მთავარი პოლიტიკა ევას ვაშლი და ბიძინას ვერცხლი

ევას ვაშლი და ბიძინას ვერცხლი

რისთვის სჭირდება ივანიშვილს სააკაშვილის რეჟიმის ერთგული მსახურები, რომლებიც “საოცნებო ხელისუფლებაში” გადაბარგდნენ? პასუხი ძალიან მარტივია: მათი მართვა გაცილებით იოლია

1077
გააზიარეთ
ევას ვაშლი და ბიძინას ვერცხლი

ჰიბრიდული რეჟიმი, კლასიკური ავტორიტარულისგან განსხვავებით, იძულებულია, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისა და მუდმივი საზოგადოებრივი დისკუსიის იმიტაცია უზრუნველყოს. ამ საკითხის განხილვისას შეიძლება ძალიან სწრაფად მივიდეთ დასკვნამდე, რომ საქართველო არა დემოკრატიისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებით მიდის

გასულ კვირას, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა, რომელსაც იმ ლეგენდარული როლის გამო, რომელიც ქართული დემოკრატიის ისტორიაში შეასრულა, ხშირად “გაყალბების დედოფალს” უწოდებენ, განაცხადა: “ჩემთვის მიუღებელი იყო ის გამოსვლები, რომ თურმე ცენზურის დაწესებაზე უნდა ვიმსჯელოთ” (ინტერპრესნიუსი). საუბარი ეხებოდა ევა გოცირიძის ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის გარკვეული სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. დემოკრატიული საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ევა გოცირიძის მიმართ იმდენად ნეგატიურია, რომ მას, პრინციპში, შეიძლება ქართული იუსტიციის თვითმავალი კოშმარიც კი ეწოდოს, თუმცა ახლა მეტაფორების განვრცობის დრო არ არის _ მნიშვნელოვანია სულ სხვა რამ.

ჩვენ ვხედავთ მცირე ეპიზოდს, რომელშიც ერთმანეთს არცთუ უმნიშვნელო თემაზე ორი მხარე უპირისპირდება, მაგრამ აშკარაა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი დებატებში ჩართვას არ მოისურვებს, რადგან ორივე ზემოთ ნახსენები პერსონა მისთვის მიუღებელია. იგივე შეიძლება ითქვას კონსტიტუციის განხილვის პროცესზე, სადაც ერთ მხარეს დგას საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის გაუპატიურების პროექტით, მეორე მხარეს კი _ მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუცია”, რომელიც სასწრაფო წესით ნაციონალებმა და მათმა სატელიტებმა შექმნეს, აგრეთვე, პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისი დაუკმაყოფილებელი ამბიციებით. საქართველოს ბევრ მოქალაქეს თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას კონსტიტუციის განხილვაში მონაწილეობის მიღება და კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა უნდა, მაგრამ არ სურს ასოცირება ზემოთ ნახსენებ ძალებთან, რომლებიც ავანსცენას იკავებენ და თავისი ხმაურით ნებისმიერ განსხვავებულ მოსაზრებას ახშობენ. ხელისუფლებამ თვითონ აირჩია მთავარი ოპონენტი, თანაც ისეთი, რომელსაც, როგორც კეთროვანს, სხვები არ ეკარებიან, და მასთან ემოციური დისკუსიას მართავს. თუმცა იმიტაციის პროცესი ამით როდი შემოიფარგლება, გაცილებით მნიშვნელოვანია არსებითი საკითხების ჩანაცვლება მეორეხარისხოვანით.

კიდევ ერთხელ შევეხოთ გოცირიძის ინიციტივას, რომელიც ძალიან ჰგავს საგანგებოდ შემოგდებულ განხეთქილების ვაშლს (გარკვეული თვალსაზრისით, ის ცდუნების ვაშლიცაა) _ მან მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილის ცალსახად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, რადგან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს უკავშირდება. იუსტიციის საბჭო ჯიუტად არ იხევს უკან და თანმდევი კომენტარებით ცეცხლზე ნავთს ახამს. ამის გამო მეორე მხარე კიდევ უფრო ღიზიანდება და ამ დროს თითქმის არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ყოველივე ეს არის დამაბნეველი მანევრი, უხეშად რომ ვთქვათ, “ბოლი” ან, ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანებს თუ დავესესხებით, “ოპერაცია პრიკრიტია”.

