Home რუბრიკები პოლიტიკა დღევანდელ პროკურატურას არ ძალუძს, გამოიძიოს სისტემური დანაშაული

დღევანდელ პროკურატურას არ ძალუძს, გამოიძიოს სისტემური დანაშაული

1015
სასამართლო

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოტანამ საზოგადოებაში აზრთა სხვაობა გამოიწვია. ბევრი მოქალაქე, უბრალოდ, ვერ გაერკვა იურიდიულ ნიუანსებში, ხოლო პარტიების მიერ ატეხილმა აურზაურმა ისინი უფრო დააბნია.

გამოჩენილი გერმანელი მოაზროვნე თეოდორ ადორნო თავის წიგნში “ავტორიტარული პიროვნება” წერდა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ავტორიტარულ მენტალობაზე და აღნიშნავდა: “იმისთვის, რომ არ დაამსხვრიონ თვითიდენტიფიკაციის მოდელი, მათ ქვეცნობიერად არ სურთ, მიიღონ ზედმეტი, არამედ მხოლოდ ზედაპირული ან დამახინჯებული ინფორმაცია, ოღონდაც ის ამყარებდეს სამყაროს, რომელშიც ცხოვრობენ. შეცდომა იქნებოდა, არცოდნა და ცნებათა აღრევა პოლიტიკაში თანდაყოლილი სისულელისთვის ან მითოლოგიური “უმწიფრობისთვის” მიგვეწერა. სავარაუდოდ, სისულელე, უპირველესად, ეფუძნება ფსიქოლოგიურ უარყოფას და არა აზროვნების დეფექტებს”.

შესაძლოა, სწორედ აღწერილი ფენომენი წარმოადგენს იმის მთავარ მიზეზს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს არ სურს, იცოდეს იმაზე მეტი, რაც მის სტერეოტიპებს გაამყარებს. სააკაშვილის მიმდევრებისთვის ზედმეტია ნებისმიერი ინფორმაცია, რომლებიც ეწინააღმდეგება პოსტულატსმიშა უდანაშაულოა”. მათი ოპონენტების უმრავლესობა კი საპირისპირო მოსაზრებებს უკუაგდებს. ეს მხოლოდ კონკრეტულ განაჩენს როდი ეხება. მაგალითად, ნებისმიერ ეპიზოდს, რომელშიც სააკაშვილი უკრაინაში ბოლო ხანს მონაწილეობდა, მისი მიმდევრები დაახლოებით ასე აფასებენ: “სააკაშვილს ასე უფრო აძლევდა ხელს. პოროშენკო დამთავრებულია”, მიუხედავად იმისა, რომ მათი ბელადი იძულებული შეიქნა, უშედეგო საპროტესტო აქციები შეეწყვიტა და უკრაინის პრეზიდენტისთვის ცნობილი წერილი მიეწერა, რომელსაც ერთ-ერთმა ექსპერტმა ხუმრობით “გალობანი სინანულისანი” უწოდა. ახლა სააკაშვილი უარს ეუბნება სამართალდამცველებს ხმის ექსპერტიზაზე, რომელმაც უნდა დაადასტუროს ან უარყოს მისი კავშირი უკრაინიდან გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან. შეუძლებელია, ასეთ მდგომარეობას მომგებიანი ეწოდოს. იგივე ეხება საქართველოში გამოტანილ განაჩენსაც _ მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ცხარე პოლემიკა გაიმართა, ის სააკაშვილის მდგომარეობას არ აუმჯობესებს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია სხვა რამ: საკითხი უნდა განიხილებოდეს არა იქიდან გამომდინარე, ხელს აძლევს თუ არა რომელიმე ფაქტი სააკაშვილს, ივანიშვილს, მარგველაშვილს ან სოსო პავლიაშვილს, არამედ იმის მიხედვით, ამყარებს ის სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოს თუ, პირიქით, ანგრევს, მაგრამ საზოგადოებაში, რომელშიც ზემოთ ნახსენები “ავტორიტარული მენტალიტეტი” დომინირებს, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი აზრზე შესამჩნევ გავლენას, დიდი ხანია, ვეღარ ახდენს, მან თავისი კომენტარით დისკუსია ვიწრო იურიდიულ კალაპორტში გადაიყვანა. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამით მან ხელი შეუწყო როგორც “ქართულ ოცნებას”, ისე მთავარ პროკურატურას. მთავარი ის კი არაა, შეიძლებოდა თუ არა სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა 332- მუხლით (ცხადია, შეიძლებოდა, რადგან შეწყალების უფლების დანაშაულებრივი გამოყენება, მაგალითად, ქრთამის სანაცვლოდ და .., ისჯება და საფუძველი ამითვის, სავარაუდოდ, არსებობდა), არამედ რა სახის დანაშაული იქნა ჩადენილი გირგვლიანის საქმის განხილვის პერიოდში. ამ საქმემ თანამედროვე საქართველოსთვის დაახლოებით ისეთივე პრინციპული მნიშვნელობა შეიძინა, როგორც დრეიფუსის საქმემ ასი წლის წინანდელი საფრანგეთისთვის.

“სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლებითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო”, _ ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტში. სააკაშვილის განაჩენზე საუბრისას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა: “ასეთ აბსურდამდე პროკურატურის მიერ არჩეულმა მცდარმა გზამ მიგვიყვანა. როგორც ჩანს, მათ ვერ ან არ შეძლეს გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტის მხილება იმ კონკრეტულ დანაშაულში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოც კი თითქმის პირდაპირ მიუთითებდა (“სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლა”, მუხლი 364) და რომელშიც შეწყალების ფაქტი ერთ-ერთი, არცთუ ძირითადი, მტკიცებულება იქნებოდა”. მაგრამ საქმე ისაა, რომ დღევანდელ პროკურატურას არ ძალუძს, გამოიძიოს ასეთი მასშტაბის სისტემური ხასიათის დანაშაული და საბრალდებო სკამზე პროცესში მონაწილე ათეულობით ადამიანი დასვას. დავით უსუფაშვილს თავის დროზე ამ უწყების საფუძვლიანი რეფორმირება პრინციპულად რომ მოეთხოვა… თუმცა მის (ყოფილ) პარტიას მმართველ კოალიციაში ყოფნის პერიოდში, ძირითადად, თანამდებობები აინტერესებდა.

თეორიულად, პროკურატურას შეეძლო, ბრალდება 364-ე მუხლზე დაეფუძნებინა და, ზოგადი არაკომპეტენტურობის მიუხედავად, ასე თუ ისე მწყობრი არგუმენტები გაემყარებინა, მაგრამ საქმე ისაა, რომ უწყებას, რომელიც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი იყო და ამის შემდეგ არსებითად არ შეცვლილა, არ შეუძლია ამ სისტემის მთავარი ბრალმდებლის როლში გამოვიდეს. მეტიც, მსგავსი პროცესი დღევანდელი ხელისუფლებისნიურნბერგადაცგადაიქცეოდა, რადგან ის სასამართლოთი მანიპულირების იმავე მეთოდებს იყენებს (შესაძლოა, უფრო დახვეწილად, თუმცა არსებითად ეს არაფერს ცვლის). ამ საქმეში ბრალდების დაფუძნება 364- მუხლზე სწორედ რომ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებამდე მიგვიყვანდა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი, ამდენი ხანია, უშედეგოდ მოითხოვს, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გვერდი აუარა ყველა იმ ეპიზოდს, რომლებშიც სისტემური დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა და ცალკეულ პიროვნებებს დააცხრა. სწორედ ესაა ამ საქმის მთავარი ნეგატიური შედეგი; ცალკეულ იურიდიულ თუ პოლიტიკურ გარემოებებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.                

ისე, საინტერესოა კია, აქვს თუ არა ივანიშვილის ხელისუფლებას მორალური უფლება, სისტემურ დანაშაულში სააკაშვილის ხელისუფლების ბრალეულობაზე ისაუბროს? თავიდან უდავოდ ჰქონდა, მაგრამ დღეს, როდესაც ის ჩაეფლო კორუფციასა და ნეპოტიზმში და კანონის უზენაესობა, მარტივად რომ ვთქვათ, ფეხებზე დაიკიდა, ძალიან ძნელია, ის პროკურორის და მითუმეტეს მოსამართლის როლში წარმოიდგინო.

