მთავარი საზოგადოება ე.წ. ევროატლანტიკურ სივრცეს: როდემდე, ბატონებო, როდემდე?!

ე.წ. ევროატლანტიკურ სივრცეს: როდემდე, ბატონებო, როდემდე?!

3039
გააზიარეთ
ნატო-საქართველო

ქვეყანაში მიმდინარე ურთულესმა პროცესებმა, პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულმა ფარულმა თუ ღია ქიშპობამ, გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების სამკვდროსასოცოცხლო დაპირისპირებამ ხელისუფლებასთან, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის უკიდურესმა გაუარესებამ და სხვა მრავალმა ნეგატიურმა ფაქტორმა მაიძულა, ევროატლანტიკური სივრცისთვის გამეცნო ჩემი, ერთი რიგითი ქართველის, განვლილი, მრავალწლიანი ცხოვრების ტვირთის მატარებლის, მოსაზრება საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

დარწმუნებული ვარ, საქართველოში აკრედიტებული თქვენი დიპლომატიური მისიების წყალობით ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდით, თუმცა გულახდილად მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური ჩავარდნების უგულებელყოფა საწინააღმდეგო განცდას მიჩენს, რამეთუ ამდენი ხარვეზის შემყურე სტრატეგიული პარტნიორი, ჩემი აზრით, სხვაგვარად უნდა იქცეოდეს _ გვასწავლიდეს, ხელს გვიწყობდეს, გვეხმარებოდეს ყოველგვარი დიქტატისა და მენტორული ტონის გარეშე.

რასაც გვიბედავთ და გვკადრებთ _ ჭკუის დარიგება, დატუქსვა, თითის ქნევა, მუქარა, დამამცირნებელი და შეურაცხმყოფელი წერილები კონგრესმენებისგან, სენატორებისგან, ევროპის სახალხო პარტიისგან, სახელმწიფო და არასამთავრებო ორგანიზაციებისგან _ ეს არის მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების გაუთავებელი კრიტიკა.

საქართველო დიდი ისტორიისა და კულტურის ქვეყანა, ბოლო 30 წელია, ახალ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს აშენებს და ამ მშენებლობის პერიოდში მას მრავალი ბარიერის დაძლევა მოუწია. მხოლოდ სამოქალაქო ომები რად ღირს ან ცხინვალის სამხედრო კონფლიქტით გამოწვეული ოკუპაცია. თქვენ მიერ გამოზრდილმა და საქართველოს პრეზიდენტად მოვლენილმა სააკაშვილმა გვაზიარა უბედურებას. მან აშშის გარკვეული წრეების წაქეზებით საქართველო საომარი მოქმედების თეატრად აქცია, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამასთანავე, ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის ტერიტორიის 20% დაგვაკარგვინა.

რაღაც ვერ ვიხსენებ შეურაცხადი სააკაშვილისა და ნაციონალური ხელისუფლების სახელზე გამოგზავნილ ისეთივე შინაარსის წერილებს, როგორსაც “ოცნების” ხელისუფლებას უგზავნით.

სიტყვა არ დაგიძრავთ:

*სააკაშვილის 9-წლიანი აღვირახსნილი, სისხლიანი მმართველობის ბოროტებაზე, სისასტიკესა და საშინელებებზე;

*საქართველოს მოსახლეობისთვის უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის, ეკლესიის საკურთხეველში შევარდნები, სარწმუნოების შეურაცხყოფაზე;

*ხალხის ქუჩაში ცინიკურ დახვრეტებზე;

*გადავსებულ ციხეებში პატიმრების გაუგონარ წამებაზე;

*ციხეში მის მიერ ხელოვნური ამბოხის მოწყობასა და პატიმრების ჩახოცვაზე;

*ელიტურ კორუფციაზე;

*ყველა არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე;

*მშვიდობიანი მიტინგებისა და აქციების უსასტიკესი მეთოდით დარბევაზე;

*მოსახლეობის აბუჩად აგდებაზე;

*საკაშვილის გარყვნილ ცხოვრებაზე, ლოთობაზე, მის მიერ ნარკოტიკებისა და ტრანკვილიზატორების მოხმარებაზე, უცხოეთიდან ვიზაჟისტებისა და მასაჟისტების ჩამოყვანაზე და მათთან ნებივრობაზე;

