Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: მალე შეიძლება ეს მავნებლური დეკლარირებული პოლიტიკა დამოკლეს მახვილივით დაეკიდოს საქართველოს...

დიმიტრი ლორთქიფანიძე: მალე შეიძლება ეს მავნებლური დეკლარირებული პოლიტიკა დამოკლეს მახვილივით დაეკიდოს საქართველოს თავზე

1018
დიმიტრი ლორთქიფანიძე

საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, უნდა დამთავრდეს, რადგან ეს ფუჭი, უნაყოფო საუბარია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 5 სექტემბერს პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ ხდომაზე კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლიდან დღემდე როგორც აფხაზებთან, ისე ოსებთან დიალოგის არხები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი შეფასებით, ეს წარმატება მმართველი გუნდის სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რაც, ერთი მხრივ, თურმე ხელისუფლების ადეკვატურ მიდგომებზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, დასავლელი პარტნიორების მუდმივი და ურყევი მხარდაჭერის ეფექტიანობას ადასტურებს. მისივე განმარტებით, ოკუპაციისა და იზოლირების პოლიტიკა, რომლითაც რუსეთი ცდილობს, აფხაზეთი და სამაჩაბლო სამყაროს მოსწყვიტოს, გრძელვადიან მომავალში შედეგიანი ვერ იქნება და აბსურდამდე მივა, რადგან შეუძლებელია, მავთულხლართებით შეაკავო ადამიანები, როცა ისინი ბარიერს მიღმა პროგრესსა და უფრო კარგი მომავლის პერსპექტივას ხედავენ. აღნიშნულ გამოსვლაში ციხელაშვილს არ განუმარტავს, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ხელისუფლების პოლიტიკის თანმიმდევრულობა ან რაში მდგომარეობს პროგრესი და უკეთესი მომავლის პერსპექტივა, რომელმაც აფხაზებსა და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი შეიძლება გაუჩინოსრა ეტაპზეა დღეს ქართულაფხაზური და ქართულოსური ურთიერთობები, სწორ პოლიტიკას თუ ატარებს ამ მიმართულებით ხელისუფლება და რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებას თუ დავუჯერებთ, აფხაზებსა და ოსებთან დღეს, როგორც არასდროს, გაზრდილია დიალოგის არხები. და ეს ყველაფერი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგი ყოფილა; რაც მთავარია, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერითრას ფიქრობთ ამ განცხადებაზე, ახლოსაა ის რეალობასთან?

_ პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ქალბატონი ქეთევანისადმი, როგორც ნიჭიერი ადამიანის მიმართ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა არხებს გულისხმობს და რა წარმატებული ნაბიჯები აქვს მხედველობაში, ჩემთვის გაუგებარია. მე ვარ სახალხო დიპლომატიის განვითარების ქართულ-ოსური ცენტრის დირექტორი და უკვე მეორე წელია, მიწევს კავკასიურ დიალოგში მონაწილეობა, რომელიც ამჯერად ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკშია დაგეგმილი, თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არსად, არც ერთ შეხვედრაზე არ მსმენია მსგავსი რამ. შარშან, მაგალითად, აფხაზურ მხარეს ინალ ხაშიდი წარმოადგენდა ამ დიალოგში, ოსურს _ კოსტა ძუგაევი. ორივესთან მქონდა კომუნიკაცია და არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ რაღაც წინსვლა და წარმატებაა მოლაპარაკებებში.

რაც შეეხება ტრანსფორმაციას, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში და უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს პროცესი ფუნდამენტურად ცვლის პოლიტიკურ ატმოსფეროს, ვფიქრობ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წლის შემდეგ აშკარაა, რომ საქართველო სრულიად ამოვარდნილია ჯერ გლობალური და შემდეგ, რა თქმა უნდა, რეგიონული პოლიტიკის კონიუნქტურიდან, რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ ქვეყანამ მალე შეიძლება საერთოდ დაკარგოს სახელმწიფოებრიობის ნიშნები. ეს ერთი. მეორე _ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მსოფლიო აღარ არის ერთპოლუსიანი და მას უკვე, სულ მცირე, სამი ცენტრი გააჩნია _ ნატო-ევროკავშირი, ჩინეთი და დიდი ევრაზიული კავშირი. აი, ამ გლობალურ მოცემულობაზე ცდილობს ყველა საკუთარი სტრატეგიული ინტერესების მორგებას…

