მთავარი პოლიტიკა დონალდ ტრამპი და განხეთქილების იერუსალიმი

დონალდ ტრამპი და განხეთქილების იერუსალიმი

2384
გააზიარეთ
დონალდ ტრამპი

2017 წლის მიწურულს ახლო აღმოსავლეთში სტაბილიზაციის ცალკეული ნიშნები გაჩნდა, მაგრამ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ იერუსალიმში აშშის საელჩოს გადატანის შესახებ, რეგიონი ისევ დენთის ცეცხლმოკიდებულ კასრს დაამსგავსა.

ის, რაც ტრამპმა გააკეთა, გაეროს ათობით რეზოლუციის შინაარსა და სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ბევრი ქვეყნის რეაქცია ძალზე ნეგატიურია, ამიტომ სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, დაჟინებით მოუწოდებს ყველას, ყურადღებით გაეცნონ ტრამპის განცხადებას, რომელიც არაერთ “შემარბილებელ” ფრაზას შეიცავს, მათ შორის იმის თაობაზე, რომ აშშ-ს არ გააჩნია საბოლოო პოზიცია ქალაქის სტატუსთან დაკავშირებით, ხოლო ისრაელის სუვერენიტეტი იერუსალიმში მომავალი მოლაპარაკების საგანია. ამით ტილერსონს სურს, მიანიშნოს, რომ არსებითად არაფერი შეცვლილა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მუსლიმური საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამ ნიუანსებს ყურადღებას არ აქცევს და მომხდარს აღიქვამს, როგორც ცალსახად მტრულ ნაბიჯს. პოლიტიკის სიმბოლურ შემადგენელს იერუსალიმის შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

1947 წლის გაეროს #181 რეზოლუცია ითვალისწინებდა, რომ იერუსალიმი და მისი სიწმინდეები საერთაშორისო კონტროლს დაექვემდებარებოდა. 1947-49 წლების ომის შემდეგ მის დასავლეთ ნაწილს ისრაელი, აღმოსავლეთს კი იორდანია აკონტროლებდა. 1949 წლის 5 დეკემბერს ისრაელმა იერუსალიმი დედაქალაქად გამოაცხადა და იქ სახელისუფლო ორგანოების გადატანა დაიწყო. 1967-ში, “ექვსდღიანი ომისდროს, ისრაელმა ქალაქის მთელი ტერიტორია დაიკავა და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ იერუსალიმი ერთიანდება და ისრაელის შემადგენლობაში შედის. 1980 წლის 30 ივლისს ისრაელის პარლამენტმა მიიღო შესაბამისი კანონიიერუსალიმის შესახებ”. ის გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო (რეზოლუცია 478) და მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომელთა საელჩოები იერუსალიმში მდებარეობდა, ისინი თელავივში გადაეტანა (24-დან 22-მა ეს მყისიერად გააკეთა, ორმა კი _ მოგვიანებით). გაერო და მისი წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პალესტინელებს აღმოსავლეთ იერუსალიმზე სუვერენიტეტის უფლება აქვთ (ეს დამოკიდებულება აისახა გენერალური ასამბლეის არაერთ რეზოლუციაში, მაგალითად, 51/27 (1996), 58/292 (2004) და სხვ.).

პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის 1988 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია იერუსალიმს პალესტინის დედაქალაქად განიხილავს. პალესტინის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იგივე ჩაწერა ძირითადი კანონის მე-3 მუხლში. 1988 წელს გამოცხადებული პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად დღემდე არ შექმნილა, თუმცა მას გაეროს ასამდე წევრი აღიარებს, ზოგიერთი მათგანი კი, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი, პალესტინის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმს განიხილავს. პალესტინის ადმინისტრაციის ამჟამინდელი ოფიციალური პოზიცია გულისხმობს, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქი გახდება, ხოლო დასავლეთი იერუსალიმი _ ისრაელის, აღდგება 1967 წლის საზღვარი და ორივე მხარე ქალაქის შესაბამის ნაწილში სრული სუვერენიტეტით ისარგებლებს.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ექსპერტებს უჭირთ იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული დაგეგმარების ნაყოფს თუ უმეტესად სუბიექტურ მოტივებს ეფუძნება. იერუსალიმის შემთხვევაში ეს, ალბათ, უფრო, სტრატეგიაა, თანაც საკმაოდ რთული.

