მთავარი საზოგადოება ერის უბედურებად ქცეული ეროვნული ხელისუფლება

ერის უბედურებად ქცეული ეროვნული ხელისუფლება

516
გააზიარეთ
ერის უბედურებად ქცეული ეროვნული ხელისუფლება

ქართველმა ერმა უხსოვარი დროიდან სისხლცრემლით მორწყული ეკლიანი გზებით გამოატარა თავისი არსებობა და, მიუხედავად ყოფნაარყოფნის საზარელი განსაცდელისა, ღირსეული წვლილი შეიტანა მსოფლიოს ხალხთა კულტურის საგანძურში.

გარეშე მტერი საქართველოს ვერას დააკლებდა, მოკავშირედ რომ არ ჰყოლოდა მისი უღირსი და ვერაგი შვილების ხელისუფლებისკენ ლტოლვა.

როგორ შეიძლება წაიკითხო გარნისის ბრძოლის ისტორია და მწარე სინანულის სევდამ თვალები არ დაგიბნელოს. ურთიერთშუღლითა და ძალაუფლების ჟინით სამარცხვინოდ წაგებული ბრძოლა ქართველ ხალხს უბედურებად უქციეს. ყოველი ჩადენილი ბოროტების შედეგი მძიმე ტვირთად აწვება და მწარე სინანულად მისდევს მომდევნო თაობებს.

ამგვარმა უძღებმა შვილებმა დააქციეს და მტაცებელთა საჯიჯგნი გახადეს უფლისმიერი სიკეთით ნაკურთხი ქართველი ერი. გაერთიანებული საქართველო ნიჭიერ, სამშობლოს ერთგულ მამულიშვილთა ხელმძღვანელობით იოლად გადალახავდა ეკლიანი გზების გადასასვლელებს.

თუ ერის მოსპობა გინდა, ჩაუნერგე უზნეობა, გარყვნილება, სექსუალური აღვირახსნილობა, სიბილწე, უსირცხვილობა, უფროსი თაობის შეურაცხყოფა, მოხვეჭის გაუმაძღრობა; მადლიერება უმადურებით შეუცვალე და მოკეთე შეაძულე. გარყვნილი და გადაგვარებული ცხოვრება არავითარ სიბინძურეს არ დატოვებს, თავისი მყრალი ამქვეყნიურობის მოსაპირკეთებლად რომ გამოიყენოს. ევროატლანტიკური გარყვნილი დემოკრატიაც ამ გახრწნილი საზოგადოებრივი ფორმაციის გედის სიმღერას მღერის. ჯერ კი ისე დააბეჩავეს კეთილშობილი საზოგადოებრივი აზროვნება, რომ ამას ითმენს.

ამგვარად დაიწყო ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის მორიგი განსაცდელი, რომელიც ეროვნული მოძრაობის ღრიალით შეატოვეს უცხოეთის ხუშტურებზე აყბედებულ პოლიტიკურ ცრუპენტელათა ანტიეროვნულობას. სიცრუის, აბუჩად აგდებული ეროვნულობის ქაოსში შეტოპილმა ეროვნული მოძრაობის ღრიალმა კანი გამოიცვალა და ვხედავთ და გვესმის უცხოეთის ლაქია პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველების, დასავლეთის ქარის ქროლვაზე ამტვერებული საზოგადოების ფენის ევრო-ამერიკულ სატყუარათა სამზარეულოში შენელებულ სამოთხის დემაგოგიური შეპირებებს.

იფიქრებდა კი ლაღი ცხოვრებით განებივრებული ქართველი, ისეთი დრო მოვიდოდა, რომ ნაფერები და საამაყო სამშობლოდან გადახვეწა ხსნად ექცეოდა? რანი ვიყავით და რანიღა დავრჩით?!

რუსეთის იმპერიაში მომხდარმა ოქტომბრის სოციალისტურმა რევოლუციამ დაამხო მონარქი და ნახევრად ფეოდალური კაპიტალიზმი შეცვალა სოციალიზმით, რომლის შემდეგ კომუნიზმს გვპირდებოდნენ. შეიქმნა საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი საერთო ჯარით, სავალუტო სისტემით, იდეოლოგიითა და ხალხთა კეთილდღეობაზე ზრუნვის რწმენით.

