Home რუბრიკები პოლიტიკა ერთხელ მაინც ხმამაღლა ვთქვათ ის, რისი თქმაც ილჰამ ალიევმა გაბედა!

ერთხელ მაინც ხმამაღლა ვთქვათ ის, რისი თქმაც ილჰამ ალიევმა გაბედა!

სიმართლე მწარე, მაგრამ ძალიან, ძალიან ძლიერი იარაღია

4636
ერთხელ მაინც ხმამაღლა ვთქვათ ის, რისი თქმაც ილჰამ ალიევმა გაბედა!

სომხეთისა და აზერბაიჯანის  დაპირისპირება საქართველოსაც გვარიანად ემუქრება. ხმამაღლა თითქმის არავინ არ ამბობს, რომ ბრძოლები არა მთიან ყარაბაღში, არამედ საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში, თოვუზში, მიმდინარეობს და დაპირისპირების ადგილიდან დაახლოებით 4 კილომეტრში რამდენიმე ენერგომაგისტრალი გადის და ისინი საქართველოს უკავშირდება. ლაპარაკია ნავთობსადენებზე _ ბაქოთბილისიჯეიჰანსა და ბაქოთბილისისუფსაზე, აგრეთვე, ბუნებრივი აირის მილსადენზე ბაქოთბილისიერზურუმი და რკინიგზის ხაზზე ბაქოთბილისიყარსი. საკმარისია, რომელიმე მხარემ არასწორი მიმართულებით გაისროლოს, საქართველო სერიოზული პრობლემის წინაშე დადგება. რაც მთავარია, ქართველი პოლიტიკოსები ორ მეზობელ ქვეყანას შორის მიმდინარე კონფლიქტზე დუმილს ამჯობინებენ და შუამავლის როლსაც კი არ სთავაზობენ.

სამაგიეროდ, ილჰამ ალიევმა ძალიან მკაფიო და ხმამაღალი განცხადება გააკეთა, ისეთი, როგორსაც საქართველოში, სამწუხაროდ, ვერავინ გაბედავს.

სომხეთში მომხდარირევოლუციასოროსისა და მასთან დაახლოებული წრეების მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია იყო. დიახ, სომეხ ხალხს ეზიზღებოდა წინა მთავრობა და ამას არც მალავდა. სომხეთის წინა მთავრობა ამ ზიზღის ღირსი იყო, მაგრამ მათი შემცვლელი დაჯგუფება წინამორბედებისგან დიდად არ განსხვავდება. შემთხვევითი არ არის, რომ სოროსის ფონდმა სომხეთს 600 მილიონი დოლარი გამოუყო პანდემიასთან ბრძოლისთვის. პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვა რომელ ქვეყანას გაუწია სოროსის ფონდმა დახმარება? _ არც ერთს. აზერბაიჯანში სოროსის ფონდის კვალიც კი არ დარჩა, რადგან ისინი აქ პროვოკაციებით იყვენენ დაკავებულნი და ახალგაზრდების აზროვნებას წამლავდნენ. მათ სურდათ, ახალგაზრდები საკუთარი მთავრობის წინააღმდეგ აემხედრებინათ, ამიტომ ისინი აზერბაიჯანში აღარ არიან, მაგრამ  გაშალეს ფრთები სომხეთში და ამას არც მალავენ. ჩვენ ვიცით, რომ სომხეთის მოქმედი მთავრობა ფულს სოროსის ფონდისგან იღებს, ისინი არიან აგენტები და სოროსის დაკვეთას ასრულებენ, _ განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პირველმა პირმა დიპლომატიურად აარიდა თავი საქართველოს ხსენებას, სადაც იმავე სოროსის დაფინანსებით 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა (და არა რევოლუცია) და ხელისუფლებაში სწორედ სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების ლიდერები მოვიდნენ. რა მივიღეთ აქედან, ყველამ კარგად იცის და, სულ რაღაც 2 წელი გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მოსახლეობა მიმხვდარიყო, სოროსის ფულს სუნიც ჰქონდა და გემოც _ ორივე შემთხვევაში ეს იყო სისხლი და სისხლის სუნზე დაგეშილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს, მაგრამ ეს მათთვის ტრაგედია კი არა, სტატისტიკა იყო და ასეა დღემდე. არავის, არც ერთ არასამთავრობოს არ უთქვამს: მოდი, გამოვიძიოთ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული და პასუხი ვაგებინოთო. რატომ? იმიტომ, რომ ეს არასამთავრობოები კვლავ სოროსის ჯიბიდან ფინანსდებიან და კვლავ ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებიან. რომელ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ აამღვრია წყალი სოროსმა? ლამის მთელი აფრიკა ცერცხლის ალში გახვია, აზიური თუ არაბული გაზაფხულიც მისი დაფინანსებული იყო და ამ ყველაფერს ამერიკა მხარს ორივე ხელით უჭერდა.