2017 წლის ბოლო კვარტალში ცხადი გახდა, რომ რუსეთმა, ირანმა და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს. სამივესთან აშშ განსხვავებულ ფორმატში ურთიერთობს. დიალოგი თუ დაპირისპირება რუსეთთან გლობალური მასშტაბისაა და სირიის საკითხი აშშ-რუსეთის ურთიერთობებში მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტია. ბაშარ ასადს აშშ განიხილავს, როგორც ლოკალური ხასიათის პრობლემას, რომლის მნიშვნელობა შიდასირიული პროცესების ჩარჩოს არ სცდება. ირანი კი, ამ ორთან შედარებით, “საშუალო კალიბრისაა” და რეგიონულ დონეზე მოქმედებს. სირიის ომის ერთ-ერთი შედეგი ე.წ. შიიტური სარტყელის შექმნაა, რომელიც ირანის საზღვრებიდან ხმელთაშუა ზღვამდე გაიშალა, სადაც მრავალრიცხოვანი პროირანული შეიარაღებული რაზმები მოქმედებენ, ეს კი ძალიან აფრთხობს აშშ-ს, ისრაელსა და კონსერვატიულ სანავთობო მონარქიებს.

ისლამური სახელმწიფოსმარცხის შემდეგ (ის დამარცხდა, როგორც კვაზისახელმწიფო, მაგრამ არა როგორც ტერორისტული ორგანიზაცია) სირიის ომი, ლოგიკურ დასასრულს თუ არა, ერთგვარ პაუზას მიუახლოვდა. ბაშარ ასადი, ყველა პროგნოზის საპირისპიროდ, გადარჩა, რუსეთისა და ირანის დახმარებით მოძლიერდა, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ის ქვეყნის ტერიტორიის 100%-ის გაკონტროლებას შეძლებს, ნაადრევია. სირიის სამთავრობო ძალები გამოფიტულია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ქურთების რაზმები აკონტროლებენ პროვინციებს, რომლებშიც ქვეყნის ნავთობმოპოვებისა და ენერგოგენერაციის სამი მეოთხედი მდებარეობს, ამასთანავე, ეს ყველაზე უხვმოსავლიანი მიწებია. ადრე მათ “ისლამური სახელმწიფო” იკავებდა და სწორედ ამიტომ საწვავისა და სურსათის პრობლემა არ ჰქონდა.

ასადს მოუწევს მოლაპარაკების წარმოება, როგორც ქურთებთან, რომლებსაც შეიძლება ფართო ავტონომია შესთავაზოს, ისეზომიერ ოპოზიციასთან”, რადგან ომის გაგრძელება ქვეყანას საბოლოოდ გაანადგურებს. სამშვიდობო პროცესი რუსეთის, ირანისა და თურქეთის ეგიდით მიმდინარეობს და ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ სირიაში ძალთა ისეთი კონფიგურაცია იქმნება, რომელიც მისთვის არასასურველია. ასეთ ვითარებაში წინა პლანზე იერუსალიმის საკითხის წამოწევა, ერთი შეხედვით, სრული უგუნურებაა, რადგან აშშის რეგიონულ მოკავშირეებს აღიზიანებს, მაგრამ ამას შეიძლება საინტერესო გაგრძელება მოჰყვეს.

თუ ჩვენ დავაკვირდებით ვაშინგტონის რეგიონული პარტნიორების, უპირველესად კი, სანავთობო მონარქიების რეაქციას იერუსალიმის კრიზისზე, ვნახავთ, რომ ის, ერთი შეხედვით, მკვეთრი; მაგრამ, მეორე მხრივ, ცარიელი სიტყვების იქით არ მიდის _ არანაირი ხისტი დიპლომატიური დემარშები ან ფარულად მხარდაჭერილი მრავალათასიანი დემონსტრაციები აშშ-ის საელჩოებთან, რომელსაც აუცილებლად ვიხილავდით წარსულში, შესაძლოა, სანავთობო ემბარგოსთან ერთად.

