მთავარი სპორტი დუჩე, კაუდილიო, ამინი და დუვალიე, ანუ დიქტატორები და ფეხბურთი

დუჩე, კაუდილიო, ამინი და დუვალიე, ანუ დიქტატორები და ფეხბურთი

721
გააზიარეთ
მუსოლინი თასით ხელში

დიქტატორებს ფეხბურთი რკინის მარწუხებში ჰყავდათ მოქცეული. საფეხბურთო მოედნებზე გამარჯვება მათ პირად რეიტინგს მაღლა სწევდა, ამტკიცებდა ძალაუფლებას. ბევრ სისხლიან დიქტატორს გულწრფელად უყვარდა ფეხბურთი, ხოლო მათი ქვეყნის ნაკრები თუ საყვარელი გუნდი ზოგჯერ დიდ წარმატებასაც აღწევდა. აი XX საუკუნის დიქტატორებს შორის ფეხბურთის ყველაზე თავგამოდებული მოყვარულები.

მუსოლინი (1883-1945)

დღეს ამის დაჯერება ძნელია, მაგრამ გასული საუკუნის 20-იან წლებში იტალიელი ფეხბურთელები მოწიწებით შესცქეროდნენ ავსტრიელ და უნგრელ კოლეგებს, მაგრამ შემდეგ ათწლეულში ვითარება კარდინალურად შეცვალა ბენიტო მუსოლინიმ, რომელმაც იტალია დიდ საფეხბურთო ქვეყნად აქცია. უკვე 30-იან წლებში აპენინის ნახევარკუნძულის სტადიონები ივსებოდა, იტალიამ კი მუსოლინის მმართველობის პერიოდში 2-ჯერ მოიპოვა პლანეტის უძლიერესი ნაკრების ტიტული.

ბენიტო მუსოლინი
ბენიტო მუსოლინი

დუჩემ ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ჯოვანი მაურას დახმარებით იტალიას 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოაპოვებინა. შემდეგ კი, შეპყრობილმა იდეით, რომ იტალია ცხოვრების ყველა სფეროში პირველი უნდა ყოფილიყო, თანაშემწეებს უბრძანა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, მოეგოთ ეს პრესტიჟული ტურნირი. მას სულაც არ ადარდებდა ის, რომ “სკუადრა აძურა” იმხანად აუტსაიდერთა შორის იყო. გამოსავალი მოიძებნა “ორიუნდიში” _ ასე უწოდებდნენ იტალიელ რეპატრიანტ ფეხბურთელებს სამხრეთ ამერიკიდან. არგენტინასა და ურუგვაიში მცხოვრებმა ბევრმა იტალიელმა ფეხბურთელმა მოიწონა მუსოლინის იდეა “დიადი იტალიის” შესახებ და ისტორიულ სამშობლოში გადაბარგდა. ფიფას წესებით აკრძალული იყო იმ ქვეყნის ნაკრებში თამაში, რომელშიც ფეხბურთელს ბოლო სამი წელიწადი არ უცხოვრია, მაგრამ დუჩემ ყველაფერი მოაკვარახჭინა და იტალიელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავები გამოიყვანეს. “ორიუნდი” და მსაჯები დაეხმარნენ იტალიას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში. მეოთხედფინალში მთავარმა მსაჯმა თვალი დახუჭა იტალიელთა ზღვარგადასულ უხეშობაზე, მათ მწყობრიდან გამოიყვანეს ესპანელთა 7(!) ფეხბურთელი. მატჩში ერთადერთი ბურთი ჯუზეპე მეაცამ წესის დარღვევით გაიტანა, ამასთანავე, მსაჯმა არ ჩათვალა ესპანელთა ორი “სუფთა” გოლი. ნახევარფინალში ავსტრიელებთან შეხვედრაში კი მსაჯი სულ მასპინძელთა სასარგებლოდ უსტვენდა, ხოლო ერთხელ ზუსტი პასი მისცა იტალიელებს.

