მთავარი პოლიტიკა დიმიტრი ლორთქიფანიძე: ასლან ბჟანიას განცხადება გარკვეულ პოზიტიურ ძვრებზე მიმანიშნებელია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ასლან ბჟანიას განცხადება გარკვეულ პოზიტიურ ძვრებზე მიმანიშნებელია

1207
გააზიარეთ
დიმიტრი ლორთქიფანიძე

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენიმე დღის წინათ გამარჯვებულმა ასლან ბჟანიამ საინფორმაციო სააგენტორია ნოვოსტისთვისმიცემულ ინტერვიუში ქართულაფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა და დასძინა, რომ, მიუხედავად მხარეებს შორის რთული ვითარებისა, ორ ერს შორის გარკვეული კონტაქტები მაინც არსებობს, რომლებიც მომავალ ურთიერთობებში, შესაძლოა, ახალი პერსპექტივის გაჩენის წინაპირობა შეიქნეს. მისი თქმით, მოლაპარაკებისთვის, უწინარესად, საჭიროა, გაჩნდეს ორმხრივი ფორმატი, რომელიც ჟენევის ფორმატისგან განსხვავებული იქნება: “ქართული სახელმწიფო ჩვენი მეზობელია, გვინდა ეს თუ არა, და მოქალაქეების დონეზე ბევრი კონტაქტი გვაქვს. ჩვენი უამრავი მოქალაქე, სამწუხაროდ, იძულებულია, იქ ჩავიდეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. არის შემთხვევები, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენი პირები საქართველოში იმალებიან, პირიქითაც ხდება. იცით თქვენ, რომ ენგურჰესის ერთობლივ ექსპლუატაციას ვახორციელებთ. ესეც კონტაქტების გარკვეული დონეა…”

ბჟანიას თქმით, ბოლო პერიოდში აფხაზეთი საქართველოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტისგან მინიშნებებს იღებს, რომ ქართულ პოლიტიკურ ძალებს დიალოგი სურთ. მისი აზრით, ეს დადებითი მოვლენაა, რომელიც მხარეებს შორის ვითარების განმუხტვასა და ურთიერთობების დარეგულირებას ხელს შეუწყობს, თუმცა ინტერვიუში ის ასევე ხაზგასმით დასძენს, რომ დიალოგის დაწყება მკაცრი წინაპირობებით შეუძლებელია.

ცნობისთვის: საქართველოს ხელისუფლება, უკვე წლებია, როგორც აფხაზებთან, ისე ოსებთან და რუსეთის ფედერაციასთან თავს არიდებს მოლაპარაკებების დაწყებას შუამავლების გარეშე. თითოეულ მსგავს შეთავაზებაზე მისი პოზიცია უცვლელია _ მოლაპარაკებები უცხოელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე ვერ გაიმართება. ეს კი დიალოგის დაწყების შესაძლებლობას ართულებს.

ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

რას ნიშნავს ბჟანიას განცხადება ორმხრივი დიალოგის აუცილებლობაზე და ადეკვატურად აღიქვამს თუ არა ამ შეთავაზებას ხელისუფლება? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება ქართულრუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი, დამოუკიდებელი უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, ასლან ბჟანიას განცხადება ჩვენსა და აფხაზებს შორის ორმხრივი დიალოგის დაწყების აუცილებლობის თაობაზე ხელისუფლებამ თითქოს არ შეიმჩნია _ არანაირი გამოხმაურება, კომენტარი არ ყოფილა. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? რა რეალური პერსპეტივა არსებობს პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად და რა შეიძლება მან მოგვცეს?

