Home რუბრიკები საზოგადოება “დემოგრაფიული ორმოდან” ამოსასვლელად გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს

“დემოგრაფიული ორმოდან” ამოსასვლელად გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს

5012
დემოგრაფია

საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!

ბატონებო, ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება მეტად მძიმე და საგანგაშოა. დრო აღარ ითმენს, აუცილებელია საგანგებო ღონისძიებების გატარება. აღსანიშნავია, რომ ქართველ დემოგრაფთა მონაწილეობით შემუშავდასაქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2016 წლის 24 ივნისს. პარლამენტმა დაავალა საქართველოს მთავრობას, 2017 წლის 1 ივნისამდე დაემტკიცებინა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებას, მაგრამ ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემით არავინ დაინტერესებულა და არაფერი გაკეთებულა, ამიტომ გადავწყვიტე, გაზეთის მეშვეობით მოგმართოთ და წარმოგიდგინოთ პროგრამა ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად.

საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა

ქვეყნისდემოგრაფიული ორმოდანამოსვლას დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის საჭირო მასშტაბით განხორციელებას. საჭიროა სხვა გზების მოძიებით ფინანსური სახსრების მოზიდვა. დემოგრაფიული ვითარება ძალიან საგანგაშოა და საჭიროა საგანგებო ღონისძიებების განხორციელება. ამ, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდ ეროვნულ სატკივარს მთელმა ერმა უნდა უმკურნალოს, შესაბამისი სახსრებიც ერმა უნდა გაიღოს _ ერმა ერი უნდა გადაარჩინოს. ამისთვის საჭიროა საქართველოს პარლამენტის მიერ სპეციალური კანონების მიღებაც, რადგან არავის აქვს უფლება, ერის ყოფნაარყოფნის საკითხი სასწორზე დადოს. შეიძლება, შესაბამისი კანონების მიღება ეწინააღმდეგობოდეს არსებულ კანონმდებლობას, მაგრამ ეს ბარიერიც უნდა გადავლახოთ ერის ფიზიკური უწყვეტობის შესანარჩუნებლად. ამ საქმეში საზოგადოებრივი სოლიდარობა გადამწყვეტი ფაქტორია. დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად საზოგადოებამ უნდა გამონახოს ფინანსური წყაროები _ დააწესოს სხვადასხვა გადასახადი, მოუმატოს ზოგიერთი პროდუქციის აქციზზე გადასახადი დემოგრაფიული საჭიროებისთვის იმ რაოდენობით, რომელიც მისაღები იქნება მოსახლეობისთვის. ასეთ პრაქტიკას, როგორც დემოგრაფიული მიზნით, ისე სხვა შემთხვევაშიც, ზოგიერთი ქვეყანა იყენებს, რომლის შესახებაც გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომლებიც აღნიშნავენ. მაგალითად, იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად და ისტორიული შენობების სარესტავრაციოდ, მთავრობის დადგენილებით, რამდენიმე წლით მოიმატებს ბენზინის ფასი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანის დემოგრაფიულად მძიმე რეგიონებში 2014 წლის ივლისიდან მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევაში ბარში ოჯახს ეძლევა _ 150, ხოლო მთაში 200 ლარის ოდენობით დახმარება. ღონისძიებამ დადებითი შედეგი უკვე გამოიღო და ამ რეგიონებში მოიმატა მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევებმა, მაგრამ დახმარება არ არის საკმარისი. ამასთანავე, ეს ღონისძიება მხოლოდ ორ წელზეა გათვლილი, რაც საგრძნობლად აფერხებს მის ეფექტიანობას.

დემოგრაფები სამართლიანად მიუთითებენ, რომ დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების შედეგად გამოწვეული ფინანსური და სოციალური რისკები არ არის დიდი: თუ დახმარების მომატების შემთხვევაში საგრძნობლად არ მოიმატებს დაბადებულთა რაოდენობა, სამაგიეროდ გაუმჯობესდება მრავალშვილიანი ოჯახების ცხოვრების პირობები, ცხოვრების “ხარისხი”, რაც მნიშვნელოვანია.