*საზღვარგარეთ გასართობად და დროის სატარებლად ჟურნალისტ-პრასტიტუტკებთან ერთად ვოიაჟებზე;

*საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა-მითვისებაზე;

*მის უგუნურ დანაშაულებრივ საკადრო პოლიტიკაზე _ გენდერული წესით შერჩეული, ამურში დახელოვნებული ახალგაზრდა ქალების მინისტრებად დანიშვნასა და უმწიფარი გოგოების პარლამენტში შეყვანაზე (ეს ისეთი ნოვაცია შემოიღო, უკეთესს ვერც რომის იმპერატორი კალიგულა მოიფიქრებდა _ მინისტრობა და პარლამენტარობა პრეზიდენტის საძინებლის გავლით);

*წარმატებულ ტელეკომპანია “იმედში” შეჭრასა და უსასტიკეს დარბევაზე;

*უმაღლესი თანამდებობის პირების უმოწყალო ცემასა და გაგუდვაზე;

*მისი დავალებით მისივე დაცვის წევრების მიერ სახელმწიფო მოხელეებისა და პარლამენტის წევრების სიკვდილამდე მიყვანაზე;

*საქართველოს სტრატეგიული ობიექტების გასხვისებაზე;

*ბიზნესის წართმევაზე და ქონების მისი უახლოესი გარემოცვის წევრებზე ერთ ღამეში გადაფორმებაზე მუქარით, დაშინებით, დაპატიმრებით და სხვა ამაზრზენი მეთოდებით.

სააკაშვილმა შექმნა ტოტალური ძალადობრივი სისტემა, სახელმწიფო მართვის ისეთი ფორმა, სადაც არაპროფესიონალიზმი, გაუნათლებლობა, არაკომპეტენტურობა ყვაოდა, მაგრამ ამერიკასა და ევროპას ერთხელაც არ ამოუღია ხმა მის ურიცხვ უმსგავსობაზე. პირიქით _ სულ მისი ქება-დიდება გვესმოდა გაღმიდან, ხან წარმატებულ რეფორმატორს, ხან დემოკრატიის შუქურას უწოდებდით.

სააკაშვილი და მისი მმართველობა თქვენ მიმართ თქვენ მოსაწონ, მონურ მორჩილებას იჩენდა, თქვენს პოლიტიკოსებთან და მაღალი რანგის მოხელეებთან ძმაკაცური ურთიერთობებით გამოირჩეოდა. ისინი ხშირად სტუმრობდნენ მას გასართობად და დროის სატარებლად. მისი მმართველობის წასახალისებლად და გასამყარებლად არც ერთ მათგანს სააკაშვილზე არასდროს აუგი არ დასცდენია. რატომ? ალბათ, ძნელი გამოსაცნობი არ არის.

დღესაც თვალწინ მიდგას საჯარო შეკრებაზე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა, რომელმაც ქება-დიდება არ დაიშურა სააკაშვილის დედის _ გიული ალასანიას მიმართ, რომელიც დარბაზში წინა რიგში იჯდა, ასეთი შესანიშნავი, ჭკვიანი, კარგად აღზრდილი, განათლებული, გამჭრიახი პოლიტიკოსის აღზრდისთვის; ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ბუშმა თბილისში სტუმრობისას სააკაშვილს ენით აუწერელი ხოტბა შეასხა.

ხალხი კი გმინავდა ამ ჯალათის უსაქციელობაზე, თუმცა ყველაზე ამაზრზენია ის, რომ პირადად სააკაშვილის, მისი გარემოცვისა და მის მიერ დატოვებული თავხედი, უზრდელი, გაუნათლებელი და უსაქმური ნაციონალების, ურეიტინგო პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა ვითომ დამცველების მიმართ დასავლეთიდან დღესაც გრძელდება ლოიალური დამოკიდებულება, მათ შორის _ დაფინანსებაც.

ამერიკისა და ევროპის სახელმწიფო სტრუქტურების მესვეურებო, ჩვენო “სტრატეგიულო პარტნიორებო”, თქვენ მოგმართავთ!