საბჭოთა კავშირის ხალხთა მეგობრობა სამაგალითო იყო და რესპუბლიკებში მცხოვრებნი საბჭოთა კავშირს სამშობლოდ მიიჩნევდნენ. ყოველივე ამის საფუძველი იყო რუსი ხალხი. სწორედ მათ წინააღმდეგ განაწყო უცხოეთის პროპაგანდამ ქვეყნისა და ერის მახინჯ, ჭკუამოკლე ეგოისტთა ფენა, ნორმალური ცხოვრების პირობებში მათი ნაცოდვილარი ეროვნულ მოძრაობად წოდებული ანტიეროვნული ყბედობა მხოლოდ დასაცინი რომ ხდებოდა.

უძლიერესმა სოციალისტურმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ სოციალიზმი კაცობრიობის მომავალია, მაგრამ შემდგომში კომუნისტმა ტაკიმასხრებმა ყოველივე სასიკეთო არარაობად აქციეს და აშკარაა საბჭოთა კავშირში რესტავრირებული უაღრესად მახინჯი კაპიტალიზმი, რომელსაც ახლა სავაჭრო ეკონომიკა, ბურჟუებს _ ბიზნესმენები, მიწათმფლობელებს ფერმერები უწოდეს და ამ ნიღბით თითქმის ფეოდალიზმამდე ჩაეფლენ. საშინელი რბევა და გაპარტახება განიცადა უძლიერესმა ქვეყანამ. იდეოლოგია, რომელიც ხალხთა შორის ძმობას, მეგობრობასა და თანასწორობას ქადაგებდა, ნაცისტურმა ყოყლოჩინობამ შეცვალა და დაიწყო ერებს შორის მტრობა. ყველამ თავი ვიღაცის მიერ დაჩაგრულად ჩათვალა. ასე დაერივნენ ერთმანეთს დამოუკიდებლობის მოთხოვნით.

სეპარატიზმის ბაცილამ ყველაზე ძლიერად საქართველო დააავადა. დასავლეთის მიერ რუსოფობიით შენელებულმა, ფსევდოდამოუკიდებლად შემოტყუებულმა სამსალამ იოლად მოწამლა დილეტანტთა ამბიციები. ნორმალური ცხოვრებისას სპორაში შემალულმა პარაზიტებმა ნაჭუჭი გამოარღვიეს და ღრიალით დაერივნენ სოციალურ კეთილდღეობას და მოსპეს სახალხო მეურნეობა. ღვარძლმა, სიძულვილმა და უმადურობამ ქართველი ხალხი ღვთის ანაბარა დატოვა. რუსეთს უღრენდნენ და ცილისწამებით იკლებდნენ, როცა თვითონ რუსეთი იშლებოდა და იძარცვებოდა, ქაოსი მძვინვარებდა.

საქართველოში კი დასავლეთის მიერ მოსყიდული ყეყეჩი ცრუპენტელები ქართველი ხალხის ამ მხსნელსა და მეგობარს ემუქრებოდნენ. ეროვნული მოძრაობის უვიცი, ერის ფუჩეჩი ცრუპენტელები კი ქვეყანას იკლებდნენ, _ საბჭოთა კავშირი ჩვენ დავშალეთო, რკინიგზის ლიანდაგებზე ჯდომით რომ ეგონათ რუსეთს ანგრევდნენ.

საბჭოთა კავშირი 1953 წლიდან იშლებოდა და მას ეწირებოდა ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხების კეთილდღეობა. სტალინის სიკვდილის შემდეგ უნიჭო, დემაგოგი, ავყია ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში ქვეყანამ ნელ-ნელა დაიწყო რღვევა, რომელიც დაასრულა ბედოვლათმა გორბაჩოვმა.

ახლა შეერთებული შტატები დემოკრატიის ნიღბიან მსოფლიო ჟანდარმად დათარეშობს, თუ სჭირდება, სისხლის მსმელ ტირანს მონათლავს დემოკრატიისთვის თავდადებულ წმინდანად, სანამ ფხიზელი გონება არ დაეუფლება კაცობრიობას და ისე დაუმოკლებს საცეცებს, რომ საკუთარ ცხვირს მისწვდეს მხოლოდ.

