მთავარი პოლიტიკა დიდ სამამულო ომში გამარჯვებულების ღირსეული მემკვიდრეები

დიდ სამამულო ომში გამარჯვებულების ღირსეული მემკვიდრეები

369
გააზიარეთ
გულბაათ რცხილაძე

2011 წელს საქართველომ საბჭოთა სიმბოლოების გამოყენება აკრძალა. თავისუფლების ქარტია ოფიციალურად გია თორთლაძის პირმშოდაა ცნობილი. “ის პატრიოტთა აქტისა და ლუსტრაციის კანონის ერთგვარ შერწყმას წარმოადგენს”, _ ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში.

2010 წლის შემოდგომიდან, ანუ პირველი მოსმენით განხილვიდან მესამე მოსმენამდე კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

ამ კანონის თანახმად, საქართველოში, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (და არა პრეზიდენტთან, სახელმწიფო კომისიის ფორმით, როგორც ეს თავიდან იყო გათვალისწინებული) შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ორი ძირითადი ფუნქცია აქვს. ერთი მათგანი სიმბოლოებთან არის დაკავშირებული. ის “საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკის, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, ბარელიეფების, წარწერების, ქუჩებისა და მოედნების დასახელებების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ითვალისწინებს”. მეორე ფუნქციაა ინფორმაციის შეგროვება საჯარო თავშეყრის ადგილების შესახებ, რომლებიც საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდის ელემენტებს თუ მათი იდეოლოგიის ლიდერთა სახელწოდებებს მოიცავს. მათი აღმოფხვრის მიზნით კომისია ღია ან დახურულ სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას. ეს კანონი არ მოქმედებს კერძო სფეროში, შესაბამისად, არ გულისხმობს სსრკ-ს წარწერიანი მაისურის ჩამცმელის დაპატიმრებას ან იმ კერძო ეზოს მეპატრონის დასჯას, რომელსაც სახლში სტალინის ბიუსტი უდგას და ბელადის სადღეგრძელოს სვამს. გარდა გარეგნულ-სიმბოლური ეფექტისა, კომისიას ადამიანურ ფაქტორთანაც ექნება შეხება. იმ პირთა შესახებ, რომლებიც საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ ან თანამშრომლობენ სპეცსამსახურებთან, კომისია მონაცემებს აგროვებს და შესაბამის რეესტრს აწარმოებს. ამ ე.წ. პადოშას კანონის გამო ყოველ წელიწადს დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მსურველ მოქალაქეებს პრობლემა ექმნებათ. გამონაკლისი არც წელს ყოფილა. 9 მაისს ვაკის პარკში საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სურდა, რომ პატივი მიეგო დიდ სამამულო ომში დაღუპული მეომრების ხსოვნისთვის, პოლიციის დაცვა დასჭირდათ, თუმცა ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი იყო, მაინც გაიმართა, თანაც გრანდიოზულად. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე “საქართველოს უკვდავი ჯარის” აქციის რამდენიმე ორგანიზატორი გვესაუბრება.

წითელი დროშები დაგვიწუნეს, სულელური კანონი მიიღეს და გადაწყვიტეს სიმბოლოების აღკვეთა ვიღაცაპადოშასგამო, რაც არ არის კარგი და სწორი

გულბაათ რცხილაძე, “ევრაზიის ინსტიტუტისხელმძღვანელი:

_ “საქართველოს უკვდავი ჯარის” მსვლელობას, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, დადებითად ვაფასებ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ვაკის პარკში ჩვენ გვერდით იდგნენ და პატივი მიაგეს დიდ სამამულო ომში დაღუპულ მეომრებს. აგრეთვე, მადლობას ვეუბნები მსვლელობის ყველა მონაწილეს იმისთვის, რომ პროვიკაციებს არ შეუშინდნენ, რადგან წინა დღეებში საქართველოში არსებული ყველა ტელეარხი ისეთ სურათს ხატავდა, თითქოს იქ ჯოჯოხეთი იქნებოდა. ამის მუხედავად, საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ ადამიანებს არანაირი მატერიალური დაინტერესება არ ჰქონიათ, ჩვენმა აქციამ ჩაიარა ლამაზად და მშვიდად. ჩვენ გვერდით იყო პოლიციაც, მათ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის იზოლაციაში მოქცევა მოუწიათ; მყვირალა ხალხიც კი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ იყო განწყობილი, ცხვრებივით იდგა და მხოლოდ “ბე, ბე, ბეე”-ს გაჰყვიროდა. მთავარი შედეგი იყო ის, რომ “საქართველოს უკვდავი ჯარის” მსვლელობაში მონაწილეობდა მართლმადიდებელი სასულიერო პირი. დარწმუნებული ვარ, მალე დიდ სამამულო ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა მოქმედ ტაძარში აუცილებელი გახდება.

