Home სხვადასხვა დაიჯესტი ექსპერტები “დაბალ დონეებზე” ბირთვულ ომს ვარაუდობენ

ექსპერტები “დაბალ დონეებზე” ბირთვულ ომს ვარაუდობენ

1140
ბირთვული ომი

მსოფლიო პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მეცნიერებმა მსოფლიო ბირთული არსენალის შესახებ მორიგი ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღის ოდენობის შემცირება გრძელდება, მაგრამ ყველა ბირთვული სახელმწიფო ხვეწს თავის იარაღს, ცდილობს ბირთვული სამხედრო მარაგის მოდერნიზებას და აშკარად მზად არ არის, უახლოეს მომავალში უარი თქვას ამ იარაღზე.

უზარმაზარი მარაგი

რუსეთსა და აშშ-ს აქვს ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის ფართო და ძვირად ღირებული პროგრამები. აშშ, მაგალითად, გეგმავს, 2017-დან 2026 წლამდე 400 მილიარდი დოლარი დახარჯოს ბირთვული ძალების მოდერნიზებისთვის. ზოგიერთი შეფასებით, უახლოეს 30 წლის განმავლობაში ასეთი განახლება ამერიკას შეიძლება ერთი ტრილიონი დოლარი დაუჯდეს.

“აშშ-ის მოსალოდნელი დანახარჯის ოდენობა მოულოდნელი არ არის, _ ამბობს SIPRI-ის მეცნიერი თანამშრომელი ჰანს კრისტენსენი, _ დღევანდელი ადმინისტრაცია განაგრძობს პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენილი ბირთვული მარაგის მოდერნიზაციის ამბიციურ პროგრამას”.

სხვა ბირთვულ სახელმწიფოებს გაცილებით ნაკლები ოდენობის ბირთვული არსენალი აქვს, მაგრამ ყველა მათგანი ან უკვე შეუდგა ბირთვული იარაღის მიტანის ახალი სისტემების გაშლას, ან განაცხადა ამგვარი განზრახვის შესახებ.

ჩინეთმა უკვე დაიწყო მოდერნიზაციის ხანგრძლივი დროისთვის გათვლილი პროგრამის რეალიზაცია, რომელიც ორიენტირებულია ბირთვული იარაღის არსენალის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ინდოეთი და პაკისტანი აფართოებენ ბირთვული იარაღის თავიანთ არსენალებს და განავითარებენ სარაკეტო სისტემებს. ჩრდილოეთ კორეას 10-20 ქობინის შესაქმნელად საკმარისი ბირთვული საწვავი აქვს, რაც მიგვანიშნებს მისი შესაძლებლობების გაფართოებაზე 2016 წელთან შედარებით. შარშან ამ ქვეყანამ სხვადასხვა სარაკეტო სისტემების გამოცდის უპრეცედენტო რაოდენობა განახორციელა.

“ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მიღწეული ამასწინანდელი პროგრესის მიუხედავად, მოდერნიზაციის გრძელვადიანი პროგრამების განხორციელება ცხრავე ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს კი მიგვანიშნებს, რომ ამ ქვეყნებიდან არც ერთი მზად არ არის, უარი თქვას თავის ბირთვულ არსენალზე”, _ განაცხადა SIPRI-ის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა შენონ კაილმა.

შეუძლებელია და უსაფრთხოც არ არის

უაზრობაა ლაპარაკი იმაზე, რომ ბირთვული სახელმწიფოები უარს იტყვიან ყველაზე გამანადგურებელ იარაღზე, რომელიც კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. ასეთი რამ არასოდეს მოხდება, _ მიიჩნევს პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ხრამჩიხინი. მეტიც, მსოფლიოში ბირთვული არსენალის ფრიად შესამჩნევი შემცირება არათუ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს სიტუაციას, ბირთვული უსაფრთხოება ამ შემთხვევაში მხოლოდ მცირდება.

“თუ ბირთვული არსენალები ძალიან შემცირდება და ბირთვული იარაღი ნაკლები დარჩება, ბირთვული ომი შეუძლებელი აღარ იქნება, მას აღარ წარმოვიდგენთ, როგორც ცივილიზაციის დამღუპველ უბედურებას. გვეგონება, რომ, თუ იარაღი არც ისე ბევრი დარჩა, მისი გამოყენება კაცობრიობისთვის ფატალური არ იქნება”, _ ახსნა ასეთი პოზიცია ერთ-ერთმა ექსპერტმა.

იგი წამითაც არ ეჭვობს, რომ ყველა აზიური ბირთვული სახელმწიფო ამდიდრებს ბირთვულ შეიარაღებას. “რუსეთისა და აშშ-ის შესახებ საუბარი უფრო რთულია, რადგან სწორედ ეს ორი სახელმწიფო სხვებზე მეტად ამცირებდა თავის ბირთვულ არსენალებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში… გამორიცხული არ არის, რომ რუსეთსაც და ამერიკასაც მოუწევს მათი რაოდენობის გაზრდა”, _ აღნიშნავს ხრამჩიხინი.

ყველაფერი ბურუსითაა მოცული

ცალკე თემაა ბირთვული იარაღის გადანაწილება. საკითხავი ის არის, გაჩნდება თუ არა ახალი ბირთვული სახელმწიფოები. “გამორიცხული არ არის, რომ გაჩნდეს, რადგან ეს ტექნოლოგია 70 წლისწინანდელია და ბევრს შეუძლია მისი გამოყენება, თუ მოისურვებენ”, _ ამბობს ექსპერტი.

ამასთანავე, იგი ხაზს უსვამს, რომ ფრიად სკეპტიკურად ეკიდება SIPRI-ს შეფასებებს, რადგან მათი წყარო გაურკვეველია.

“იარაღი რომ უჯობესდება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინტერესებს, სად მოიპოვეს მონაცემები, რომ მისი რაოდენობა მცირდება. საინტერესოა მათი გაანგარიშების მეთოდიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არ გაუმჟღავნებიათ. მეტ-ნაკლებად ცნობილია დიდი ბრიტანეთის ბირთვული არსენალის ოდენობა. გაცილებით უცნობია ამერიკელებისა და ფრანგების არსენალების მოცულობა. დანარჩენის შესახებ, რუსეთის ჩათვლით, ცნობილი არაფერია”, _ ასკვნის ხრამჩიხინი. იგი არ გამორიცხავს ბირთვული ომის შესაძლებლობას “დაბალ დონეებზე”, მაგალითად, ინდოეთისა და პაკისტანის დაპირისპირებაში, მაგრამ ასეთი ომის დროსაც მსხვერპლი კოლოსალური იქნება, და არა მხოლოდ ომში ჩართულ ქვეყნებში. გამორიცხული არ არის, რომ შედეგები გადასწვდება რუსეთსაც, უწინარეს ყოვლისა, ციმბირსა და ურალს. “ეს არ იქნება ცივილიზაციის დაღუპვა, მაგრამ შედეგები უმძიმესი იქნება”, _ გვაფრთხილებს ანალიტიკოსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here