Home რუბრიკები პოლიტიკა დღეს არჩევნებია, რა მოხდება ხვალ?

დღეს არჩევნებია, რა მოხდება ხვალ?

2515
დღეს არჩევნებია, რა მოხდება ხვალ?

დღეს, 28 ნოემბერს, ქართველმა ამომრჩევლებმა ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გააკეთონ. ბოლო დღეებში “ქართულმა ოცნებამ” მომხრეების მობილიზება მოახდინა და მისი ლიდერები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ყორანივით დასტრიალებს მარადიული კითხვა: “რა მოხდება თუ…?” და ვაშაძის გამარჯვების შესაძლებლობაზეც მსჯელობს.

ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედი არა ეკონომიკა, არამედ ფსიქოლოგიაა. ქართველებს ემოციურობა და ნეგატიური მოვლენების კატასტროფიზაციის ტენდენცია გვახასიათებს, ამიტომ “ვაშაძის გამარჯვება” კოლექტიური ცნობიერებისთვის “ნაცების დაბრუნების” იდენტურია.

სააკაშვილს, სავარაუდოდ, სწორედ ამის იმედი აქვს და მიიჩნევს, რომ, ვაშაძის წარმატების შემთხვევაში, ქვედა და საშუალო რგოლის პარტიული აქტივისტების, ძალოვანებისა და მაღალჩინოსნების აღქმაში “ქართული ოცნება” მიმავალი ძალის იმიჯს დაიმკვიდრებს, ხოლო “ნაცმოძრაობა” _ მისი შემცვლელის. შესაბამისად, დაიწყება ასობით ადამიანის გადასვლა მის მხარეს, რაც ივანიშვილის პარტიის მარცხს საპარლამენტო არჩევნებში ან რევოლუციური სცენარის ფარგლებში გარდაუვალს გახდის.

“ქართული ოცნება” არ წარმოადგენს გარკვეული იდეოლოგიითა და ღირებულებებით შედუღაბებულ ერთობას, შესაბამისად, საკმაოდ დიდია საფრთხე, რომ ის “მოქალაქეთა კავშირის” ან “აღორძინების” მსგავსად ჩამოიშლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ნაციონალების” გზა ხელისუფლებისკენ, ისევე, როგორც 2003-ში, ვარდებით იქნება მოფენილი. ათიათასობით ადამიანი ხელისუფლების სათავეში “ნაცმოძრაობის” დაბრუნებას სასიკვდილო საფრთხედ განიხილავს. ეს ძალიან სერიოზული რესურსია, ის შეიძლება გამოიყენოს როგორც ივანიშვილმა, ისე რომელიმე სხვა ლიდერმა, რომელიც შეეცდება, შეტევაზე გადასული სააკაშვილის მთავარი ოპონენტის როლი მოირგოს. ამგვარად, მმართველი პარტიის ნაწილობრივი ან თუნდაც სრული ჩამოშლა “ნაცმოძრაობას” უკონკურენტო მდგომარეობაში მაინც ვერ გადაიყვანს.

ზოგს უკვირს, რატომ მიანიშნებს გამუდმებით სააკაშვილი რევოლუციურ სცენარზე, როდესაც არჩევნებში გამარჯვების მეტ-ნაკლებად რეალური შანსი მიეცა. საქმე ის არის, რომ არჩევნები და პროცედურების ეტაპობრივი გავლა მის ოპონენტებს შესაძლებლობას მისცემს, წინააღმდეგობის ფორმები მოძებნონ და შესაბამისი სტრუქტურები ჩამოაყალიბონ, ხოლო რევოლუცია პოლიტიკურ დაფას “ამოაყირავებს” და სუფთა ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობას მისცემს, ისე, როგორც ეს 2003-ში მოხდა. სააკაშვილს მაშინაც უფრო მეტად იზიდავდა რევოლუცია, ვიდრე პარლამენტში “მოქკავშირთან” და “აღორძინებასთან” ერთად ჯდომა საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინში და ოპოზიციის აზრის გათვალისწინება ამ არჩევნების შემდეგ (მას, სავარაუდოდ, მოიგებდა). რევოლუცია ამ კონტექსტში სრული დომინირებისა და ოპონენტების დათრგუნვის ინსტრუმენტია.

პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია და ვაშაძის მიერ პარლამენტისა და მთავრობის დაშლა, იურიდიული ბარიერების გამო თითქმის შეუძლებელია, მეტიც, მას შეიძლება ზოგიერთი თანაგუნდელის შეწყალებაც კი გაუჭირდეს. ნაციონალები ამას აცნობიერებენ და ამ კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია ვაშაძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, როდესაც მან “დოიჩე ველეს” კორესპონდენტს შესთავაზა, წარმოედგინა, რა მოხდება, თუ მის მხარდასაჭერად ქუჩაში 50 ან 100 ათასი ადამიანი გამოვა. მსგავსი მინიშნებები ფიქსირდება სხვა ნაციონალების გამოსვლებშიც. ისინი, სავარაუდოდ, “სომხური სცენარის” ამოქმედებას გეგმავენ. იმ პერიოდში, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი პრემიერმინისტრი გახდა, მაგრამ მისი ოპონენტები ჯერ კიდევ აკონტროლებდნენ საკანონმდებლო ხელისუფლებას, კონფლიქტურ სიტუაციაში ფაშინიანს პარლამენტთან ათიათასობით მომხრე მიჰყავდა და მათმა ზეწოლამ საბოლოოდ აიძულა დეპუტატები, ვადამდელ არჩევნებს დათანხმებოდნენ.

თუ სააკაშვილის რადიკალური ოპონენტები დაინახავენ, რომ ნაციონალები ქუჩის “დაპყრობას” ცდილობენ, დიდი ალბათობით, იმავეს გაკეთებას შეეცდებიან. ამის გამო შეიძლება მოხდეს ინციდენტები, მსგავსი იმისა, როგორიც 2013 წლის თებერვალში ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მოხდა. 1920-იანი წლების გერმანიის არ იყოს, გამორიცხული არ არის, ორივე მხარემ “მოიერიშე რაზმების” მსგავსი სტრუქტურების ჩამოყალიბება დაიწყოს და შსს-ს მათი გაშველება, სავარაუდოდ, გაუჭირდება; მაგრამ, კარგად რომ იმუშავოს, ბრძოლა ქუჩის გაკონტროლებისთვის მაინც მრავალ უსიამოვნებას დაუკავშირდება.

განსხვავება საქართველოსა და სომხეთს შორის არის ის, რომ მეზობელი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა არ აღიქვამდა ნიკოლ ფაშინიანს, როგორც ჯალათსა და მკვლელს. ზოგს ის არ მოსწონდა, მაგრამ არ ჰქონდა იმის განცდა, რომ მის შესაჩერებლად ქუჩაში უნდა გავიდეს და დაპირისპირებაში ჩაებას. საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია _ “ნაცმოძრაობას” მოსახელობის ნაწილში მკვეთრად ნეგატიური იმიჯი აქვს, მას სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამენ. თუ სააკაშვილი დაჯდება და ორი წელი დაელოდება საპარლამენტო არჩევნებს, მისი ოპონენტები (ივანიშვილი იქნება თუ სხვა) ამ განწყობას გამოიყენებენ, ამიტომ ის შეეცდება, პროცესი დააჩქაროს. საბაბი როგორც ვაშაძის გამარჯვების, ისე მისი მარცხის შემთხვევაში ექნება _ თუ წინა პლანზე არჩევნების გაყალბების თემა არ გამოვა, ნაციონალები, ძალიან მაღალი ალბათობით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას მოითხოვენ. შედარებით დახვეწილი კომბინაცია შეიძლება გაითამაშოს “ევროპულმა საქართველომ”, რომლის ლიდერებმა უკვე თქვეს, რომ არჩევნები მაჟორიტარულ ოლქებში უნდა გაუქმდეს დაუყონებლივ და არა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იდეა თითქმის გარანტირებულად მოიზიდავს “მცირე პარტიებს”, რომელნიც, მათი სისუსტის მიუხედავად, ფართო ოპოზიციური კოალიციის შესაქმნელად საჭირო “სამშენებლო მასალას” წარმოადგენს. საინტერესოა, რომ მაჟორიტარული ოლქების გაუქმებაზე გასულ კვირას დავით უსუფაშვილმაც ისაუბრა. თუ შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი იზოლირებულია და მას მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება უპირისპირდება, დასავლეთმა შეიძლება რეჟიმის შეცვლას მხარი დაუჭიროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია იმის გახსენება, როგორ ყალიბდებოდა თანდათან ეს განცდა უკრაინული “მაიდნის” დღეებში _ დასკვნით ეტაპზე სავსებით ნეიტრალური დამკვირვებლებიც კი მიიჩნევდნენ, რომ იანუკოვიჩი იზოლირებულია და რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს.