ხმაური გოცირიძის ინიციატივის გარშემო ატყდა, რომელიც, 99%-იანი ალბათობით, მალევე ყველას დაავიწყდება, რადგან ხელისუფლება ჯერ იმდენად არ გაგიჟებულა, რომ გამოხატვის თავისუფლების აშკარა შეზღუდვაზე წავიდეს (თუ უკვე გაგიჟდა, მალე ვნახავთ). ამასობაში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობაზე გავლენას ათწლეულების განმავლობაში მოახდენს, ყურადღებას თითქმის არავინ აქცევს. პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტისთვის წარდგენის უფლება ჩამოერთმევა პრეზიდენტს და იუსტიციის საბჭოს გადაეცემა (ადრე გათვალისწინებული იყო არჩევა “არანაკლებ 10 წლის ვადით”, ახლა უვადო იქნება). ძველი სისტემა ნამდვილად არ იყო იდეალური და ამაზე ვენეციის კომისიაც მიუთითებდა. ამას დაემატა პრეზიდენტისთვის უფლებების ჩამორთმევის მორიგი ტალღა და შესაბამისი შედეგი მივიღეთ. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ საუბარია იმ იუსტიციის საბჭოზე, რომლის მდივანი ლევან მურუსიძეა, რომელმაც გირგვლიანის (და არაერთ სხვა) საქმეში საბედისწერო როლი შეასრულა; საუბარია იმ საბჭოზე, რომელიც გულმოდგინედ იცავს სააკაშვილისა და ადეიშვილის “ზონდერ-მოსამართლეების” ინტერესებს. მისთვის თუნდაც მცირე დამატებითი უფლების მინიჭება, ალბათ, გაცილებით საშიშია, ვიდრე ძველი არასრულყოფილი წესის შენარჩუნება.

ფრიად სადავოა ახალი ნორმა, რომელიც მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის დაწესებას ეხება. ის, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვნად გაუიოლებს ხელისუფლებას მოსამართლეების მართვის პროცესს _ ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია, დებატები ამ საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე გაიმართოს. საკამათოა იუსტიციის საბჭოს წევრების და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესიც და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი, მაგრამ ძირითად ადგილს საზოგადოების ცნობიერებაში იკავებს იმიტაციური ხასიათის დისკუსია ევა გოცირიძის უცნაურ იდეებზე, რომელიც, სავარაუდოდ, დემოკრატიული საზოგადოების სიმბოლური გამარჯვებით დაგვირგვინდება. ამასობაში, საკონსტიტუციო ცვლილებები უპრობლემოდ გავა და ეს საბოლოოდ განამტკიცებს სტრატეგიულ ალიანსს ახალ ხელისუფლებასა და სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეთა კორპორაციას შორის, რომლის მთავარი პრინციპი, ალბათ, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: “მორჩილება ძველი ცოდვების დავიწყების სანაცვლოდ”.

ივანიშვილის ჰიბრიდული რეჟიმი მიზანს ორი ძირითადი მეთოდის გამოყენებით აღწევს _ ერთი მხრივ, ის ცდილობს, ავანსცენაზე დისკუსიის ის მონაწილეები გამოიყვანოს, რომლებიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია, და ამით პრობლემის მიმართ ინტერესი შეამციროს; მეორე მხრივ კი, წინა პლანზე წამოწიოს ტაქტიკური მნიშვნელობის საკითხები, რათა მისთვის მნიშვნელოვანი უპრობლემოდ გაიტანოს.

მსგავსი მანევრები, სავარაუდოდ, იმიტომ სჭირდება, რომ, ძველი ტიპის დიქტატურებისგან განსხვავებით, თანამედროვე ჰიბრიდულ რეჟიმებს ჭარბი ძალის გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს. ეს, სხვათა შორის, არ ესმოდა სააკაშვილს და ხელისუფლება სწორედ ამიტომ დაკარგა. ახალი რეჟიმი კი მართავს ფსევდოდემოკრატიულ კარნავალს, რომელიც აბნევს საზოგადოებას და ხელს აპათიის გავრცელებას უწყობს.

