Home რუბრიკები პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: დასავლეთი ჩვენისთანა სახელმწიფოებს ვალებში ახრჩობს და საბოლოოდ დეფოლტის კანდიდატად აქცევს

დიმიტრი ლორთქიფანიძე: დასავლეთი ჩვენისთანა სახელმწიფოებს ვალებში ახრჩობს და საბოლოოდ დეფოლტის კანდიდატად აქცევს

1960
დიმიტრი ლორთქიფანიძე

21 მაისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში _ კარლ ჰარცელმა ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებთან ონლაინშეხვედრისას ქვეყნის წინაშე პანდემიის ფონზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და დასძინა, რომ, სირთულეების მიუხედავად, საქართველო დღეს ევროგაერთიანების მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. მისი თქმით, ნამდვილი მეგობარი გაჭირვებაში იცნობა და ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ საქართველოს ნამდვილი მეგობარია: “მინდა, ვისაუბრო, რა გავაკეთეთ ბოლო კვირებისა და ბოლო ორი თვის განამავლობაში. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტი გრანტების სახით საქართველოსთვის დაახლოებით 250 მილიონი ევრო გამოიყო. ეს ახალი გრანტები და ახალი დაფინანსებაა…”

ევროკავშირის ელჩის თქმით, ფინანსური დახმარებები, რომლებსაც საქართველო რეგულარულად იღებს, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა მოხდეს ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა (“მოწყვლად” ჯგუფებში სექსუალური უმცირესობებიც იგულისხმება): “მე არ მსურს, შედარებები გავაკეთო, რადგან ევროკავშირი გლობალური მოთამაშეა, რომელსაც არ სურს, ქვეყნებს შორის შედარებები აკეთოს, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ევროკავშირის მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს საქართველოს მთავრობის დიდი მიღწევაა”.

ცნობისთვის: პანდემიის გამო განვითარებული გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველომ ევროკავშირისგან, მსოფლიო ბანკისა და სხვადასხვა დასავლური ფინანსური ინსტიტუტისგან რამდენიმე ასეული მილიონი ევრო მიიღო. მმართველი გუნდი ამას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უანგაროდ გაწეულ მეგობრულ დახმარებას უწოდებს და ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სანაცვლოდ ქვეყანა არანაირ ვალდებულებას არ იღებს, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენლების მუქარამ, _ თუ უგულავასა და ოქრუაშვილს არ გაათავისუფლებთ, საქართველო “დახმარებას” ვერ მიიღებსო, _ ბევრი რამ ცხადყო. ნათელი შეიქნა, რომ ხელისუფლების მიერ უანგარო დახმარებად გამოცხადებული მილიონები ჩვეულებრივი საბანკო კრედიტებია, რომელთა სანაცვლოდ ქვეყანა დასავლეთის წინაშე ფინანსური, პოლიტიკური, იდეოლოგიური და სამართლებრივი მორჩილების ვალდებულებებს იღებს…

რა პოლიტიკური საფასურის გადახდა უწევს დღეს საქართველოს დასავლეთის მიერ გაწეული “დახმარების” სანაცვლოდ და რა სირთულეებს შეუქმნის ქვეყანას მომავალში პანდემიის ფონზე მიღებული მრავალმილიონიანი კრედიტები, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის მიერ ამასწინათ გაკეთებულ განცხადებას თუ დავიჯერებთ, დღეს საქართველოს ევროკავშირის ერთერთი დიდი მხარდაჭერა აქვს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა მრავალმილიონიან ფინანსურ და არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებებში გამოიხატება. რეალურია ეს შეფასება და სინამდვილეში რას ემსახურება აღნიშნული დახმარებები?

_ ყველაფერი მხოლოდ ფაქტებით უნდა დადასტურდეს, ფაქტი კი ჯიუტია. მოგეხსენებათ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი 1999 წლიდან დაიწყო, როდესაც გავხდით ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ხშირად ჩვენს ორგანულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, ეს იყო . თურქი მესხების პრობლემა, რომლის გადაჭრასაც წლების განმავლობაში ევროპის საბჭო გვავალდებულებდა და შემდგომ ეს იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებები, რომლებიც მიწის უცხოელებზე გასხვისებით დაწყებული, მიგრაციის საკითხით და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით დამთავრებული პარლამენტის მიერ მისაღებილიბერალურიპოლიტიკის საკანონმდებლო აქტებს გულისხმობდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ პროცესების ფონზე, ევროინტეგრაციას ვგულისხმობ, ხშირად ჩამოდიოდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ევროკომისრებიც და არწმუნებდნენ ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველოს არავინ არაფერს ახვევდა თავს და ქვეყანა ძალდატანებით ვალდებულებებს არ იღებდა. სხვათა შორის, ასოცირების ხელშეკრულების მოსამზადებელ ეტაპზე ევროკომისრები საპატრიარქოშიც იყვნენ და მაშინაც დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადებები გაკეთდა. რეალურად რა ხდებოდა? მიმდინარეობდა საზოგადოების ერთგვარი საინფორმაციო დამუშავება, რომ ადამიანებს არ გასჩენოდათ შეკითხვები და არ ყოფილიყო უნდობლობა პროცესისადმი, რაც ობიექტურად არსებობდა.

