Home რუბრიკები პოლიტიკა დონალდ ტრამპი აშკარად ჩადგა უცხო ქვეყნის სამსახურში

დონალდ ტრამპი აშკარად ჩადგა უცხო ქვეყნის სამსახურში

682
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

და ეს უცხო ქვეყანა რუსეთი არ არის, ეს უცხო ქვეყანა ისრაელის სახელმწიფოა. დონალდ ტრამპი არჩევამდე და არჩევის შემდგომაც არ მალავდა ისრაელისადმი ცალმხრივ და უპირობო მხარდაჭერას, რაც აშშის ყველა პრეზიდენტს ახასიათებდა, მაგრამ ტრამპმა მათ გადააჭარბა ამ საკითხში თავისი რადიკალიზმით.

აშშ-ის, კერძოდ კი, ტრამპის ებრაელი სიძის, 39 წლის ჯარედ კორი კუშნერის, შუამავლობით აგვისტოში ხელი მოეწერა შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ისრაელსა და გაერთიანებულ არაბულ საამიროებს შორის. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ავიამიმოსვლაზე. პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა თელ-ავივსა და აბუ-დაბის შორის. რამდენიმე დღის წინათ კი თეთრ სახლში ხელი მოეწერა ანალოგიურ შეთანხმებას ისრაელსა და ჯუჯა, მაგრამ მდიდარ არაბულ სახელმწიფო ბაჰრეინს შორის. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ აშშ-ის შეუზღუდავი მხარდაჭერის წყალობით ისრაელის სახელმწიფო აღარ არის იზოლირებული არაბულ სამყაროში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი შეეხო არაბებისთვის ვითომ წმინდა საკითხსაც _ იერუსალიმს. კერძოდ, თავისი გაპრეზიდენტებიდან ცოტა ხანში აასრულა ისრაელის ნებისმიერი ხელისუფლების სანუკვარი ოცნება და იერუსალიმი, 1967 წელს ისრაელის ჯარის მიერ დაპყრობილ აღმოსავლეთ იერუსალიმთან ერთად, ისრაელის დედაქალაქად აღიარა. შესაბამისად, აშშის საელჩო თელავივიდან იერუსალიმში გადავიდა, რაც ისრაელის დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა.

ოკუპირებული პალესტინის არაბები თავს ღალატის მსხვერპლად მიიჩნევენ, მაგრამ მათ, ქუჩის პროტესტების მოწყობის გარდა, ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ერთადერთი “შეღავათი”, რომელსაც მას გაერთიანებული არაბული საემიროების თხოვნით ისრაელი გაუწევს, არის ის, რომ ისრაელი “აღარ განავრცობს სუვერენიტეტს” იუდეასა და სამარიაში (ებრაული ვერსიით), ანუ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პალესტინურ ტერიტორიებზე. ამიტომ პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელსა და გაერთიანებულ არაბულ საამიროებს შორის შეთანხმებას პირდაპირ “ღალატს” უწოდებს. მეტიც, პალესტინელებისადმი გამოჩენილ უსამართლობაზე ისრაელშიც საუბრობენ. მაგალითად, გერმანიაში ისრაელის ყოფილმა ელჩმა ავი პრიმორმა “დოიჩე ველეს” განუცხადა:

ღაზის სექტორში არაბები ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსი და გაერთიანებული არაბული საამიროების პრეზიდენტ ხალიფა მუჰამედ იბნ საიდ ალ-ნაჰაიანის ფიტულებს წვავენ
ღაზის სექტორში არაბები ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსი და გაერთიანებული არაბული საამიროების პრეზიდენტ ხალიფა მუჰამედ იბნ საიდ ალ-ნაჰაიანის ფიტულებს წვავენ

“რასაც პალესტინელებს სთავაზობენ, რბილად რომ ვთქვა, საცოდაობაა. პალესტინელები არ იღებენ სახელმწიფოებრიობას, ნაცვლად ამისა, მათ რჩებათ დანაწევრებული ქვეყანა, ისრაელის მიერ გარშემორტყმული; მათ რჩებათ დანაწევრებული ავტონომია, თუკი ესეც დაუტოვეს, რასაკვირველია, ეს ძალიან იმედგამაცრუებელია, ძალიან მწარეა!”

ტრამპმა ამერიკაში მოქმედი უძლიერესი ებრაული ლობის დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. როგორც ჩანს, მას ამ ლობის ხელშეწყობით მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი პრობლემების გარეშე ხელახლა აირჩევენ. ამ ვითარების კომიკურობა არის ის, რომ ტრამპის კონკურენტის როლში დემოკრატიული პარტიის მხრიდან გამოდის წარმოშობით ებრაელი ჯო ბაიდენი, რომელიც ებრაელებს უმტკიცებს, რომ ტრამპი “ებრაელებისთვის ცუდია”.

