საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე თითქოს უკანა პლანზე გადაიწია გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ქვეყნის გარშემო. ახლა ხელისუფლება სკამების შენარჩუნებით არის დაკავებული და არ აინტერესებს, რა ხდება ქვეყნის გარეთ, როგორია დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და მისი გადმოსახედიდან ეს ლოგიკურიცაა _ მეზობელი თუ “მეგობარი” ქვეყნები ხომ მათ თბილი სავარძლების წართმევით არ ემუქრებიან.
ორი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პირველ პირებსა და საგარეო უწყებას ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა ამ ყველაფერზე, როგორც სხვა შემთხვევაში, ამჯერადაც პროცესები რუსეთს დააბრალეს, რუსეთს უძახეს მტერი და ოკუპანტი, რუსეთს შეაწმინდეს ხელი და, გარდა იმისა, რომ ევროპასა თუ ამერიკას თავი მოუქონეს, გამოსავალიც მარტივად მონახეს _ ჩვენთან ხომ ყველაფერი რუსეთის ბრალია. რუსეთის ბრალია საარსებო მინიმუმზე დაბალი პენსია; რუსეთის ბრალია სიღატაკე, რომელმაც მოსახლეობის სამ მეოთხედს კარზე მიუკაკუნა და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მალე ფაროსანა, დარი თუ ავდარი, სიცხე, წვიმა და სეტყვაც რუსეთს დაბრალდება. ასე მარტივია ცხოვრება, ადვილია სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა, რადგან, რუსეთი თუ გაბრაზდა და თითი დაგვიქნია, მთლად უკეთესი _ ხელისუფლება ევროპა-ამერიკას შესჩივლებს, სანაცვლოდ შეშფოთებას და რამდენიმემილიონიან გრანტს მიიღებს და მაღალჩინოსნები ისედაც გასქელებულ ჯიბეს კიდევ უფრო გაისქელებენ.
და მაინც, რამ მიიყვანა სირია იმ მდგომარეობამდე, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა?! პირველ რიგში, იმან, რომ სირიაში საომრად საქართველოს ბევრი მოქალაქე წავიდა. ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება ვერ ან არ აკონტროლებდა და არც აკონტროლებს. არავითარი ზომები ამის აღსაკვეთად ხელისუფლებას არ მიუღია და, შეიძლება ითქვას, ეს სიტუაცია ხელს აძლევს კიდეც. სირიაში წასული ახალგაზრდების უმრავლესობა პანკისის ხეობიდანაა და საჭიროების შემთხვევაში, ყურადღების გადასატანად პანკისი იდეალური იყო წინა მთავრობისთვისაც და იდეალურია ამჟამინდელი ხელისუფლებისთვისაც.
ისიც სათქმელია, რომ საქართველოდან ბიჭები სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდნენ. ჰო, ხელისუფლების და არა რეჟიმის, რადგან ასეთი რეჟიმი ერქვა მუამარ კადაფის მმართველობასაც და ახლა მთელი ლიბია სწორედ მოკლულ კადაფის მისტირის. ამერიკა-ევროპის მიერ წლების წინათ დაწყებულმა და განხორციელებულმა “არაბულმა გაზაფხულმა” აშკარად არ გაამართლა, უფრო ზუსტად, არაბული ქვეყნებისთვის არ გაამართლა, თორემ ამერიკამ და ევროპამ ნავთობის საბადოები მშვიდად გადაიბარეს და ახლა ადგილობრივ მოსახლეობას ზუსტად ისე ექცევიან, როგორც ჩვენ _ შიგადაშიგ გრანტებს გადაუგდებენ, გაამხნევებენ და ბედის ანაბარა ჰყავთ მიტოვებული. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ასადმა აღიარა იმ ქვეყნის ტერიტორიები, რომლის ხელისუფლებაც არაფერს აკეთებს, თავისი მოქალაქეები აიძულოს, სირიის კონფლიქტში არ ჩაერიონ და ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ არ იბრძოლონ. თანაც ეს სირიამ ოფიციალურად გააკეთა და არა ჩუმად, ისე, როგორც მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა.
