მთავარი საზოგადოება “დემოკრატიული” დასავლეთი და “ტოტალიტარული” რუსეთი

“დემოკრატიული” დასავლეთი და “ტოტალიტარული” რუსეთი

1022
გააზიარეთ

ბოლო დროს თბილისში მიმდინარე რამდენიმე საპროტესტო აქცია-მიტინგის გამო, რომელთა ჩამოთვლას არ ვაპირებ, საზოგადოდ, ქართული მედიის ჯეროვანი ყურადღების გარეშე დარჩა მსოფლიოში განვითარებული უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროცესები, რომლებსაც შეიძლება დავარქვათ “დემოკრატიული” დასავლეთი “ტოტალიტარული” რუსეთის, გნებავთ, პირადად ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. დაპირისპირება, რომელიც გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და რომლის შედეგი აუცილებლად აისახება აშშ-ის “სტრატეგიულ მოკავშირე” (წაიკითხე, მარიონეტი) პატარა საქართველოზე.

დადებითად თუ უარყოფითად? _ საკითხავი აი ეს არის, რაც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ქმედება-უმოქმედობაზეა დამოკიდებული. ამ დაპირისპირების მთავარი მიზანი _ რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური იზოლაცია მიუღწეველი ამოცანა რომ იყო, ამის განჭვრეტას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება. საკმარისია მსოფლიოს რუკაზე ყველაზე დიდი ტერიტორიის მფლობელი რუსეთის ფედერაციის პოვნა და ცხადი გახდება _ მართლაც კაციჭამია რომ იყოს პუტინის რუსეთი, ამ უზარმაზარი ტერიტორიის იზოლაცია უტოპიაა.

რაც შეეხება პირადად ვლადიმერ პუტინს, იგი არათუ ხელის ჩამორთმევის უღირსი პერსონა გახადეს, არამედ, სადაც კი ჩადის ოფიციალური ვიზიტით, ევროკავშირის ქვეყნები იქნება ეს თუ აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე იაპონია, ყველგან ისეთი პომპეზურობით, ხაზგასმული პატივით მასპინძლობენ, რომ მსგავსი რამ აშშ-ის პრეზიდენტებს არც კი დაესიზმრებათ.

რა აღარ სცადეს “დასავლელმა დემოკრატებმა” რუსეთისა და მისი პრეზიდენტის დისკრედიტაციისთვის: ჯერ იყო და, 2014-ში მაინცდამაინც სოჭის ოლიმპიური თამაშების პარალელურად მოაწყვეს კიევის მაიდანი _ სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც ოდნავადაც ვერ დაჩრდილა ზამთრის ოლიმპიადა. აი ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ კი კიევმა არა მხოლოდ ყირიმი, არამედ, პრაქტიკულად, მთელი აღმოსავლეთ უკრაინა დაკარგა… სპორტი პოლიტიკის გარეშეო, _ სამწუხაროდ, ასე არ არის. სადაც დიდი სპორტია, იქვე დიდი პოლიტიკაც არის.

უკრაინა-ყირიმის გამო პოლიტიკური შურისძიება _ სხვა რა შეიძლება უწოდო დასავლეთის სულგაყიდული მაღალჩინოსნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ აშკარად ხელოვნურად აგორებულ ე.წ. დოპინგსკანდალს, რომელსაც აშშ-ის მარიონეტმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ანტისადოპინგო სააგენტომაც დაუჭირა მხარი. შედეგად, სამხრეთ კორეაში ასპარეზობის უფლება ჩამოერთვა რუსეთის ოლიმპიური ნაკრების ნახევარზე მეტ პოტენციურ მედალოსანს, ხოლო ვინც წავიდოდა ოლიმპიადაზე, რუსეთის დროშისა და ჰიმნის გარეშე, მხოლოდ ოლიპიური ჰიმნითა და უსახო კოსტიუმებით უნდა ასულიყვნენ გამარჯვების კვარცხლბეკზე.

ეს ყველაფერი არა მხოლოდ რუსი სპორტსმენების დისკრიმინაცია იყო პოლიტიკური ნიშნით, არამედ რუსეთის, როგორც სახელმწიფოს შეურაცხყოფაც, რასაც, ამ პროვოკაციის ავტორთა გეგმით, რუსეთის პრეზიდენტის წყობიდან გამოსვლა და მისი ბრძანებით ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დოპინგის მიღებაში ეჭვმიუტანელი სპორტსმენები გაემგზავრნენ კორეაში, სადაც მედლების ჩვეულ რაოდენობას ვერ აიღებდნენ, მაგრამ რამდენიმე ოქროს მედალს, რომ იტყვიან, ხელი მაინც გამოჰკრეს… ზამთრის ოლიმპიური თამაშების მთავარი სახეობა არის ჰოკეი, სპორტის ამ სახეობაში შეურაცხყოფების ავტორი ქვეყნის, აშშ-ის, ჰოკეისტთა ნაკრები რუსებმა ნახევარფინალში 4:0 გაანადგურეს, შემდეგ ფინალში შვედებიც მიაყოლეს და ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვეს. აი, ამას ჰქვია, ალბათ, სამართალმა პური ჭამაო, _ რუსები სპორტის ისეთ სახეობაში გახდნენ ოლიმპიური ოქროს მფლობელები, რომ ეგ ოქრო სრულად გადაწონის ოლიმპიადის სხვა ოქროს მედლებს ერთად აღებულს…