იმიტომ მოძრაობდნენ ეროვნულად, რომ ევროპელი ჯვაროსნების ხუთჯვრიანი დროშა მიეთვისებინათ და ევროკავშირის დროშა ხუთჯვრიანთან ერთად სახელმწიფო სიმბოლიკად ეფრიალებინათ?! დღეს ამაზე საღი ქართული აზროვნება მწარედ იღიმება მხოლოდ. საქართველო ქართველებისაგან იცლება. ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია; ვისაც საშუალება ეძლევა, საქართველოდან გადახვეწას ცდილობს. რა ვუწოდოთ ეროვნული მოძრაობის ამგვარ ანტიეროვნულ დამსახურებას?! _ ბოროტმა სძლია კეთილსა, არსება მისი ბნელია?!

ერის უბედურებად ქცეული ეროვნული ხელისუფლება

როცა ქართველი ერი აშკარა გადაგვარება-მოსპობის საფრთხის წინაშე იდგა, დავით აღმაშენებლის მტკიცე მარჯვენამ და გენიალურმა აზროვნებამ იხსნა. გაერთიანებული საქართველო ისევ ძალაუფლებისკენ ლტოლვით შეპყრობილმა უძღებმა ქართველებმა დააქუცმაცეს და მითვისებულ ნაწილში მეფუკებად წამოსხდნენ, შედეგად მტაცებელი მეზობლების საჯიჯგნად აციეს ოდესღაც ძლიერი და ერთიანი საქართველო.

შემოსეული მტაცებლების წინააღმდეგ ბრძოლასა და მეფუკეების ერთმანეთთან ძიძგილში ისე შემცირდა, დაილია და დასუსტდა ქართველი ერი, რომ გადარჩენის არავითარი იმედი აღარ არსებობდა. სწორედ ამ დროს ხსნად მოევლინა რუსეთი. კვლავ გადარჩა და გაძლიერება იწყო ქართველმა ერმა. მისმა მფარველმა ღვთაებამ მძიმე განსაცდელის ჟამს ამჟამადაც არ მიატოვა.

სატანამ იცის, თუ ვინმეს მოსპობა უნდა, მას მფარველ მეგობარს შეაძულებს, მადლიერებას უმადურებად უქცევს და მერე დაელოდება მსხვერპლს, თავისი ფეხით როდის მიაკითხავს ჯოჯოხეთში. სატანის მაგიის მსხვერპლი საქართველო ევროპული დროშების ფრიალითა და ევროპელად გადაქცევის ღამურის ფრთების მოლოდინში მორჩილად მიაბიჯებს ჯოჯოხეთისკენ.

თუ ასე არ არის, სად გაქრა აყვავებული ქვეყნის მძლავრი მრეწველობა?! ვინც ეს სიკეთე აგვიშენა და გაგვაძლიერა, ჩვენგან გალანძღულმა წაიღო რამე? მძლავრი თევზსაჭერი ფლოტი ვინ მოგვაჩუქა, ასე ხელაღებით ჯართად რომ გაყიდეს უძღებმა ბღენძებმა?! სად გაქრა უამრავი კვლევითი ინსტიტუტი და ლაბორატორია მეცნიერების ყველა დარგში? იმპერიამ წაიღო თუ ანტიიმპერიულმა სატანისტურმა ღრიალმა შეიწირა? სამაგიეროდ გვაქვს დიდი კითხვის ნიშნიანი ლუგარის ამერიკული ლაბორატორია.

რა ქაღალდი დაიტევს იმ საზარელი პარტახის აღწერას, რაც მათ მიაყენეს მეცნიერებას, განათლებას, კულტურას, მთლიანად სახალხო მეურნეობას და ქართველი ერი ბატონყმობის უბედურებისკენ შეაბრუნეს. ისიც ქართველი იყო, ყმას შვილს რომ უყიდიდა და იმ ფულით ღრეობისას საქართველოს სადღეგრძელოს ყანწით სვამდა. ახლაც საქართველოს რომ იფიცებენ და მისი სიყვარულით მოხვეჭილი ფულით ფეშენებელურ ვილებს იშენებენ, მსახურებად და მომვლელებად გაღატაკებული ქართველები ჰყავთ; ამ გაძარცვულ და დამშეულ საქართველოში ესეც ხომ ერზე ზრუნვაა. რა ვუყოთ, რომ თვალი გაურბით და ყველას წილს ითვისებენ. მაშ როგორ! ვინც თაფლში ხელს ყოფს, ხელსაც არ ილოკავს. ამგვარი თაფლიანი ხელის მფლობელები მრავლად ჰყავს დასეული საქართველოს, მანამდე, სანამ თაფლს ხელსაც არ მიაყოლებენ.

