Home სხვადასხვა დაიჯესტი ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ

ევროპარლამენტი ევროკომისიის წინააღმდეგ

ევროკავშირის შიგნით გადატრიალება მზადდება _ ვინ ხლართავს ინტრიგებს ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ?

93

ევროპარლამენტმა სარჩელი შეიტანა ევროკომისიის წინააღმდეგ ევროკავშირის სასამართლოში იმის გამო, რომ მან არ გაააქტიურა რეგლამენტი ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების მხრიდან კანონის უზენაესობის დარღვევისთვის სასჯელის დაწესების შესახებ. ეს განცხადება რამდენიმე დღის წინათ გააკეთა ევროპარლამენტის თავმჯდომარე დავიდ სასოლიმ. ამის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა Deutsche Welle. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რომლის მიმართაც გაჩნდა კითხვა: რა ხდება?

ერთი შეხედვით, დეპუტატები დაიღალნენ ლოდინით, როდის დასჯის ბრიუსელი პოლონეთსა და უნგრეთს, რომლებიც დღეს ევროკავშირის კანონმდებლობის უზენაესობის პრინციპის მთავარ “დამრღვევებად” არიან მიჩნეულნი.

როგორც სასოლიმ აღნიშნა, ევროპარლამენტი ელოდება, რომ ევროკომისია იმოქმედებს თანმიმდევრულად და ცხოვრებაში ხორცს შეასხამს მისი პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, განცხადებას, რომელიც ვარშავას სანქციებით დაემუქრა, თუ ის დაიჟინებს, რომ ეროვნული კანონები უზენაესია ევროკავშირის კანონმდებლობაზე.

ბევრი დასავლური გამოცემა წერს, რომ სარჩელს წარმატების ცოტა შანსი აქვს და ის მხოლოდ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ემსახურება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით კი, ევროდეპუტატები სხვა ამოცანის გადაჭრას ცდილობენ. სასოლის გამოსვლიდან მეორე დღეს პოლონეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ლეშეკ მილერმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ასეთი განცხადება გამოაქვეყნა:ურსულა ფონ დერ ლაიენი ელოდა, ელოდა და მოესწრო. ევროპარლამენტმა ევროკავშირის სასამართოში სარჩელი შეიტანა ევროკომისიის წინააღმდეგ პასიურობისა და იმისთვის, რომ არ გამოიყენა პრინციპიფული კანონის უზენაესობის ნაცვლად”. ამ საკითხზე დადგენილება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. შემდეგი ნაბიჯი ევროკომისიისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებაა”.

ევროკომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის იძულება ძალიან რთული საქმეა. ამისთვის ევროპარლამენტმა დეპუტატების კორპუსის ხმების ორი მესამედით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი რამ კი ევროკავშირის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. უფრო მარტივია რამდენიმე ევროკომისრის გადაყენება. მათი დათხოვნა დაკავებული თანამდებობიდან შეუძლია ევროკავშირის სასამართლოს ან ევროკომისიის პრეზიდენტს ევროკომისიის წევრების უმრავლესობის მხარდაჭერით. ის, რომ ევროკავშირის დეპუტატებმა სასამართლოს მიმართეს და ისინი ხშირად ახსენებენ ურსულა ფონ დერ ლაიენს, შემთხვევითი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ევროკომიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის სარჩელის ინიციატორია ფრაქცია “ევროპის განახლებისთვის”. როგორც ფრაქციის ლიდერმა სტეფან სეჟურნემ განაცხადა, “ევროკომისიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა ადვილი საქმე არ იყო, მაგრამ აუცილებელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები მოქმედებდნენ, როცა ევროკავშირის საფუძვლებსა და მისი ხალხების თავისუფლებას საფრთხე ემუქრება”.

ზემოაღნიშნული ფრაქცია _ ეს არის დეპუტატების ჯგუფი, რომელიც მემკვიდრეა ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსისა ევროპისთვის. ეს ალიანსი ევროპარლამენტში 2004-დან 2019 წლამდე არსებობდა. 2019 წლის მაისში ალიანსის ხელმძღვანელმა გი ვერჰოფსტადმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ჯგუფი დაიშლებოდა და ჩამოაყალიბებდა ახალ კავშირს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოძრაობა “აღორძინებასთან”.

ასე გამოჩნდა “ფრანგული კვალი” ამ ისტორიაში. სხვათა შორის, თვითონ სეჟურნე მაკრონის მიერ მხარდაჭერილი ახალაზრდა ფრანგი პოლიტიკოსია. ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ გერმანიის კანცლერის პოსტიდან ანგელა მერკელის წასვლის შემდეგ პარიზს სურს, ბერლინს წაართვას ინიციატივა და დაიკისროს პასუხისმგებლობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. მანამდე კი მოუწევს, თავიდან მოიცილოს ის პირები, რომელთა დაწინაურებაშიც ევროკავშირის ხელმძღვანელობაში მერკელს დიდი წვლილი მიუძღვის. მათგან ერთერთია ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტიდან ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩამოსაშორებლად ან, სულ ცოტა, მისი პოზიციების შესასუტებლად პარიზმა სიტუაციური მოკავშირეები შეიძლება თვითონ გერმანიაშიც იპოვოს. გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგი) არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკულმა გამოცემა Pოლიტიცო-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ეწერა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სავარაუდო გამარჯვება საფრთხეს შეუქმნიდა ანგელა მერკელისა და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალისტური კავშირის ალიანსის პროტეჟე ურსულა ფონ დერ ლაიენს.

როდესაც ის წარადგინეს ევროკავშირში 2019 წელს, მისი ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი ბერლინსა და ბრიუსელში იყვნენ გერმანელი სოციალდემოკრატები, _ წერს Politico, _ ნებისმიერი დაძაბულობა ბერლინსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის მას აიძულებს, დაცვა პარიზში ეძებოს და ეს კიდევ უფრო ძლიერ დისბალანსს შექმნის პარიზის სასარგებლოდ”.

მაგრამ რა მოხდება, თუ საფრანგეთი დიდ თამაშს წამოიწყებს _ გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შესთავაზებს, ერთობლივი ძალისხმევით მოაწყონ გადატრიალება ევროკავშირში და ისინი სცენიდან გააქრობენ ევროკომისიის პრეზიდენტსა და კიდევ რამდენიმე “ხელისშემშლელ” ევროკომისარს? _ ასეთ შემთხვევაში ევროკომისიის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში პოლონეთის მოხსენება მხოლოდ საფარველის შექმნის მცდელობაა, რათა დაემალათ ჭეშმარიტი ზრახვები. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინათ პარიზში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა. სრულიად შესაძლებელია, რომ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებისას დუდას მიახვედრეს, რომ საფრანგეთი მხოლოდ მოჩვენებით აღშფოთდება ვარშავის მოქმედებებით, შეტევა კი მიმართული იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენისკენ.

russtrat.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here