კიდევ ერთი საგულისხმო ეპიზოდი _ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი (სააკაშვილის მმართველობის წლებში ადეიშვილის ხელქვეითი; ყოფილმა თანამშრომლებმა თავის დროზე დაადანაშაულეს იმაში, რომ მანდატურებს ოპოზიციის დასარბევად ამზადებდა, სასამართლოში მოსასმენ აპარატურას ამონტაჟებდა და ა.შ.) სახალხო დამცველს დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ ნანუაშვილი ჩაბმულია სასამართლო სისტემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში. “ბატონო უჩა, რელსებს აცდით, ხომ ხვდებით”, _ განაცხადა ზარდიაშვილმა. იყო ასეთი რეპლიკაც: “აბსოლუტურად სხვა ბოსტანში გადახვედით და იქიდან აფასებთ სიტუაციას”. დღესდღეობით ძნელი დასადაგენია, კონკრეტულად რომელ ბოსტანში ეუფლებოდა ვანო ზარდიაშვილი რიტორიკის ხელოვნებას, თუმცა, მიუხედავად იმისა, როგორ ვაფასებთ უჩა ნანუაშვილის საქმიანობას ომბუდსმენის პოსტზე, ფაქტია, რომ სააკაშვილის მმართველობის წლებში მას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან ბევრი კარგი რამ აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ზარდიაშვილს საკმაოდ ბევრი ადამიანი (ეს სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს) მას, უბრალოდ, “ზონდერსუწოდებს და დაახლოებით ისე ახასიათებს, როგორც ლევან მურუსიძეს.

წამით წარმოვიდგინოთ, რომ დროის მანქანა არსებობს და ივანიშვილის მხარდამჭერებს 2012 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ეს ჩანაწერი უჩვენეს: “ქართული ოცნების” დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი უჩა ნანუაშვილს რელსებსა და ბოსტანზე ესაუბრება. პლუს ამას ლევან მურუსიძის მოკლე ინტერვიუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე. რამდენ ხმას მიიღებდა ამ შემთხვევაში “ქართული ოცნება”?

დღეს ხშირად ისმის კითხვა: რისთვის სჭირდება ივანიშვილს სააკაშვილის რეჟიმის ერთგული მსახურები, რომლებიცსაოცნებო ხელისუფლებაშიგადაბარგდნენ?

პასუხი ძალიან მარტივია _ მათი მართვა გაცილებით იოლია. ამ ფაქტის და მისი ცინიკური ქვეტექსტის გააზრება “2012 წლის ოპოზიციონერებს” საშინელ აპათიაში აგდებს, ეს კი ხელისუფლებისთვის საკმაოდ მომგებიანია. ძველ ტოტალიტარულ რეჟიმებს მასების მოტივირება და მათი ენერგიის მობილიზება სჭირდებოდათ. მათგან განსხვავებით, თანამედროვე ჰიბრიდული, ფსევდოდემოკრატიული რეჟიმებისთვის ერთერთი მთავარი რესურსი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მოსახლეობის უდიდესი ნაწილის აპათიაა.

არსებობს საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელიც ხედავს (ან თუნდაც გრძნობს) ახალი სისტემის უსამართლობას და, ასე თუ ისე, აცნობიერებს, რა მიზნებს ისახავს ხელისუფლება, მაგრამ, ვინაიდან ქართველებს თვითორგანიზებასთან და ლიდერობისთვის ბრძოლასთან ტრადიციული პრობლემები გვაქვს, ვერ ხერხდება საკმარისად მძლავრი ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ფორმირება, რომლებიც აიძულებენ მთავრობას, მოუსმინოს მათ და რომლებიც ამოაყირავებენ დღევანდელ იმიტაციურ პოლიტიკას თავისი ფსევდო-დისკუსიებით. ძველ პარტიებს არც ამის შნო და არც სურვილი აქვთ; ისინი უკვე სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი რიგითი წევრებისა თუ მხარდამჭერების ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს. რაოდენ ბანალურად უნდა გაიჟღეროს, ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ სამოქალაქო აქტიურობაა, უსამართლობასთან ბრძოლაზე ორიენტირებული მცირე ჯგუფების შექმნა, რომლებმაც შემდგომ შეიძლება კოალიციები ჩამოაყალიბონ. რეალურად ეს ნოლიდან დაწყებაა და ხანგრძლივ პერსპექტივაზე ორიენტირებული პროცესი, მაგრამ სამართლიანი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ მიმავალი სხვა გზა, ალბათ, მაინც არ არსებობს, ხელისუფლების წესებით თამაში კი ზარდიაშვილის რელსებით მურუსიძის ბოსტანში მიგვიყვანს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here