მოსახლეობისთვის უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების გაცნობისა და ამ პრობლემებზე მთელი ერის ყურადღების გამახვილების, დემოგრაფიული ცოდნის ამაღლებისა და საბოლოოდ დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღების მიზნით, უმსხვილესმა გადამხდელებმა უნდა გამოაცხადონ კონკურსები დემოგრაფიულ თემატიკაზე:

* საუკეთესო სამეცნიერო დემოგრაფიული ნაშრომისთვის;

* დემოგრაფიულ პრობლემებზე შესაქმნელი ფილმის საუკეთესო სცენარისთვის;

* საუკეთესო პუბლიცისტური ნაშრომისთვის დემოგრაფიაში;

* დემოგრაფიულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო მოთხრობისათვის;

* დემოგრაფიულ თემატიკაზე შექმნილი უკეთესო ლექსის ან ლექსების ციკლისთვის;

* საჭიროა, გამოიცესსაქართველოს დემოგრაფიისოთხტომეული (I ტომი _ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, II ტომი _ საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა, III ტომი _ საქართველოს რეგიონული დემოგრაფია, IV ტომი _ საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა);

* წამყვანმა ტელევიზიებმა ყოველდღიურად გარკვეული დრო (15-20 წამი) დაუთმონ დემოგრაფიული ხასიათის რეკლამებს უფასოდ;

* ტელევიზიებმა დილის გადაცემა დაიწყონ ცნობით, რამდენი ბავშვი დაიბადა ქვეყანაში წინა დღეს;

* განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დემოგრაფიული პრობლემების გაშუქებას, დემოგრაფიული ვითარების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის შემუშავებას, დემოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების შესახებ მოსახლეობის რეგულარულად ინფორმირებას, მოსახლეობის დემოგრაფიული განათლების ამაღლებას;

* უნდა ავამაღლოთ მოსახლეობის დემოგრაფიული ცოდნა (ნაადრევი და დაგვიანებული ქორწინების მავნებლობა; ბავშვების გაჩენას შორის ორი წლის ინტერვალის დაცვა; დროული დაქორწინების სიკეთე; ხელმეორედ დაქორწინებისთვის დადებითი საზოგადოებრივი აზრის შექმნა; პირადი ჰიგიენის დაცვა; კონტრაცეპტივების გამოყენება, როგორც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი მეთოდი; მავნე ჩვევების _ ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად მიღების, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარების აღმოფხვრა, საერთოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სხვ.). ამ მიმართულებით განსაკუთრებით უნდა გაააქტიურონ მუშაობა მედიასაშუალებებმა. ცენტრმა უნდა იზრუნოს სამეცნიერო და პოპულარული დემოგრაფიული ლიტერატურის გამოსაცემად და გასავრცელებლად, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დემოგრაფიულ ვითარებას ქვეყანაში;

* დაფინანსდეს გაზეთი საქართველოს დემოგრაფია”, რომლის გამოცემაც უსახსრობის გამო ამჟამად შეჩერებულია. დაევალოთ სახელმწიფო უწყებებს, მუნიციპალიტეტებს, მსხვილ გადამხდელებს, უმაღლეს სასწავლებლებს, ბიბლიოთეკებს გარკვეული რაოდენობით ამ გაზეთის გამოწერა. ამასთანავე, გამარტივდეს, როგორც გამონაკლისი, გაზეთის გამოწერის პროცედურა ხელშეკრულების დადების საფუძველზე;

* სრულიად აიკრძალოს თამბაქოს რეკლამირება;

* დემოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების შესახებ საიმედო სტატისტიკურ-დემოგრაფიული მონაცემებისა მისაღებად, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების მეცნიერული ანალიზი და, შესაბამისად, აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, მოწესრიგდეს სტატისტიკურ-დემოგრაფიული აღრიცხვა და მასზე კონტროლი და პასუხისმგებლობა დაეკისროს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს;