ახლა რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ საქართველო, ფაქტობრივად, აღმოჩნდა დასავლეთის ნეოლიბერალური ძალების ფინანსურ, პოლიტიკურ და, რაც მთავარია, იდეოლოგიურ ტყვეობაში. ეს განსაკუთრებით მძაფრად გამოიხატა საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილში. კონკრეტულ ცვლილებებს აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, რა კანონებიც მიიღეს ბოლო წლებში. ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფოსთვის არანაკლებ საფრთხის შემცველი აღმოჩნდა ის ფაქტიც, რომ პრაქტიკულად განუსაზღვრელი ძალაუფლება მიეცა .. მესამე სექტორს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქვეყანაში გაჩნდა დაფინანსების ახალი წყაროები ევროსტრუქტურებიდან, რომელთა ავანგარდშიც დღემდე არის სოროსის ფონდი.

რაც შეეხება კონკრეტულად ბატონ ჰარცელის მიერ ნახსენებ მხარდაჭერასა და დახმარებებს, პირველი და უმთავრესი რაც არის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არანაირი დახმარებები ეს არ არის. ეს არის ჩვეულებრივი კრედიტები, რომლებსაც გვაძლევენ ურთულესი და უმძიმესი იდეოლოგიურპოლიტიკური ვალდებულებების სანაცვლოდ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის არასახელმწიფოებრივი, მავნე პოლიტიკური პრაქტიკის გამოხატულება, რომლის შედეგადაც საქართველოს საგარეო ვალი უკვე 22 მილიარდ დოლარს გადასცდა. ამაზე დღეს არავინ არ ლაპარაკობს და ეს შეგნებული პოლიტიკაა, ხოლო ამ ვალების ფონზე საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო, მონურ მდგომარეობას დასავლეთთან ყველა ვხედავთ.

_ პანდემიის გამო მსოფლიოში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ადგილობრივი წარმოების განვითარების საკითხი ჩვენთანაც აქტუალურია, თუმცა ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ საერთაშორისო ფინანსური დახმარების გარეშე ქვეყანა ამას ვერ შეძლებს. ის მრავალმილიონიანი სესხები, რომლებსაც ევროკავშირი გამოუყოფს საქართველოს, ქვეყნის ინდუსტრიალიზაციისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს?

_ პირდაპირ გეტყვით, რომ თითოეული იმ კრედიტის თუ სესხის უკან, რომლებსაც უმსხვილესი დასავლური ფინანსური ინსტიტუციები გვაძლევენ, იქნება ეს მსოფლიო ბანკი თუ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი ან რომელიმე სხვა ფინანსური ორგანიზაცია, მათ შორის არის იმ სახის ვალდებულებებიც, რომელიც მსოფლიო გლობალისტური დღის წესრიგის პირობებში საქართველოს არანაირ შანსს არ უტოვებს, განავითაროს თავისი ინდუსტრია. მეტსაც გეტყვით, არის ასეთი ადამიანი _ დიმიტარ ბოგოვი _ იბიარდის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის მთავარი ეკონომისტი, რომელსაც ამას წინათ ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა პოსტკორონავირუსულ პერიოდში საქართველოს მიერ ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. მან ყოველგვარი დიპლომატიური მიკიბვ-მოკიბვის გარეშე განაცხადა, რომ ეს არ არის რაციონალური წინადადება, ანუ ეს საფრთხეს შეუქმნის გლობალიზაციის პროცესს და საქართველოს შემთხვევაში ასეთი წინადადების განხილვა არ არის მიზანშეწონილიო. ეს ჩანაწერი დევს ინტერნეტში და, ვისაც აინტერესებს, შეუძლია მოიძიოს ჩემს “ფეისბუკ” რესურსზე.