ეგვიპტეს, იორდანიასა და სანავთობო მონარქიებს არ სჭირდებათ ახალი ინტიფადა პალესტინაში, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ქვეყნებში საზოგადოების, უპირველესად კი, ახალგარზრდობის რადიკალიზაციას (საგულიხმო და, შესაძლოა, სიმბოლური დამთხვევა – პირველი პალესტინური ინტიფადა 30 წლის წინათ, 1987 წლის 8 დეკემბერს, დაიწყო), მაგრამ “არაბულ ქუჩას” მთავრობების რეაქცია არ აკმაყოფილებს, რაც მასში აჩენს მოთხოვნას გაცილებით რადიკალურ პოზიციაზე, ისეთზე, როგორსაც ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიმართ ირანი გამოხატავს. საგულისხმოა, რომ ბოლო კვირებში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ცდილობს, მუსლიმთა პროტესტის მთავარ მედროშედ იქცეს, რათა ეს როლი ირანს არ დაუთმოს, თუმცა, ბოლოდროინდელი უთანხმოების მიუხედავად, თურქეთი მაინც აშშ-ის მოკავშირედ რჩება, რაც ერდოღანს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს, ირანი კი ამ მხრივ თავისუფალია.

ყოველივე მომხდარი “ჰესბოლას” და რადიკალებს უბიძგებს, პალესტინის ავტონომიაში ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ გაცილებით აქტიურად ამოქმედდნენ არა მხოლოდ პალესტინაში, არამედ ლიბანსა და სირიის სამხრეთშიც. ეს კი უკიდურესად გაამძაფრებს ისრაელ-ირანის კონფლიქტს, რომლის დროს “არაბული ქუჩა” მხარს თეირანს დაუჭერს, უპირველესად, ეს შიიტებს ეხება. ირანის მიმართ სიმპათიის (და, შესაბამისად, მისი იდეოლოგიური გავლენის) ზრდა სანავთობო მონარქიებს ძალთა მობილიზაციისკენ დაარაბული ნატოსპროექტის სასწრაფო რეალიზაციისკენ უბიძგებს, რომელიც არსებითად წარმოადგენს ანტიირანულ გაერთიანებას ამერიკელების კონტროლქვეშ. დიდი ანტიირანული კოალიციის შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცალკეული წევრები (მაგალითად, ისრაელი და საუდის არაბეთი) შეიძლება ერთმანეთს რიტორიკულად უპირისპირდებოდნენ, მათ ალიანსს კი ფორმალური ხასიათი არ ექნება, ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს, “გადაათამაშოსსირიის ომის შედეგები, რომლებიც მას არ აკმაყოფილებს. ამ მხრივ, გადაწყვეტილება იერუსალიმის შესახებ შეიძლება შევადაროთ კატალიზატორს, რომელმაც შეიძლება ქიმიური რეაქცია დააჩქაროს და უმართავი გახადოს. თუ მოვლენები ფატალური სცენარით განვითარდება, თითქმის არავის ემახსოვრება, რით დაიწყო ესკალაციის ახალი ეტაპი.

ის, რომ გადაწყვეტილება იერუსალიმის შესახებ შეიძლება საკმაოდ რთული სტრატეგიის ნაწილი იყოს, სულაც არ გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორს ან ისრაელის მხარდამჭერი ლობისტური სტრუქტურების ძალისხმევას. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში აშშის ყველა პრეზიდენტიეთამაშებოდაიერუსალიმში საელჩოს გადატანის იდეას, რათა ებრაელი ამომრჩევლების გული მოეგო, მაგრამ ბოლო ნაბიჯის გადადგმა არც ერთმა არ გარისკა. არადა, იურიდიული საფუძველი ამისთვის არსებობდა _ 1995 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო “აქტი იერუსალიმში საელჩოს შესახებ”, თუმცა პრეზიდენტები იმაზე მიუთითებდნენ, რომ ის საკონსულტაციო ხასიათისაა. რადიკალური ნაბიჯი მხოლოდ დონალდ ტრამპმა გადადგა, თანაც მაშინ, როდესაც მისი მდგომარეობა, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით წარმოებული გამოძიების გამო, უკიდურესად გართულდა, ხოლო იმპიჩმენტის საფრთხე სავსებით რეალური გახდა. გამორიცხული არაა, რომ ამ რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილება იერუსალიმის შესახებ მისთვის ერთგვარი ხავსია. 2017 წელი აშშ-ის ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებული სკანდალებით და გაუგებრობით დაიწყო და ამავე ნოტაზე სრულდება. ამ მხრივ 2017 ნამდვილად დონალდ ტრამპის წელიწადი იყო.

ლუკა ნემსაძე

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here