მთავარი პოლიტიკა დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ახალი ინიციატივა _ როგორ “ზრუნავს” ელიტური 9 პროცენტი სანაგვეზე...

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ახალი ინიციატივა _ როგორ “ზრუნავს” ელიტური 9 პროცენტი სანაგვეზე მოსროლილ 91 პროცენტზე

1637
გააზიარეთ
კარიკატურა

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებას თამამად შეიძლება საუკუნის აღიარება ვუწოდოთ. დეპუტატი ინიციატივით გამოვიდა, რომ 2500 ლარს ზემოთ ხელფასი, 20 პროცენტის ნაცვლად, 30 პროცენტით დაიბეგროს. ერთი შეხედვით თითქოს არაფერია, კანონმდებელს ახალი ინიციატივა აქვს, მაგრამ ნურას უკაცრავად! აი, რას ამბობს ჟორჟოლიანი:

“ეს არ არის საგანგაშო, რამეთუ მეტი საშემოსავლოს გადახდა საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს მოუწევს, რადგან მხოლოდ მათი შემოსავალი აღემატება 2 500 ლარს. მაგალითისთვის გეტყვით, როგორ აისახება ახალი ინიციატივა მოქალაქეებზე:

თუ თქვენი ხელფასი 3000 ლარია, აქედან 2500 ლარი დაიბეგრება 20 პროცენტით, 500 ლარი კი _ 30 პროცენტით. ჩემი აზრით, ამ გზით ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარის მობილიზებაა შესაძლებელი, საიდანაც 400 ათასი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას, დარჩენილი 100 ათასი კი სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასების გაზრდას უნდა მოხმარდეს…”

ჯერ იმით დავიწყოთ, ბატონო გია, რომ 2012 წელს თქვენ და ხელისუფლებაში მოსული გუნდი, სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ყოველწლიურად მილიარდი ლარით გეგმავდით, ახლა კი ხელფასების დაბეგვრით აღებული 400 ათასი ლარით გინდათ სოფლის მეურნეობის აყვავება?! ანუ, 999 მილიონ 600 ათასი ლარი დაგვავიწყდა?!

კეთილი, გავიგეთ, რომ 400 ათასი ლარი გემეტებათ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მაგრამ 100 ათასი ლარი მასწავლებლებზე როგორ უნდა გაანაწილოთ?! მხოლოდ სკოლის პედაგოგების რაოდენობა 65 ათასს სცდება, ამას დაუმატეთ ბაღის აღმზრდელები და ნახავთ, ასი ათასზე მეტი გამოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ პედაგოგს ხელფასის სახით ერთ ლარსაც ვერ მოუმატებთ, მაგრამ ამაყად ეტყვით, რომ ეს ის თანხაა, რომელიც მაღალხელფასიანი მოხელეების დაბეგვრით ერგოთ და ისინიც ბედნიერები იქნებიან?!

და მთავარი _ ყველანაირი გათვლითა და დათვლით, დღევანდელ საქართველოში ადამიანად რომ იგრძნო თავი, კალორიული კვება არ მოიკლო, წელიწადში ერთხელ ადამიანურად დაისვენო, სწორედ 2500 ლარი უნდა გქონდეს ჯამაგირი. თქვენ კი ამბობთ, ეს ჯამაგირი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტს აქვს და საგანგაშო არაფერია?!

არადა, სწორედ ის არის საგანგაშო, ბატონო გია, რომ ის 9 პროცენტს, ანუ თქვენ და თქვენი კოლეგები, ცხოვრობთ ადამიანურად, ქვედა რგოლს კი გროშებს უგდებთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. დარწმუნებული ვარ, იმასაც დააყვედრით: ჩვენ მოვიკელით, თქვენ გაძლევთ და კიდევ უმადურები ხართო?!

