მთავარი დაიჯესტი “დემოკრატიის შუქურა” ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციას

“დემოკრატიის შუქურა” ფეხქვეშ თელავს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კონვენციას

1205
გააზიარეთ
ლიტვა

ლიტვასა და პოლონეთში აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეებში სასტიკად აწამებენ ადამიანებს, არადა, სწორედ ეს ქვეყნები გვიკიჟინებენ დემოკრატიული ფასეულობების დაცვას

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებების მრავალჯერ დარღვევაში დაადანაშაულა ლიტვა და რუმინეთი. სასამართლოს დადგენილების მიხედვით, ლიტვისა და რუმინეთის ხელისუფლებებს ჰქონდათ მონაცემები იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნებში არსებულ აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვილნიუსსა და ბუქარესტს დააკისრა ფულადი კომპენსაციების გადახდა დაზარალებულთათვის, აგრეთვე, დაავალდებულა გამოძიების ჩატარება დამნაშავე თანამდებობის პირებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სახელმწიფოებისთვის აუცილებელია.

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ორ მსგავს საქმეზე, რომლებიც დაკავშირებულია წამებასა და სასტიკ მოპყრობასთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) საიდუმლო ციხეებში ლიტვასა და რუმინეთში. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ეს სახელმწიფოები ცსს საიდუმლო პროგრამებში მონაწილეობასა და ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან დარღვევაში.

ლიტვის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა საუდის არაბეთში დაბადებულმა, მოქალაქეობის არმქონე ზაინ ალ-აბიდინ მუჰამად ჰუსეინმა, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც აბუ ზუბეიდა. მეორე სარჩელი რუმინეთის წინააღმდეგ აღძრულია საუდის არაბეთის მოქალაქის, აბდ ალ-რაჰიმ ალ-ნაშირის, სახელით. ზუბეიდას ბრალი ედებოდა აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების ორგანიზებაში. თავის მხრივ, ალ-ნაშირი მონაწილეობდა ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის, “კოულის”, ბორტზე მოწყობილ ტერაქტში 2000 წელს. ორივე პირი ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ქაიდას” წევრია. აბუ ზუბეიდამ განაცხადა, რომ 2008 წლის თებერვლიდან 2006 წლის მარტამდე გამომწყვდეული ჰყავდათ ცსს-ის საიდუმლო ციხეში ლიტვის ტერიტორიაზე. ალ-ნაშირი კი ამბობს, რომ ის 2003 წლის სექტემბრიდან 2005 წლის ნოემბრამდე იმყოფებოდა რუმინეთის გამოსასწორებელ კოლონია Detention Site Black-ში.

აბუ გრეიბი
აბუ გრეიბი

სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დადგენილებით, რუმინეთი და ლიტვა დადანაშაულებულნი არიან ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევაში. ამ მუხლით აკრძალულია წამება. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყნის მთავრობებმა სათანადოდ არ გამოიძიეს პატიმრების უფლებების დარღვევები, თანაც იცოდნენ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო პროგრამაში პატიმრების ჩართვა ამ პირების მიმართ სასტიკ მოპყრობას გამოიწვევდა. ამასთანავე, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ლიტვამ და რუმინეთმა დაარღვიეს ადამიანის უფლებების კონვენციის შემდეგი მუხლები: “თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების”; “კერძო ცხოვრების პატივისცემის უფლების” და “სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლების”.

ევროპული სასამართლოს დადგენილებაში გამოყენებული იყო მონაცემები 2014 წელს გამოქვეყნებული აშშ-ის სენატის მოხსენებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ ტერორიზმში ბრალდებულების მიმართ იყენებდნენ დაკითხვების ე.წ. სტანდარტულ მეთოდებს, მათ შორის, ერთკაციან საკანში მოთავსებას, ფეხებზე ბორკილების დადებას, ძლიერი ხმაურითა და სინათლით ზემოქმედებას. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ რუმინეთი და ლიტვა დაავალდებულა, 100 ათასი და 130 ათასი ევრო გადაუხადოს, შესაბამისად, ალ ნაშირსა და აბუ ზუბეიდას ზიანის ასანაზღაურებლად.

ამასთანავე, სასამართლო ვერ შეხვდა (არ შეახვედრეს) მოსარჩელებს, რომლებიც ამჟამად კუბაზე არსებულ გუანტანამოს ციხეში იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ალ-ნაშირისა და აბუ ზუბეიდას პირველი გამარჯვება საერთაშორისო ინსტანციებში. 2014 წელს მათ მოიგეს ანალოგიური საქმე პოლონეთის წინააღმდეგ.