_ საქმე ის არის, რომ ბატონ ბჟანიას განცხადება შორიდან იღებს სათავეს. მას აქვს ასეთი განცხადების გაკეთების უფლება, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ 1997 წელს ვლადისლავ არძინბა სთხოვდა ევგენი პრიმაკოვს, ჩარეულიყო ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, როგორც მედიატორი, ედუარდ შევარდნაძესთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების პროცესში. მეტსაც გეტყვით: ფორმულაც იქნა შემუშავებული საერთო სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული ერთიანი საქართველოსი, რომლის კონსტიტუციაშიც აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, აღნიშნული იქნებოდა, როგორც სახელმწიფო ენა. ეს იყო რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა გადაედგა სერიოზული ნაბიჯები აფხაზებთან ურთიერთობების რეგულირების მიმართულებით, მაგრამ შემდეგ მოხდა ასეთი რამ: როდესაც პრიმაკოვი ჩამოვიდა თბილისში არძინბასთან ერთად, შედგა მოლაპარაკებები შევარდნაძესთან, პრაქტიკულად ყველაფერი მზად იყო შეთანხმების მისაღწევად. მოულოდნელად ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი ოკეანისგაღმელი პარტნიორების უშუალო ზემოქმედებით უარი განაცხადა ამ მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ცხადია, ყველაფერი ჩაიშალა და, თუკი რამ პერსპექტივა არსებობდა დიალოგის თვალსაზრისით, გაქრა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, დაზარალდა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები. სხვათა შორის, ეს პროცესები დეტალურად აღწერა ევგენი პრიმაკოვმა თავის მემუარებში… ამის შემდეგ, 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლება ისევ შეეცადა ურთიერთობის დამყარებას, გადაიდგა რაღაც ნაბიჯები და რუსული მხარის მედიატორობით კონტაქტი შედგა, მაგრამ ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, როცა პრაქტიკულად მიღწეული იყო შეთანხმება, კვლავ ჩაერივნენ საქმეში ამერიკელები, ისევ განხორციელდა ზემოქმედება და ჩაიშალა პროცესი. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვიხსენებ: უახლოეს წარსულში ჩვენ გვქონდა ორი მნიშვნელოვანი იმპულსი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირებისა, რაც, ბუნებრივია, ახსოვთ აფხაზ პოლიტიკოსებს და ამ ყველაფრის ფონზე ასლან ბჟანია, რომელიც გამოირჩევა განსხვავებული რიტორიკით, დღეს ნამდვილად ქმნის ძალიან საინტერესო მოცემულობას. ვფიქრობ, ეს უკვე არის გარკვეული პერსპექტივის წინაპირობა და სწორი შემხვედრი პოლიტიკის შემთხვევაში ამას ორივე მხარისთვის _ აფხაზებისათვისაც და ჩვენთვისაც, შეიძლება დადებითი პროცესები მოჰყვეს…

_ ვთქვათ, დღევანდელმა ხელისუფლებამაც სცადა კონტაქტის დამყარება და მოლაპარაკებები აფხაზურ მხარესთან, არსებობს იმის ალბათობა, რომ დასავლეთიდან ისევ განხორციელდეს ზემოქმედება?

_ უმთავრესი, რასაც ხაზი უნდა გაესვას, არის ის, რომ ასლან ბჟანიას განცხადება მესამე იმპულსია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში და ძალიან მნიშვნელოვანიც. ცხადია, მას უნდა მიექცეს ყურადღება. ახლა ჩვენ თუ ამ შესაძლებლობის ისევ ხელიდან გაშვებას ვაპირებთ, მაშინ პირდაპირ მოვითხოვოთ პროცესის გაშიშვლება. მხედველობაში მაქვს პირდაპირი დიალოგის ხელისშემშლელი ფაქტორები.

რაც შეეხება კონკრეტულად ზემოქმედებას, სამწუხაროდ, დღეს რეალობა არის ის, რომ, როგორც კი პირდაპირი დიალოგის რაღაც პერსპექტივები ჩნდება, გნებავთ, აფხაზებთან, ოსებთან ან რუსეთის ფედერაციასთან, მაშინვე ოკეანის გაღმა იბარებენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მერე ყველაფერი მთავრდება. როგორც ჩანს, ამ შეხვედრებზე ხდება მაღალი თანამდებობის პირების პოლიტიკური დამუშავება, რაც თავშივე გამორიცხავს დიალოგის შესაძლებლობას. საერთოდ, აფხაზეთის საკითხზე ხშირად ლაპარაკობენ ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან და მუდმივად არის ხაზგასმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, მაგრამ ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს _ ერთია, რიტორიკის დონეზე რა განცხადებები კეთდება და მეორე _ რეალურად რა პოლიტიკა ტარდება. და კიდევ _ ამერიკელები ასევე ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ თურმე ისინი არიან ჩვენი მთავარი ეკონომიკური პარტნიორები. დამისახელეთ ერთი პირდაპირი ინვესტიაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელმაც გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე; დამისახელეთ ერთი რეალური მცდელობა იმისა, რომ საქართველომ წინ გადადგა ნაბიჯი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის _ აი საკითხები, რომლებზეც დღემდე ვერავისგან მივიღე კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხი, ასეთი რამ არ არსებობს. არადა, მუდმივად გვესმის შეშფოთებები და გულისტკივილი. ადრეც ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო: ეს არის კლასიკური ცრუ პოლიტიკა. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ მცდელობებს, რომ არ მოხდეს არანაირი კონტაქტი აფხაზებსა და ქართველებს, ქართველებსა და ოსებს შორის. რატომ და რა მიზეზით, ალბათ, ბევრისთვის გასაგებია.