ფინალური მატჩიც მუსოლინის სცენარის მიხედვით წარიმართა. მთავარ არბიტრს, შვედ ივან ეკლინდს ევროპულმა პრესამ “რომაელი გრაფი” შეარქვა, რადგან საფინალო შეხვედრის წინ ის დუჩესთან ერთად სტადიონის ლოჟაში ნახეს. რა ინსტრუქციას მიიღებდა დიქტატორისაგან შვედი, რთული მისახვედრი არ არის. ფინალში იტალიელები საშინლად უხეშობდნენ, ხოლო ცინიკოსმა ეკლინდმა, ნაცვლად იმისა, რომ მოედნიდან გაეძევებინა იტალიელები და მათ კარში დაენიშნა პენალტი, ჯარიმებს ნიშნავდა ჩეხოსლოვაკიელთა კარში. შედეგად “სკუადრა აძურამ” 2:1 გაიმარჯვა, მისმა კაპიტანმა კომბიმ კი გახარებული დუჩეს ხელიდან მიიღო მთავარი პრიზი. იტალიაში მუსოლინი და მისი გარემოცვა რომის “ლაციოს” გულშემატკივრობდნენ, ანტიფაშისტები კი _ რომის “რომას”. დუჩეს არ უყვარდა “რომა” და ორგანულად ვერ იტანდა მილანის “ინტერნაციონალეს” (“ინტერს”), ამ კლუბის სახელწოდება მას კომუნისტებს აგონებდა, ამიტომ გუნდს 1928 წელს სახელი გადაარქვეს და “ამბროზიანა” უწოდეს. ძველი სახელი მას მხოლოდ 1845 წელს დაუბრუნეს.

ფრანკო და დი სტეფანო
ფრანკო და დი სტეფანო

ფრანკო (1892-1975)

ერთხელ ხანდაზმულ კატალონიელ ქალბატონს, რომელიც ფეხბურთის დიდი მოყვარული არ იყო, ჰკითხეს: “რატომ არის თქვენთვის ასე მნიშვნელოვანი, რომ “ბარსელონამ” დაამარცხოს “რეალი”? მან უპასუხა: “ფრანკო ჩვენს მამებსა და შვილებს კლავდა, მას კი “რეალი” უყვარდა”.

ესპანეთის კაუდილიო (“ბელადი”) ფრანსისკო ფრანკოს მართლაც ძალიან უყვარდა მადრიდის “რეალი”, რომელმაც მისი მმართველობის პერიოდში (1939-1975) უნიკალურ შედეგს მიაღწია _ 6-ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი (ჩემპიონთა ლიგა). ამბობენ, რომ ფრანკოს ზუსტად ახსოვდა “რეალის” შემადგენლობა სეზონის ყველა მატჩში და სძულდა “ბარსა”. ეს სიძულვილი გამოწვეული იყო არა მხოლოდ ფეხბურთით, არამედ პოლიტიკითაც. 1930-იან წლებში, როცა ესპანეთში სამოქალაქო ომმა იფეთქა, კატალონია გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა ფრანკოს ჯარებს, ადგილობრივების ლაშქარს კი “ბარსას” იმჟამინდელი პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა.

ესპანეთის ხელისუფლების სათავეში მოსულმა ფრანკომ კატალონიის ავტონომია გააუქმა, აკრძალა კატალონიური ენა, მაგრამ “ბარსელონა” ვერ გაანადგურა. იმხანად “ბარსელონას” სტადიონი “კამპ ნოუ” თავისუფლების ერთადერთი კუნძული იყო კატალონიაში. მხოლოდ აქ შეეძლოთ ლურჯ-ბროწეულისფერთა ქომაგებს კატალონიის დროშების აფრიალება და მშობლიურ ენაზე საუბარი. სწორედ იმხანად გაჩნდა “კამპ ნოუზე” უზარმაზარი პლაკატი “კატალონია _ ესპანეთი არ არის!”

ფრანკოს რეჟიმის პერიოდში პოლიტიკა ხშირად ერეოდა ფეხბურთში (ახლაც ასეა). მაგალითად, 1960 წელს ევროპის თასის მეოთხედფინალური მატჩის წინ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ფრანკომ, რომელიც ვერ იტანდა კომუნისტებს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისგან გამარჯვების გარანტია მოითხოვა და, როდესაც ეს გარანტია ვერ მიიღო, ნაკრებს მოსკოვში გასამართ მატჩში მონაწილეობა აუკრძალა (გუნდი აეროპორტიდან გამოაბრუნეს). ესპანეთის ნაკრებს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, საბჭოთა ნაკრებმა კი, რომლის ღირსებას 3 ქართველი ფეხბურთელი _ გივი ჩოხელი, სლავა მეტრეველი და მიხეილ მესხი _ იცავდა, ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონატი.