საქართველოს მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს თქვენ მიერ თავსმოხვეული შოკისმომგვრელი კოაბიტაცია, სააკაშვილისთვის ერთი წლით პრეზიდენტობის ვადის გაგრძელება…

ნატო-საქართველო

სააკაშვილი საქართველოდან გაიქცა, მაგრამ მის მიერ შექმნილი კრიმინალური პარტია დღესაც განაგრძობს ქვეყნის დესტაბილიზაციას. დანაშაულებრივი “ნაციონალური მოძრაობის” კანონგარეშედ გამოცხადების ნაცვლად, თქვენი წყალობით ის მთავარ ოპოზიციურ ძალად მოიაზრება და საქართველოს პარლამენტში თავხედური, დესტრუქციული საქციელით გამოირჩევა.

ამერიკული ორგანიზაციების “აი-არ-აი”-სა და “ენ-დი-აი”-ს მიერ ტენდენციური და მიკერძოებული გამოკითხვით, “ნაცმოძრაობა” ლამის ყველაზე წარმატებულ და პოპულარულ პარტიად სახელდება. მას მხარს უჭერენ და ზურგს უმაგრებენ თქვენ მიერ დაფინანსებული ტელეარხები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მუშაობა მიმართულია ქართული ტრადიციების, კულტურის, ოჯახის სიმტკიცის დასასამარებლად _ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დასაკანონებლად, გეიაღლუმების ჩასატარებლად, ხალხის მასებში (განსაკუთრებით _ ახალგაზრდებში) ლგბტ იდეების გასაპიარებლად; არც ერთი სიტყვა _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაზე. საყოველთაო უმუშევრობამ და მოსახლეობის უკიდურესმა გაჭირვებამ გამოიწვია შემაძრწუნებელი სუიციდის შემთხვევების ზრდა განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწა, თუნდაც მძიმე სამუშაოს შოვნის იმედით. მცირდება საქართველოს მოსახლეობა, ცარიელდება ქალაქები და სოფლები. წლევანდელი სასწავლო წელი 100-ზე მეტმა სკოლამ პირველი კლასის გარეშე დაიწყო. ეს უკვე კატასტროფაა.

საქართველოს მოსახლეობა, რომელიც დამოუკიდებლობის მიღებამდე 5,5 მილიონს შეადგენდა, 3 მილიონამდე დავიდა. ქვეყნიდან გადახვეწილი ქართველების ადგილს აზიელები და აფრიკელები იკავებენ. “დემოკრატიული და ტოლერანტული” დასავლეთის მეცადინეობით, საქართველოდან 30 წელიწადში სახელიღა თუ დარჩება.

თქვენ წარმატებით განაგრძობთ ნაციონალი სახელმწიფო დამნაშავე-კრიმინალების მფარველობას, რომ არ გადასცენ ისინი პასუხისგებაში, 48 მილიონის გამფლანგველ უგულავას ექომაგებით. გასული წლის 1 იანვარს (ახალ წელს) მაკეინი ჩამოფრინდა თბილისში და ციხიდან გამოაშვებინა ეს ნაძირალა. მერაბიშვილი სახელმწიფო დამნაშავე და მკვლელია, მისი განთავისუფლება თქვენს ზეწოლაზე და ორივე შემთხვევა ჩვენი ხელისუფლების თქვენდამი მორჩილებაზე მეტყველებს. ამ გონებაშეზღუდულს ციხის ზღურბლიც არ ჰქონდა გადმოკვეთილი, ხელისუფლების დამხობით რომ დაგვემუქრა. ნუთუ ეს მიგაჩნიათ დემოკრატიად?!

სამწუხაროდ, ვრწმუნდები პლატონის (სოკრატეს მოწაფისა და არისტოტელეს მასწავლებელი ბერძენი ფილოსოფოსის) და ალფრედ ნობელის შეფასებებში: “დემოკრატია ტირანიის დედაადანებისმიერ დემოკრატიას ნაძირალების დიქტატურამდე მივყავართ”.