 და აი, წინამდებარე წერილის მთავარ თემას მივადექით _ მიუხედავად მსოფლიოს საფეხბურთო ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობაზე ზემოხსენებული პოლიტიკური ძალების არნახული წნეხისა, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯანი ინფანტინომ გაუძლო ამ წნეხს, რუსეთისთვის საფეხბურთო მუნდიალის ჩატარების უფლების ჩამორთმევა ლონდონის სასარგებლოდ არ მოხდა და ამ დღეებში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთის ფედერაცია მასპინძლობს.

როგორ იზოლაციაშია რუსეთი და მისი პრეზიდენტი, ამას მუნდიალის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ბრიტანელი როკვარსკვლავის, ჩვენთვის კარგად ნაცნობი რობი უილიამსის მონაწილეობაც მოწმობს, რომელმაც ულამაზეს რუს სოპრანოსთან დუეტში მშვენიერი სიმღერით დაასრულა საზეიმო გამოსვლა. ხოლო უშუალოდ მუნდიალის გახსნის მატჩზე რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მარცხნივ ვლადიმერ პუტინი, ხოლო მარჯვნიდან საუდის არაბეთის (სხვათა შორის, აშშ-ის ერთგული მოკავშირე რეგიონში) პრინცი უმშვენებდა გვერდს…

მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ არის _ მიუხედავად დასავლეთის, განსაკუთრებით, აშშ-ბრიტანეთის გაშმაგებული პროპაგანდისა, რომ რუსეთი ველური ქვეყანაა, რუსები კი _ ველური ხალხი და იქ ჩასვლა სახიფათოაო, მიმდინარე მუნდიალზე ბილეთების რეკორდული რაოდენობა გაიყიდა _ ორ მილიონზე მეტი და მათგან ყველაზე მეტი, დაახლოებით 90 ათასი, ამერიკელებმა შეიძინეს და ეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატში არ მონაწილეობს და არც ინგლისის ნაკრები განიცდის გულშემატკივართა სიმცირეს…

საზოგადოებას შევახსენებ, რომ 1982 წლის ესპანეთის მუნდიალის წინ დიდი ბრიტანეთის იმჟამინდელი პრემიერის, ცნობილი “რკინის ლედის” _ მარგარეტ ტეტჩერის ბრძანებით, არგენტინის სანაპიროსთან მდებარე ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე განხორციელდა სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია. შედეგად ასეულობით არგენტინელი დაიღუპა, მაგრამ “დემოკრატიულ დასავლეთს” არ მოუთხოვია ბრიტანეთის დასასჯელად ინგლისის ნაკრების მუნდიალიდან მოკვეთა, ეკონომიკურ სანქციებზე ხომ ლაპარაკიც არ ყოფილა.

ეს აგრესია ლონდონმა ჩაიდინა ბრიტანეთიდან ათასობით მილით დაშორებულ კუნძულებზე, რომლებიც რატომღაც დღემდე ბრიტანეთის საკუთრებაა.

ალბათ, მიმიხვდით მინიშნებას _ რუსები, უკრაინელები და ბელარუსები პრაქტიკულად ერთი ნაციაა საერთო კულტურით, რელიგიითა და ისტორიით. აქედან გამომდინარე, რა უფლებით აპროტესტებენ დასავლელი ლიბერასტები უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყნის სათავეში ფაშისტი ბანდერელების მოსვლის გამო, რუსეთის მიერ ყირიმის სრულიად უსისხლოდ (ინგლისელების მიერ ფოლკლენდის სისხლით შენარჩუნებისგან განსხვავებით) მიერთებას და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური რუსების დაცვას უკრაინელი ფაშისტების ხელყოფისაგან?

თუმცა რომელ მორალზეა საუბარი, ნეოლიბერასტების მორალს ხომ ორმაგი, სამმაგი და, რამდენიც დასჭირდებათ, იმდენი სტანდარტი აქვს.

ზემოთ ვლადიმერ პუტინის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემაზე გვქონდა საუბარი პოლიტიკურ ლიდერების მხრიდან. იმ ლიდერების, რომლებიც აშშ-ის ზეწოლის გამო მიერთებულნი არიან რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სანქციებზე, თორემ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების უმრავლესობას კარგად ესმის ამ სანქციების მავნებლობა საკუთარი ქვეყნებისთვის.

