Home ახალი ამბები მსოფლიო ეს სპორტი აღარ არის _ ნაკაცარმა ქალთა შეჯიბრებაში ოლიმპიური პრიზიორები დაამარცხა

ეს სპორტი აღარ არის _ ნაკაცარმა ქალთა შეჯიბრებაში ოლიმპიური პრიზიორები დაამარცხა

359

ყოფილმა მამაკაცმა ლია ტომასმა, რომელიც 2 წლის წინათ მამაკაცთა შეჯიბრებებში გამოდიოდა, აშშში გამართულ ტურნირში ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორი ქალები დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 2020 წლის ნაცვლად 2021 წლის ზაფხულში გაიმართა, ახალზელანდიელმა ძალოსანმა, ტრანსგენდერმა ლორელ ჰაბარდმა ქალთა შეჯიბრებაში ვერ შეძლო ვერც ერთი წონის დაძლევა და ასეთი ადამიანების სპორტში მონაწილეობაზე დისკუსია ჩაცხრა, მაგრამ, როგორც ჩანს, ცოტა ხნით. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ყველაფერი ახლა იწყება.

რას ამბობენ სპეციალისტები

ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ერთ-ერთმა ექიმმა, რომელიც ასეთ პაციენტებთან მუშაობს, განაცხადა:

1. ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ გენდერული თვითიდენტიფიკაციის პრობლემით, ყოველწლიურად მატულობს _ გასული საუკუნის ბოლოდან დღემდე ასეთი მიმართვების რაოდენობამ ზოგიერთ ქვეყანაში 20-ჯერ მოიმატა, აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა მოზარდია;

2. გენდერული იდენტობის პრობლემა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ კლასიფიკაციაში განსაზღვრულია, როგორც დაავადება, და ამ პრობლემას უნდა უმკურნალონ, როგორც, მაგალითად, გრიპს ან კორონავირუსს;

3. ამ პრობლემის გადასაწყვეტად სპორტში ჯერ არაფერი მოფიქრებული არ არის, გარდა ტესტოსტერონის შეზღუდვისა, რადგან შეიძლება მოხდეს ტრანსგენდერების ან მათი მოწინააღმდეგეების დისკრიმინაცია.

სწორედ მოწინააღმდეგეების დისკრიმინაციაზეა ლაპარაკი ქალ მოცურავეთა ტურნირში, რომელიც აშშ-ში გაიმართა.

ტრანსგენდერმა ოლიმპიადის პრიზიორები დაამარცხა

ლაპარაკია 22 წლის ლია ტომასზე, რომელიც მონაწილეობს ქალთა შეჯიბრებებში, თუმცა 2 წლის წინათ იყო მამაკაცი და ერქვა უილი. აშშ-ში მწვავედ კამათობენ ტრანსგენდერების მონაწილეობაზე ქალთა სპორტში _ რესპუბლიკელების კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ შტატში მსგავსი პრაქტიკა აკრძალულია, მაგრამ პენსილვანიაში არ ეწინააღმდეგებიან. ტომასი ადგილობრივი უნივერსიტეტის გუნდში გამოდის და მას, როგორც უჩვეულო სპორტსმენ ქალს, მხარს უჭერს სტუდენტური სპორტის ეროვნული ასოციაცია (NCAA).

სწორედ ამ ასოციაციის ტურნირი მოიგო ტომასმა რამდენიმე დღის წინათ. უნდა ითქვას, რომ ეს არის ეროვნული მასშტაბის პრესტიჟული და წარმომადგენლობითი შეჯიბრება. ტომასმა მოუგო ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორებს _ ემა ვეიანტსა და ერიკა სალივანს, მანამდე კი დაამხო აშშ-ის რეკორდი რამდენიმე დისტანციაზე _ 200 და 1500 იარდზე (1 იარდი _ 0,9 სმ) კროლით.