ნუთუ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლების ყოველი კანონიერი, ობიექტური და სამართლიანი ნაბიჯი უნდა აკრიტიკოთ, ეჭვქვეშ დააყენოთ, აბუჩად აიგდოთ, დაემუქროთ სანქციებით, კომისიები და შემმოწმებლები მოავლინოთ ამერიკიდან და ევროპიდან?!

თქვენ იცით საქართველოდან გაქცეული, საზღვარგარეთის ქვეყნებს შეფარებული სახელმწიფო დამნაშავეკრიმინალებზე _ სააკაშვილზე, ადეიშვილზე, ახალაიასა და სხვებზე გამოცხადებულია ძებნა წითელი ცირკულარით, მაგრამ, სამწუხაროდ, თქვენ არც მათ დაპატიმრებაექსტრადიციაში გვეხმარებით.

თქვენ გინდათ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დათრგუნვა-დაბეჩავება, მონური მორჩილება, უკვე მიაღწიეთ ამასაც _ თქვენთან შეთანხმების გარეშე ჩვენი ხელისუფალნი გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. იცოდეთ, არ გამოგივათ, ქართველი ხალხი ამის უფლებას არ მოგცემთ! მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სამართლიანი ხელისუფლება გვყავს, წინამორბედ ურჩხულთან შედარებით, და არ შეიძლება ყოველი ნაბიჯი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ამერიკის ელჩს საქართველოში, კონგრესმენებს, სენატორებს, ევროკავშირს, ნატოს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს შეუთანხმოს!

თქვენს რჩევებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს სიამოვნებით მივიღებთ, დიქტატი კი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. თქვენ უდიდესი და უძლიერესი ზესახელმწიფო ხართ, უდიდესი სახელმწიფოებრივი მმართველობის გამოცდილებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ბრძანდებით.

ჩემი აზრით, ამიტომაც გმართებთ ჩვენი პრობლემების გულისყურით მოსმენა, სიღრმისეული განხილვა და გადაწყვეტა. ეს თქვენს შესაძლებლობებს ნამდვილად არ აღემატება. ვიცით, რომ ყველაფერი რიგზე არ გვაქვს, ვცდილობთ, შეცდომები დროულად გამოვასწოროთ.

ჩვენი არჩეული ხელისუფლება ჩვენვე უნდა გავაკრიტიკოთ, მწვავედ ვაკრიტიკებთ კიდეც.

თქვენი ექსპერტები ნატოში გაწევრებას გვთავაზობენ, ცხადია, ყველა თქვენი დავალების შესრულების შემდეგ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე. განა ასეთ წინადადებას უნდა გვთავაზობდეს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი ან ქართველი ხალხი ასეთ წინადადებაზე ოდესმე დაგთანხმდებათ?!

ჩვენი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუსტი ეკონომიკაა. სამწუხაროდ, ვერც ერთ პრობლემას ვერ გვიგვარებთ.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ თითქმის 30 წელიწადი გავიდა. აშშ-მა პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1991 წელს. მოგვიანებით კი თქვენი საელჩოს გახსნამ დიდი სიხარული მოგვგვარა. საქართველომ ევროატლანტიკური სივრცისკენ აიღო გეზი, მაგრამ თქვენი ქედმაღლური დამოკიდებულების გამო შეყოვნდა, დაფიქრდა, დაღონდა და იკითხა: რით სჯობს ახალი “სტრატეგიული პარტნიორი” ძველს? რა გაგვიკეთა, რით დაგვეხმარა? ხალხმა გაიხსენა ძველი, თქვენამდე არსებული ურთიერთობები რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელთანაც დიალოგს გვიკრძალავთ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღსადგენად.

250 წელს მოითვლის საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. ამ ხნის განმავლობაში იყო ბევრი უარყოფითი, მაგრამ დადებითი _ გაცილებით მეტი. რუსეთმა გააერთიანა დაქუცმაცებული საქართველო ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებად, სამცხე-საათაბაგოს, გურიისა და ოდიშის სამთავროებად; თურქეთს გამოჰგლიჯა ბათუმი და აჭარა. აღკვეთა საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მოვლენა _ აღმოსავლეთის ბაზრებზე საჯიშე ქართველი გოგო-ბიჭების გაყიდვა.

