Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ხუნდაძე: “ნაციონალურ მოძრაობას” ხელს აძლევს ყველაფერი, რაც ქვეყანას მიიყვანს უფსკრულამდე

დიმიტრი ხუნდაძე: “ნაციონალურ მოძრაობას” ხელს აძლევს ყველაფერი, რაც ქვეყანას მიიყვანს უფსკრულამდე

1528
დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძესაქართველო და მსოფლიოსნარკოპოლიტიკის რეფორმაზე ესაუბრა. მისი შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი სერიოზული საფრთხეების შემცველია.

_ ბატონო დიმიტრი, რამდენიმე დღის წინათ განაცხადეთ, რომ არასამთავრობო სექტორი ზეწოლას ახდენს საკანონმდებლო ორგანოზე, რას გულისხმობდით? აქციების გარდა, ისეთი მოქმედებებიც ხორციელდება, რომლებსაც საზოგადოება ვერ ხედავს?

_ სიტყვის თავისუფლება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ყველა ადამიანს შეუძლია, თავისუფლად გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ, მაგრამ ზომიერება ყველაფერში გვმართებს. კანონპროექტის განხილვას ყველგან სდევს ხმაური “თეთრი ხმაურის” მხრიდან. მეცნიერებათა აკადემიამ მოითხოვა ჯანდაცვის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა და რამდენიმე დღის წინათ გამართულ ამ შეხვედრაზეც შეიქმნა ხმაური “თეთრი ხმაურის” მიერ. საზოგადოდ, ეს არის მასშტაბური კანონპროექტი, რომელიც საზოგადოების რომელიმე მცირე ჯგუფს კი არ ეხება, არამედ თითოეულ ჩვენგანს. კანონპროექტში წარმოდგენილია ნარკომომხმარებლების მიმართ დამოკიდებულება, დეკრიმინალიზაცია, ამასთანავე, ეს კანონპროექტი ეხება ყველას, ვინც ნარკოტიკს არ მოიხმარს. ამიტომაც საჭიროა სისტემური ხედვა, ფრთხილი დამოკიდებულება, მრავალმხრივი განხილვა და რისკების შეფასება. ვაცხადებ, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ერთმნიშვნელოვნად არის შესაცვლელი, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ 2012 წლიდან მისი შეცვლა უკვე დაიწყო. მაგალითად, გამოცხადდა მასშტაბური ამნისტია, 273-ე მუხლი გაიმიჯნა. მომხმარებელი სხვა სასჯელით ისჯება, გამსაღებელი _ სხვა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მოეხსნათ ვალდებულება, ნარკოტიკების ზედოზირების ფაქტზე გამოძახება საპატრულო პოლიციას შეატყობინონ. საჯარიმო სახდელებიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ბოლო დროს “თეთრი ხმაური” ავრცელებს ინფორმაციას, რომ თითქოს 3 ათასი კაცი იხდის სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის. სინამდვილეში კი 273-ე მუხლით 486 ადამიანია დაკავებული, თუმცა ისინი მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებისთვის კი არ არიან მსჯავრდადებულნი, არამედ კომბინირებული დანაშაულებისთვის, ანუ ნარკოტიკების მოხმარება მათ მიერ დანაშაულის ჩადენისას.

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, მხოლოდ მოხმარების გამო რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს?

_ მხოლოდ მოხმარებისთვის სასჯელს რამდენიმე ადამიანი იხდის. ისიც იმიტომ, რომ მათ ვერ შეძლეს საჯარიმო სახდელის გადახდა. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის, მაგრამ არა იმგვარი, როგორც ეს საზოგადოებას მიეწოდება. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა უფრო დეკრიმინალიზებული გავხადოთ ეს პროცესი, მაგრამ ეს უნდა იყოს სწორად შეფასებული, სწორად დაბალანსებული, რისკები კი შემცირებული. ქვეყანა უნდა იყოს ამისთვის მზად. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება ამისთვის არ არის მზად, ვფიქრობ, ამ რისკზე წასვლა დაფიქრებას მოითხოვს. შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ვერ ხედავს ზღვარს ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასა და ნარკოტიკის მოხმარების გაზრდას შორის. ეს განცხადება ყურადსაღებია ისევე, როგორც იუსტიციის სამინისტროს 6-გვერდიანი შენიშვნების პაკეტი და ფინანსთა სამინისტრო განცხადება, რომ ბიუჯეტში დღეს ამ მიმართულებით არ არის განსაზღვრული არც ერთი თეთრი. არადა, როდესაც პორტუგალიის მაგალითი გადმოაქვთ პროექტის ინიციატორებს, პორტუგალიაში თითო მოსახლეზე ამ პროექტის განხორციელებისას 40 ევრო იხარჯებოდა, ჩვენთან კი ეს თანხა 2-3 ლარს უდრის. მოკლედ, დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, მაგრამ მოუმზადებლად მისი განხორციელება არის მაღალი რისკფაქტორების შემცველი.