* პასპორტში უნდა აღდგეს გრაფა ეროვნების შესახებ, რათა დაკმაყოფილდეს მოქალაქეთა სურვილი და შესაძლებელი შეიქნეს ეროვნულ ჭრილში დემოგრაფიულსტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი;

* სახელმწიფომ, შესაბამის სამსახურებთან ერთად (სტატისტიკის ეროვნული სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვ.), უნდა შეადგინოს მოსახლეობის რეგისტრი, როგორც ეს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშია;

* ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდის მიზნით დაიხუროს ან ქალაქგარეთ იქნას გატანილი აზარტული თამაშების დაწესებულებები;

* სატელევიზიო არხების ეთერში აიკრძალოს ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებშიც გამოკვეთილად არის ასახული მასობრივი მკვლელობები, ადამიანის წამება, გაუპატიურებისა და პორნოგრაფიის ამსახველი სცენები;

* სატელევიზიო გადაცემებსა და ფილმებში აიკრძალოს სკაბრეზული სიტყვების გამოყენება;

* უწყებებში, საწარმოებსა და ორგანიზაციებში ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების შესახებ ჩატარდეს საჯარო ლექციები;

* მუნიციპალიტეტებმა შეადგინონ გეგმა, რა დემოგრაფიული ხასიათის ღონისძიებების გატარებას აპირებენ წლის განმავლობაში.

ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკის სათანადოდ გასატარებლად მთავარია ფინანსური სახსრების მოძიება. ამ მიზნით:

* საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყოს მისი მთლიანი მოცულობის 1,0 პროცენტი. საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, როგორც გამონაკლისი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არასამთავრობო სექტორში _ დემოგრაფიული განვითარების ცენტრში _ თანხის გადარიცხვის შესახებ;

* კოლოფ სიგარეტზე უნდა გაიზარდოს აქციზის გადასახადი დემოგრაფიული საჭიროებებისთვის საშუალოდ 30 თეთრით, რაც წელიწადში შეადგენს დაახლოებით 125 მილიონ ლარს;

* უნდა გაიზარდოს ერთი ლიტრი ალკოჰოლური სასმელების საცალო ფასი 50 თეთრით, ლუდისა კი _ 10 თეთრით, როგორც ქვეყნის შიგა ბაზარზე, ისე საექსპორტო პროდუქციაზე. შემოსავალი აღნიშნული პროდუქციის გაყიდვიდან წელიწადში 39 მილიონი ლარი იქნება;

* უალკოჰოლო სასმელების, მინერალური და მტკნარი წყლების ერთი ლიტრის საცალო ფასი უნდა გაიზარდოს 10 თეთრით, როგორც შიგა ბაზარზე, ისე საექსპორტო პროდუქციაზე. ამ შემთხვევაში დემოგრაფიული ცენტრის შემოსავალი 49 მილიონი ლარი იქნება;

* ერთ ლიტრ ბენზინზე სააქციზო გადასახადი უნდა გაიზარდოს 3 თეთრით. ამ შემთხვევაში დემოგრაფიული საჭიროებებისთვის როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივი წარმოების საწვავიდან მიღებული შემოსავალი 42 მილიონ ლარს შეადგენს.

დემოგრაფიული განვითარების ცენტრის შემოსავლები სიგარეტიდან, ბენზინიდან, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელებიდან დაწვრილებით გაანგარიშებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.

* ანალოგიური ხასიათის გადასახადები უნდა დაწესდეს კოსმეტიკის საშუალებებზე, ლატარიებზე, სპორტულ ღონისძიებებსა და სხვა მომსახურებაზე.

* განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მონაწილეობა მოსახლეობის ფიზიკური უწყვეტობის შენარჩუნების საქმეში. ამ მიზნით საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრში უნდა გადაირიცხოს დემოგრაფიული ანარიცხები ხელფასიდან. კერძოდ, 1000 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში _ 0,2 პროცენტის ოდენობით (თუ ხელფასი შეადგენს 500 ლარს, გადაირიცხება ერთი ლარი, ხოლო თუ 900 ლარს _ 1,80 ლარი), 1000 ლარიდან 2000 ლარამდე _ 0,5 პროცენტი, 2000 ლარიდან 5000 ლარამდე _ 0,75 პროცენტი, 5000 ლარიდან 10 000 ლარამდე _ 1,0 პროცენტი, 10 000 ლარის ზემოთ _ 150 ლარი. ამ გადასახადს იხდის ყველა დასაქმებული პირი, მიუხედავად იმისა, იღებს თუ არა დახმარებას მრავალშვილიანობისთვის.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს საშინაო მეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მიხედვით, სულ დასაქმებული იყო 1 779,9 ათასი კაცი, მათგან 274,9 ათასი (15,4 პროცენტი) _ სახელმწიფო სექტორში, ხოლო 1505 ათასი _ არასახელმწიფო სექტორში (84,6 პროცენტი _ აქ არ იგულისხმებიან ისინი, ვინც მხოლოდ საოჯახო მეურნეობაშია დასაქმებული, ამუშავებს საკუთრებაში არსებულ მიწას). თუ დავუშვებთ, რომ 1 779,9 ათასი დასაქმებულიდან ყოველთვიურად საშუალოდ 2 ლარი მაინც გადაირიცხება დემოგრაფიული საჭიროებებისთვის, მაშინ წლის განმავლობაში ეს თანხა 43 მილიონ ლარს შეადგენს.

* მსხვილმა გადამხდელებმა საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრს ყოველთვიურად უნდა გადაურიცხონ საშუალოდ 1000 (ათასი) ლარი. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში 1 417 მსხვილი გადამხდელია. წლის განმავლობაში ეს თანხა 17 მილიონ ლარს შეადგენს;

* დაწესდეს უშვილობის გადასახადი, როგორც საბიუჯეტო, ისე კერძო სექტორში 20 წლისა და უფროსი ასაკის დასაქმებულებზე ხელფასის 1,0 პროცენტის ოდენობით, რომელიც ძირითადად მოხმარდება უშვილო დედების მკურნალობას. უშვილობის გადასახადი დედას უწყდება ორსულობის პერიოდში და საბოლოოდ ბავშვის ცოცხლად დაბადებისთანავე. მამას უშვილობის გადასახადი უწყდება დედის პარალელურად, თუ ის ბავშვის დედასთან იმყოფება ოფიციალურ (რეგისტრირებული) ქორწინებაში. ყოველივე ეს საგულისხმოა იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ოჯახების, სულ მცირე, 10 პროცენტი უნაყოფოა და ცოლს ან ქმარს მკურნალობა სჭირდება. ამასთანავე, 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, 15 წელზე უფროსი ადამიანების 20,3 პროცენტი (614 357 კაცი) არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ამ ღონისძიების შედეგად “ცენტრის” შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი ლარი იქნება.

