Home ახალი ამბები საქართველო დღესაც ახსოვთ

დღესაც ახსოვთ

137

გიყვართ სახელმწიფო? ეს შეკითხვა არავის არასოდეს დაუსვამს, მაგრამ მოცემული სახელმწიფო თუ შენი სამშობლოა?

არც მაშინ.

რადგან: სახელმწიფო არის მმართველი კლასის პოლიტიკური ორგანიზაცია, მთავრობით და მისი ორგანოებით სათავეში, რომელთა ამოცანაა არსებული წესწყობილების დაცვა და სამართლიანობის დამკვიდრება, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, მისი სადამსჯელო ფუნქციის შესრულებით ხორციელდება.

სამშობლო ძალოვანი სტრუქტურების ერთგვარ გალავანშია მოქცეული: პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო… მათდამი მორჩილება ყველა მოქალაქის მოვალეობაა.

მაგრამ არა სიყვარული.

სამშობლო სხვა, უზენაესი კატეგორიაა, რომლისთვისაც მზად ვართ თავი გავწიროთ.

ბიუროკრატიული წარმონაქმნებისთვის (სახელმწიფოსთვის) სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა ნონსენსია.

ისევე, როგორც მათი სიყვარული.

მათ შორის თუნდაც სასამართლო ხელისუფლება ვიგულისხმოთ, გნებავთ, პიროვნება _ მოსამართლე ნებისმიერი ინსტანციის. პოლიცია? თავისთავად, რაგინდ ჰიმნები უძღვნა და დაკვეთილი სიმღერები უმღერო.

მოსამართლეები არ უყვართ, არც პროკურორები. ასეთია მათი პროფესიის ჩრდილოვანი მხარე.

გამონაკლის შემთხვევებზე თუ გაგიგიათ რამე ან, საერთოდ, შესაძლებელი კი არის? თურმე ყოფილა შესაძლებელი.

ასეთ მოსამართლეზე მიყვება ქალბატონი ლუარა ალშიბაია. ნათელა ალშიბაიაზე, თავის დაზე, რომელსაც ამ დღეებში ასე წელი შეუსრულდებოდა.

ჩვენი გაზეთის რედაქცია, მოგეხსენებათ, თბილისშია. არ გაუჭირდა მოგნება. გვეწვია და გვიყვება ამბავს თავისი დის შესახებ, რომელიც ჯერ პროკურორად მუშაობდა, შემდეგ _ ზუგდიდის რაიონის სახალხო მოსამართლედ, რასაც ადასტურებს საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის გ. ცქიტიშვილის 1965 წლის 19 დეკემბრის ბრძანება #219:

“ვაცხადებ, რომ ამხ. ნათელა ალექსანდრეს ასული ალშიბაია არჩეულია ზუგდიდის რაიონის სახალხო მოსამართლედ ა/წლის 19 დეკემბერს და შეუდგეს მოსამართლის მოვალეობის შესრულებას”.

ლუარა ალშიბაია მოგვითხრობს სწორედ იმ გამონაკლის შემთხვევაზე, რომელიც ეხება ძალოვანი სტრუქტურის მოღვაწეს, მოსამართლე ნათელა ალშიბაიას. მოსახლეობას იგი ერთდროულად უყვარდა კიდეც და პატივსა სცემდა უღრმესს.

განსაკუთრებით სასჯელმოხდილებს.

ასე ხდება მაშინ, როცა სამართალს აღასრულებს მთის ბროლივით სუფთა და ღრმად პროფესიონალი მოსამართლე.

ისეთი, როგორიც ნათელა ალშიბაია იყო.

იყო, რადგან 20 წლის წინათ გარდაცვლილზე ვსაუბრობთ.

პატივის მისაგებად.

_ თავის დროზე, _ ამბობს ლუარა ალშიბაია, _ ნათელას მოღვაწეობაზე ბევრს წერდა რესპუბლიკური თუ რაიონული პრესა _ ჟურნალი “საქართველოს ქალი”, გაზეთი “მებრძოლი”…

და მიკერძოებულობა რომ არ დააბრალონ, გადამიშლის ამონაჭრებს იმდროინდელი პრესიდან.

_ ბევრია, უფრო მეტს კი ყვებოდნენ, როგორც საინტერესო და უჩვეულო ამბავს.