თქვენი ქონებრივი დეკლარაციით თუ ვიმსჯელებთ, თვეში პირადად თქვენი შემოსავალი 6600 ლარს აჭარბებს; 5 ათას ლარზე მეტი აქვს ყოველთვიურად თქვენს მეუღლეს, ანუ ორივეს შემოსავალი თვეში 12 ათას ლარამდეა. როგორც ხედავთ, რა შემოსავალიც თქვენ გაქვთ ერთ თვეში, პენსიონერს იმაზე ნაკლები აქვს ექვს წელიწადში. იმ ექვს წელიწადში, თქვენ რომ ხელისუფლებაში ხართ, ბატონო გია, და დაპირებულ პენსიას არ ზრდით. თქვენივე დეკლარაციით, ოვერდრაფტი გაქვთ აღებული, ანუ ხელფასი წინასწარ აიღეთ, რადგან 12 ათასი ლარი ერთ თვეში არ გეყოთ, პენსიონერმა კი ექვს წელიწადს უნდა იმყოფინოს. როგორია?! უფრო გასაგებად გეტყვით: რასაც თქვენ 30 დღეში ხარჯავთ, იმას პენსიონერი 2 190 დღეში ხარჯავს. გაიგეთ ახლა? ხშირად რომ იმეორებთ, ციფრები არ ტყუიანო, გეთანხმებით _ არ ტყუიან! ამიტომაა თქვენი “ინიციატივა” ხალხის დაცინვა. ყველას დაგვცინით, იმ 91 პროცენტს დასცინით, რომელსაც შემოსავალი არ აქვს და თავს სრულფასოვან ადამიანად ვერ გრძნობს იმიტომ, რომ შვილებს ვერ ასვენებს ზაფხულში ზღვაზე, ზამთარში ვერ მიჰყავს მთაში, სკოლაში წასვლის წინ ახალ ტანსაცმელს ვერ ყიდულობს მათთვის, ზაფხულში ბალახეულით იკვებებიან, რადგან ფულს ზოგავენ… ტელევიზიით კი უსმენენ, როგორ დადიან დეპუტატები მსოფლიოს კურორტებზე დასასვენებლად, როგორ პოზირებენ ოჯახთან ერთად ფოტოაპარატების წინ და მერე იმის გარჩევა მიდის საშემოდგომო სესიაზე, ვინ უკეთესი დრო გაატარა.

გულწრფელად გეკითხებით: რატომ გგონიათ, რომ 91 პროცენტმა დასვენება არ იცის ან მათ შვილებს თქვენი შვილები სჯობია? რა, მათ ნაკლები მადა და გემოვნება აქვთ? რატომ გგონიათ, რომ ოჯახი თქვენზე ნაკლებად გვიყვარს? და თუ ასე არ გგონიათ, სად არის დაპირებული საწარმოები, სად არის მომატებული ხელფასები, სად არის საოცარი მეოთხე წელიწადი, სად?! თუ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რომ აპირებთ 20 ლარით პენსიის გაზრდას, ეგ არის ყველაფერი?! არ გრცხვენიათ, თვეში 180 ლარის მოიმედე ადამიანებთან 12- ათასლარიანი ჯამაგირის პატრონი რომ მიდიხართ და ეუბნებით: 20 ლარით მოგემატებათ პენსია და კმაყოფილები იყავით, ხმა მოგვეცითო?!

ხმა კი იმიტომ უნდა მოგცენ, მომდევნო 4 წელიწადი ისევ 12 ათასი ლარი რომ აიღოთ, თუნდაც 30 პროცენტით დაბეგრილი?! მაგრამ აქაც ძაღლის თავია დამარხული _ 2500 ლარამდე 20%-ით დაიბეგრებით, ზემოთ კი _ 30-ით.