_ გამოდის, საქართველოში და ყველა ჩვენისთანა სახელმწიფოში ადგილობრივი წარმოების განვითარება უკვე აწყდება გადაულახავ წინააღმდეგობას. რა შანსები გვაქვს ამ პირობებში?

_ პირველი და უმთავრესი არის ის, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი აგრარული რესურსი. ჩვენ შეგვიძლია ხორბლის წარმოებაც და ეს იქნება ნამდვილად სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციალი არსებობს, ფაქტია, რომ საქართველო დღეს დამოკიდებულია საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ ხორბალზე. ამას ვგულისხმობ ხოლმე, როცა პლაცენტურ კავშირებზე ვსაუბრობ რუსეთთან და ვიღაცები მერე ამ თემით მანიპულირებენ. ისე, მაინტერესებს და ვეკითხები ჩვენს მთავრობას: რატომ აწარმოებს დღეს საქართველო იმ რაოდენობის ხორბლის მხოლოდ 10%-, რამდენიც მთლიანობაში შეგვიძლია ვაწარმოოთ? რატომ ვართ 90%-ით იმპორტზე დამოკიდებული? ვეკითხები ბატონ ლევან დავითაშვილს: რატომ ხმას არ იღებთ ამაზე? ან რატომ არ გვცემენ პასუხს ჩვენი ექსპერტები, პარლამენტის წევრები, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცესპიკერები? საქართველო მიწათმოქმედების ქვეყანაა _ გეორგია, რომელსაც ისტორიულად აქვს მსოფლიოში აგრარული ფუნქციის განხორციელების ვალდებულება და უზარმაზარი პოტენციალი. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენ სხვადასხვა სახის პროდუქტით ვამარაგებდით უდიდეს ქალაქებს და ეს იყო ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი უმთავრესი ბერკეტი. მაგალითად, პეტერბურგი მთლიანად მარაგდებოდა ქართული სასურსათო პროდუქციით. ჩვენ გვქონდა 200-მდე ჯიშის ხორბალი და მათ შორის ენდემური ჯიშებიც. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული მეფრინველეობა და მეცხოველეობა; დაახლოებით 10 მილიონი მსხვილფეხა პირუტყვი იყო ქვეყნის მასშტაბით; ვაწარმოებდით ეთერზეთებს ევროპის წამყვანი კოსმეტოლოგიური ბრენდებისთვის; მხოლოდ გორის რაიონში მზადდებოდა 135 ათასი ტონა ვაშლი…

კიდევ ვიმეორებ: რატომ არ დგას დღეს ამ ყველაფრის აღორძინების საკითხი? რატომ არ მიდის ამაზე დისკუსიები და მსჯელობა?

_ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა ნელნელა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და მეტნაკლებად მაინც გათავისუფლდეს ეკონომიკური დამოუკიდებლობის შემაფერხებელი გარე ძალების გავლენისგან?

_ ახალს არაფერს ვიტყვი, თუ გიპასუხებთ, რომ ამ ყველაფერს, უწინარესად, სჭირდება პოლიტიკური ნება, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც დრო გადის, აშკარაა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეს ნება არ აქვს. ეს არის უპირველესი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ვართ დასავლეთის კოლონია და ანგლოსაქსური გლობალისტური ინტერესების პლაცდარმი.

რაც შეეხება გამოსავალს, ჩვენ გვჭირდება ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ამერიკულ და რუსულ, ანუ ევრაზიულ და ნატოს ინტერესებს გადაკვეთის წერტილს მოუძებნის ამ გეოგრაფიულ არეალში, მაგრამ, სანამ ქვეყანა დასავლეთის პოლიტიკური სათამაშოა, რომელსაც, კაცმა არ იცის, ხვალზეგ რა დანიშნულებას მოუძებნიან, ამ ყველაფერზე საუბარიც ზედმეტია. დასავლეთი არის გლობალური გეოპოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ჩვენისთანა სახელმწიფოებს ვალებში ახრჩობს და ამ ვალების შედეგად საბოლოოდ აქცევს დეფოლტის კანდიდატად. დეფოლტის კანდიდატობა რასაც ნიშნავს, აგერ საბერძნეთია ნათელი მაგალითი, დაწყებული ეკლესიის გახლეჩვითა და დანაწევრებით, დამთავრებული ხელოვნური ეკონომიკური კრიზისით. აი, ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც ჩვენ არ აგვცდება, თუ, კიდევ ვიმეორებ, უახლოეს მომავალში სერიოზულ კორექტივებს არ შევიტანთ საგარეო ორიენტირებში და ფუნდამენტურად არ შევცვლით სახელმწიფო პოლიტიკას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here