ახლახან, ინაუგურაციის შემდეგ, პირველი ოფიციალური ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტს ავსტრიაში ჰქონდა, სადაც ხაზგასმული, თვალში საცემი პატივისცემით მიიღეს და იქვე ექსკლიუზიურ ინტერვიუში ავსტრიის უპირველეს ტელეწამყვანს (შეთავსებით გაქნილ პროვოკატორადაც რომ წარმოაჩინა თავი) ისეთი მასტერკლასი ჩაუტარა გერმანულ ენაზე, რომ… ტელეწამყვანის კითხვაზე, თუ არსებობს ისეთი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომლის დროსაც შეიძლება მოსკოვმა იფიქროს კიევისთვის ყირიმის დაბრუნებაზეო, მყისიერი უარის შემდეგ ავსტრიელმა რუსი დაამუნათა _ ეს პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში, როდესაც ერთმა სახელმწიფომ მეორეს ტერიტორიის ანექსია მოახდინაო?!

ვლადიმერ პუტინი ასეთ შემთხვევებში ადეკვატური, ხისტი პასუხისათვის ჯიბეში ხელს რომ არ ჩაიყოფს, არაერთხელ გვინახავს და ახლაც, _ რატომ იმავეს არ ამბობთ კოსოვოზე და, საერთოდ, ნატოს მიერ (წაიკითხე, აშშ) დანგრეულ-დაშლილ იუგოსლავიაზეო? ამ პასუხით ხმა ჩააწყვეტინა აბეზარ ჟურნალისტს!

7 ივნისს კი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში გამართულ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (თშო) მორიგ სამიტს დაესწრო, სადაც რუსეთის პრეზიდენტი განსაკუთრებული პატივით მიიღო ჩინეთის პრეზიდენტმა და ისეთი ორდენით დააჯილდოვა, რომ ყველასთვის ცხადი შეიქნა, ვინ არის ამ უდიდესი პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების მთავარი პერსონა.

თშო-ს ექვსეულს (ჩინეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი) ჩინეთის ბოლო სამიტზე ოფიციალურად შეუერთდნენ პაკისტანი და ინდოეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გაერთიანების ტერიტორიამ 34 მილიონ კვ.კმ-ს გადააჭარბა, რაც ევრაზიული სივრცის 60%-ია. ამ ქვეყნების მოსახლეობის ჯამი კი პლანეტის მოსახლეობის 40%-ზე მეტია, ხოლო მთლიანი შიგა პროდუქტის ასევე ჯამური მაჩვენებელი 30 ტრილიონი დოლარის ტოლია, რაც მსოფლიო ეკონომიკის დაახლოებით 22%-ია.

ამ სამიტის პარალელურად კანადაში ე.წ. G 7-ის, დიდი შვიდეულის, სამიტი მიმდინარეობდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვაზე, ხომ არ აპირებს რუსეთი კვლავ შეუერთდეს ამ გაერთიანებას, რათა დიდი შვიდეული ისევ დიდი რვიანი გახდესო, ირონიულად უპასუხა: მგონი, თშო უკვე დიდი რვიანიაო.

ამას დავუმატოთ დამკვირვებლის სტატუსის მქონე ბელარუსი, ავღანეთი, მონღოლეთი და ირანი; დამკვირვებლის სტატუსის მომლოდინე ბანგლადეში, სირია, ეგვიპტე, ისრაელი, უკრაინა(!), ერაყი, ვიეტნამი, ბაჰრეინი და ყატარი; აგრეთვე, პარტნიორები: სომხეთი, აზერბაიჯანი, კამბოჯა, ნეპალი, თურქეთი, შრი-ლანკა და მერე იოცნებონ დასავლეთის “დემოკრატებმა” რუსეთის იზოლაციაზე.

დავით მხეიძე

P.S. ამას წინათ “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა, როგორც იქნა, თითქმის ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა ინგა გრიგოლიასთან პირდაპირ ეთერში; თითქმის ყველაფერს, რადგან ბიძინა ივანიშვილის მხილება კარგია და აშშ-ის ელჩის _ კიდევ უკეთესი, რუსეთში ვიზიტები ხომ კარგია და კარგი, მაგრამ, ჩემო ირმა, თუ გინდათ, რომ მომავალ არჩევნებზე  მოსახლეობამ მასობრივად დაგიჭიროთ მხარი, ის “თითქმის ყველაფერიც” უნდა თქვათ… ანუ ის, რომ მოსკოვში არა მხოლოდ იმიტომ დადიხართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გასაღები კრემლშია, არამედ იმიტომაც, რომ დასავლეთიდან უშურველად მხოლოდ სოდომური გარყვნილება შემოედინება საქართველოში და რომ რუსეთია ერთადერთი ზესახელმწიფო, რომელშიც კანონითაა აკრძალული ლგბტ პროპაგანდა არასრულწლოვნებს შორის, რაც იმთავითვე გამორიცხავს გეიაღლუმებსა და ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა შორის ქორწინების დაკანონებას. სწორედ იმიტომ ებრძვის დასავლეთი რუსეთს, პირადად პუტინს, რომ მართლმადიდებელი რუსეთი და მისი ეკლესიაა ერთადერთი გადაულახავი წინაღობა მსოფლიოს ლგბტ-ზაციის გზაზე და, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსეთთან ერთმორწმუნეობაზე დაფუძნებული სტრატეგიული კავშირი  დღეს არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე ერეკლე მეფის დროს იყო.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here