პრივატიზაციით დაწყებული მიწების უცხოელებსა და ქართველ ბელტიყლაპიებზე უთავბოლო განიავებით, იმავე უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩუქებით, სოფელში გლეხების უმიწა-წყლოდ დატოვების მასალები გადაჩხრიკეთ, თუ ყველგან საქართველოს დამაქცევარმა სატანამ არ ამოყოს თავი.

უფასო სწავლება, უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასოდ ბინების დარიგება, გარანტირებული სამუშაო და უამრავი სოციალური სიკეთე; წინაპართა ხსოვნის თაყვანისცემა; უფროსი თაობის პატივისცემა; ოჯახის სიწმინდის დაცვა; სექსუალური გაუკუღმართების, სიბილწისა და გარყვნილების სასტიკად დევნა იმპერიული და ანტიეროვნული ყოფილა და დემოკრატიის ნიღაბაფარებული სატანის კარნახით მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი არის ეროვნულად ამოძრავება?!

ყოველგვარი სიკეთე ანტიეროვნულობისა და უბედურებისკენ რომ შეატრიალეს იმპერიულის ღრიალით, ქართულმა ენამ რაღა დააშავა, საშუალოსკოლადამთავრებულ მოსწავლეებს ქართული ენის გრამატიკაზე ელემენტარული წარმოდგენა რომ არ აქვთ და ქართული მწერლობა აბუჩად რომ არის აგდებული, ესეც იმპერიულია? იციან თუ არა, რომ მხოლოდ რუსეთის შემოსვლის შემდეგ გაიხსნა პირველი სკოლა და აქტიურად დაიწყო წერა-კითხვის სწავლება; რომ თავად-აზნაურთა ოთხმოცდაათმა პროცენტმა წერა-კითხვა არ იცოდა და განცხადებაზე ხელის მოწერის ნაცვლად ჯვარს სვამდნენ. ამჟამინდელი დამოუკიდებლობისა და მწერლობის მიმართ მართლაც იმპერიული დამოკიდებულების პირობებში გვეყოლებოდა დავით გურამიშვილი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და ქართული მწერლობის უამრავი მარგალიტები?!

რა უბედურებად ექცა საქართველოს ეროვნულ მოძრაობად წოდებული დაპროგრამებული რობოტების თარეში, ამის გამკითხავი არავინაა, პირიქით _ ყბადაღებული ევროატლანტიკური იმპერიული ამბიციების მონები კვლავ ლანძღვაცილისწამებით ესხმიან თავს ქართელი ხალხის მეგობრად და მფარველად ყოფილ რუსეთს. განა სამარცხვინო არ არის საქართველოში ევროამერიკელთა საამებლად შეთხზული სიცრუის, ცილისწამების, უმადურობისა და უსირცხვილოთა თავხედობის ნაყოფი ოკუპაციის მუზეუმი?!

ნეონაცისტ ნაციონალთა საზარელი პარპაში ქართველმა ხალხმა ქართული “ოცნებისადმი” მხარდაჭერით დაამხო, მაგრამ მათ მიერ საქართველოსთვის მიყენებული ჭრილობების შეხორცება ვერ მოხერხდა, რადგან ევროამერიკელი მფარველები გააფთრებით იცავენ თავიანთ ძაღლიშვილებს, ესენიც ამ ჭრილობებში მატლებივით ფუთფუთებენ და შეხორცების საშუალებას არ აძლევენ. ახლა მრავალ პარტიად დაიშალნენ და მედუზა გორგონას სისხლიდან გამოჩეკილი ასპიტებივით მოდებული არიან მთელ საქართველოში და ხელისუფლების მიერ გატარებულ ყოველგვარ სასიკეთო ღონისძიებებს ეტლის ბორბლებში ჯოხივით ეჩხირებიან.