_ რას გულისხმობთ მომზადებაში?

_ უნდა იყოს ალტერნატიული სერვისები და ამისთვის საჭირო ფინანსური რესურსი გაწერილი. საჯარიმო სახდელები უნდა იყოს ადეკვატური, რათა ის მიზანს აღწევდეს. მაგალითად, არ შეიძლება, თერაპიული დოზა იყოს ერთი ადამიანისთვის სუბოტექსის ერთი აბი, რომელიც კანონპროექტში მოცემულია, რომ ის არის პირადი მოხმარებისთვის. პრაქტიკაში მას იყენებენ, როგორც ინიექციურ ნარკოტიკს და ინაწილებს 8-10 ნარკომომხმარებელი. არ შეიძლება მედიკამენტზე, რომლის ღირებულებაც 700-800 ლარია, საჯარიმო სახდელი იყოს 100 ლარამდე. ამით მიზანი ვერ იქნება მიღწეული და გამოიწვევს მის მასობრივ მოხმარებას.

_ რატომ მოხდა ასე საჩქაროდ უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება?

_ კანონპროექტის მასალების გაცნობა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის ავტორები არ ითვალისწინებენ პროექტის განხორციელების ძირითად ბაზას, ფინანსურ უზრუნველყოფას. ელემენტარული გაანგარიშება გვიჩვენებს, რომ ევროპის ან ამერიკის შეერთებული შტატების ანალოგიური ნარკოპოლიტიკა რომ გავატაროთ, უნდა დავიწყოთ შესაბამისი სერვისების დაფინანსება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პორტუგალიის მაგალითის გზით რომ წავიდეთ, დაახლოებით 140 მილიონი ევრო იქნება საჭირო. სწორედ აქ ვხედავ რისკფაქტორებს. ახლა თუ მკითხავთ, მაშინ რატომ მოხდა ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჯანდაცვის კომიტეტშიო, გეტყვით, რომ ჯანდაცვის კომიტეტში უმრავლესობის წევრების უმრავლესობა არ ემხრობა ამ პროექტის ამგვარი სახით ინიცირებას.

_ მაშ, რატომ მოხდა კანონპროექტის ინიცირება ასე ნაჩქარევად?

_ ეს ავტორებს უნდა ჰკითხოთ…

_ თქვენ ამას, როგორც უმრავლესობის წევრს, ისე გეკითხებით, თუ ასეთი აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა უმრავლესობაში, რატომ მოხდა ამ კანონპროექტის ინიცირება?

_ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს კანონპროექტი ამგვარი ფორმით არ არის შეთანხმებული, ეს კანონპროექტი არ სარგებლობს მხარდაჭერით ჯანდაცვის კომიტეტში საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობის მხრიდან! ასე რომ, ამ მასშტაბური პროექტის ასე ნაჩქარევად და შეუთანხმებლად მიღება, სულ ცოტა, არასწორია. საჭიროა საზოგადოების თანხმობა და, რაც მთავარია, კანონმდებლები უნდა თანხმდებოდნენ ამაზე და არ შეიძლება ერთიორი ადამიანის ინიციატივით ასეთი მასშტაბური კანონპროექტი გავიდეს პარლამენტში, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უწყება არ არის მზად, იუსტიციის სამინისტრო 6-გვერდიან შენიშვნებს გზავნის, ფინანსთა სამინისტრო ამ კანონპროექტის იმპლემენტაციის შესაბამის რესურსს არ ასახავს არც ერთ დოკუმენტში პარლამენტთან შეთანხმებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ვერ რწმუნდება იმ არგუმენტაციით, რომელიც არის მოწოდებული კანონპროექტის ავტორთა მიერ, რომ ეს კანონპროექტი არ გამოიწვევს ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების მომატებას. ჩემი პოზიცია მინდა მყარად, ერთ წინადადებაში გამოვხატო: წინააღმდეგი ვარ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები იყვნენ ციხეში, მაგრამ ასევე წინააღმდეგი ვარ, მივიღოთ იმგვარი სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც გაზრდის ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობას და, შესაბამისად _ კრიმინალს.

_ კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში კრიმინალის შესაძლო მომატებაზე ლაპარაკობთ, ამ საკითხზე ისედაც ხშირად საუბრობენ თქვენი ოპონენტები, ქვეყანაში კრიმინალი მკვეთრად არის მომატებულიო

_ კრიმინალის იდენტიფიკაცია და სააშკარაოზე გამოტანა მანამდე, ფაქტობრივად, არ ხდებოდა. დღეს ყველა ფაქტი აღირიცხება და ანალიზის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ, ვფიქრობ, კრიმინალის ერთი ფაქტიც კი საყურადღებოა. როდესაც ჩვენ ნარკოპოლიტიკას ამ ჭრილში ვიხილავთ, ეს ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, ის, რომ ქვეყანაში არის უმუშევრობა, სოციალურად დაუცველთა მაჩვენებელი 14-15%-ია. არადა, შესაბამისი კვლევები და ნარკოტიკების მომხმარებელთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ ნარკოტიკს მოიხმარს სტრესული მდგომარეობის ან უმუშევრობის ფონზე და რეალობას ამ ფორმით გაურბის. მოგეხსენებათ, ნარკოტიკულ ნივთიერებას აქვს ფულადი ღირებულება. სუბოტექსის ერთ აბის საბაზრო ღირებულება 700-800 ლარია, მის შესაძენად ხომ თანხა სჭირდება ნარკომომხმარებელს, რომელიც საშიშია იმ დროს, როდესაც არის ნარკოტიკების მოხმარების გარეშე, ანუ ე.წ. ლომკაში, და, თუ მას თანხა არ აქვს, რას იზამს? მოგადგებათ თქვენ, თქვენ თუ არა _ სხვას. ამ ფულის მოსაპოვებლად ყველაფერს იკადრებს. ვფიქრობ, ასე სკრუპულოზურად სჭირდება ამ ყველაფერს გაანალიზება და არ შეიძლება ჰუმანიზაციის ტერმინს ამოვაფაროთ ის რისკები, რომლებიც რეალურად არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. ასევე გასაანალიზებელია რეგიონული რისკები. საქართველო არის იმ რეგიონში, რომელზეც ნარკოტრასები გადის. დაუზუსტებელი ციფრია, მაგრამ მაინც გეტყვით: საზოგადოდ, მსოფლიოში 300 მილიარდი დოლარი ტრიალებს შავ ბაზარზე მარიხუანის ექსპორტ-იმპორტით. როდესაც არსებობს დასაქმების დაბალი მაჩვენებელი, სოციალურად დაუცველთა დიდი რიცხვი, დაახლოებით 300 ათასი დევნილი, როგორ შეიძლება ეს რისკები არ გავითვალისწინოთ და ემოციური განწყობით მივიღოთ ასეთი ღრმად გასაანალიზებელი კანონპროექტი? კიდევ ერთხელ ვამბობ: არ დავიჭიროთ, მაგრამ არ გავავრცელოთ!

_ “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ნულოვანი ტოლერანტობის გამტარებელი პოლიტიკური ძალა იყო, დღეს მხარს უჭერს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას

_ “ნაციონალურ მოძრაობას” ხელს აძლევს ყველაფერი, რაც ქვეყანას მიიყვანს უფსკრულამდე, რათა მღვრიე წყალში ნახონ სარგებელი. ყველაფერს დაუჭერენ მხარს, რაც ქვეყანაში გამოიწვევს ნეგატიურ პროცესებს. მათი მმართველობის პერიოდში იყო რეპრესიული ნარკოპოლიტიკა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამან გარკვეული შედეგი მოიტანა.

_ რას გულისხმობთ?

_ იმ პერიოდისთვის ქვეყანაში მძიმე ნარკოტიკები, ე.წ. ჰეროინი და სუბოტექსი ბაზარზე ძალიან რთულად ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ მოხდა საპირისპიროც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და შემიძლია დავადასტურო დოკუმენტურად, შემოტანილი იქნა ძალიან დიდი პარტია კოფეინის შემცველი პრეპარატებისა, რომლებიც აუცილებელია იაფფასიანი ნარკოტიკული ნივთიერებების, იმ დროისთვის პოპულარული .. ვინტის, ჯეფისა და კრაკადილის დასამზადებლად. ეს არის იაფფასიანი ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებიც უფრო დიდ არეალს მოიცავს. იაფფასიან ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს საზოგადოების დიდი ნაწილი და ჩვენ მივიღეთ, პრაქტიკულად, სისტემური სააფთიაქო ნარკომანია. ჩვენ შევიმუშავეთ მიდგომა სააფთიაქო ნარკომანიასთან, რამაც მოგვცა შედეგი, ხარვეზები არსებობს დღესაც, მაგრამ დეზომორფინისა და ე.წ. კრაკადილის მოხმარება ქვეყანაში 99%-ით შემცირდა. ეს არის ნარკოტიკი, რომლის მოხმარებითაც ახალგაზრდები ჩასვრილი დადიოდნენ, ბოდიშს ვიხდი ასეთი შეფასებისთვის. სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანაში ნარკომოხმარება შემცირდეს და არა გაიზარდოს, ღრმა ანალიზის შედეგად უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის შემუშავება.

ესაუბრა

მაია მარგველანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here