ამინი (1925-2003)

უგანდის დიქტატორმა იდი ამინმა თავისი მმართველობის (19,1-1979) წლებში ნახევარი მილიონი თანამემამულე გამოასალმა სიცოცხლეს. მან უგანდაში გაავრცელა მუსლიმანობა, პროპაგანდას უწევდა “შავ ფაშიზმს” და აღმერთებდა ჰიტლერს, პარანოიკი დიქტატორის სახელის ხსენებაზე უბრალო უგანდელებს ძარღვებში სისხლი ეყინებოდათ, მაგრამ სპორტის მოყვარულები სიამაყით იხსენებენ 1970-იან წლებს. ამ პერიოდში ამინმა უგანდაში სპორტი არნახულ სიმაღლეზე აიყვანა. ამინს სპორტის ოთხი სახეობა უყვარდა განსაკუთრებით: კრივი, ფეხურთი, რაგბი და ცურვა. სიჭაბუკეში ის ქვეყნის ჩემპიონი იყო კრივში და თამაშობდა რაგბის. ამინი გულუხვად აფინანსებდა საფეხბურთო ნაკრებს, რომელიც 3-ჯერ მონაწილეობდა აფრიკის თასის ფინალურ ეტაპზე, სპორტსმენების წარმატება გამოწვეული იყო შიშით, რომელიც ნებისმიერ დოპინგზე ძლიერია. როცა ადამიანმა იცის, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მისი მოკვეთილი თავი შეიძლება ამინის სუფრაზე აღმოჩნდეს, გმირობას ჩაიდენს. “თქვენი წარმატებები ამყარებს ჩემს პოზიციებს”, _ განუცხადა დიქტატორმა ფეხბურთელებს საზეიმო მიღებისას.

ჟანკლოდ დუვალიე (1951-2014)

ტრინიდადი და ტობაგოს ნაკრების ფეხბურთელი ევერალდ კამინგსი მოედანს თვალცრემლიანი ტოვებდა. 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ შესარჩევ მატჩში, რომელიც ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-ფრენსში გაიმართა, კამინგსის გუნდს მსაჯმა ხორხე ენრიკესმა მასპინძლების კარში გატანილი 4 (!) ბურთი არ ჩაუთვალა. ლაინსმენებმა და მთავარმა მსაჯმა ხან თამაშგარე გამოიგონეს, ხანაც _ წესის დარღვევა. ამ ფარსს თავისი რეჟისორი ჰყავდა. სამთავრობო ლოჟაში მეფურად იჯდა ჰაიტის დიქტატორი ჟან-კლოდ დუვალიე, მეტსახელად ბები დოკი და პირად მცველებთან ერთად უყურებდა ფეხბურთს. მუქი სათვალის გამო მისი გამომეტყველების დანახვა შეუძლებელი იყო, მაგრამ, ჩანდა, რომ კმაყოფილი გახლდათ. მსაჯებს კი არ უნდოდათ, საქმე ჰქონოდათ ცუდი საქმეების ჩამდენ ფრანსუა დუვალიეს შვილთან. ასე გავიდა ჰაიტი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ამ ქვეყნის ფეხბურთელებმა ორი დასამახსოვრებელი რამ ჩაიდინეს: ერთი _ საფეხბურთო მოედანზე, მეორე _ მის გარეთ.

ჰაიტის ნაკრებთან შეხვედრამდე ცნობილ იტალიელ მეკარე დინო ძოფს 1097 წუთის განმავლობაში ჰქონდა კარი მშრალად შენახული. წინასამატჩო ინტერვიუში ჰაიტელმა ფეხბურთელმა ემანუელ სანონმა განაცხადა, რომ ძოფს აუცილებლად გაუტანდა ბურთს და ფორვარდმა სიტყვა შეასრულა. ძოფის მშრალი სერია 1143-ე წუთზე შეწყდა, სანონმა კი დუვალიესგან საჩუქრად ძვირფასი ავტომობილი მიიღო. ამავე მატჩში ჰაიტის ნაკრების ნახევარმცველი ჟან-ჟოზეფი დოპინგის მიღებაში გამოიჭირეს და დისკვალიციფირებული იქნა ფიფას მიერ. მეორე დღეს სასტუმროში გამოჩნდნენ ჰაიტის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ჯერ სასტიკად გალახეს ჟან-ჟოზეფი, შემდეგ კი მანქანაში ჩატენეს, აეროპორტში მიიყვანეს და ჰაიტიზე გადააფრინეს. ჟან-ჟოზეფის ბედი უცნობია, თუმცა რას დამართებდა მას სისხლიანი ბები დოკი, ძნელი მისახვედრი არ არის.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here