გარდა ამისა, საქართველოში პატრიოტული სულის ასამაღლებლად და გმირი წინაპრებისადმი პატივისცემისა და ხსოვნის გასაძლიერებლად დავამზადეთ საბჭოთა კავშირის გმირი ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ფოტოებიანი ბანერები, მათი სახელ-გვარებითა და დაბადება-გარდაცვალების (დაღუპვის) წლების მითითებით. ეს ბანერები, თბილისის მერიის ნებართვით, დავდგით ვაკის პარკში, უცნობის ჯარისკაცის საფლავთან. ბანერებმა ვაკის პარკის სტუმრების ცხოველი ინტერესი გამოიწვია. მერიასთან შეთანხმებით, ბანერები ადგილზე 26 მაისის (დამოუკიდებლობის დღის) ჩათვლით დარჩება.

ვულოცავ ყველა პატრიოტს 9 მაისს და იმას, რომ ღირსეულად ჩავატარეთ ეს დღე. ჩვენ მოვახერხეთ, გაგვეტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ ამბავი, რომ დიდ სამამულო ომში გამარჯვებულების ღირსეული მემკვიდრეები ვართ. ყველას დავანახვეთ, რომ ქართველებმა არა მხოლოდ სადღეგრძელოები ვიცით, არამედ ვართ შთამომავლები მეომარი წინაპრებისა, რომლებსაც პატივს მივაგებთ, და ბრძოლის შნო და განწყობაც არ დაგვიკარგავს. ამ ღონისძიების მიზანიც ეს იყო და ეს გავაკეთეთ. ჩვენი “მესიჯი” გავგზავნეთ ყველგან, მათ შორის, რუსეთშიც.

_ 9 მაისის ღონისძიებას ვაკის პარკში მეც ვესწრებოდი, ჩემი თვალით ვნახე, იქ რაც ხდებოდა. სიმართლე გითხრათ, მომეჩვენა, რომ ქართველი საზოგადოების ლიბერალური ნაწილი აგონიაშია, სულს ღაფავს

_ გეთანხმებით. აგონიაში ნამდვილად არიან, არ მოველოდი ლიბერალების ასეთ განწირულ რეაქციას, ისინი მართლაც სულს ღაფავენ. კარგად ხედავენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ჯანსაღია; ხედავენ, რომ ისტორია ქართველების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია და ეს ისტორია ყველამ კარგად იცის. მათი მხრიდან მისი დამახინჯების დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩვენი ღონისძიების შემდეგ სოციალურ ქსელში ბევრი რამ წავიკითხე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენი მხარდამჭერი იყო, ხოლო ლიბერალებით _ ფრიად უკმაყოფილო.

დიდ სამამულო ომში გამარჯვებულების ღირსეული მემკვიდრეები

არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველო სათარეშო ადგილი ჰგონიათ. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟი (უცნაური წვერით) ტელეეთერში გამოვიდა და განაცხადა: ჩემს ეზოში ვიღაც რომ შემოვიდეს და თავისი წესები დაამყაროს, ამას როგორ შევეგუებიო. სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს საქართველო თავისი ეზო ჰგონიათ. ასეთებს სურთ, თავიანთი ეზო, ანუ საქართველო ცისარტყელას ფერებში გადაღებონ. არ გამოუვათ ეს.

ჩვენ ჩავატარეთ 9 მაისის ღონისძიება, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო, შორიდან ყურება არ არის საკმარისი და მერე დადებითად შეფასება შორიდან ნანახის. კომპიუტერებს უნდა მოვშორდეთ, ჩვენი ოჯახის წევრების ფოტოები დავიკავოთ ხელში, ადამიანების, რომლებმაც დიდ სამამულო ომში გაიმარჯვეს, და ღონისძიებას დავესწროთ ყველანი.

