Home რუბრიკები სპორტი დიეგო მარადონა _ ფეხბურთის მეფე თუ ღმერთი?

დიეგო მარადონა _ ფეხბურთის მეფე თუ ღმერთი?

1295
დიეგო მარადონა _ ფეხბურთის მეფე თუ ღმერთი?

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პირადად არ იცნობ, მაგრამ მათ გარდაცვალებას ისე განიცდი, როგორც საკუთარი ოჯახის წევრის, სისხლხორცის წასვლას ამქვეყნიდან. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, ხელოვნების ან სპორტის კორიფეები არიან ხოლმერომელი ერთი გავიხსენო? იპოლიტე ხვიჩია თუ ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე თუ ოთარ მეღვინეთუხუცესი, შოთა შავგულიძე თუ სერგო ზაქარიაძე და სხვები, რომელთა გარდაცვალებამ გული გვატკინა, ჯიგარი დაგვწვა და სულის ნაწილი წაიყოლა იმქვეყნად.

წინამდებარე წერილის შექმნის მთავარი მიზეზი დიეგო მარადონაა, მაგრამ არ შემიძლია, არ ვახსენო ქართული ფეხბურთის მსოფლიო დონის ვარსკვლავები მიშა მესხი და სლავა მეტრეველი (რომლებმაც წერილის მთავარი გმირის სამშობლოში, არგენტინაში, ისეთი ფეხბურთი ითამაშეს, რომ მათი სახელები დღესაც ახსოვთ ხანდაზმულ არგენტინელებს), ვიტალი დარასელია და ჩვენი ყიფო (დავით ყიფიანი), რომლის გარდაცვალებამაც თავზარი დამცა და მას შემდეგ სტადიონისკენ აღარც გამიხედავს, რადგანაც ყიფოსთან ერთად ჩემთვის ქართული ფეხბურთიც მოკვდა…

ფიქრობთ, კალამი გამექცა? არა, ბატონებო! ჯერ ჩემსას მივაგე პატივი და ახლა მხოლოდ მარადონა, რომლის გარდაცვალებამაც ისევე მატკინა გული, როგორც ქართული ფეხბურთის ზემოხსენებულმა ჯადოქრებმა. მარადონაც ძლიერ მეტკინა, რადგან ისიც ჩემად მიმაჩნდა. მეგონა, მარადონაზე ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ამ დღეებში სხვადასხვა ტელეარხზე მის შესახებ გასულმა სიუჟეტებმა თუ ინტერვიუებმა ეს კაცი სხვა კუთხითაც დამანახვა და, სანამ დიეგოს ფენომენურ ფეხბურთზე ვიტყვი რამეს, მანამდე იმ “სხვა კუთხის” შესახებ, რომელსაც სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი ჰქვია. და სწორედ დიდკაცობასთან შერწყმული დიდი ფეხბურთის გამო უყვარდათ არგენტინელებს თავიანთი ეროვნული გმირი _ დიეგო მარადონა.

ბუენოსაირესთან ახლოს მდებარე ქალაქ ლანუსში დაბადებული და უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილი ბიჭი დღევანდელი ზოგიერთივარსკვლავივით”, რომ იტყვიან, დიდ ფულს არ გაუგიჟებია და, როცა ჯერ კატალონიისბარსელონაში”, შემდეგ იტალიის ნეაპოლისნაპოლიშისათამაშოდ გადავიდა, წაიყვანა მთელი სანათესაო, ბავშვობის მეგობრები და იმდენი, რომ მარადონას გარშემო პატარა არგენტინა შეიქმნა.

ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ დიეგოს ერთი საოცარი ქველმოქმედების შესახებ არაფერი მსმენოდა _ ერთი პატარა ბავშვის საოპერაციოდ თანხის შესაგროვებლად “ნაპოლის” ამხანაგური საქველმოქმედო მატჩი უნდა ეთამაშა ნეაპოლის ღარიბ გარეუბანში, მაგრამ ბოლოს კლუბმა უარი თქვა იმ მოტივით, რომ მილანის “მილანთან” მნიშვნელოვანი მატჩი ელოდა. ჰოდა, მარადონამ, რომ იტყვიან, ფეხებზე დაიკიდა კლუბის ინტერესები, ხარჯი თვითონ გასწია, რამდენიმე თანაგუნდელიც აიყოლია და წვიმისგან ატალახებულ მოედანზე, რომელიც კარტოფილის ნათესებს უფრო ჰგავდა, ვიდრე საფეხბურთო მოედანს, გარეუბანში ადგილობრივ “ჭ” კლასის გუნდთან ითამაშა. შედეგად ავადმყოფი ბავშვი სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან.

1989 წელს (უკვე მსოფლიო ჩემპიონი და და სკუდეტოს მფლობელი დიეგო “ნაპოლის” რიგებში ბრწყინავდა) აშშ-ის ერთ-ერთმა პრესტიჟულმა სააგენტომ გამოკითხვა ჩაატარა, მსოფლიო მასშტაბით ვინ იყო ყვლაზე პოპულარული პიროვნება (არა მხოლოდ სპორტში). გამოკითხვაში დიდი უპირატესობით მარადონამ გაიმარჯვა.