უშვილობის გადასახადის დაწესების მორალური უფლება არსებობს, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია. ადამიანთა მოდგმის უმაღლესი მიზანი სიცოცხლის უწყვეტობის შენარჩუნებაა. ყველა ისტორიულ ეპოქაში სიცოცხლის გაგრძელება მოითხოვდა დიდ ძალისხმევას, რომელსაც მომავლისთვის უფროსი თაობა მატერიალური, სულიერი და მორალური დანახარჯების სახით მუდმივი მონაცვლეობის შესანარჩუნებლად გაიღებდა. ადამიანი ყველა ფასეულობაზე მაღლა თავის მონაგარს აყენებს. იგი შვილების გაზრდით ინარჩუნებს ერის ფიზიკურ და სულიერ უწყვეტობას, მემკვიდრეობით გადასცემს იმ ტრადიციებს, ნიშანთვისებებს, იმ სილამაზეს, რომელიც ერს გააჩნია. იგი იკლებს მატერიალურ კეთილდღეობას, უზარმაზარ დროს ხარჯავს ბავშვების აღზრდასა და მოვლაზე. და თუ ერს უნდა სიცოცხლის გაგრძელება, სულიერი და ფიზიკური უწყვეტობის შენარჩუნება, მაშინ ეს ტვირთი საზოგადოებამ მეტნაკლებად უნდა გაინაწილოს, მით უმეტეს, ექსტრემალურ პირობებში, როდესაც არც ერთი პიროვნება არ არის თავისუფალი ინდივიდუალური და ეროვნული პასუხისმგებლობისგან. ამასთანავე, უშვილო ადამიანები, რომლებიც ყველა ცხოვრებისეული სიკეთით სარგებლობენ, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულნი არიან იმაზე, რომ სხვებს ჰყავთ შვილები და იმ სხვების შრომის შედეგებს ხშირად უფასოდ იღებენ, ითვისებენ. ამდენად, ეროვნული, საზოგადოებრივი და წმინდა პრაგმატული ინტერესები ყოველგვარ ბარიერს უხსნის უშვილობის გადასახადის დაწესებას. ამაში ვერც ადამიანის უფლებების დარღვევას ვხედავ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნისა და ერის უფლებები ირღვევა და ილახება.

* შობადობის წახალისების მიზნით დედებს, რომლებიც უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების მქონე რეგიონებში ცხოვრობენ (ბავშვის დაბადებამდე ცხრა თვე, ხოლო შვიდთვიანი ბავშვის დაბადებამდე _ 7 თვე), ათი წლის განმავლობაში მიეცემათ ყოველთვიური დახმარება მესამე შვილზე 300 ლარის, ხოლო ყოველ მომდევნო შვილზე 200 ლარის ოდენობით. დახმარებები ერთმანეთს არ გადაფარავს. დედის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარება ეძლევა მამას (მზრუნველს ან მეურვეს), ხოლო განქორწინების შემთხვევაში _ იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი რჩება. თუ დახმარების მიმღები მშობელი საცხოვრებლად სხვა რეგიონში გადავიდა, სადაც კანონით არ ხდება დახმარების გაწევა, მას უწყდება დახმარება. ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში დახმარების გაცემა წყდება, მაგრამ იცვლება ბავშვების რიგითობა არსებული მდგომარეობის შესაბამისად (მაგალითად, თუ დედას დემოგრაფიული პოლიტიკის დაწყებიდან ეყოლება სამი შვილი და რომელიმე შვილი გარდაეცვლება, დახმარება საერთოდ შეუწყდება, ხოლო თუ ოთხი ან მეტი შვილი ეყოლება და პირველი სამი შვილიდან რომელიმე გარდაეცვლება, მაშინ იგი მაინც მიიღებს მესამე შვილისთვის დაწესებულ დახმარებას 300 ლარის ოდენობით და ა.შ.).

მძიმე ეკონომიკური ვითარების პირობებში სახელმწიფოსა და ხალხს არ შეუძლია აღნიშნული ღონისძიება გაატაროს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ იმ რეგიონებში, რომლებშიც მოსახლეობის ბუნებრივი მატება შედარებით მაღალია (თბილისი, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი), საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრი მაინც გადარიცხავს სოლიდურ თანხას გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად.

მძიმე დემოგრაფიული ვითარების მქონე რეგიონებში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 45,0 პროცენტი და ქართველების ზუსტად ნახევარი _ 50 პროცენტი.

დემოგრაფიული პოლიტიკა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით ბავშვთა მძიმე დაავადებების უფასო მკურნალობას. უფასო იქნება, აგრეთვე, უშვილობის მკურნალობაც.