იუსტიციის სამინისტროს უფროსი კონსულტანტი ზ. მესენგისერი (იმ დროს ავტორის სახელის სრულად წარმოდგენა ბეჭდურ მედიაში ცუდ ტონად იყო მიჩნეული) ჟურნალ “საქართველოს ქალში” წერდა:

“ერთხელ, დილით, სამსახურში რომ მივიდა (ნათელა ალშიბაია), კაბინეტის წინ მაღალი კაცი დახვდა.

_ თქვენ ჩემთან ხართ?

_ დიახ.

“სად მინახავს ეს კაცი?” _ გაიფიქრა მოსამართლემ და უცნობი კაბინეტში მიიწვია.

_ დაბრძანდით, გისმენთ, რას გაურჯიხართ?

უცნობი არ დაჯდა. ხელში ქუდს აწვალებდა. ეტყობოდა, ღელავდა…”

ნატელას მოღვაწეობაზე ბევრს წერდა რესპუბლიკური თუ რაიონული პრესა

საუბარში გაირკვა, რომ იგი ქალბატონ ნათელას მიერ სასჯელმისჯილი კაცი იყო, რომელსაც მოეხადა სასჯელის ვადა, სრულად ჰქონდა შეგნებული თავისი დანაშაული და აპირებდა ცხოვრების გზის პატიოსნად გაგრძელებას. მაგრამ ცოლი არ ურიგდებოდა, რადგან ეჭვი ეპარებოდა, რომ ვარლამი შეძლებდა გადაწყვეტილების შესრულებას.

ვარლამი დახმარებას სთხოვდა მოსამართლეს.

“მოსამართლე დაფიქრებული უცქეროდა ახალგაზრდა კაცს, რომელსაც თავი ჩაექინდრა. “რახან ეს ყმაწვილი ცხოვრებისკენ შემობრუნდა, შეიძლება მას ენდო”, _ გაიფიქრა ნათელამ და ვარლამს უთხრა, _ შეიძლება თქვენს სიტყვებს ენდოს კაცი. თავს არ შეირცხვენ, სამუშაოზე მოწყობაში დაგეხმარები…

ნათელა ალშიბაიამ თავისი სიტყვა შეასრულა. ვარლამი სამუშაორზე მოაწყო, გამოიძახა და დიდხანს ესაუბრა მის მეუღლეს.

ცოლ-ქმარი შერიგდნენ”.

ეს _ ერთი ამბავი, რომელიც მოსამართლის მოვალეობას სცდება და პიროვნების ადამიანურ ღირსებას წარმოაჩენს.

ახლა მეორე ამბავი, რომელიც გაზეთ “მებრძოლში” დაიბეჭდა სათაურით “როცა პროფესია გიყვარს”. ავტორი შ. სარია.

“ნათელა ალშიბაიასთან ერთი მოქალაქე გამოცხადდა და განცხადება წარუდგინა. უჩიოდა ძმას, აუგი სიტყვებით მოიხსენიებდა, თითქოს სამემკვიდრეო ქონების ნაწილი მოიპარა.

მოსამართლე ყურადღებით გაეცნო განცხადებას, შემდეგ მომჩივანს მიუბრუნდა და მშვიდად უთხრა: “დაწყევლოს ღმერთმა! მე ორივეს კარგად გიცნობდით. რამე რომ დაგმართოდა, შენ ძმას მივუსამძიმრებდი”.

მოკლედ _ ნამუსზე შეაგდო.

“მომჩივანმა ბოდიში მოიხადა და განცხადება დაიბრუნა. საქმე სასამართლოს გარეშე მოგვარდა.

ასეთი მაგალითი სხვაც ბევრი იყო მოსამართლის პრაქტიკაში”.

უაღრესად პრინციპული იყო მძიმე დანაშაულის ჩამდენთა მიმართ, მკაცრი და სამართლიანი.

გულჩვილობას ვერ დააბრალებდი. კანონი მის ხელში კანონობდა და უსაფუძვლო შეღავათებით არ მახინჯდებოდა.

ადამიანურ ურთიერთობებში ნათელა თბილი იყო და გულმოწყალე. ხალხიც ამითვე უპასუხებდა, პლანეტარულ სიყვარულს ეფიცებოდა.

“პატივცემულო ნათელა! რა იქნებოდა წელიწადი უგაზაფხულოდ _ უიებოდ, უყოჩივარდებოდ, მთა _ უტყეოდ, უჩანჩქეროდ, ტყე _ უფოთლოდ, უსიმღერებოდ, დღე _ უმზეოდ და უღიმილოდ, ცა _ უმთვაროდ, უვარსკვლავებოდ…

“დედამიწის სასიცოცხლო ფესვებს თაყვანი!