რუსეთთან შეერთებამდე საქართველოში არც ერთი სკოლა არ ფუნქციონირებდა.

რომელი ერთი გავიხსენო:

საბჭოთა საქართველოს აღმასვლა ხდებოდა 70 წლის განმავლობაში განვითარებული მძიმე და მსუბუქი მრეწველობით, სოფლის მეურნეობით, მეცნიერებით, სპორტით, კულტურით, განათლებით…

იყო უფასო განათლება, უფასო მკურნალობა, მიზერული ფასები მედიკამენტებზე, კომუნალურ მომსახურეობაზე, ბენზინზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე, ტრანსპორტზე;

უმუშევრობა რა იყო, არც კი ვიცოდით;

საცხოვრებელ ბინებს მოსახლეობა უფასოდ იღებდა;

აქვე მინდა გავიხსენო ერთი ისტორია, რომელიც მოსკოვში სახალხო მეურნეობის აკადემიაში ჩემს სასწავლებლად წასვლას უკავშირდება.

აკადემიის რექტორი, როგორც კი გაიგო, რომ ოჯახით უნდა ჩავსულიყავი მოსკოვში, ტელეფონით დაელაპარაკა მოსკოვის მაშინდელ აღმასკომის თავმჯდომარეს, წერილიც მისწერა და რამდენიმე დღეში ოროთახიანი ბინით დამაკმაყოფილეს აკადემიასთან ახლოს, ვერნადსკის პროსპექტზე.

ურიცხვი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სატრანსპორტო ობიექტები შენდებოდა საკავშირო ბიუჯეტის ხარჯზე. მათი დაკომპლექტება ტექნოლოგიური დანადგარებით, მოწყობილობებით, საკაბელო და ელექტროპროდუქციით, ტექნიკით, მექანიზმებით, სამშენებლო მასალებით ხდებოდა საკავშირო საგეგმო და მომარაგების კომიტეტების მიერ უსასყიდლოდ!

ამ ჩამონათვალმა და კიდევ სხვა მრავალმა სიკეთემ უდავოდ ხელი შეუწყო დემოგრაფიული საკითხის მკვეთრად გაუმჯობესებას. რუსეთთან შეერთებისას საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 450 ათასს, 1991 წლის დეკემბერში კი _ 5,5 მილიონს.

დღეს კი გაუსაძლისი ცხოვრების პირობების გამო შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყნიდან უცხოეთში გარბის, 2,5 მილიონამდე ადამიანმა სამშობლო მიატოვა. მკვეთრად გაუარესდა დემოგრაფია და ქვეყნის ეკოლოგია, სამწუხაროდ, ხალხში მკვიდრდება ნიჰილიზმი და უიმედობა. მოსახლეობა დაიღალა და ყველაფერზე ხელი ჩაიქნია.

მინდა, საბჭოეთის სიკეთეებს დავუბრუნდე, როგორიც იყო რესპუბლიკებს შორის უვიზო მიმოსვლა, მიმოქცევაში ერთიანი ფულის ერთეული, ერთიანი თავდაცვა, ელექტრო და გაზმომარაგება, ერთიანი საჰაერო სივრცე და სარკინიგზო სისტემა. საბჭოეთის ყველა რესპუბლიკა მშვიდად და წარმატებით ვითარდებოდა. მათ შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა.

წესად იყო ქცეული კონსტიტუციის პატივისცემა და კანონმორჩილება.

თქვენს მონა-მორჩილს საკავშირო მასშტაბის მრავალ ობიექტზე მომიწია მუშაობა: მოსკოვში, ჩერნობილ-სლავუტიჩში, სპიტაკსა და ლენინაკანში, ბამზე… რომელი ერთი ჩამოვთვალო. მუშაობის პერიოდში საბჭოთა ხელმძღვანელობისგან არასდროს მსმენია დამამცირებელი სიტყვა.