_ საქართველოს გარდა

_ საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მხოლოდ ამ სივრცეში, რომელიც მიდის სწორხაზოვნად _ აქვს ისეთი პოლიტიკა, ისეთი მიდგომები და მართვის პრინციპები, რომ გეგონება, ის, რაც გარშემო ხდება, ვთქვათ, ირანის საკითხი, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, სირიის თემა და ა.შ., საერთოდ არ ეხება… როცა ქვეყანა იმყოფება ცივილიზაციათა ინტერესების გადაკვეთის მეტად სახიფათო გზაჯვარედინზე, როცა რეგიონში არის სამი უდიდესი და უძლიერესი მოთამაშე _ რუსეთი, ირანი, თურქეთი, გამუდმებულმა არასწორმა და ხშირად მიზანმიმართულად არასწორმა პოლიტიკურმა პოზიციამ, რომელიც, როგორც წესი, მაამებლობიდან მოდის, შესაძლოა, მიწასთან გაგვასწოროს. ამიტომაა დღეს ჩემთვის ღალატის ტოლფასი იმაზე საუბარი, რომ ნატო-ევროკავშირი არის ჩვენი ერთადერთი გამოსავალი. მალე ისეთი დრო შეიძლება დადგეს, რომ ეს მავნებლური დეკლარირებული პოლიტიკა დამოკლეს მახვილივით დაეკიდოს საქართველოს თავზე, თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე, ეს საფრთხე რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ დაემუქრება, არამედ სახელმწიფოს. ხალხის კისერზე და მხრებზე გადაივლის ყველა ის უბედურება, რომლებიც ომს მოჰყვება _ ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკური ემბარგოები და ა.შ. პოლიტიკოსები კი წავლენ და გაქრებიან მსოფლიოს ყველაზე მშვიდობიან და განვითარებულ ქვეყნებში…

_ ეს რომ არ მოხდეს, რა ცვლილებებია სახელმწიფო პოლიტიკაში საჭირო?

_ კიდევ ვიმეორებ: საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, უნდა დამთავრდეს, რადგან ეს ფუჭი, უნაყოფო საუბარია. ევროინტეგრაციის პროცესი დღეს, ფაქტობრივად, შეჩერებულია და იმ პირობებში, როცა უკვე ევროპელი ლიდერებიც დაუფარავად გვეუბნებიან, რომ ევროკავშირსა და ნატოში არ მიგვიღებენ, ვფიქრობ, გამოსავალი ერთადერთია _ საქართველომ უნდა განახორციელოს ძირეული ცვლილებები და ფუნდამენტური გადატვირთვა მსოფლიო გეოპოლიტიკური ცენტრების ინტერესებს შორის სასარგებლო ფუნქციის მიღების თვალსაზრისით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი, რომელიც რეგიონში მიდის, გაგრძელდება, თანაც ისე, რომ ამ პროცესების კონიუნქტურაში საქართველოს როლი, მისი ადგილი და ფუნქცია საერთოდ არ იქნება. ასე შეიძლება ივაჭრონ დიდმა სახელმწოფოებმა ჩვენი ბედით _ გადაინაწილონ ტერიტორიები, გაგვყონ გავლენის სფეროებად და ჩვენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე მიიღონ ყველაფერი. სხვათა შორის, მოგვწონს თუ არა, სხვა ყველაფერთან ერთად თვალი უნდა გავუსწოროთ იმასაც, რომ დღითიდღე ძლიერდება დიდი ევრაზიული კავშირი. ვერ ავუვლით გვერდს ამას და ვერ შევცვლით რეალობას იმის ძახილით, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს არჩევანის უფლება. ჯერ ერთი, სად არის სუვერენიტეტი და არჩევანის უფლება, როცა ქვეყანას პრაქტიკულად ამერიკის საელჩო მართავს, და მეორე _ თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრი სახელმწიფოებიც კი არ არიან არჩევანში ბოლომდე თავისუფალი, ხშირად ისინიც კი იძულებულნი ხდებიან, თავიანთი ინტერესები საერთაშორისო გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პრინციპებს მოარგონ. ეს შეიძლება სერიოზულ კომპრომისებშიც გამოიხატებოდეს, ნაწილობრივ თავიანთი სტრატეგიული ამოცანების შეცვლაშიც და ა.შ. აი, ამგვარი ლავირებით ცდილობს ყველა ნორმალური ქვეყნის საღად მოაზროვნე ხელისუფლება მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც, კიდევ ვიმეორებ, დაბალანსებული პოლიტიკის გარეშე თეორიულადაც შეუძლებელია.

