Home რუბრიკები პოლიტიკა ერდოღანი საკუთარ პარტიას დაერია

ერდოღანი საკუთარ პარტიას დაერია

1924
ერდოღანი

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთშიწმენდისახალი ტალღა დაიწყო. თუ ადრე მის ძირითად სამიზნეს ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული სამხედროები და საზოგადო მოღვაწეები წარმოადგენდნენ, ამჯერად ყურადღება საკუთარი პარტიის ელიტაზე გადაიტანა. საინტერესოა, რა მოტივები ამოძრავებს მეზობელი ქვეყნის ლიდერს.

“სამართლიანობისა და განვითარების პარტია” ხელისუფლებაში 15 წლის წინათ, 2002-ში, მოვიდა. თავიდან მას დინამიური, რეფორმატორული ძალის იმიჯი ჰქონდა და ის საკმაოდ ოსტატურად უთავსებდა ერთმანეთს ისლამისტურ კონსერვატიზმსა და ევროკავშირში გაერთიანებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. მას კოლექტიური ხელმძღვანელობა ჰყავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერდოღანის წონა თურქულ პოლიტიკაში მკვეთრად გაიზარდა, პარტიის ზედა რგოლში დაახლოებით იგივე მოხდა, რაც საბჭოთა პოლიტბიუროში 20-30-იან წლებში – ლიდერმა განსაკუთრებული სტატუსი მიიღო, ხოლო პლურალიზმი შეიზღუდა.

მას შემდეგ, რაც მაისში რეფერენდუმით გამყარებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტს შესაძლებლობა მისცა, პარტიისთვის ოფიციალურად ეხელმძღვანელა (არაოფიციალურად ისედაც მართავდა), ერდოღანმა პირობა დადო, რომ პარტიას განაახლებს. თავიდან ის არაპოპულარულ, კორუფციაში ეჭვმიტანილ პირებს იცილებდა, შემდგომ კი პარტიის ვეტერანებს მიადგა. სექტემბრის ბოლოს “საკუთარი სურვილით” თანამდებობა სტამბულის მერმა კადირ თოფბაშმა დატოვა. მან მერის არჩევნები სამჯერ 2004, 2009 და 2014 წლებში მოიგო. გადადგომას მისი სიძის დაპატიმრებას უკავშირებენ, რომელიც ეჭვმიტანილია გიულენთან კავშირში, აგრეთვე, იმას, რომ ერდოღანმა (რომელიც სტამბულის მერი 1994-98 წლებში იყო) არ აპატია თოფბაშს, რომ ამ ქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა რეფერენდუმის მონაწილეთა 51,4%-მა მისცა. თუმცა მთავარი, სავარაუდოდ, ისაა, რომ თოფბაში თურქული პოლიტიკის გავლენიანი ვეტერანი იყო, რომელსაც ერდოღანი სრულად ვერ აკონტროლებდა.

ერთ თვეში მერს ანკარაც დაემშვიდობა _ მელიჰ გეკჩეკმა განაცხადა, რომ თანამდებობას პრეზიდენტის თხოვნით ტოვებს. ბელიკესირის მერი აჰმედ უგური ატირდა, როდესაც გადადგომის შესახებ განცხადებას აკეთებდა და თქვა, რომ თანამდებობას იმ მუქარების გამო ტოვებს, რომელსაც მისი ოჯახი იღებს. უგურმა მმართველი პარტიაც დატოვა, მაშინ, როდესაც სხვებს ეს არ გაუკეთებიათ, მათ შორის ბურსას, დუზჯესა და ნიგდეს მერებს, რომლებიც “პირადი განცხადების საფუძველზე” წავიდნენ. ყველაზე სიმტომატური ისაა, რომ პოსტებს დემოკრატიულად არჩეული მერები ტოვებენ, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მათ დასარწმუნებლად მეტად დამაჯერებელი არგუმენტები იპოვა.

ეს იმ ტენდენციის გაგრძელებაა, რომელიც ორი საკვანძო ფიგურის _ ყოფილი პრეზიდენტის, გიულის, და საგარეო საქმეთა მინისტრის, “ნეოოსმანური” საგარეო პოლიტიკის შემქმნელის, დავუთოღლუს, ჩამოშორებით დაიწყო. ფორმალურად, ორივემ პოლიტიკა “საკუთარი ნებით” დატოვა. ორივე საკმაოდ ავტორიტეტული ლიდერი იყო, ორივეს შეეძლო, ერდოღანთან კამათში შესულიყო და მისთვის წინააღმდეგობა გაეწია და ამ მხრივ, პრეზიდენტის მოტივი გასაგებია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბევრმა მმართველმა თავის დროზე მწარედ ინანა, რომ მათ გარემოცვაში კრიტიკულ მომენტში არ აღმოჩნდა არც ერთი პირი, რომელიც “არა”-ს ეტყოდა.