დიახ, დიდმა ბრიტანეთმა, პრაქტიკულად, აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ეს იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ისინიც გვაგულიანებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში შემოგვიერთდითო. ლონდონში დღესაც მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი. დამოუკიდებელი საფეხბურთო ასოციაციების კონფედერაციათა ვერსიით. ქვეყნები, რომლებსაც მსოფლიოსა და ევროპის საფეხბურთო ორგანიზაციები, ფიფა და უეფა არ აღიარებენ, ლონდონში ჩავიდნენ და მსოფლიოს საკუთარ ჩემპიონატს ატარებენ. შესაბამისად, აფხაზეთის, ტიბეტის, ჩრდილოეთ კვიპროსისა და კიდევ სხვა ნაკრებებს ლონდონში ყველანაირი პირობა შეუქმნეს, საკუთარი ჭია რომ გაახარონ. და იცით, ეს რატომ გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა? იმიტომ, რომ 14 ივნისს მსოფლიოს ნამდვილი საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში იწყება და ამით თითქოს რუსეთს ჩრდილი მიაყენა. არადა, რა ჩრდილი! სრულიად რუსეთში შესაშური მობილიზაციაა გამოცხადებული, ქვეყანა ფეხზე დგას და ვარაუდობენ, რომ ეს ჩემპიონატი საუკეთესოდ ორგანიზებული იქნება. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ორი თვით ადრე იტალიამ და ჰოლანდიამ სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, რუსეთს და პირადად ვლადიმირ პუტინს ბოიკოტი გამოვუცხადოთ და მუნდიალზე არ წავიდეთო. ეს მაშინ, როცა ვერც იტალია და ვერც ჰოლანდია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, მაგრამ მათ არავინ აჰყვა, რადგან ფეხბურთს მსოფლიოში მილიარდობით გულშემატკივარი ჰყავს და მათი გაბრაზების ყველას ეშინია. ჰო, ზესახელმწიფოებს ეშინიათ ხალხის და ამიტომაც მათ ცნობიერებაზე გავლენის მოხდენას არასამთავრობოებისა და საერთაშორისო ფონდების მეშვეობით ცდილობენ. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატისგან ხეირი შეიძლება საქართველოსაც ენახა შესაბამისი კამპანიის პირობებში; რუსეთში ჩასულ მილიონობით ტურისტს ხომ შეიძლებოდა საქართველოდან გატანილი ღვინო, მინერალური წყალი და ხილი გაესინჯა, მაგრამ რუსეთი ხომ მტერია და ჩვენი ეკონომიკისთვის ესოდენ საჭირო მილიონების გაკეთება რუსეთში თურმე არ შეიძლება?!
სამაგიეროდ, ჩვენი ხელისუფლება ერთი კვირის ინტერვალით, ზარ-ზეიმით შეხვდა მეზობელი სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერს. საქართველოს ჯერ არმენ სარქისიანი ეწვია, შემდეგ _ ნიკოლ ფაშინიანი. შეხვედრები უმაღლეს დონეზე გაიმართა, მათმა ქართველმა კოლეგებმა ორი ერის ისტორიულ მეგობრობაზე ისაუბრეს და აზრადაც არ მოსვლიათ, თითი დაექნიათ ან გაეპროტესტებინათ სომხეთის მიერ აფხაზური პასპორტების აღიარების პოლიტიკა. დიახ, სომხეთმა ოფიციალურად აღიარა აფხაზური პასპორტები და მათ ქვეყანაში ამ საბუთით ოფიციალურად უშვებს. ეს იმიტომ, რომ უკვე აფხაზებიც აღიარებენ, მთელი ტერიტორია სომხებმა დაიპყრეს, ყველაფერს ისინი მართავენ და აფხაზეთი მალე სომხეთის ავტონომია გახდებაო. მაგრამ, ჩვენ ხომ “სტუმარ-მასპინძლის” შემქმნელი ქვეყანა ვართ და, ისტორიულად სომხების მიერ არაერთხელ გაყიდულები, მათ ისევ კოჭს ვუგორებთ. არავინ ფიქრობს, თავისი სახელი დაარქვას მოვლენებს; არავინ ამბობს, რომ ეს დანაშაულია, მაგრამ, როცა აფხაზური პასპორტით რუსეთში ჩადის ვინმე, ეს თურმე დანაშაულია. რატომ? იმიტომ, რომ ამერიკასა და ევროპას სომხეთი არ აინტერესებს, რუსეთს ებრძვის და ჩვენც რუსეთის წინააღმდეგ უნდა ვიყოთ, თორემ ის, რომ სომხეთი ნელ-ნელა მართლა იპყრობს აფხაზეთს, არა უშავს.