_ დავუბრუნდეთ ისევ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებას. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი განცხადებები, თუ ის რეალობას არ შეესაბამება და სინამდვილეში სულ სხვა მოცემულობა გვაქვს?

_ ჩემი აზრით, როდესაც გვესმის საფუძველს მოკლებული რიტორიკა იმის თაობაზე, რომ რაღაც მიმართულებით არის პროგრესი, რომელსაც რატომღაც ვერავინ ხედავს, ეს პიარზე გათვლილი დემაგოგიის შთაბეჭდილებას ტოვებს. სხვათა შორის, მსგავსი რიტორიკა ყოველთვის მახსენებს ივანიშვილის ცნობილ კომიკურ განცხადებას, რომ თურმე საზოგადოება უნდა დაბრუნდეს რეალობაში, რადგან რეალობა არ არის ისეთი მძიმე, როგორიც არის აღქმა და განცდა… სანამ არ იქნება ძირეული ცვლილებები, უწინარესად, საგარეო-პოლიტიკური კურსის მიმართულებით, სანამ ორიენტირები არ იქნება მორგებული რეალობას და არ დამყარდება ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან, ვერანაირი დემაგოგია ვერ შექმნის განცდას, რომ დღეს უფრო ახლოს ვართ აფხაზებსა და ოსებთან, ვიდრე ოდესმე ვიყავით. პირიქით _ ეს დემაგოგია გაამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ ნიჰილიზმსა და უნდობლობას ხელისუფლებისადმი.

_ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობა ახსენეთ. ჩვენი საზოგადოება, უკვე წლებია, პრაქტიკულად 24-საათიან რეჟიმში იკვებება იმ მავნელიბერალურიპროპაგანდით, რომ ვინც მოსკოვში ჩავა და კრემლის მესვეურებს შეხვდება, პუტინის აგენტია. როგორ ფიქრობთ, ამ პროპაგანდით დამუშავებული საზოგადოება მიიღებს დღეს ისეთ ძალას, რომლის მთავარი გზავნილიც სწორედ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება იქნება?

_ ნებისმიერი პროპაგანდისა და დემაგოგიის მიუხედავად, ყველა სტატისტიკური კვლევა, მათ შორის, თვით “ლიბერალების” მიერ ჩატარებულიც, ადასტურებს, რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მომხრეა რუსეთთან დიალოგის. ახლა ბევრი ამას იმით “ხსნის”, რომ თურმე საქართველოში რუსული პროპაგანდა მძლავრობს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ გამოთქმა: მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო? სინამდვილეში მიზეზი ამ ყველაფრის (პირველ რიგში, განწყობებს ვგულისხმობ) არის ის, რომ რიგითი მოქალაქეები ყოველთვის ყველაზე მეტად გრძნობენ ამა თუ იმ პოლიტიკის ავსა და კარგს. იმიტომ, რომ, როდესაც პოლიტიკოსი შეცდომას უშვებს ან მიზანმიმართულად ახორციელებს სახელმწიფოსთვის საზიანო ქმედებებს, პირველ რიგში, ზარალდება გლეხი. ასე იყო მაშინაც, როცა სააკაშვილის უგუნური პოლიტიკის შედეგად რუსეთმა ეკონომიკური ემბარგო დაგვიწესა და ასე იყო მერეც… აი, ამიტომ არის რთული დღეს საზოგადოების მოწამლვა იმით, რომ რუსეთი არ გვჭირდება და, ვინც მოსკოვში ჩავა კრემლის მესვეურებთან მოსალაპარაკებლად, საქართველოს მტერია. საქართველოს მტრებმა უკვე მოახერხეს ის, რომ შუბლით დაგვაჯახეს რუსეთს, ომიც გადაგვატანინეს და ტერიტორიების ერთი მესამედიც დაგვაკარგვინეს. ასე რომ, ცხადია, ამის განმეორება არავის არ სურს; არავის უნდა, მუდმივ კონფრონტაციაში ყოფნა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და უძლიერეს ზესახელმწიფოსთან, რომელთანაც ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობის გარეშე თვით “დემოკრატიულ, ლიბერალურ” დასავლეთსაც ვერ წარმოუდგენია დღეს მშვიდობა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here