წითელი დროშები დაგვიწუნეს, სულელური კანონი მიიღეს და გადაწყვიტეს სიმბოლოების აღკვეთა ვიღაც “პადოშას” გამო, რაც არ არის კარგი და სწორი. მე მკითხეს _ რატომ უკვდავი ჯარი? _ მათ ვუპასუხებ: ვინმემ უკეთესი შემოგვთავაზა? ხელისუფლება დადის 9 მაისს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე და გვიხარია. ვაი, ჩვენს პატრონს… კარგია, რომ 17 მაისს არ მიდიან იქ… შემოგვთავაზოს ხელისუფლებამ “უკვდავი ჯარის” მაგივრად უკეთესი რამ, არ ვგულისხმობ “ცხვარსა და ოცლიტრიანს” და ჩვენც აღვნიშნავთ ისე, როგორც იტყვიან…

ტერმინი “უკვდავი პოლკი” კარგი ტერმინია, ლიბერალები ნუ გაგიჟდებიან იმის გამო, რომ რუსებმა მოიგონეს. ეს ღონისძიება ჩატარდა ყველგან, მათ შორის, ამერიკაში და იქ ამის გამო დისკომფორტი არავის ჰქონია. საქართველოშიო ლიბერალების პარპაში მალე დასრულდება, ელისაშვილებისა და მისთანების დრო მალე დასრულდება. ისინი ჩვენ, ისტორიის დამცველებს, ვერაფერს დაგვაკლებენ, მადლობა თქვან, რომ თბილისში თავისუფლად დადიან.

დიდ სამამულო ომში გამარჯვებულების ღირსეული მემკვიდრეები

“9 მაისს წითელი დროშებით მივედით ვაკის პარკში და ამით ულტრალიბერალების წინააღმდეგ გავილაშქრეთ.

ჩვენ მათზე მორალურად გავიმარჯვეთ

თემურ ფიფია, ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი:

_ ლიბერალებმა გამოჭამეს საკუთარი თავი, მათი დომინირების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. 9 მაისს წითელი დროშებით მივედით ვაკის პარკში და ამით ულტრალიბერალების წინააღმდეგ გავილაშქრეთ. ჩვენ მათზე მორალურად გავიმარჯვეთ. ასე მგონია, 10 მაისს საქართველოში უკვე სხვანაირად გათენდა. 9 მაისს ჩვენ წერტილი დავუსვით ულტრალიბერალების თარეშს.

კმაყოფილი ვარ ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებით, მიუხედავად იმისა, რომ დამაპატიმრეს. ეროვნული ძალები გავერთიანდით, ჯანსაღი ძალები შევიკრიბეთ, ერთიანობა ვაჩვენეთ ლიბერალებს, მორალურად ძლიერი ვიყავით.

დიდ სამამულო ომში გამარჯვებულების ღირსეული მემკვიდრეები

ლიბერალიზმი და კანონი, რომელიც კომუნისტური სიმბოლოების წინააღმდეგ მიიღო საქართველომ, ფაშიზმის გაბატონების მხარდაჭერაა. ამ კანონის მოქმედებამ აკრძალა გამარჯვების დროშის მიტანა გამარჯვების პარკში, სადაც, ჩვენდა საბედნიეროდ, დღესაც მიდის საქართველოს ხელისუფლება. მთავრობა დილემის წინაშე დგას, ორჭოფობს, ფაშისტების მესმის, მაგრამ ჩვენი მთავრობისა _ არა. სამწუხაროდ, როგორი მთავრობაც უნდა მოვიდეს დღეს ხელისუფლებაში, გარეშე ძალების ზეწოლას ვერ გაუძლებს და ყოველთვის ასეთ ორმაგ თამაშს ითამაშებს _ მივლენ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე და “უკვდავ პოლკს” არ აღიარებენ, არ აღიარებენ დროშას, რომელიც ჩვენმა თანამემამულე მელიტონ ქანთარიამ გამარჯვების ნიშნად ბერლინის თავზე აღმართა. მთავრობა ვერ უწევს წინააღმდეგობას ლიბერალ-ფაშისტებს, რადგან თვითონაც ამ სისტემის ნაწილია. საქართველოში ლიბერალების თარეში მალე დასრულდება. 9 მაისს ვაკის პარკში მყოფმა ყველა ადამიანმა ნათლად დაინახა, რომ ლიბერალები სულს ღაფავენ, მსოფლიოს ლიბერალები კრიზისში არიან, მსოფლიო ავად არის და ასე დიდ ხანს ვერ გაგრძელდება, ავადმყოფობა გაივლის, მსოფლიო გამოჯანმრთელდება, მათ შორის, საქართველოც.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

1 COMMENT

  1. ლებერალებმა და ე.წ. კომუნისტებმა,როგორც ოცნება-ნაცებმა დასავლეთიდან მიიღეს კოჰაბიტაციის ბრძანება. ესენი მალე ვაშინგტონ-ბრიუსელის მარშუტიდან,კრემლი-მოსკოვის კარებზე გადაინაცვლებენ. მოკლედ უზნეო ხალხია.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here