წამების გამართლება

აშშ-ის ცენტრალური სამმართველოს ყოფილი თანამშრომლის _ ჯონ კირიაკუს თქმით, ნაწამები აბუ ზუბეიდა არასოდეს ყოფილა “ალ ქაიდას” წევრი. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მოპოვებასაც ცდილობდნენ აშშ-ის სპეცსამსახურის თანამშრომლები

“აბუ ზუბეიდა ცუდი ადამიანია. ის ეხმარებოდა “ალ ქაიდას” მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოგვარებაში, ქმნიდა “ბოევიკების” მოსამზადებელ ბანაკებს ავღანეთის სამხრეთში და ხელმძღვანელობდა მათ, მაგრამ ზუბეიდა არასოდეს ყოფილა მესამე პირი “ალ ქაიდაში”, _ განაცხადა კირიაკუმ RT-ს ეთერში. მან აღნიშნა, რომ აბუ ზუბეიდა ერთი თვის განმავლობაში 83-ჯერ აწამეს წყლის გამოყენებით, ამასთანავე, თავი რამდენჯერმე მიარტყმევინეს კედელზე. ჯონ კირიაკუს თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ორმა უშტატო ფსიქოლოგმა _ ჯეიმს მიტჩელმა და ბრუს ჯესენმა, რომლებიც პატიმრების დაკითხვისას იყენებდნენ წამების სასტიკ მეთოდებს, თავიანთ მოქმედებას პირადი გამდიდრების მიზნით ამართლებდნენ.

“მათ 100 მლნ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს იმ მონაცემებით, რომლებიც იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშებში. ეს მონაცემები მიტჩელმა და ჯესენმა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს გადასცეს და განაცხადეს, რომ ისინი წამების მეთოდების გამოყენებით მოიპოვეს. მათ შტაბ-ბინას უპატაკეს: “ხედავთ, ზუბეიდამ ეს მნიშვნელოვანი მონაცემები გათქვა. ეს ნიშნავს, რომ წამება მუშაობს”.

მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილი იყო”, _ დაასკვნა კირიაკუმ.

დამატებითი შემოწმებები

ლიტვამ და რუმინეთმა უნდა შეასრულონ ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილება ალ-ნაშირისა და აბუ ზუბეიდას საქმეებზე. ორივე სახელმწიფოში უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები წამების ფაქტებზე, ჩატარდეს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს დამნაშავეებს. პირებს, რომელთა მიმართაც გამოყენებული იყო სასტიკი მეთოდები ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ან სხვა სპეცსამსახურების თანამშრომელთა მხრიდან, აქვთ უფლება, მიმართონ ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს კომიტეტს, რომელსაც შეუძლია ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება. ეს გამოიწვევს ადამიანის უფლებების დაცვის დამატებთი შემოწმებას ამ ქვეყნებში და განხილვას გაეროს გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების საბჭოზე.

გუანტანამო

ბევრი ექსპერტის აზრით, ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, იმაზე მიუთითებს, რომ, პოლიტიზებულობის მიუხედავად, ამ ინსტიტუტმა შეძლო, მოეკვლია ფაქტები და გამოეტანა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება იმ დოკუმენტებს, რომლებსაც იღებდნენ აშშ-ში უკანონო ზომების აღსაკვეთად. ამიტომ სულაც არ არის გამორიცხული, ადამიანის უფლებების დარღვევაზე გაეროში გაიმართოს მოსმენები, მათ შორის, აშშ-ში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

ვილნიუსის პასუხი

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ სასამართლოს ვერდიქტმა დააზარალა ქვეყნის რეპუტაცია. “ქვეყანამ ადამიანის უფლებათა კონვენციის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებით უნდა შეასრულოს სასამართლოს გადაწვეტილება”, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ლიტვამ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამისთვის მას 90 დღე აქვს.

პირველი ცნობები აშშ-ის საიდუმლო ციხეებზე 2005 წელს გაჩნდა პრესაში. იმხანად პოლონეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა მის ტერიტორიაზე ასეთი ციხის არსებობას, მაგრამ 2008 წელს პოლონეთის პროკურატურის გამოძიებით დადგინდა, რომ პოლონეთში საიდუმლო ციხეში აწამებდნენ იემენის მოქალაქე ვალიდ მოჰამად ბინ ატაშს _ 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულს, საუდის არაბეთის მოქალაქე აბდ ალ რაჰიმ ალ-ნასირის _ 2000 წელს იემენში ნაღმოსან “კოულზე” ტერაქტის ორგანიზატორს, საუდის არაბეთში დაბადებულ აბუ ზუბეიდას.

აშშ-ის მიერ განხორციელებული წამების საქმეები გამომზეურდება მას შემდეგ, რაც ჯინა ჰასპელი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი 2018 წლის 17 მაისიდან, წარდგება სენატის წინაშე, სადაც განხილული იქნება ტაილანდში აშშ-ის საიდუმლო ციხის, აგრეთვე, დაკითხვისას ეჭვმიტანილთა წამების ამსახველი ვიდეო და აუდიოჩანაწერების განადგურების საკითხები. სასტიკი მეთოდებით დაკითხვებს ატარებდნენ აფრიკაშიც _ ჰასპელის ქვეშევრდომები დაჰკითხავდნენ ყველას: კაცებს, ქალებს, ბავშვებსაც კი.