ფინალი საპროტესტო აქციით

ტომასმა ამჯერად მოიგო სტუდენტური ჩემპიონატი 500 იარდზე ცურვაში. ამ მოვლენამ ეროვნული მასშტაბი შეიძინა, რადგან გულშემატკივარმა გოგონებმა Standing For Women-ის ჯგუფიდან პირდაპირ საფინალო გაცურვისას მოაწყვეს საპროტესტო აქცია. მათ ეჭირათ პლაკატები ლოზუნგებით: მხარი დაუჭირეთ სამართლიან სპორტს ქალებისა და გოგონებისთვის!”, “გადავარჩინოთ ქალთა სპორტი!”

ერთ-ერთი ბრიტანელი აქტივისტის, კინის, დიალოგი სხვა მაყურებელთან სოციალური ქსელების მილიონობით მომხმარებელმა ნახა.

კინი ამტკიცებდა, რომ “ეს შეჯიბრება არის ქალებისთვის, ის კი (ტომასი _ ნ.კ.) ქალი არ არის”. როცა ჰკითხეს _ “თქვენ რა იცით, ბიოლოგი ხართ?”, ბრიტანელმა ქალმა უპასუხა: “მე არ ვარ ვეტერინარი, მაგრამ ვიცი, რას წარმოადგენს ძაღლი”. ახლა ის უკვე მაისურებს ყიდის ამ სლოგანით.

აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების შედეგების წინააღმდეგ თავისუფალი პროტესტი გამოხატეს არა მხოლოდ გულშემატკივრებმა, არამედ სპორტსმენებმაც. დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზიორებმა: ემა ვეინტმა და ერიკა სალივანმა კვარცხლბეკზე მიიწვიეს მეოთხე ადგილზე გასული ბრუკ ფორდი და ერთად დადგნენ.

ადრე ტომასის საწინააღმდეგო წერილს ხელი მოაწერა 16-მა მოცურავემ პენსილვანიის უნივერსიტეტის გუნდიდან და მისთვის შეჯიბრებებში გამოსვლის აკრძალვა მოითხოვა მანამდე, სანამ ტრანსგენდერი ჰორმონული თერაპიის დამატებით კურსს არ გაივლიდა. შეჯიბრებებში ლია ტომასის მონაწილეობას აკრიტიკებდნენ 23-გზის (!) ოლიმპიური ჩემპიონი მაიკლ ფელპსი და ცნობილი ამერიკელი მწვრთნელი ვერონიკა მელოუნი, რომელიც, ვერ დაიჯერებთ, ადრე თვითონ იყო კაცი. სტუდენტურ ტურნირს წესების გამკაცრების მოთხოვნით მიმართა 72 წლის მწვრთნელმა კეიტლინ ჯენერმა _ გაგეცინებათ, მაგრამ კიდევ ერთმა ტრანსგენდერმა, რომელიც 1976 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, როგორც მამაკაცი, ბრუს ჯენერია.

ლორელ ჰაბარდი

მსოფლიო სპორტი გზაჯვარედინზე

ყოფილი უილი, ამჟამად ლია, საკმაოდ დიდია _ 190 სმ-ის სიმაღლის, კუნთები და შედეგები მამაკაცისა აქვს. აქ უნდა გავიხსენოთ ექიმის სიტყვები ტესტოსტერონის შესახებ. თუ აშშ-ის ცურვის ფედერაციამ ტომასის წარმატებების ფონზე სასწრაფოდ გაამკაცრა წესები და შეამცირა მინიმალური ზღვარი 1 ლიტრზე ნანომოლების რაოდენობაზე, სტუდენტური სპორტის ასოციაციამ ამაზე უარი განაცხადა. სახელდობრ, ამის გამო გაიყო საზოგადოებაც და არავინ იცის, რა მოუხერხონ ტომასს.

კიდევ ერთ ტომასს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ ტომას ბახს, ალბათ, ურჩევნია, მოცურავე ლია ტომასმა სხვა გასართობი გამოძებნოს და არ გამოჩნდეს.

2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც პარიზში უნდა გაიმართოს, ალბათ, დადგება მომენტი, როცა შეჯიბრებებში ტრანსგენდერების მონაწილეობას მკაცრი წესებით დაარეგულირებენ ან, საერთოდ, აკრძალავენ, მაგრამ იმ პერიოდისთვის ქალთა სპორტმა შეიძლება აღარც იარსებოს.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here