კულუარულად (მათ შორის, საქართველოშიც) ილჰამ ალიევს დიქტატორად მოიხსენიებენ. მაგრამ მოდი, თვალი გავუსწოროთ რეალობას _ რომელი ყოფა სჯობს: აზერბაიჯანის მოქალაქეების, რომლებიც თურმე დიქტატის ქვეშ არიან, თუ ჩვენი? სად არის დასაქმების უფრო მაღალი დონე, სად იხდიან უფრო მაღალ ხელფასს და სად აქვთ უფრო მაღალი პენსია? რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში; იმ აზერბაიჯანში, რომელიც ამერიკას არ ემონება და, როგორ გგონიათ, არ აქვთ ამერიკელებს სურვილი, ალიევი შეცვალონ და ქვეყნის სათავეში ისეთი პირი მოიყვანონ, რომელიც მათ დაემორჩილება და საქართველოს ხელისუფლების დარად, გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მიიღებს, როგორ განწყობაზეც ქვეყანაში მყოფ ელჩს გაეღვიძება?! თუმცა, ამერიკელთა ყველა მცდელობა აზერბაიჯანის ლიდერმა ჩანასახშივე მოკლა, არ მისცა უფლება არასამთავრობოებს, სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადება დაეწყოთ და ამერიკამ აზერბაიჯანს ძვრა ვერ უყო. ეს იმიტომ, რომ იქაურები მიხვდნენ, მონობის უღელს უმზადებდნენ და არ დაიდგეს, არ დანებდნენ. რაც მთავარია, ამ ყველაფრის პარალელურად, ვერავინ ვერ იტყვის, რომ აზერბაიჯანს მტრული დამოკიდებულება აქვს ამერიკასთან ან რუსეთთან. ალიევს არასოდეს არ უთქვამს, რომ რუსეთი მტერია და ეს, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო უკიჟინებს: ყარაბაღის კონფლიქტი რუსეთმა გამოიწვია და ტერიტორია სომხებმა სწორედ რუსეთის დახმარებით წაგართვესო. .. შესაძლებელი ყოფილა, რომ ქვეყანას, რომელიც სტრატეგიულ რეგიონში მდებარეობს, ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდეს როგორც რუსეთთან, ისე ამერიკასთან და, რაც მთავარია, მონობის უღელი არ ედგას.

ასეთ მაგალითებზე სწავლა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს და ამას ერთადერთი მიზეზი აქვს _ ჯერ წინა, შემდეგ კი ამჟამინდელი ხელისუფლება მიეჩვია დასავლეთიდან წამოსულ საჩუქრებს, მილიონობით დოლარს და ისეა ბოლო ცენტამდე დათვლილ-გათვლილი, სად და როგორ უნდა გადანაწილდეს ეს თანხები, რომ აგერ, 15 მილიონს ჩამოგაჭრითო, როგორც კი წამოსცდათ ამერიკელებს, მაშინვე პანიკა ატყდა, წერილი წერილზე გაიგზავნა: ნუ დაგვღუპავთ, ეგ 15 მილიონი ძალიან გვჭირდებაო. არადა, 15 მილიონი დოლარი 45 მილიონ ლარზე ცოტა მეტია, ანუ იმ თანხის მესამედიც კი არ არის, რამდენიც, მაგალითად, 2018-19 წლებში საქართველოს ხელისუფლებამ ავტოპარკის განახლებაზე დახარჯა. ამით იმის თქმა გვინდა, რომ საქართველოს ბიუჯეტისთვისაც კი ეს 45 მილიონი ზღვაში წვეთია, მაგრამ, აბა ეს თანხა რამდენიმე ადამიანზე გადაანაწილეთ, ნახავთ, რომ საკმაოდ მსუყე ლუკმაა.

