Home რუბრიკები სპორტი ევროპის ჩემპიონატი _ 2020: სად გაიმართება, როდის და რომელი ქვეყნების მონაწილეობით

ევროპის ჩემპიონატი _ 2020: სად გაიმართება, როდის და რომელი ქვეყნების მონაწილეობით

1254
ევროპის ჩემპიონატი _ 2020: სად გაიმართება, როდის და რომელი ქვეყნების მონაწილეობით

სრულიად საქართველო მოუთმენლად ელოდა ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდებოდა. ამ მატჩში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს დაეუფლებოდა _ ეს პირველად მოხდებოდა როგორც დამოუკიდებელი საქართველოს, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიის ისტორიაში.

ქალაქები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
ქალაქები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

მატჩის წინ, რომელიც 12 ნოემბერს “დინამო არენაზე” გაიმართა, საქართველოს ნაკრებს წამყვანი ფეხბურთელები გამოაკლდნენ: კორონავირუსით დაინფიცირდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ და ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვეს. ფეხბურთელები აკლდა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებსაც.

ევროპის ჩემპიონატი _ 2020: სად გაიმართება, როდის და რომელი ქვეყნების მონაწილეობით

მატჩის პირველ ნახევარში ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ მეორე ტაიმში მაკედონიელებმა სისწრაფეს მოუმატეს, პრესინგი გააძლიერეს და კაპიტანმა, 37 წლის გორან პანდევმა, 56-ე წუთზე ბურთი გაგვიტანა. ამ გოლით პანდევმა თავის გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა. საქართველოს ნაკრებს კი, რომელსაც ერთი ნაბიჯი აკლდა პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ფინალურ სტადიამდე, ოცნება დაუმსხვრია და ქართველებს დღე, რომელიც საზეიმო უნდა ყოფილიყო, კოშმარად გვიქცია.

ევროპის პირველ ჩემპიონატში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრები
ევროპის პირველ ჩემპიონატში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრები

ახლა თავი იმით უნდა ვინუგეშოთ, რომ საქართველოს ნაკრები პერსპექტიული გუნდია და სამომავლოდ უთუოდ მიაღწევს წარმატებებს,

ისიც აღსანიშნავია, რომ ევროპის პირველი ჩემპიონის (1960 .) საბჭოთა ნაკრების ღირსებას სამი ქართველი ფეხბურთელი იცავდა: გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი, მეოთხე კი _ ზაურ კალოევი სათადარიგოთა შორის იყო.

მიხეილ მესხი
მიხეილ მესხი

12 ნოემბერს გამოვლინდა 2021 წლის გასამართი ევრო-2020-ის ფინალური ტურნირის ბოლო ოთხი მონაწილე: სხვა 20 ეროვნულ ნაკრებთან ერთადფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს: ჩრდილოეთ მაკედონიამ, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და შოტლანდიამ.

გივი ჩოხელი
გივი ჩოხელი

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატში, რომელიც 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება, მონაწილეობს 24 გუნდი, რომლებიც 6 ჯგუფში (A, B, C, D, E, F) არიან განაწილებულნი.

ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება 11 ქვეყნის (უეფას 12 ასოციაციის) 12 ქალაქის 12 სტადიონზე. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ 2020 წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს 60 წელი შეუსრულდა. მოგვიანებით კი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო უეფამ ტურნირი 2021 წლისთვის გადაიტანა.

უეფამ კონტინენტის ჩემპიონატის მასპინძლებად შემდეგი ქვეყნები დაასახელა: აზერბაიჯანი, ინგლისი, უნგრეთი, გერმანია, დანია, ირლანდია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, რუსეთი, რუმინეთი და შოტლანდია.

სლავა მეტრეველი
სლავა მეტრეველი

მატჩები გაიმართება შემდეგ სტადიონებზე:

უემბლი(90 ათასი), ლონდონი; ალიანც არენა (75 ათასი), მიუნხენი; ოლიმპიური სტადიონი (70 ათასი), ბაქო; ოლიმპიური სტადიონი (72690), რომი; გაზპრომ არენა (68 ათასი), სანქტ-პეტერბურგი; პუშკაშ არენა (67,215) ბუდაპეშტი; არენა ნაციონალა (55600) ბუქარესტი; იოჰან კრუიდის სახელობის არენა (54990) ამსტერდამი; სანმამესი (53322) ბილბაო; ჰემპდენ პარკი (52 ათასი), გლაზგო; ავივა სტედიუმი (51700) დუბლინი; პარკენ სტუდიუმი (38065) კოპენჰაგენი.

ტურნირის გახსნის მატჩი იტალიასა და თურქეთს შორის გაიმართება ოლიმპიურ სტადიონზე რომში; ფინალური მატჩი კი _ “უემბლიზე” ლონდონში.

ევროპის ჩემპიონები იყვნენ:

* გერმანია _ 3;

* ესპანეთი _ 3;

* საფრანგეთი _ 2;

* სსრკ, იტალია, პორტუგალია, ნიდერლანდები, ჩეხოსლოვაკია, დანია, საბერძნეთი _ 1.

ფავორიტები

ექსპერტები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტებად ასახელებენ 6 ნაკრებს:

* პორტუგალია _ კოეფიციენტი 4,96;

* საფრანგეთი _ 5,05

* ბელგია _ 6,1;

* ნიდერლანდები _ 7,8;

* გერმანია _ 8,9;

* ესპანეთი _ 9,0.

ცნობისთვის:

60 წლის წინათ, 1960 წლის 6-10 ივნისს, საფრანგეთში გაიმართა ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა 4 ქვეყნის ეროვნული გუნდები _ საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიისა და საბჭოთა კავშირის. ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა საბჭოთა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც იცავდნენ:

მეკარეები: ლევ იაშინი და ვლადიმერ მასლიჩენკო;

მცველები: ვლადიმერ კესარევი, გივი ჩოხელი, ანატოლი მასლიანკინი, ანატოლი კრეტიკოვი;

ნახევარმცველები: იური ვოინოვი, იგორ ნეტო, ვიქტორ ცარიოვი;

თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ვალენტინ ივანოვი, ვიქტორ პონედელნიკი, მიხეილ მესხი, ვალენტინ ბუბუკინი, იური კოვალიოვი, გერმან აპუხტინი, ზაურ კალოევი.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here