მთავარი პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: როგორც უკრაინამ ვერ მიიღო ნატოსკენ სწრაფვით ვერაფერი, გარდა იმისა, რომ...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: როგორც უკრაინამ ვერ მიიღო ნატოსკენ სწრაფვით ვერაფერი, გარდა იმისა, რომ მისივე “მოკავშირეები” თითის ქნევით აჩუმებენ, ვერც ჩვენ მივიღებთ ვერაფერს

“ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც გვეტყვიან, რომ “თამაში დასრულდა” და მორჩა, ხმა არ უნდა ამოვიღოთ”

328
გააზიარეთ
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანა აღარ გვექნება ფორმალურადაც კი

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის ვაშინგტონში დაგეგმილ პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე ერთი თვით ადრე ბაიდენის ადმინისტრაციამპარტნიორუკრაინას კიდევ ერთიმეგობრული რჩევამისცა და რუსეთგერმანიის მილსადენჩრდილოეთის ნაკადი-2”-ზე, რომელიც უკრაინის ეკონომიკურპოლიტიკურ ინტერესებს (და არა მხოლოდ) მნიშვნელოვნად აზიანებს, დუმილისკენ მოუწოდა. როგორც გავლენიანი ონლაინგამოცემაპოლიტიკოიუწყება, თეთრი სახლი სერიოზულად უკმაყოფილოა ოფიციალური კიევის მხრიდან პროექტის კრიტიკით

რას უპასუხებს ვაშინგტონს კიევი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა “მოკავშირე” ქვეყნის ამ რიტორიკას უკრაინის პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები _ რადაში, როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წარმომადგენლები, შეშფოთებას ვერ მალავდნენ, ხოლო ექსპერტები, მათ შორის პროდასავლურად განწყობილნიც, უკრაინისთვის მეტად პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ.

ცნობისთვის: ორი თვის წინათ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ სენატორებთან _ ჯინ შაჰინთან და რობერტ პორტმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხოლოდ აშშ-ს შეუძლია, შეაჩეროს “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობა. მისი თქმით, ეს ყველაფერი თვითონ ვაშინგტონის ინტერესშიცაა, თუმცა განცხადებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთ გამოსვლაში უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ვაშინგტონი თავს იკავებს პროექტის ბლოკირებისგან: “ეს მილსადენი რუსეთის ხელში ნამდვილი იარაღია და გაუგებარია, რატომ აწვდის ამ იარაღს ტყვია-წამალს ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიცაა შეერთებული შტატები…”

რატომ ითხოვს დღეს თეთრი სახლი კიევისგან დუმილსა და თავშეკავებას რუსეთის კრიტიკისგან და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის, რომელიც, უკრაინის მსგავსად, მთავარ მოკავშირედ ვაშინგტონს განიხილავს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, გავლენიან დასავლურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ცნობას თუ დავუჯერებთ, აშშ უკრაინასჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გამო რუსეთის კრიტიკისგან თავის შეკავებისა და დუმილისკენ მოუწოდებს. მეტიც, უკრაინას უკვე დაუფარავად მიუთითებენ, რომ კონგრესთან არ განიხილოს ამერიკისა და გერმანიის პოტენციური გეგმები, რის გამოც შეიძლება მოლაპარაკებები დაზიანსეს. რას ნიშნავს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად მიჩნეული ამერიკისგან პოზიცია და, რაც მთავარია, ჩვენთვის რა პოლიტიკური გზავნილია ეს ყველაფერი?

_ ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები საკითხია, ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყებ. უკრაინაში მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა და სათავეში მოვიდა ე.წ. პროდასავლური მთავრობა, რომელიც გარედან იმართებოდა, ჩამოყალიბდა სრულიად ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი. კონიუნქტურისა და იმ საინფორმაციო ველის შესაბამისად, რომელიც თან სდევდა ამ პროდასავლურ დისკურსს, გაჩნდა მოლოდინი, რომ ქვეყანა სწრაფი ტემპით წავიდოდა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ეს მოლოდინი სულ უფრო მატულობდა და შესაბამის საზოგადოებრივ განწყობებშიც ფორმირდებოდა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შემდეგ მოვლენები ამ სცენარით არ განვითარდა და ახალ ხელისუფლებასაც არ აღმოაჩნდა მინიმალური პოლიტიკური თვითმყოფადობაც, გაჩნდა იმედგაცრუება. ნდობა უნდობლობამ შეცვალა, ხოლო ლოიალური რიტორიკა, რომელსაც დასავლეთიდან მოვლენილი მარიონეტული ხელისუფლება უპირობოდ იყენებდა, შიგადაშიგ კრიტიკამ ჩაანაცვლა. გამოიკვეთა რეალობა, რომ დასავლეთი არათუ არ ან ვერ ასრულებდა პირობას ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრირების შესახებ, არამედ მთლიანად ცვლიდა პოლიტიკურ კონიუნქტურას, რითაც, პრაქტიკულად, უგულებელყოფდა უკრაინის მიერ გაღებულ რისკებს და გათვლას აკეთებდა მხოლოდ საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებზე. ამ შემთხვევაში ეს ინტერესები ენერგოუსაფრთხოებას, კონკრეტულად, პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-დან მისაღებ სარგებელს გულისხმობს… სხვათა შორის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთმა დახმარების ხელის გაწვდენის ნაცვლად იმედი გაუცრუა მოკავშირე უკრაინას. პირველი ასეთი შემთხვევა იყო წლების წინათ, როცა დაათმობინეს ბირთვული პოტენციალი იმ პირობით, რომ გლობალური დასავლეთი აიღებდა მის უსაფრთხოებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. საბოლოოდ არც ერთი დაპირება არ შესრულდა და უკრაინის ტერიტორიაზე ცხელი წერტილები კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რაც, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის სუვერენიტეტს კრიზისში აქცევს. არაფერს ვამბობ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელზეც გლობალურმა დასავლეთმა საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი… რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას და იმას, რომ თეთრი სახლი უკვე პირდაპირ ითხოვს გაჩუმებას კიევისგან, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი დაუფარავი დემონსტრაციაა იმისა, რომ 40-მილიონიანი უკრაინაც კი, რომელმაც ყველა პირობა შეუსრულა დასავლეთს, რიგ შემთხვევებში საკუთარი ინტერესების საზიანოდაც, არის გასაცვლელი მონეტა; ჩვეულებრივი სავაჭრო და სასპეკულაციო სუბიექტი, რომლითაც ივაჭრეს და ყველამ თავისი მიიღო, თვითონ უკრაინის გარდა.

_ საქართველოც არანაკლებ დამოკიდებულია დღეს ვაშინგტონსა და ევროპაზე, ვიდრე უკრაინა. დასაწყისშიც შეგეკითხეთ და კიდევ გავიმეორებ _ ჩვენთვის რა პოლიტიკური გაკვეთილი შეიძლება იყოს ის, რომ კიევს რუსეთის მიმართ გაჩუმებას სთხოვენ? მოგეხსენებათ, საუბარია პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგაც უკრაინა წელიწადში დაახლოებით 7 მილიარდ დოლარს დაკარგავს.

_ გლობალისტური დასავლეთისთვის საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ყოველთვის განიხილება ერთ კალათაში, ცხადია, მეტ-ნაკლები უპირატესობებით ამა თუ იმ საკითხზე. სხვათა შორის, ის, რომ ბაიდენსა და პუტინს ჟენევაში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრაზე საერთოდ არ უხსენებიათ საქართველოს კონფლიქტური რეგიონები, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს

_ რას გულისხმობთ?

_ ვგულისხმობ იმას, რომ დასავლეთისთვის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, როგორც დასავლური გლობალისტური პოლიტიკის მთავარი ღერძისთვის, საქართველო, ისევე, როგორც მოლდოვა და უკრაინა, თუნდაც 5-10 წლის წინანდელივით აღარ არიან დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის სუბიექტები. სხვათა შორის, ის, რაც ახლა ხდება იმავე ავღანეთში, კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, რას ნიშნავს ამერიკელებისთვის სტრატეგიული პარტნიორობა და მოკავშირეობა. მას შემდეგ, რაც გაიყვანეს ჯარები ავღანეთიდან, მათ მიერვე წლების განმავლობაში ნაშენები “მშვიდობა” და “თავისუფლება” “თალიბანის” ხახაში დატოვეს და ახლა “თალიბანი” მუსრს ავლებს ხალხს, რომელიც წლების მანძილზე ამერიკელებისადმი ლოიალურად იყვნენ განწყობილნი… რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისთვის დუმილისკენ მოწოდება, რაც ყველამ ვიცით, რომ სინამდვილეში არანაირი მოწოდება არ არის და რეალურად ჩვეულებრივი თითის დაქნევაა, საქართველოს შემთხვევაში ამ მოცემულ მომენტში, უბრალოდ, არ არის ისეთი ინტერესები, ვთქვათ, ეკონომიკური ან რამე სხვა, როგორიც უკრაინის შემთხვევაშია პროექტიჩრდილოეთის ნაკადი-2”, თორემ საკმარისია, შეიქმნას ანალოგიური ვითარება და დასჭირდეს რომელიმე წამყვან ევროპულ სახელმწიფოს ან ამერიკის შეერთებულ შტატებს კომპრომისები, ისე გაგვცვლიან, ისე გაგვყიდიან და გამოგვიყენებენ სპეკულაციებისთვის, არც კი შეგვეკითხებიან. შეეკითხა ვინმე რამეს უკრაინას, როცა რუსეთს “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გამო დაწესებული სანქციები მოუხსნეს? არც კი დაურეკავთ პრეზიდენტ ზელენსკისთვის… აი, ეს არის ის, რაც მათ შედეგად მოუტანათ ბრმა და ჩანასახშივე უპერსპექტივო პრონატოურმა პოლიტიკამ და, რა თქმა უნდა, ანალოგიურ შედეგებს მოგვიტანს ასეთი პოლიტიკა ჩვენც, თუ, ცხადია, არაფერი შეიცვალა და არ შეიცვალა ძირეულად…