მიხეილ სააკაშვილის ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ის შეეცდება “მაიდნის” ტექნოლოგიები გამოიყენოს, ხოლო ხელისუფლებას შეიძლება არ ეყოს პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, თუ საზოგადოებასა და ძალოვან ორგანოებში “ქართული ოცნების” ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად დაეცემა. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელმაც შეიძლება “მაიდნის” დრამატურგია არიოს და საქმე ფრონტალურ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. უკრაინელი საზოგადოება, სომეხის მსგავსად, “მაიდნის” მონაწილეებს სასიკვდილო საფრთხედ არ აღიქვამდა. ამასთანავე, უკრაინისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე არ შეინიშნება დასავლეთის მხარდაჭერა რევოლუციური სცენარის მიმართ და ის, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გამოჩნდება, რომ ხელისუფლება მარცხდება. 2003-ში დასავლეთის მხარდაჭერა წარმოადგენდა მთავარ რესურსს, რომლის მეშვეობით “რევოლუციონერები” მოქმედ ხელისუფლებას აშანტაჟებდნენ და მისი წარმომადგენლების გადაბირებას ახდენდნენ. დღეს ეს რესურსი არ არსებობს და მისი დეფიციტის შევსებას “მიხომაიდანი”, სავარაუდოდ, ძალისმიერი მოქმედების ხარჯზე შეეცდება.

ნაციონალები ამბობენ, რომ გასულ კვირას გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც (სავარაუდოდ) სააკაშვილი ამბობს: “შეგვიძლია გადავავადოთ ამათი დამხობა ან დროზე დავამხოთ… უნდა გადავიყვანოთ რევოლუციურზე”, მონტაჟია. ამაზე მედიასა და სოციალურ ქსელებში აზრთა სხვაობა აღინიშნა, თუმცა საგულისხმოა, რომ თითქმის არავის, ცნობილი ნაციონალების ჩათვლით, არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის თქმა არ შეეძლო, იმიტომ, რომ მას სხვა პოზიცია აქვს და ა.შ. ეს, ალბათ, ბუნებრივია, რადგან საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი სწორედ ამაზე ფიქრობს.

სააკაშვილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ იცვლება, ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არაა, რას გააკეთებს ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში _ მას არაფერი არ ეხერხება, რეპრესიების, დატერორებისა და შურისძიების გარდა.

რევოლუციური სცენარის რეალიზაცია, დიდი ალბათობით, სამოქალაქო დაპირისპირებამდე ან სულაც ომამდე მიგვიყვანს. თუ სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი სხვაობით მოიგებს და სადამკვირვებლო მისიები დაადასტურებენ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, საუბარი გაყალბებაზე, ისევე, როგორც 2016-ში, აქტუალობას დაკარგავს, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს _ “ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი მობილიზებულია, როგორც არასდროს. პირველად 6 წლის განმავლობაში მან დაიჯერა, რომ შეიძლება გაიმარჯვოს და, თუ სააკაშვილი, უბრალოდ, ეტყვის, _ ახლა დავიშალოთ და საპარლამენტო არჩევნებს დაველოდოთო, ეს დიდ იმედგაცრუებას და გაღიზიანებას გამოიწვევს. ამიტომ “ნაცმოძრაობის” ბელადი ნებისმიერ შემთხვევაში შეეცდება, ეს აკუმულირებული ენერგია გამოიყენოს.

დღეს საქართველოს ბედი წყდება _ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს არა მხოლოდ ორ კანდიდატს შორის, არამედ დემოკრატიასა და დიქტატურას, წარსულსა და მომავალს შორის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხისმგებლობა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე საზოგადოების თითოეულ წევრს ეკისრება. სახლში დარჩენა და პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის ტოლფასია, ამიტომ _ ყველანი არჩევნებზე!

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here