5 წლის შემდეგ, 1994 წელს, აშშ-ში მუნდიალი უნდა გამართულიყო და მარადონას ერთ-ერთ კომპანიასთან თანამშრომლობისთვის იმხანად ზღაპრული თანხა შესთავაზეს _ 100 მილიონი დოლარი, ოღონდ ერთი “უმნიშვნელო” პირობით _ აშშ-ის მოქალაქეობა უნდა მიეღო… დიდმა დიეგომ ღირსეული პასუხი გასცა ამერიკულ ფულის ტომარას: არგენტინელობა, არგენტინის მოქალაქეობა შეუფასებელია, არ იყიდებაო. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმაც კი დაურეკა, მაგრამ, ხატოვნად თუ ვიტყვით, ის ფული დიეგომ სახეში მიაყარა გაზულუქებულ იანკებს…

ამ დემარშით მარადონა აშშ-ის პირადი მტერი გახდა და შედეგად… აშშ-ში გამართულ მუნდიალზე დიეგოს სისხლში დოპინგის მთელი კოქტეილი “აღმოუჩინეს” და ფეხბურთის ჯადოქარი სამუდამოდ დაემშვიდობა ფეხბურთსა და ურიცხვ თაყვანისმცემელს. სიტყვა აღმოუჩინეს ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, არ მჯერა (ისევე, როგორც ბევრ სხვას) “ეფედრინის ზღაპრისა”, რადგან ჯერ კიდევ ნაპოლიში კოკაინის გამო დისკვალიფიცირებულმა მარადონამ მკურნალობის კურსი კუბაში ფიდელ კასტროს პატრონაჟით გაიარა და აშშ-ში გამართულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ათასი თვალი და ყური რომ იქნებოდა მისკენ მიპყრობილ-ჩასაფრებული, შეუძლებელია, არ სცოდნოდა. და, თუ მართლაც აღმოაჩნდა სისხლში დოპინგი, ეს აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ პროვოკაციას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას…

სხვათა შორის, მარადონა სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ, რაც თავს გადახდა, სულაც არ იყო შემთხვევითი. მას შეკითხვები ჰქონდა არა, საზოგადოდ, აშშ-ის ხელისუფლებასთან, არამედ პირადად პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და მის ძმასთან, რომელიც 1989 წელს ბუენოს-აირესში ბრძანდებოდა მისიით, რომ აშშ-ში გასამართ მუნდიალამდე 5 წლით ადრე როგორმე მოეხერხებინა მარადონას გადაბირება.

ბუენოს-აირესში პრეზიდენტის ძმის ყოფნის შესახებ მარადონას მეგობარმა შეატყობინა და ცნობილი სერბი კინორეჟისორის, ემირ კუსტურიცას, ნათქვამის მიხედვით, მარადონამ სასტუმროში დაურეკა აშშ-ის პრეზიდენტის ძმას და შემდეგი განუცხადა:

ეი, შე მახინჯო! ჩემს ქალაქში ჩამოდიხარ, როდესაც მე არც ვაშინგტონში მიშვებენ და არც ნიუიორკში. დალახვროს ეშმაკმა! ვინ გგონია შენი თავი?”

2007 წელს ვენესუელაში გამართულ სამხრეთ ამერიკის თასის გათამაშებაზე დიეგო მარადონა ფიდელ კასტროს წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა. იგი ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან მატარებლით ჩავიდა ბოლივიის პრეზიდენტ ევო მორალესთან, ნიკარაგუის პრეზიდენტ დანიელ ორტეგასთან ერთად.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო სამხრეთ ამერიკაში აშშ-ის საწინააღმდეგოდ განწყობილი სახელმწიფოების შეკრება. სახელმწიფოების, რომლებიც არ ექვემდებარებიან აშშ-ის დიქტატს, რომ იტყვიან, ჭირივით სძულთ იანკების იმპერია და ამიტომ აშშ-ის მუდმივი პოლიტიკურ-ეკონომიკური სანქციების ქვეშ არიან, მაგრამ მაინც არ ეპუებიან ამერიკელთა ბატონობას სამხრეთ ამერიკაზე.