შობადობის დონის ამაღლების სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებები ამ ეტაპზე ყველაზე მიზანშეწონილია იმ რეგიონებში, სადაც უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა და ხდება მოსახლეობის დეპოპულაცია (მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის შემცირება, როდესაც მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტის სიდიდე მეტია შობადობის ზოგადი კოეფიციენტის სიდიდეზე), ოჯახში მესამე და მომდევნო ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ოჯახს მიეცეს სოლიდური ფინანსური დახმარება. ასეთი რეგიონებია: გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარება დამოკიდებულია რეგიონებში დემოგრაფიული განვითარების მდგომარეობაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე, რელიგიური და ბუნებრივი პირობები თუ სხვა ფაქტორები. ზოგჯერ თვით რეგიონის შიგნით, მუნიციპალიტეტების დონეზეც კი დემოგრაფიულ პროცესებზე მოქმედი ფაქტორები მეტად განსხვავებულია და თვალშისაცემია კვლავწარმოების განსხვავებული რეგიონული დიფერენციაცია.

ოჯახში განსაკუთრებით მესამე და მეოთხე ბავშვების დაბადების შემთხვევები არა მხოლოდ ზრდის შობადობას, არამედ სხვა მხრივაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ერის ცხოვრებაში.

მესამე და მომდევნო ბავშვებზე გაწეული დანახარჯები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ შობადობის მატებას, არამედ ჯანმრთელი თაობის აღზრდასაც. დახმარებები საშუალებას მისცემს მოსახლეობას, დროულად იზრუნოს ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდაზე, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. ეს, თავის მხრივ, იმასაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს გარკვეულწილად შეუმცირდება ჯანმრთელობის დაცვისთვის გასაწევი დანახარჯები.

უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების მქონე რეგიონებში მესამე ბავშვზე ყოველთვიურ 300-ლარიან, ხოლო მეოთხე და მომდევნო ბავშვებზე 200-ლარიან დახმარებას აუცილებლად მოჰყვება დადებითი შედეგი _ შემცირდება მიგრაცია სოფლიდან ქალაქად, გასაკუთრებით _ თბილისში, სადაც ეს ღონისძიება არ ვრცელდება. ეს ღონისძიება იმ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ნაწილი ახალგაზრდა ოჯახებისა, რომლებმაც მძიმე ეკონომიკური პირობების გამო დატოვეს მშობლიური სოფელი, დაუბრუნდება თავის კუთხეს და, თუ მესამე და მომდევნო ბავშვებს გააჩენენ, ყოველთვიურად მიიღებენ სოლიდურ დახმარებას.

დემოგრაფიული პოლიტიკა მრავალმხრივი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებთ, რომ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ღონისძიებებს სხვადასხვა უწყებაც ახორციელებს. მაგალითად, მოსახლეობის ჯანმრთელობის სრულყოფის პროგრამებს შესაბამისი სამინისტრო ამუშავებს და ა.შ. ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, დახმარება მივმართოთ შობადობაზე და დედას (მამას) მივცეთ შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვროს დანახარჯების პრიორიტეტები ბავშვთა მოვლა-აღზრდისა და ოჯახის საჭიროებებზე.

* საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრი ყოველწლიურად 5 წლის განმავლობაში დააფინანსებს 8-10 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას (2400-3000 ბინა. ბინების მშენებლობის პროცესი შემდეგ პერიოდშიც გაგრძელდება) 18 წლის შესრულების შემდეგ ბავშვთა სახლებიდან უმეთვალყურეოდ ქუჩაში დარჩენილთათვის, აგრეთვე, უბინაო ან უაღრესად ცუდი საბინაო პირობების მქონე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. 18 წლის ახალგაზრდებს გადაეცემათ ერთოთახიანი ბინები აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით (საწოლი, მაგიდა, კარადა და ა.შ.). უბინაოთა ყველა აღნიშნულ კატეგორიას ბინები გადაეცემა, როგორც საუწყებო _ მუდმივ სარგებლობაში გაყიდვის უფლების გარეშე (20 წლის განმავლობაში). ამ ღონისძიებებისთვის სახელმწიფომ “ცენტრს” უნდა გამოუყოს მიწის ნაკვეთები სახლების ასაშენებლად.

* კანონით აიკრძალოს სოფლებში სათიბებისა და საძოვრების გაყიდვა ან მიწის დიდი ნაკვეთების იჯარით გაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეცხოველეობის მიმართულების სოფლები მოსახლეობისგან დაიცლება.