თუმცა ეს, შესაძლოა, არც ისე კომიკური აღმოჩნდეს. მართალია, არაბულ სამყაროში ახლა განხეთქილებაა და ისრაელის პოზიციები გაცილებით ძლიერია, ვიდრე 10-15 წლის წინათ, მაგრამ, “სიონისტურ რეჟიმთან” ბრძოლის დროშა ახლა მყარად უპყრია ხელთ ისრაელის მთავარ მტერს _ ირანის ისლამურ რესპუბლიკას. სპარსეთის ყურის არაბული მონარქიები _ გაერთიანებული არაბული საამიროები, ბაჰრეინი და თვით ყველაზე მძიმეწონოსანი, უმდიდრესი საუდის არაბეთი, შიშით უყურებენ შიიტურ ირანს, ამ ქვეყნის აგრესიისგან დაცვის მოტივით ამერიკისკენ იხრებიან და არაბულ სამყაროში არაპოპულარულ, სახიფათო თამაშს ეწევიან ისრაელთან თანამშრომლობით. პერსპექტივაში არაბული მონარქიები თავიანთ ქვეყნებში რადიკალიზაციის საფუძველს ქმნიან დღეს და ახლა. ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა და ფარული თანამშრომლობა (როგორც ამას საუდის არაბეთი აკეთებს) მათ ვერ დაიცავს ირანისგან რეგიონში ომის შემთხვევაში. სამაგიეროდ, ირანის ავტორიტეტი და პოზიციები ისრაელის მიმართ რადიკალურად განწყობილ არაბებში გაძლიერდება. ამასთანავე, პრობლემას მხოლოდ ირანი როდი წარმოადგენს. ახლო მომავალში კიდევ უფრო დიდი პრობლემა, სავარაუდოდ, თურქეთის რესპუბლიკა იქნება. განსხვავებით ირანისგან, თურქეთი, არაბების უმეტესი ნაწილის მსგავსად, სუნიტური ისლამის მიმდევარია და არა შიიტურის. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, კარგა ხანია, ანტიისრაელურ რიტორიკას იყენებს, ამ ფონზე მისი რეიტინგი მყარია საკუთრივ თურქეთში და, ბუნებრივია, არაბულ სამყაროშიც. თურქეთის აქტიური პოლიტიკა ლიბიაში კიდევ ერთი დამატებითი გარემოებაა, რომელიც უნდა აფიქრებდეს “მშვიდობისმყოფელ” ტრამპს, მაგრამ მას ეს საკითხები არ ესმის და არც აინტერესებს, მისთვის მთავარია, განახორციელოს ისრაელისთვის სასარგებლო ამოცანები. შეთანხმება ისრაელსა და გაერთიანებულ არაბულ საამიროებს, აგრეთვე, ისრაელსა და ბაჰრეინს შორის, მკვეთრად დაგმეს თეირანსა და ანკარაში. ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ქმედებები “რეგიონში წინააღმდეგობის ღერძს გააძლიერებს”. თურქეთის მთავრობაშიც ასე მიაჩნიათ და საამიროების გადაწყვეტილებას პალესტინელებივით ღალატად აფასებენ.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში „ოროსან“ მოსწავლესათვის დასვეს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში „ოროსან“ მოსწავლესავით დასვეს

ტრამპმა, გარდა ახლო აღმოსავლეთში მიღწეული ამ საეჭვო წარმატებისა, მართლმადიდებელი სერბებიც ბოლომდე გაასწორა მიწასთან და მათი მოლიბერალო პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი აიძულა, სეპარატისტულ კოსოვოსთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე მოეწერა ხელი. ვუჩიჩი ტრამპის ოვალური კაბინეტის შუაში “ოროსან” მოსწავლესავით დასვეს სკამზე, მას კი საწერ მაგიდასთან მჯდომი დონალდ ტრამპი სკოლის დირექტორივით მკაცრად უყურებდა, რაც ორ თანასწორუფლებიან სახელმწიფოს მეთაურთა შორის ურთიერთობებში სრული აბსურდია.

აშშ-ის პრეზიდენტს ეს ყოველივე არ აინტერესებს, იგი ახლა კმაყოფილია იმით, რომ თავისი ფსევდოსამშვიდობო დიპლომატიის გამო, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მშვიდობის სფეროში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ეს წარდგინება არც ისე ალოგიკურია, რადგან ტრამპს ოფიციალურად არც ერთი ომი არ გაუჩაღებია თავისი მმართველობის თითქმის 4 წლის განმავლობაში, განსხვავებით თავისი სისხლიანი წინამორბედებისგან _ ობამას, ბუშისა და კლინტონისგან. სამაგიეროდ, მის მიერ “მოგვარებული” საკითხები საერთაშორისო არენაზე ქმნის საფუძველს, რომ არსებული კონფლიქტები არცთუ შორეულ მომავალში ახალი ძალით იფეთქებს. ეს ასეა იმიტომ, რომ ტრამპის დიპლომატიის შედეგად არ გვარდება პრობლემები სამართლიანობის საფუძველზე. პრობლემების ტრამპისეული “მოგვარება” უსამართლობის ცემენტირებაა. უსამართლობის “ცემენტი” კი, როგორც ცნობილია, ადრე თუ გვიან, დაირღვევა.

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. ვეთანხმები ავტორს. ამერიკის, როგორც მსოფლიოს ლიდერის, დანიშნულება პალესტინაში ებრაელებისა და არაბების შერიგებაა და არა ერთმანეთზე გადამტერება. ებრაელებისაკენ გადახრა დათვური სამსახურია, რადგან ამერიკის დასუსტების შემდეგ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, არაბები უსამართლობის “ცემენტს” გააცამტვერებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here