შიდაპარტიულ წმენდას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს. ნებისმიერ მმართველ ძალას, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს და თანდათან შლის ზღვარს პარტიასა და სახელმწიფოს შორის, დეიდეოლოგიზაცია ახასიათებს (ამ კონტექსტში ჩვენ შეგვიძლია თუნდაც “ქართული ოცნება” გავიხსენოთ). მას სურს, იდეების ჭიდილზე (“მემარჯვენე-მემარცხენე”, “კონსრვატორი-ლიბერალი” და ა.შ.) მაღლა დადგეს და ამომრჩეველი ყველა მხრიდან მოიზიდოს. ადრე “თანასწორობისა და განვითარების პარტია” განიხილებოდა, როგორც (მართალია, ზომიერი, მაგრამ მაინც) ისლამისტური ძალა, რომელიც ქემალისტებს უპირისპირდებოდა, მაგრამ ახლახან ერდოღანმა გააკეთა ისეთი რამ, რამაც მისი მოკავშირეებიც და ოპონენტებიც გააკვირვა.

არავინ მოელოდა, რომ ერდოღანი მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 79- წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაზე მივიდოდა და წარმოთქვამდა სიტყვას, რომელშიც თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებელი ხაზგასმული პატივისცემით მოიხსენია. ადრე ერდოღანი და მისი თანაპარტიელები ათათურქს პატივს მეტწილად ფორმალურად მიაგებდნენ და მისი სახელის ზედმეტ ხსენებას შეძლებისდაგვარად თავს არიდებდნენ. ახლა ყველაფერი შეიცვალა; ამ გამოსვლით ერდოღანმა ქემალისტებს ხელი გაუწოდა, რათა ახალი მხარდამჭერები მოიზიდოს _ ეს შეუძლებელი იქნებოდა თუ საკუთარ პარტიაში მკვეთრად დომინანტურ მდგომარებას არ მიაღწევდა და ზედმეტად იდეოლოგიზებულ თანამებრძოლებს არ ჩამოიშორებდა.

ათიოდე წლის წინათ მმართველ პარტიაში პლურალიზმი სუფევდა და მისი დეპუტატები ხმას ხშირად საკუთარი მთავრობის ინიციატივების წინააღმდეგ აძლევდნენ, ახლა ეს წარმოუდგენელია. წინა წლებში უცხოელი ანალიტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იდეოლოგიასა და თურქულ პოლიტიკას, უპირველესად, ქემალისტებისა და ისლამისტების ბრძოლის ჭრილში განიხილავდნენ, ბოლო დროს კი ნათლად გამოჩნდა, რომ ერდოღანი ცდილობს, შეარბილოს ეს წინააღმდეგობა და თქვას ის, რაც მაქსიმალურ მხარდაჭერას მოუტანს, მიუხედავად იმისა, რას ითვალისწინებდა ათიოდე წლის წინათ მისი პარტიის გენერალური ხაზი. იგივე შეიძლება ითქვას საგარეო პოლიტიკაზეც _ ერდოღანის ხელისუფლებისთვის ცალსახა პრიორიტეტები არ არსებობს. საჭიროებიდან გამომდინარე, ის შეიძლება ამერიკის ან რუსეთის მოკავშირედ მოგვევლინოს, გაამძაფროს ან პირიქით _ შეარბილოს კონფლიქტი ევროკავშირთან და .. თუ ვინმე ამ მანევრების უკან მწყობრ სტრატეგიას დაინახავს და მასნეოოსმანურსუწოდებს, თურქეთის პრეზიდენტს ეს, სავარაუდოდ, მოეწონება.

თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო არენაზე ბოლო დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა. ყველაფერი დაიწყო 2013 წლის შემოდგომაზე ეგვიპტეში პრეზიდენტ მუჰამედ მურსის ჩამოგდებით და მისი მხარდამჭერი “მუსლიმი ძმების” აკრძალვით, რომელსაც თურქეთი მხარს უჭერდა. შემდეგ თურქეთი აქტიურად ჩაერთო სირიაში განვითარებულ პროცესებში და ფსონი ასადის სწრაფ დამხობაზე დადო, თუმცა შემდგომ იძულებული გახდა, მიდგომა შეეცვალა _ წასულიყო გარიგებაზე რუსეთთან, ირანთან და თვით ასადთანაც კი და წამოეწყო სახმელეთო ოპერაცია ჩრდილოეთ სირიაში, რათა ქურთების ამბიციები შეეზღუდა. ეს მსხვერპლისა და საიმიჯო დანაკარგების ფასად დაუჯდა. თურქეთში 3 მილიონამდე სირიელი ლტოლვილი გადმოვიდა, რამაც მთელი რიგი ჰუმანიტარული და სოციალური პრობლემები წარმოქმნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არაბული გაზაფხულისდასაწყისში თურქეთის ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ სახელმწიფოს განვითარების თურქული მოდელი რეგიონის ქვეყნებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდებოდა, რაც ბუნებრივად გაზრდიდა მის ავტორიტეტს და გავლენას, მაგრამ ეს არ მომხდარა. ყოველივე ამას დაემატა უკიდურესად გართულებული ურთიერთობა ევროკავშირთან, რომელიც ძალიან აღიზიანებს თურქპროდასავლელებს”. და ბოლოს, თურქეთის მოკავშირე ატარის ურთიერთობები არაბ მეზობლებთან მკვეთრად დაიძაბა, ის ბლოკადაში მოაქციეს. ამას ყატარში თურქული სამხედრო ბაზის გახსნა მოჰყვა, სადაც თურქი სამხედროები ადგილობრივებს გაწვრთნიან. ზოგიერთმა თურქმა კომენტატორმა ეს პოზიციების გაძლიერებად ჩათვალა, თუმცა ყოველივე მომხდარი ერდოღანს საუდის არაბეთთან და ზოგიერთ სხვა არაბულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის სერიოზული დაძაბვის ფასად დაუჯდა.

მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოების გათვალისწინება: თურქეთის ხელისუფლებას, როგორც არასდროს, სჭირდება წარმატებები საგარეო არენაზე, რადგან სიტუაცია ქვეყნის შიგნით კვლავინდებურად დაძაბულია. გადატრიალების მცდელობიდან გასულ წელიწადსა და ხუთ თვეში სამსახურიდან 150 ათასამდე ადამიანი დაითხოვეს, ხოლო 60 ათასამდე _ დააპატიმრეს. დაიხურა მასობრივი ინფორმაციის 150-მდე საშუალება, დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი 300-ს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხისტმა ნაბიჯებმა ოპოზიციას შიში ჩაუნერგა და გაერთიანების შესაძლებლობა არ მისცა, ქვეყანაში ძალიან ბევრი უკმაყოფილოა, რომლებიც ელოდებიან მომენტს, რათა შური იძიონ და ისინი (ფრთხილად, მაგრამ გამუდმებით) უკმაყოფილებას გამოხატავენ. მოსახლეობას, აგრეთვე, არ მოსწონს, რომ ბოლო ორ წელიწადში ტერაქტების რაოდენობამ, განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებში, მკვეთრად იმატა.

პუტჩის მცდელობის შემდეგ მნიშვნელოვანი პრობლემები ეკონომიკაშიც შეიქმნა, თუმცა ოპოზიცია სუსტია იმისთვის, რომ მმართველ პარტიას სერიოზული ბრძოლა გაუმართოს. “მთავარი ოპოზიციური ძალაეროვნულრესპუბლიკური პარტიაა, რომელსაც, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება 25%-იანი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. ეს კი ხელისუფლების შესაცვლელად არასაკმარისია, თანაც, ერდოღანის პარტიისგან განსხვავებით, ის “ჩაკეტილია” თავის იდეოლოგიურ ნიშაში და შეუძლია მხოლოდ ქემალისტური ელექტორატის ნაწილზე იმუშავოს. ოპოზიციას სჭირდება კანდიდატი, რომელიც ერდოღანის ყველა მოწინააღმდეგეს გააერთიანებს. ზოგიერთი ექსპერტი მიანიშნებს, რომ ასეთად შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი _ აბდულა გიული იქცეს, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ საუბრებია.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლების ლოზუნგია “ნოლი პრობლემა მეზობლებთან”, საქართველოს მეტი სიფრთხილე მართებს _ რაც უფრო არაპროგნოზირებადი გახდება სიტუაცია თურქეთში, მით უფრო გაიზრდება მკვეთრი, მოულოდნელი ნაბიჯების გადადგმის ალბათობა განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომლისკენაც ერდოღანის ხელისუფლებას “დაბალი ღობე” ეგულება, ხოლო, თუ სად მდებარეობს “დაბალი ღობე” თურქეთის სამეზობლოში, ალბათ, ყველასთვის ცხადია.

ლუკა ნემსაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here