მთავარი მსოფლიო ევროპა გაკოტრებების ტალღის მოლოდინში

ევროპა გაკოტრებების ტალღის მოლოდინში

1041
გააზიარეთ
ევროპა გაკოტრებების ტალღის მოლოდინში

ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდებიან, მდიდრები კი გამდიდრდებიან

იტალიურმა გამოცემა Il Giornale გამოაქვეყნა სიმბოლური ფოტო: მილანის ცენტრალურ მოედანზე სოციალური დისტანციის დაცვით კუბოს მაკეტის გვერდით დგანან გაფიცული ნიღბიანი ტაქსისტები. კუბოს აწერია: “Taxi”. ასე გამოხატეს პროტესტი იტალიელმა ტაქსისტებმა კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული მასობრივი გაკოტრების წინააღმდეგ. მსგავსი ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

ფრანგული  Le Monde რამდენიმე დღის წინათ წერდა, რომ ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო წლის მეორე ნახევარში მკვეთრად მოიმატებს გაკოტრების შემთხვევები. კრედიტების დამზღვევი Coface-ს კვლევის შედეგების მიხედვით, რომელზეც მიუთითებს გაზეთი, 2021 წლის ბოლოს საფრანგეთში გაკოტრებების რაოდენობა 21%-ით მოიმატებს. გაკოტრების საფრთხე დაემუქრება 60 ათასზე მეტ კომპანიას, რომლებშიც თითქმის 200 ათასი სამუშაო ადგილია.

ესპანეთში, _ ამტკიცებს გაზეთი, _ კრახი ელის საწარმოების 22%-ს, დიდ ბრიტანეთში _ 37%-ს, იტალიაშიც _ 37%-ს, ნიდერლანდებში _ 36%-ს, კრიზისი შეეხება მძლავრი ეკონომიკის მქონე გერმანიასაც, იქ საწარმოების 12% გაკოტრდება.

ესპანეთში ხელისუფლება თავგამოდებით ცდილობს ძალიან დაზარალებული ტურისტული სფეროს შველას. 17 ივნისს ესპანეთის მთავრობამ დაამტკიცა ტურისტული კომპანიების 2,5 მლრდ დოლარით დახმარების გეგმა, მაგრამ იმედი, რომ ევროპაში მალე დაბრუნდებიან, მაგალითად, ჩინელი ტურისტები, რომლებიც ბოლო პერიოდში ხშირად სტუმრობდნენ ბებერ კონტინენტს, ძალიან მცირეა.

მძიმე დროება ელოდება საბერძნეთსაც. ამ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა, საბიუჯეტო მონაცემები მარტში 7%-ით შემცირდა, აპრილში _ 17,2%-ით, შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა რამდენიმე მილიარდი დოლარით იზარალა.

სვლა შეანელა ევროპის ეკონომიკის ლოკომოტივმა _ გერმანიამ. “კორონავირუსის გავრცელება მიმდინარე წელს გერმანიის ეკონომიკას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის”, _ ეპიდემიის დაწყებისთანავე აფრთხილებდა გერმანელებს სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერალური გაერთიანების საგარეო ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ფოლკერ ტრაიერი.

როგორც Deutshe Wele წერს, ლაპარაკია ჩინეთში ადგილობრივი და გერმანელი ფირმების იძულებით მოცდენებზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სავაჭრო ბრუნვის შემცირებაზე მეზობელ აზიურ ქვეყნებთან, კრიზისზე ტურისტულ სფეროსა და საცალო ვაჭრობაში. ჩინეთისა და გერმანიის ხელისუფლებების მიერ დაწესებულმა საკარანტინო შეზღუდვებმა დაარღვია შესანიშნავად გამართული მიწოდებების ჯაჭვი. ამის გამო ძალიან იზარალეს ჩინეთში მოქმედმა გერმანულმა ფირმებმა, აგრეთვე, კომპანიებმა გერმანიაში, რომლებიც ჩინელი მიმწოდებლებისგან იღებდნენ ნედლეულსა და სათადარიგო ნაწილებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ, ევროპის დიდ ქვეყნებს შორის პირველმა, განაცხადა კრიზისიდან გამოსვლის პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც შედგება გადასახადების შემცირებისა და ბიზნესისთვის დასახმარებელი ღონისძიებებისგან, რომლებზეც 130 მლრდ ევრო დაიხარჯება. 1 ივლისიდან 2020 წლის ბოლომდე გერმანიაში 19-დან 16%-მდე შემცირდება დამატებითი ღირებულების გადასახადი.

ეკონომიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა მთავრობის ღონისძიებებს “ყველა დროის უდიდესი მასტიმულირებელი პროგრამა” უწოდა.

სხვა ქვეყნებს ისეთი შესაძლებლობები არ აქვთ, როგორიც გერმანიას და ევროკავშირის დახმარებაც კი შეიძლება საკმარისი არ იყოს.

ეკონომიკური რყევები ელის აყვავებულ შვეიცარიასაც _ ამ ქვეყნის მშპ შეიძლება 2,3%-ით შემცირდეს.

ევროპის მთავარი ეკონომიკური გასაჭირი არის ის, რომ ღარიბები კიდევ უფრო გაღარიბდებიან, ხოლო მდიდრები, რა თქმა უნდა, გამდიდრდებიან.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here