და იმ კანონს რას უშვებით, ბატონო გია, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტების პირველ პირებს მარტივად რომ შეუძლიათ ყოველწლიურად ხელფასი 20%-ით გაიზარდონ?! ჰო, ყოველწლიურად და ეს კანონის ფარგლებში ჯდება. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: მუნიციპალიტეტების მერებს მინიმუმ 4000 ლარი აქვთ ხელფასი. თქვენ რომ დაბეგრავთ 2500 ლარს 20%-ით და 1500 ლარს 30%-ით, ისინი წლის ბოლოს ხელფასს (ჩვენს ხარჯზე) მოიმატებენ 20%-ით და გაუხდებათ 4800 ლარი, მერე კიდევ 20%-ით და გასცდებიან ასე 6000 ლარს. ახლა თქვენ ამას სათავისოდ შეატრიალებთ და იტყვით, რაც უფრო მაღალი ხელფასი ექნებათ, მით მეტი შემოსავალი შევა დაბეგვრიდან ბიუჯეტშიო. მაშინ დამინიშნეთ თვეში 10 ათასი ლარი, 3 ათასით დამბეგრეთ და ხმის ამომღების დედა ვატირე. ჰო, დედა ვატირე… ძნელია კორექტული იყო, როცა დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარე ასე ღიად დაგცინის, ასე ღიად გეუბნება: შენ არარაობა ხარ, მე ვარ ყველაფერი და ეს აიტანეო. ძნელია იმის მოსმენა, როცა იგებ, რომ მოსახლეობის 9%-ის ოჯახები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ოჯახი; ის, რომ ვიღაცას ათი შვილი ჰყავს და სახელმწიფოსგან თვეში 400 ლარს იღებს, ანუ დღეში 12 სული 13 ლარად უნდა იკვებოს და ორ სულს 12 ათასი ლარი, ანუ დღეში 400 ლარი არ ჰყოფნის, ეცოტავება, ბანკის სესხი სჭირდება. ხვდებით მაინც, ბატონებო, სადამდე დაეშვით? ხვდებით, რომ ეგ 9% დანარჩენ 91%-ს სულში აფურთხებთ, თავზე ლაფს ასხამთ და სულაც არ გაინტერესებთ, როგორი რეაქცია ექნებათ!

ნამდვილად ვერ გეტყვით, გაიტანენ თუ არა ამ კანონპროექტს ან დაიბეგრება თუ არა “უკვდავთა” 9 პროცენტი დამატებით, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მოსახლეობაზე არ ფიქრობენ. ფაქტია, რომ პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა ამ პრინციპით სასაცილოც აღარ არის, სოფლის მეურნეობაში ჩადებული 400 ათასი ლარი კი… 400 ათას ლარზე მეტი გამართული ტრაქტორი ღირს და, ერთი ტრაქტორით თუ ვაპირებთ აშენებას, ვთხოვოთ, ბელარუსის პრეზიდენტს, დამიჯერეთ, გვაჩუქებს და ინტერესით დაგვაკვირდება, ერთი ტრაქტორით როგორ ავყვავდებით. ევროპასა და ამერიკას რომ ვედრებით, ეგებ ჯერ სოციალური პროგრამებითა და ქვედა რგოლის ხელფასებით გავეჯიბროთ და მერე დანარჩენით. თუ ეს არ არის მომგებიანი თქვენთვის?! ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ისაა, რომ ელიტარული 9 პროცენტი სანაგვეზე მოსროლილი 91 პროცენტის არჩეულია, ჰო, სანაგვისთვის გამატებულ ადამიანთა არჩეული.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. ბ–ნი გია ჟორჟოლიანი ერთადერთი დეპუტატია გაზულუქებულ პარლამენტარებს შორის, რომელიც, მართალია უშედეგოდ, მაგრამ მაინც იბრძვის ხალხის კეთილდღეობისათვის. ბ–ნო გია, გთხოვთ მთელი კატეგორიულობით მოითხოვეთ და მიაღწიეთ ქვეყანაში პროგრესული საშემოსავლო გადასახადის აღდგენას, რომელიც 2004 წელს გააუქმა გარეკილმა სააკაშვილმა, თანაც საგადასახადო სარგოებს შორის ინტერვალი იყოს 20–დან 41 პროცენტამდე, როგორც ეს არის ნიდერლანდებში.

  2. ბატონო თამაზ წერილი თუ წაიკითხე ერთი იქნებ გამარკვიო სად ჩანს იქ ხალხზე მზრუნველი დეპუტატი,მე მაგწერილძი ასეთი რამ ვერ ამოვიკითხე.

  3. ბ-ნი გია ჟორჟოლიანის ინიციატივა და პოლიტიკა არის ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა, მაგრამ იგი მიუღებელია გაქსუებულ ტვინდაცხიმიანებული ქართველებისთვის.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here