ეგ კი არა და, სომხეთის ხელისუფლება ახალციხეში მცხოვრებ სომხებს მოქალაქეობის მიღებას აიძულებს, რათა ისტორიულ სამშობლოში გადაადგილების თავისუფალი შესაძლებლობა მისცეს. რეალურად კი, ახალციხეში ამბობენ, რომ დიდი-დიდი ათ წელიწადში იქ მცხოვრებ ყველა სომეხს სომხეთის მოქალაქეობა ექნება და შემდეგ ამ ტერიტორიაზე პრეტენზიის გამოცხადება მეზობლებს გაუადვილდებათ. ერთი მცირე კონფლიქტი და, საკუთარი მოქალაქეების დაცვის სახელით, სომხეთმა შეიძლება ჯარიც კი შემოიყვანოს. ეს რეალობაა. ამ რეალობაზე საუბრობენ რიგითი მოქალაქეები, მაგრამ არ საუბრობს ხელისუფლება, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე სიტუაციის დაძაბვა და თბილი სკამისთვის ფეხის მორყევა არ სჭირდება.
სამაგიეროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ისევ უყურადღებოდ დატოვა რუსეთის მოწოდება, მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ და, თუ თქვენი სურვილიც იქნება, ნებისმიერ დონეზე შეხვედრის მომზადებას დავიწყებთო. უყურადღებოდ დატოვა კი არა, ის, რაც მარგველაშვილმა განაცხადა ცოტა ხნის წინათ, დიპლომატიის ენაზე შეურაცხყოფაა. როცა ხმამაღლა, საჯაროდ “ოცნებობ”, რომ იქნებ რუსეთის პრეზიდენტი რიგითი მოსკოვური ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე დაგელაპარაკოს, ამით მას შეურაცხყოფ. დიპლომატიაში ასეთი ლაპარაკი უპასუხოდ არ რჩება და, თუ სირიის მიერ აფხაზეთის აღიარებაში რუსეთის ხელი მართლაც ურევია, ეს მარგველაშვილის დიდი დამსახურებაცაა.
მოგვცემს რუსეთთან დიალოგის უფლებას ევროპა და ამერიკა?! ხომ შეიძლება, გრანტებით გაბრუებულ ხელისუფლებას უცებ გამოეღვიძოს და მიხვდეს, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს?! სწორედ ევროპისა და ამერიკის გავლენით მიიძინა იმ თემამ, რომელიც დღის წესრიგში ცოტა ხნის წინათ დადგა. ადამიანთა ჯგუფი, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ მოსახლეობის აზრს გამოავლენდა, მაგრამ არა _ აქაოდა, ანალოგიური რეფერენდუმი ერთხელ უკვე ჩატარდა და მოსახლეობამ ევროკავშირი და ნატო აირჩიაო. იმას თავი დავანებოთ, რომ იმ ე.წ. არჩევნებისა და მასთან ერთად ჩატარებული რეფერენდუმის გაყალბებაზე მხოლოდ მუნჯი არ ლაპარაკობს, დავუშვათ და, იმ რეფერენდუმის გამოცხადებული შედეგები რეალურია, მაგრამ ამ შედეგებითაც კი ნატოში გაერთიანებას მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობის უმცირესობამ _ დაახლოებით 35%-მა. მერე: ჩატარდა რეფერენდუმი და რა? გაუწია ვინმემ ჩვენს აზრს ანგარიში? ნატოში მიგვიღეს თუ ევროკავშირში? ეს ყველაფერი ცხრა წლის წინათ იყო, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ცხოვრება ძალიან შეიცვალა, მაგრამ ქართველებს ერთხელ გამოხატული აზრის შეცვლის უფლებაც წაგვართვეს. ვინ და რატომ გვართმევს ამ უფლებას? აღარ გვაქვს უფლება, ვთქვათ, რომ არ მოგვწონს და აღარ გვინდა, წლების განმავლობაში კვლავაც მოგვატყუონ, გვითხრან: ნატოსა და ევროკავშირის კარებზე დააკაკუნეთ და გაგიღებთო?! რეფერენდუმი ხომ ნათლად გამოავლენდა მოსახლეობის განწყობას, რომელიც ყველამ იცის, რომ შეცვლილია და ლოიალური აღარ არის ამერიკისა და ევროპის მიმართ. ამერიკასა და ევროპას ხალხის ეშინია, იმ ხალხის, რომელსაც ფულით ვეღარ იყიდი, ამიტომ არ სურთ რეფერენდუმი, ამიტომ არ სურთ ამომრჩევლის აზრის გაგება.
ბესო ბარბაქაძე
სწორი ანალიზია მაგრამ რადგინდა მთავრობა მაგას არ წაიკითხავს და ჩემისთანას კი მხოლოდ მოწონების გამოხატვა შეუძლია.