დე, ყოველი დღე გიგავდეთ ზეიმს!”

ასეთი ღია ბარათით ულოცავდა გაზეთი “მებრძოლი” ქალბატონ ნათელას 8 მარტის დღესასწაულს.

ადგილკომის თავმჯდომარე ე. დადიანი კი ასეთ შეფასებას აძლევდა ნათელა ალშიბაიას პროფესიულ საქმიანობას:

“…კანონიერების განმტკიცების, ადამიანთა ბედნიერი მომავლის საქმეს წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან რაიონის იუსტიციის დარგის მუშაკები.

მოსამართლეობა თავისთავად საამაყოა, თუ მას თან ახლავს განსწავლულობა და საფუძვლიანი ცოდნა.

სიყვარული და პატივისცემა ერგო წილად მოსამართლე ქალს _ ნათელა ალშიბაიას, რომელიც წლებია, ერთგულად იღვწის მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. მის ბუნებაში უხვადაა პრინციპულობა, მაღალი ზნეობა, დინჯია და ენერგიული, ოპერატიული. სიმართლის სამსახურმა მოუხვეჭა მას სახელი. ხალხისთვის სასარგებლო შრომაში ჩამოყალიბდა მისი, როგორც მოსამართლე ქალის, ადამიანური თვისებები”.

ლამაზი პროფესიის წარმომადგენელი არისო, ამასაც წერდნენ გაზეთებში.

ასე იხსენიებდნენ მეგობრები გულწრფელ გამოსამშვიდობებელ ნეკროლოგში:

“მახვილი გონება და შინაგანი ალღო აძლევდა საშუალებას, ესა თუ ის საბრალდებო საქმე გაეანალიზებინა რეალობასთან მჭიდრო კავშირში, კონკრეტული დამნაშავის მიღმა დაენახა ინდივიდი, პიროვნება თავისი საეჭვო თუ ადამიანურად გასაგები მოტივაციით. ეს უადვილებდა ობიექტურობის დადგენას და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

მისი თაობის ადამიანებს ახსოვთ არა ერთი არაორდინალური ეპიზოდი ამ ღრმად განსწავლული იურისტის მოღვაწეობიდან, როცა საკუთარი კარიერის ხიფათში ჩაგდების ფასად დაპირისპირებია ამა ქვეყნის ძლიერთა სუბიექტურ ახირებებს და უხმაუროდ, აფიშირების გარეშე უზეიმია თავნებობაზე გამარჯვება”.

“ადამიანური ეპიზოდები” მართლაც არ აკლდა.

ერთხელ მეზობლის პანაშვიდიდან რომ გამოვიდა, თავის სახლში ფარდა ჩამოხსნა და გაუტანა ჭირისუფლებს, ოთახში რომ ჩამოეკიდათ და შესაფერის გარემოში ჩაეტარებინათ სამგლოვიარო რიტუალი.

სხვა ფაქტი: ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ისე დაუპირისპირდა ერთმანეთს, ისე ამოვარდნენ ადამიანური ურთიერთობის კალაპოტიდან, რომ ქმარმა ცოლს კეტი ჩაარტყა თავში.

ნათელა ალშიბაიამ სრულად მიუზღო დამნაშაეს ის სასჯელი, რომელსაც იმსახურებდა.

ეგ არაფერი.

მაგრამ შემდეგ დაიბარა მისი ოჯახის წევრები და ციხეში აუცილებლად მონახულება დაავალა, თან გაატანა ყველაფერი ის, რაც პატიმარს ყოველთვის აკლია, მაგრამ სჭირდება აუცილებლად.

ბევრ ასეთ მოსამართლეს იცნობთ?

“მაღალი სულიერებით მოსილი მისი ქალური ბუნება მთელი სისავსით ავლენდა მეუღლეობის, დედობის, დიასახლისობის ტრადიციისადმი ერთგულებას…

ზუგდიდი ღრმა გულისტკივილით გამოეთხოვა ამაგდარ ქალბატონს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს!”

გამოეთხოვა, მაგრამ არ დაივიწყა, რასაც ჩვენი ეს პუბლიკაციაც ადასტურებს.

ქალბატონ ლუარა ალშიბაიას მონათხრობი ჩაიწერა არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here