_ თუმცა საქართველო განუხრელად ადგას აღებულ კურსს და მისი მთავარი ორიენტირები ისევ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროკავშირია

_ არ ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან ნატოსკენ სწრაფვის უპერსპექტივო პოლიტიკის გადახედვა მაინცდამაინც ალიანსის საწინააღმდეგო ბანაკში გადანაცვლებას უნდა გულისხმობდეს, არა, ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და არც მტრები უნდა ვეძებოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ დღეს რუსეთის საწინააღმდეგო ბანაკის ავანგარდში ვართ. საქართველო, ისევე, როგორც უკრაინა, დასავლეთის ხელში იარაღია, რომელსაც პირველს გაისვრიან, პირველს გამოიყენებენ წინა ხაზზე. ბოლოს კი ისევ საქართველოთი დაიწყებენ ვაჭრობას და მიაღწევენ შეთანხმებას, ოღონდ ისე, რომ ჩვენ ვერაფერს მივიღებთ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ ეს არის პრაქტიკა, რომელიც აგერ უკვე უკრაინის შემთხვევითაც დამტკიცდა. ამიტომაა საჭირო ბალანსის პოლიტიკა და ვექტორებს შორის წონასწორობა, რომლის მიღწევაც, უბრალოდ, წარმოუდგენელია რუსეთთან მეტ-ნაკლებად დალაგებული ურთიერთობის გარეშე…

_ ეს ყველაფერი არსებული ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია?

_ მე უფრო დღის წესრიგზე გავამახვილებდი ყურადღებას, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებზე. რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ბალანსი საერთოდ არ არსებობს და დღის წესრიგს მთლიანად ადგენს დასავლეთი; იმ პირობებში, როცა ამ ყველაფერს მთლიანად განსაზღვრავს ბიპოლარულ სამყაროზე აცრილი და ერთპოლუსიან მსოფლიოზე მეოცნებე ვექტორი, ამ შემთხვევაში, ვაშინგტონი, რუსეთთან დიალოგზე ფიქრიც კი ილუზია მგონია. ამაში, ალბათ, ყველა ვთანხმდებით და ერთ თვალსაზრისზე ვართ, ამიტომ აქ საჭიროა ძირეული ცვლილებები _ საჭიროა არა სახეებისა და პიროვნებების როტაცია, რაც დღემდე ჩვეულებრივი პრაქტიკაა, არამედ არსებითი გარდაქმნა ხედვებში. აი, ეს თუ მოხერხდა და ქვეყანა გამოვიდა იმ პოლიტიკური კომპლექსებიდან, რომ, თურმე საკუთარი ინტერესების წინა პლანზე დაყენება ვიღაცის აგენტობაა და თუნდაც მტერთან ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება, მხოლოდ ოკუპანტი უნდა უძახო და სხვის იმედად იყო, მაშინ დარწმუნებული ვარ, ნელნელა ყველაფერი დალაგდება, თუ არა და, ვხედავთ, რეგრესი გრძელდება და მომავალში კიდევ უფრო ნათლად დავინახავთ, რომ, როგორც უკრაინამ ვერ მიიღო ნატოს ქოლგის ქვეშ რუსეთის დამარცხებაზე ოცნებით ვერაფერი, იმის გარდა, რომ დღეს უკვე მისივე “მოკავშირეები” თითის ქნევით აჩუმებენ, ვერც ჩვენ მივიღებთ ვერაფერს. უბრალოდ, ერთ მშვენიერ დღეს ჩვენც გვეტყვიან, რომთამაში დასრულდადა მორჩა, ხმა არ უნდა ამოვიღოთ

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here