_ რა არის ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი?

_ მიზანი არის ერთი და ეს არავისთვისაა სიახლე: საქართველო ყოველთვის იყოს საცეცხლე წერტილი, ანუ ჩვენ უნდა ვქმნიდეთ ერთგვარი გეოპოლიტიკური საფრთხის იმიტაციას რუსეთისთვის, რათა რუსეთი მუდმივად იყოს დაძაბული და, თავისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებულიც, გარკვეული მოქმედებები განახორციელოს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ან საზღვართან ახლოს. შემდეგ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება მისივე დისკრედიტაციისთვის საერთაშორისო ასპარეზზე რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ამ ვითარებაში ჩვენი ერთადერთი გამოსავალი არის პოლიტიკური სპექტრის და, პირველ რიგში, ხელისუფლების გაჯანსაღება. ვგულისხმობ იმას, რომ საჭიროა ისეთი ადამიანი სახელისუფლო გუნდში, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას და მართებული პოლიტიკით მოჯადოებულ წრეს გაარღვევს.

_ გაქვთ მოლოდინი, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებაში გამოჩნდება ასეთი ადამიანი?

_ ყოველ შემთხვევაში ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: თუ ხელისუფლების პოლიტიკა არ იქნება ადეკვატური, არ იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებზე აგებული და არ აისახება აფხაზებთან, ოსებთან ან თუნდაც რუსებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში, მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დღეს ნიჰილისტურადაა განწყობილი, 2020 წლის არჩევნებზე ერთმნიშვნელოვნად მხარს დაუჭერს სხვა ძალას. მხედველობაში მაქვს ძალა, რომლის პროგრამული დაპირებაც იქნება სწორედ პირდაპირი დიალოგის დაწყება რუსეთის ფედერაციასთან. სხვა დანარჩენი უკვე, ვთქვათ, ვინ რამდენ კილო კარტოფილს მისცემს ამომრჩეველს ან ვინ რამდენჯერ დაარიგებს 20-ლარიანებს, გახდება მეასეხარისხოვანი, იმიტომ, რომ ადამიანებმა ეს უკვე ნახეს და ბოლოს ყველამ ერთად მიიღო დიდი იმედგაცრუება…

_ სხვა ძალა ახსენეთ, არის დღეს საქართველოში იმის რესურსი, რომ ჩამოყალიბდეს ძალა, რომელიც, განსხვავებით ხელისუფლებისგან, შეძლებს აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის წარმართვას?

_ ვფიქრობ, ასეთი ძალის წარმომადგენლები მმართველ გუნდშიც არიან და ერთ-ერთი მათგანი პრემიერმინისტრია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა, ვინც დღეს მეტ-ნაკლებად ადეკვატურია, ვერ ახერხებს თავისი ხედვების რეალიზებას, იმიტომ, რომ ყველა მათგანი ეკუთვნის არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს და, ბუნებრივია, ამოვარდნა ამ დღის წესრიგიდან გამოიწვევს მათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან.

რესურსებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საქართელოში ყოველთვის იყვნენ და დღესაც მოიძებნებიან ჭკვიანი, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც, ნებისმიერი წნეხის მიუხედავად, არ მოერიდებიან სიმართლეს. სიმართლე კი არის ის, რომ დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, სჭირდება დიალოგი კონფლიქტურ რეგიონებთან და ბატონ ასლან ბჟანიას განცხადება უკვე არის გარკვეულ პოზიტიურ ძვრებზე მიმანიშნებელი ამ თვალსაზრისით. აი, ამაზე უნდა იფიქროს ხელისუფლებამ და მინდა მჯეროდეს, რომ უახლოეს მომავალში ასეც იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მომავალ არჩევნებზე გააკეთებს პრინციპულ არჩევანს. პრინციპულ არჩევანში ვგულისხმობ იმას, რომ მხარს დაუჭერს ჯანსაღ ძალებს, რომლებიც გარედან კი არ იქნებიან მართულნი და დაქოქოლნი, როგორც წინა ხელისუფლებები, არამედ საკუთარი ხალხის, ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებით იმოქმედებენ…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. სწორი და დროული ნაბიჯი დღეს იქნება მჭიდრო კონტაქტების დამყარება ახალი ფუნდამენტის მშენებლობისთვის. ვერ დავიწყებთ მშენებლობას გუმბათიდან, ჟერ საძირკველი გვაქვს გასაჭრელი!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here