მიხეილ სააკაშვილს, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ციხეში მოხვედრის ძალიან ეშინია _ უკრაინაში წინასწარი დაკავების იზოლატორში მცირე დრო გაატარა, თუმცა ამის შემდეგ აქციები მალევე შეწყვიტა. ბუნებრივია, ამას ღიად არ იტყვის, ამიტომ თბილისში გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით იმუქრება, რაც ბოლო დროს მხოლოდ მის უძლურებაზე მიუთითებს: “ მე ხომ თანამედროვე საქართველოს ფუძემდებელი ვარ. საქართველოს მოსახლეობაში, სამართალდამცავებში და შეიარაღებულ ძალებში დიდი მხარდაჭერა მაქვს. თუ საქართველოში ჩემი ექსტრადიცია მოხდა, ყველას მოვუწოდებ ივანიშვილის მთავრობის მოშორებისკენ. მე ამას გავაკეთებ”. მოკლედ, ფიგურანტმა ან, ხატოვნად რომ ვთქვათ, ფუძემდებელმა მთავრობის მოშორება საკუთარი თავის ციხეში ყოფნას დაუკავშირა. ამის გამო თანამოაზრეებმაც კი დასცინეს. “თუ ექსტრადიცია მოხდა, მაშინ რომ მოუწოდებს ივანიშვილის მოშორებისკენ, ეს ცალკე სასაცილოა _ აქამდე რას შვებოდა? ოღონდ მე არ შემეხოს და იყოს ივანიშვილიო? _ წერს “ფეისბუქში” თამარ ჩორგოლეიშვილი, _ ვანო და ბაჩო ციხეში რომ არიან. მათ გასათავისუფლებლად არ მოუწოდებს ივანიშვილის რეჟიმის მოცილებისკენ? მაინცდამაინც ეს უნდა დაიჭირონ, რომ “მოუწოდოს”?” გივი თარგამაძემ ამას ასეთი კომენტარი დაურთო: “ორი ამბის დამატება დაავიწყდა: ერთი, რაც ადრეც თქვა _ ივანიშვილი უნდა მოიშოროთ იმისთვის, რომ მე ციხიდან გამოვიდე და ისევ უკრაინაში წავიდეო და მეორე, მე თუ ექსტრადიციას არ გამიკეთებენ, ისემც გიქნიათ, თავში ქვა გიხლიათ და ივანიშვილი კიდევ ასი წელი გყოლიათო”.

მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, გაავრცელოს თავის მომხრეებში მოსაზრება, რომ ექსტრადიციას მოჰყვება მასობრივი გამოსვლები და მისი გათავისუფლება, დასავლელი პარტნიორების არნახული ზეწოლა ივანიშვილის ხელისუფლებაზე, ლამის სანქციების შემოღება და ა.შ. პერუს პრეზიდენტ ალბერტო ფუჰიმორის გაცილებით მეტი მიმდევარი და გავლენიანი ვაშინგტონელი პარტნიორი ჰყავდა, მიუხედავად ამისა ციხეში ჩასვეს და 8 წელი იჯდა (ახლახან, 2017 წლის 24 დეკემბერს, შეიწყალეს; მას შემდეგ, რაც 79 წლის ფუჰიმორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძლიერ შეირყა). იგივე შეიძლება ითქვას ტაივანის ყოფილ პრეზიდენტ ჩენ შუიბიანზე და ზოგიერთ სხვა ლიდერზე. მიხეილ სააკაშვილი ამმხრივ განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს. თუ ჩასვამენ _ იჯდება, მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებენ მისი მომხრეები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. თუმცა ეს ქართულ პოლიტიკას უკან დახევს _ მთავარ ადგილს მასში ისევ ივანიშვილისა და სააკაშვილის მომხრეების დაპირისპირება დაიკავებს და უკანასკნელთა რევანშის შიშით საზოგადოების დიდი ნაწილი მოქმედ ხელისუფლებას მიემხრობა, ისე, როგორც ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მოხდა. ამ შემთხვევაში მართლმსაჯულება პოლიტიკურ კონიუნქტურას დაექვემდებარება, რაც ყველაზე ცუდი შედეგია, რომელიც ამ სიტუაციაში შეიძლება მივიღოთ.

ამ თემის განხილვა ნებისმიერ შემთხვევაში მთავარ კითხვამდე მიგვიყვანს, რომელსაც, სასურველია, გულწრფელად ვუპასუხოთ. რა გვსურს, უპირველეს ყოვლისა: სააკაშვილის ხილვა გისოსებს მიღმა (ამ პირიქით _ გარეთ) თუ სამართლებრივი და სამართლიანი სახელმწიფოს შექმნა? ერთი მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა პრიორიტეტების დადგენა უაღრესად მნიშვნელოვანია.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here