საქართველო პარადოქსების ქვეყანა რომ არის, კარგად მოგეხსენებათ და მაშინ, როცა რიგით ადამიანებს შიმშილისგან ლამის სული გასძვრეთ, ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 100 ახალი მილიონერი ემატება. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად  მილიონერი გაცილებით მეტია, უბრალოდ, ვიღაცები ამ თანხებს ვერ აჩენენ, მერე ახსნა რომ არ მოუწიოთ, საიდან და როგორ იშოვეს ხელისუფლებაში ცალცალი კალოშით მისულებმა შვიდნიშნა ციფრიანი ქონება.

გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანის მაგალითზე არ ვსწავლობთ, არც მეორე მეზობელ სომხეთს ვეუბნებით: სოროსის ფონდიდან მიღებული ფული დაგღუპავთ, მონებად გაქცევთ და საბოლოოდ ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანთო. სოროსის ძუძუზე ჩვენც ვართ ჩამოკიდებული და არ შეიძლება იმ ხელის კბენა, რომლიდანაც საკვებს იღებ და მერე რა, რომ ეს საკვები მოწამლულია, არ შეგვრგებია და არც არასოდეს შეგვერგება, რამდენიმე ათეული ადამიანი ხომ სარგებლობს და წარმატებითაც?! ამ ამბავში ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? საყოველთაო მოსაზრებით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთს რუსეთი ეხმარება როგორც ფულით, ასევე იარაღით. არადა, აზერბაიჯანის პირველი პირი ამბობს, _ რუსეთი კი არა, სოროსი ეხმარება სომხებს და ამის მცდელობა ჩვენთანაც ჰქონდაო. ანუ, სოროსის ფონდი მზად იყო, ორივე სახელმწიფოს დახმარებოდა, იმათ კი ეომათ და თვითონ გვერდიდან ეყურებინა. შემდეგ  ბრძოლით დასუსტებული ქვეყნების დამონება უფრო მარტივი იქნებოდა და დანგრეული და განადგურებული ეკონომიკისთვის უკვე 600 კი არა, 40-50 მილიონიც მისწრება იქნებოდა. ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოში გაკეთდა და 21- საუკუნეში მუდმივი ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით კმაყოფილმა ხალხმა ახალ ხელისუფლებას დითირამბები უძღვნა. ჰო, სწორედ მუდმივი ბუნებრივი აირისა  და ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება იყო პირველი, რითაც იმხანად ერი გააოცეს და მონობის უღელზე პირველი თასმა ამოუჭირეს.

ისე, თუ დააკვირდებით, ამერიკამ პროტესტი ვერ გამოთქვა ალიევის განცხადებაზე, იმიტომ, რომ ამერიკის ელჩი ვერ იბარებს თავის რეზიდენციაში აზერბაიჯანის მინისტრებს, მაგიდაზე მუშტს ვერ უბრახუნებს ქვეყნის პირველ პირს, ამერიკელი კონგრესმენები ვერ ბედავენ მითითებების მიცემას, ვინ უნდა იჯდეს ციხეში, ვინ _ არა  და როგორი სისტემით ჩატარდეს არჩევნები.

აზერბაიჯანელებს არც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ხიბლი აქვთ და არც ჩამოწერილი “ჯაველინები” სჭირდებათ კატასტროფულ ფასად. მათ ღირსება აღმოაჩნდათ, თავიანთ ქვეყანაზე ფიქრობენ და სწორედ ამიტომ კულუარებში დიქტატორად გამოცხადებულ ილჰამ ალიევის ქვეყანაში რიგითი ადამიანები ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ, უმუშევრობის დონეც ჩვენზე დაბალია,  პენსიონერებსაც გაცილებით ღირსეული პენსია აქვთ და ქვეყანაც ქვეყანას ჰგავს, რომლის წარმომადგენლებსაც ისე უყურებენ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებს და არა როგორც დაპყრობილი ქვეყნის რიგით მოხელეებს. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და ბოლოს და ბოლოს გავბედოთ და ხმამაღლა ვთქვათ ის, რისი თქმაც ალიევმა გაბედა და სიტყვაც ვერავინ ვერ შეუბრუნა. სიმართლე მწარე, მაგრამ ძალიან, ძალიან ძლიერი იარაღია.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here