დიეგო მარადონა არაერთხელ ყოფილა რუსეთში და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც შეხვედრია, რომელსაც კერპად მიიჩნევდა. დიეგოს მტკიცედ სჯეროდა, რომ კოვიდ-19-ს სწორედ პუტინის რუსეთი დაამარცხებდა. ბოლოს ისიც განაცხადა, რომ ფიდელისა და ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, ევო მორალესი, დანიელ ორტეგა და ვლადიმერ პუტინი მსოფლიო პოლიტიკის უმაღლესი ლიგაა და რომ ვლადიმერ პუტინს ძალიან ბევრი ხალხისთვის შეუძლია მშვიდობის მოტანა…

1986 წელს მარადონამ, პრაქტიკულად, მარტომ მოიგო მექსიკაში გამართული მუნდიალი და, რაც მთავარია, ინგლისის ნაკრების დამარცხებით ინგლისელების მიერ ფოლკლენდის კუნძულების დაბომბვის შედეგად დაღუპული უამრავი ახალგაზრდა არგენტინელების გამო შური იძია. მატჩში, რომელშიც პირველი ბურთი “ღმერთის ხელით” გაიტანა, ხოლო მეორე _ 60-მეტრიანი დრიბლინგით ანგლოსაქსების თითქმის მთელი ნაკრების დარბევის შემდეგ. ეს გოლი საუკუნის გოლად აღიარა სამყარომ.

1990 წელს იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე მარტომ გაიყვანა არგენტინა გერმანიასთან ფინალში და, რომ არა მსაჯის მიერ მოგონილი პენალტი, იმ მუნდიალსაც მოიგებდა.

დასასრულ _ პელე თუ მარადონა? ჩემი აზრით, მარადონა, რადგან, როცა პელე ბრაზილიის ნაკრებში თამაშობდა, მის გარშემო იმდენი მსოფლიო დონის ვარსკვლავი (გარინჩა, დიდი, ვავა, რიველინო, ტოსტაო, ჟაირზინიო და ..) იყო, რომ ბრაზილია პელეს გარეშეც გახდებოდა ჩემპიონი. ეს რომ ასე იყო, 1962 წლის ჩილეს მუნდიალმაც დაამტკიცა _ პელემ პირველივე მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, მაგრამ გარინჩასა და ამარილდოს მეთაურობით ბრაზილიამ მაინც მოიპოვა ჩემპიონობა.

ხატოვნად თუ ვიტყვით, ბრაზილიის ნაკრები ბრილიანტების ე.წ. ბაღჩა ბეჭედს ჰგავდა, რომლის ცენტრში პელეს სახით ძვირფასი და ელვარე ბრილიანტი იყო ჩასმული. და პელეს სწორედ მის გარშემო არსებული ბრილიანტები აძლევდნენ საშუალებას, ბრწყინვალედ ეთამაშა.

მარადონას კი პირიქით _ გარშემო ბურუჩაგასა და ვალდანოს მსგავსი საშუალო დონის მოთამაშეები ჰყავდა; ფეხბუთელები, რომლებიც მარადონას დაღვრილი ოფლის წყალობით ატარებდნენ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ერთადერთხელ, აშშ-ის მუნდიალზე იყო მარადონას გარშემო ვარსკვლავური შემადგენლობა (ბატისტუტა, ორტეგა და ა.შ., რომლებმაც მუნდიალის შემდეგაც დიდი ფეხბურთი ითამაშეს სხვადასხვა კლუბში) და იმ შემადგენლობით არგენტინას ჩემპიონობა უეჭველად უნდა მოეპოვებინა და ასეთ შემთხვევაში კითხვას _ პელე თუ მარადონა? _ აღარავინ დასვამდა, რადგან ფეხბურთს ახალი მეფე ეყოლებოდა. სხვა ყველაფერთან ერთად მუნდიალიდან მარადონას მოკვეთის მიზეზი ესეც იყო და ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ყველაზე კორუფცირებული ორგანიზაციის, ფიფას, პრეზიდენტი იმხანად ბრაზილიელი ჟოაო აველანჟი გახლდათ, რომელთანაც მარადონას, რბილად რომ ვთქვათ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

დავით მხეიძე

P.S. ამ დღეებში მარადონას ერთი ინტერვიუ წავიკითხე, რომელშიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა დიეგოს რატომღაც ეკითხებიან _ რას იტყოდით საკუთარ დასაფლავებაზე? მარადონამ ასე უპასუხა: “რას ვიტყოდი საკუთარ დასაფლავებაზე? მადლობა, რომ ვთამაშობდი ფეხბურთს, რომელიც სიხარულსა და თავისუფლებას მანიჭებდა. ეს იგივეა, რომ ზეცა ხელით გეჭიროს. მადლობა ბურთს! ასევე დააწერეთ ჩემი საფლავის ქვას _ მადლობა ბურთს!” გარინჩას საფლავის ქვას აწერია: “მანე გარინჩა, ხალხის სიხარული”… ჩემი ნება რომ იყოს, მარადონას საფლავის ქვას ასეთ ეპიტაფიას გავუკეთებდი _ “დიეგო არმანდო მარადონა _ ფეხბურთის ღმერთი!” მეფენი, როცა იქნება, კვდებიან, ღმერთები კი _ არასოდეს! დააკვირდით _ მარადონა ქართულად ასოასო ძალიან ახლოსაა სიტყვა მარადისობასთან, რომელშიც ახლახან გადავიდა ლეგენდარული ფეხბურთელი. მშვიდობით, მწვანე მინდორზე გენიალურო ფეხბურთელო და ცხოვრებაში დიდო კაცო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here