11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ ბუშის ადმინისტრაციის იდეოლოგია ძირფესვიანად შეიცვალა, წამება ოფიციალურ დოქტრინად იქცა. პრეზიდენტი ხშირად ამბობდა, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო კანონები აქტუალური აღარ არის, რადგან დაიწყო ახალი ომი, ომი ტერორიზმთან.

თავისი შავი საქმეები რომ გაემართლებინა, ცსს-ს წარმომადგენელმა ჯონათან ფრედმანმა განაცხადა: “მთავარია, პატიმარი არ მოკვდეს. თუ მოკვდა _ თქვენ რაღაც არასწორად გააკეთეთ”.

გუანტანამოში კი გამომწყვდეული ჰყავდათ მამაკაცები და ბავშვები, რომლებიც ბუშის “ანტიისლამისტური რეიდისას” დაიჭირეს. ბუში მათ “ცუდებს შორის ყველაზე ცუდებს” უწოდებდა. როგორც აღნიშნავს ლოურენს უილკერსონი _ სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის, პრეზიდენტ ბუშის, ვიცეპრეზიდენტ დიკ ჩეინისა და თავდაცვის მინისტრ დონალდ რასმსფელდის შტაბის უფროსი, ყველამ იცოდა, რომ გუანტანამოს პატიმრების უმრავლესობა უდანაშაულო იყო, მაგრამ მათ პოლიტიკური მიზეზებით არ ათავისუფლებდნენ. ამასთანავე, ამ ციხის პატიმრებს სასტიკად აწამებდნენ, სცემდნენ, ხმაურის საშუალებით არ აძლევდნენ დაძინების საშუალებას, აცხოვრებდნენ ანტისანიტარიაში და სხვ.

წამების სასტიკი მეთოდებითაა განთქმული ბაღდადთან ახლოს მდებარე ციხე “აბუ-გრეიბი”, რომელშიც ცემა, სექსუალური დამცირება, სიკვდილით დასჯის მუქარა და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა მეთოდები ჩვეულებრივი ამბავი იყო. ადამიანებს აიძულებდნენ, დაეძინათ სველ, ნესტიან კამერებში ულეიბოდ. ეხოხათ მუხლებზე სრულიად შიშვლებს; აიძულებდნენ ეყეფათ, დაეგმოთ ისლამი, ეჭამათ ღორის ხორცი და ა.შ.

როდესაც “აბუ გრეიბის” შესახებ შეიტყო საზოგადოებამ, ჩატარდა გამოძიება და გაირკვა, რომ იქ გამომწყვდეული პატიმრების დაახლოებით 90% უდანაშაულო იყო.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხე Salt Pit-ში (ავღანეთი) გალ რაჰმანის დაღუპვამ გამოამზეურა ბევრი საიდუმლო ციხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ციხეებში ზოგი პატიმრები ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული და დასასტიკად აწამებდნენ.

2002 წელს ერთ-ერთ ასეთ ციხეს _ Detentron Central Green-ს ხელმძღვანელობდა ჯინა ჰასპელი, ცსს-ის ამჟამინდელი შეფი, სწორედ მისი ბრძანებით გაანადგურეს წამების ამსახველი უამრავი ვიდეომასალა.

როგორც ხედავთ, “დემოკრატიის შუქურააშშ, რომელსაც დემოკრატიული ღირებულებების, კერძოდ, ადამიანის უფლებების დარღვევაში არაერთი ქვეყანა დაუდანაშაულებია, ამ საბაბით შეჭრილა კიდეც სხვადასხვა სახელმწიფოში და დაუმხია კანონიერი ხელისუფლება, თვითონ ფეხებქვეშ თელავს ადამიანის უფლებების კონვენციას და მის საიდუმლო ციხეებში არამხოლოდ სასტიკად აწამებენ, არამედ კლავენ კიდეც ადამიანებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ანალოგიური რამ ხდება ლიტვასა და პოლონეთში. არადა სწორედ ეს ქვეყნები გვიყიჟინებენ დასავლეთთან ინტეგრაციას, დემოკრატიული ღირებულებების, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვას. აშშ ამ ქვეყნებს თავისი ბოროტი მიზნების მისაღწევად იყენებს _ ლიტვასა და პოლონეთში შექმნილ აშშის საიდუმლო ციხეებშიც ისევე აწამებენ, როგორც გუანტანამოსა და აბუ გრეიბში. აი ეს მიიღეს პოლონეთმა და ლიტვამდემოკრატიულიდასავლეთისგან.

ცნობისთვის: 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოგზავნა. პენტაგონის ინფორმაციით, ციხე სულ 5-მა მსჯავრდებულმა დატოვა, მათგან 2 სლოვაკეთში გადაიყვანეს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ შეერთებული შტატები აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც ის მეგობრებისა და მოკავშირეებისგან იღებს. გუანტანამოს ციხიდან საქართველოში 3 პატიმარი 2010 წელსაც გამოგზავნეს. 2009 წლის 21 იანვარს ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ხელი მოაწერა, მაგრამ, კონგრესის უარის გამო, გუანტანამო დღესაც არ არის დახურული.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here