* უნდა აიკრძალოს მიწების მიყიდვა უცხოელებისთვის. ხელისუფლება დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ორმაგი მოქალაქეობის საკითხს.

უცხოელებსა და თუნდაც ჩვენს მოქალაქეებზე ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების გაყიდვით ხელს ვუწყობთ სოფლების დაცარიელებას, მოსახლეობის გამოდევნას მამაპაპისეული ადგილებიდან, ამასთანავე, მცირდება სამარაგო მიწები და ისპობა სოფლის გაზრდის შესაძლებლობა.

* მთავრობამ “ცენტრს” ნორმალური მუშაობისთვის თბილისში უნდა გამოუყოს შენობა, ხოლო რეგიონების ცენტრებსა და მუნიციპალიტეტებში ერთი-ორი ოთახი;

* მთავრობამ დემოგრაფიული განვითარების ცენტრს თბილისსა და ქვეყნის მუნიციპალიტეტებში უნდა გამოუყოს დაახლოებით 5 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის ფართობი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის საწარმოებლად ქველმოქმედების, მატერიალური დახმარებისა და კომერციული საქმიანობის მიზნით, სადაც, ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები დასაქმდებიან. “ცენტრმა” უნდა უზრუნველყოს ამ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება.

* როგორც გამონაკლისი, საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრი უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისგან.

საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ცენტრში, გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა მთლიანად ამოიღება და გადამხდელი, თუ მისი მოგება შეადგენს 50 ათას ლარამდე, დაჯარიმდება 150 ლარით; თუ მოგება შეადგენს 50 ათასიდან 100 ათასამდე ლარს, დაჯარიმდება 200 ლარით; 100 ათასიდან 500 ათასამდე – 300 ლარით; 500 ათასიდან 1 მილიონამდე – 400 ლარით; ხოლო, თუ მილიონზე მეტს შეადგენს, – 500 ლარით “ცენტრის” სასარგებლოდ. გამეორების შემთხვევაში ჯარიმების თანხა გაორმაგდება.

მშობლებზე, რომლებსაც თვეში 5000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარება არ გაიცემა.

აღნიშნული დემოგრაფიული პოლიტიკის გასატარებლად წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ლარია საჭირო. მოზიდული ფინანსური რესურსებიც დაახლოებით ამდენივე იქნება. შობადობის წახალისების საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამდენი თანხა არ არის საჭირო, მაგრამ ბოლო წლებში, განსაკუთრებით მეათე წელს, მხოლოდ ამ მიზნით დახარჯული ფინანსები 450 მილიონს ასცილდება, ამიტომ პირველ წლებში დაზოგილი თანხა მოხმარდება მრავასართულიანი კორპუსების მშენებლობას, ძირითადად, უბინაო და უაღრესად მძიმე საბინაო პირობებში მცხოვრები ოჯახებისთვის, მძიმე სენით შეპყრობილი ბავშვების მკურნალობას და სხვ. ხოლო დარჩენილი თანხა ბანკში დაბანდდება მიღებული სარგებლის მომდევნო წლებში გამოსაყენებლად.

საქართველოს დღევანდელ დემოგრაფიულ ვითარებასა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებებს უნდა გაეცნოს ქვეყნის მოსახლეობა. ამ მიზნით მკითხველთა ფართო წრისთვის უნდა მომზადდეს შესაბამისი ბროშურა, რომელსაც უწყებების, ორგანიზაციებისა და საწარმოთა ხელმძღვანელების უშუალო დახმარებით გაეცნობიან მათი თანამშრომლები, საერთოდ, თავისი ქვეყნის ბედით დაინტერესებული ადამიანები, განსაკუთრებით _ ახალგაზრდობა, რათა საზოგადოებამ დაინახოს ყველაზე დიდი ეროვნული სატკივარი და მისი მკურნალობის აუცილებლობა.

პატივისცემით, ანზორ თოთაძე,

დემოგრაფი, პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here