ნეოფაშისტები ევროპაში რომ ვერ ბედავდნენ საბჭოთა მეომრების ობელისკების განადგურებას, ესენი აქ სპობდნენ სამამულო ომში დაღუპულ ქართველ მეომართა ობელისკებს. ვერ მოასწრეს საქართველოს დაშლა, მაგრამ ევროატლანტიკური მფარველების მიერ განებივრებული ეს უბედურება საშუალებას არ იძლევა, ქვეყანამ შვებით ამოისუნთქოს, რაც არ აძლევთ ხელს ევროამერიკელ ბატონებს, რადგან გაერთიანებული და რუსეთის მეგობარი საქართველო ასე მონურ მორჩილებაში ვეღარ ეყოლებათ.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მისი ნორმალური განვითარების საფუძველია, რომლის გასაღები რუსეთთან კეთილმეგობრობის აღდგენაა. ქვეყნის გაერთიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს, თუ, ევროამერიკელთა გოშია კი არა, რუსეთის მეგობარი იქნება. თუ არა, ნატოს ნოტებზე მორგებულმა წკავწკავმა შეიძლება უმადურობით განაწყენებული ერთმორწმუნე, სამეგობროდ განწყობილი ქვეყანა ისეთ მტრად გვიქციოს, რომ ქართველი ერის მფარველმა ღვთაებამაც ვეღარ გვიშველოს.

მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც ევროკავშირსა და ნატოს ველაქუცებით და რა მოგვცა ამან? _ დემოკრატიად შენიღბული იმპერიული ამბიციებისადმი მონური მორჩილება!

თუ რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი თავისი ხალხის სასიკეთოდ გაისარჯა ისე, რომ ამერიკა-ნატოს ინტერესებს ვერ მოერგო, მტრის ბრალდებით უნდა დაემხოს. კაცობრიობის ხსოვნას სამარცხვინოდ შემორჩება სერბეთის, ერაყის, ლიბიის დარბევა, სლობოდან მილოშევიჩის, სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის მკვლელობები. ამგვარი ბედი ელოდებოდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადსაც, ვენესუელელი ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, ბელარუსის პრეზიდენტად ამომრჩეველთა ხმების 80 პროცენტზე მეტით არჩეულ ალექსანდრე ლუკაშენკოს. აქ კი რუსეთმა შეაჩერა მათი აგრესია და მთელ კაცობრიობას ამცნო, რომ მსოფლიო ჟანდარმის დაუსჯელად პარპაშის დრო ამოიწურა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის გახურებული მზადებაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის ფონზე. მოზღვავდა პარტიების ხვავრიელი შეპირებები. 200-ზე მეტი პარტიაა საქართველოში, ყველა ცდილობს, ბიუჯეტიდან დასაფინანსებელთა სიაში შეაღწიოს, თორემ თვითონაც და ხალხმაც კარგად იციან, რის მაქნისები არიან; სასაცილო შეპირება კი კანონით არ ისჯება.

ყველაზე ენერგიულმა ნაციონალმა ასპიტებმა დატბორეს ეთერი. ძალაუფლება და მისკენ ლტოლვა ისე რყვნის თავქარიან ადამიანს, რომ დაუნდობელ მხეცად აქცევს. დაუსჯელობის ილუზიის ბურუსში იქნევს განუკითხაობის მახვილს ეს ქინქლა. რა ცოდვაც აწევთ ზურგზე ნაცისტ ნაციონალებს, წლების სიმრავლე ვერ გაახუნებს. ახლა სადმე მღვიმეში შემალულები მუხლმოყრით შენდობას უნდა ითხოვდნენ, მაგრამ მფარველი ბატონების ერთგული ძაღლიშვილები გაცოფებით იწევენ ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

მხოლოდ “ქართული ოცნებაა”, დინჯად რომ განაგრძობს საქმიანობას, მიუხედავად ზოგიერთი დაპირების შეუსრულებლობისა. რა გაეწყობა, ევრო-ამერიკელ მბრძანებლებსაც ხომ აქვთ თვიანთი ინტერესები. ხელმოცარული თუ პარაზიტი პარტიები, ცალკეული პოლიტიკოსები და განაწყენებული ბღენძი ბატონკაცები ერთად ესხმიან თავსქართულ ოცნებასარეულობის, ქვეყნის სტაბილურობის ამღვრევის პირობებში თბილი ადგილის მონადირების იმედით.

ფრთხილად, საქართველო! თუ ოდესმე განსაცდელის წინაშე მდგარხარ, ახლა იმაზე საზარელი განსაცდელი უბეში გიძვრება!

გივი სომხიშვილი, მწერალი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here