრომენეჯმენტში არ ერევა და ამა თუ იმ შეცდომასთან საერთო არაფერი აქვს. ასეთ სიტუაციაში გაუგებარი ხდება, ვის და როგორ უნდა მოსთხოვოს პასუხი საზოგადოებამ. ის ღიზიანდება და ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას არჩევნებზე დასჯის, მაგრამ ვერ ხედავს ალტერნატივას მკვეთრად დასუსტებული ოპოზიციის რიგებში, ამასთანავე, ნაციონალების რევანშის ეშინია და საბოლოოდ ხმას ისევ “ქართულ ოცნებას” აძლევს ან სახლში რჩება. არსებითად, იგივე მოხდა 20 დეკემბერს, როდესაც კვირიკაშვილის დემონსტრაციულმა დაპირისპირებამ მელიასთან დროებით “გადახაზა” ყველა ის პრეტენზია, რომელიც საზოგადოებას მის მიმართ დაუგროვდა.

ვინაიდან კვირიკაშვილი პოლიტიკური ბრძოლის უნარჩვევებს ცუდად ფლობს, “ქართული ოცნებისსხვა ლიდერებმა მისი (ფარდობითი) გავლენის სფერო თანდათან შეზღუდეს. ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის შაბლონური მეთოდების მუდმივი გამოყენების გამო, ის ერთობ მოსაწყენი გახდა. გამორიცხული არაა, რომშუშის სასახლეშიუკვე მივიდნენ დასკვნამდე, რომის დაიღალა”, მაგრამ უბრალოდ მოაცილებენ სკამს თუ საპატიო პოსტზე გადაიყვანენ, დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეაფასებს ივანიშვილი კვირიკაშვილის შემცირებულ საიმიჯო კაპიტალს. კონკრეტულად როდის მოხდება ეს, ძნელი სათქმელია, თუმცა არსებითი მნიშვნელობა ამას, ალბათ, არ აქვს, გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი მდგომარეობისა და მარიონეტული როლის შეცვლას ნებისმიერ შემთხვევაში ვერ მოახერხებს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. თამაში არ იყო, ბუნებრივი იყო. ნაციონალებს ტალღის აგორება უნდათ და ყველაფერს ცდილობენ.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here