25 წლისაც არ ვიყავი, გიგანტი სამრეწველო ობიექტის მშენებლობის ხელმძღვანელად რომ დამნიშნეს. ობიექტზე ჩამოდიოდნენ საკავშირო მინისტრები, მათი მოადგილეები, საკავშირო ცკ-ის მდივნები და მთავრობის წევრები. არ მახსოვს მათგან მბრძანებლური ტონი, საყვედური, იყო მხოლოდ ურთულესი საკითხების მოსმენა, განხილვა და გადაწყვეტა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, დახმარება, რათა დროულად ჩაგვებარებინა სამთო გამამდირებელი კომბინატი და ქვეყნისთვის მიგვეცა მაღალხარისხიანი პროდუქცია _ სპილენძის კონცენტრატი, რასაც წარმატებით გავართვით თავი.

ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი ქარხანა, კომბინატი, ფაბრიკა, შახტა, მაღარო, სარწყავი სისტემა, საბაგირო გზა, ნავთობბაზა, სარკინიგზო ჩიხი, საავტომობილო გზა, გვირაბი, წყალსადენი, საავადმყოფოი, ინსტიტუტი, სასტუმრო, საცხოვრებელი სახლი, სკოლა, საბავშვო ბაღი ამიშენებია, რა თქმა უნდა, შედარებით პატარა ობიექტები _ ადგილობრივი ბიუჯეტით.

ჩემი აზრით, სახალხო მოძრაობას მაშინ შეიძლება ეროვნული ეწოდოს, თუ ის აღმშენებლობისკენ და არა ნგრევისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, სწორედ თქვენ მიერ ფარულად წაქეზებული “ეროვნული” მოძრაობით დაიწყო ცხოვრების პირობების გაუარესება _ უმუშევრობა, ფასების ზრდა, უპურობა, უგაზობა, უშუქობა, სიდუხჭირე, შიმშილი, კრიმინალი, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათამკვლელი ომები, პოლიტიკური დაძაბულობა, გაუთავებელი კონფლიქტები უაზროდ მომრავლებულ პარტიებს შორის, გაუარესდა დემოგრაფია, შობადობა კატასტროფულად შემცირდა, შეწყდა საბჭოეთის დრო არსებული ეკონომიკური, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო, სამეცნიერო, კულტურული კავშირები; ჯართად გაიყიდა უამრავი სამრეწველო, საამშენებლო და სხვა დანიშნულების საწარმოები.

ქვეყნის სათავეში მოვიდნენ გამოუცდელი, არაპროფესიონალი კადრები. საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიერ დაშვებული უხეში შეცდომები მოსკოვს გადააბრალა და თქვენი აქტიური ზეწოლით რუსეთი ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა.

პრეზიდენტ ბუშის საზეიმო მიღებისას თავისუფლების მოედანზე აღმართული ტრიბუნიდან ამერიკელების გამოზრდილმა უმეცარმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი, ფათერაკიანი ცხოვრების განმავლობაში უამრავ მომხვდურთან შედარებით რუსეთი ყველაზე მზაკვარი და სასტიკი იყოო.

სააკაშვილის ნაბოდვარმა მაღალ სტუმარს უდიდესი სიამოვნება მოჰგვარა, მაგრამ ნებისმიერ შეგნებულ, განათლებულ, ისტორიის მცოდნე ქართველს თვითშეურაცხყოფის განცდა გაუჩნდა.

ქართველი ოპოზიციონერები წარმატებით ართმევენ თავს თქვენ მიერ მიცემულ დავალებას რუსეთის დაუსრულებელ ლანძღვა-გინებას.

როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?

საზოგადოებას ვთხოვ, წარსულის ნოსტალგიით შეპყრობილ პიროვნებად არ ჩამთვალოს. მე კარგად ვიცი დამოუკიდებლობის ფასი, მაგრამ თითქმის მესამედი საუკუნე ცოტა არ არის…

როდემდე, ბატონებო?!

ომარ მარგველაშვილი,

საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცეპრეზიდენტი, საქართველოსა და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი _ აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოსა და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

 

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. სრულად გეთანხმებით, ბატონო ომარ.

  2. დიდი მადლობა ბატონო ომარ ამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის წამოწევისა და ყოვლისმომცველი, ბრწყინვალე ანალიზისთვის!!!

  3. დიდი მადლობა ბატონო ომარ ამ ყოვლისმომცველი ბრწყინვალე ანალიზისთვის.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here