მთავარი საზოგადოება დემოგრაფიული ვითარება _ ქართველები ეროვნული კატასტროფის წინაშე

დემოგრაფიული ვითარება _ ქართველები ეროვნული კატასტროფის წინაშე

ხელისუფლება კი სრულ უყურადღებობას იჩენს

472
გააზიარეთ
დემოგრაფიული ვითარება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახლახან გამოაქვეყნა 2018 წლის დემოგრაფიული მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წელს წინა წლებთან შედარებით, მაჩვენებლები გაუარესდა. მოსახლეობის აღწარმოების ძირითადი მაჩვენებელი _ შობადობა 2 155 ბავშვით შემცირდა. უფრო საგანგაშო ის არის, რომ შობადობის შემცირებას პერმანენტული ხასიათი აქვს და 2015 წელთან შედარებით 2018 წელს ქვეყანაში 8 111 ბავშვით ნაკლები დაიბადა.

პროცესის შეჩერება უკვე, როგორი წამახალისებელი ღონისძიებებიც უნდა დავსახოთ შობადობის ასამაღლებლად, შეუძლებელია. საქმე ის არის, რომ 1980-იან წლებში, ათ წელიწადში, ქვეყანაში 455 ათასი გოგონა დაიბადა, რომლებმაც, ფაქტობრივად, უკვე გაიარეს აქტიური (ყველაზე ნაყოფიერი) ფერტილური პერიოდი _ 20-29 წლები _ ბავშვების გაჩენის თვალსაზრისით. ამჟამად ყველაზე ნაყოფიერ ფერტილურ პერიოდში შესვლა დაიწყო 2000-იან წლებში (ისევ ათ წელიწადში) დაბადებულმა გოგონებმა, რომელთა რაოდენობა 236 ათასია და 219 ათასით ნაკლებია 1980-იან წლების მაჩვენებელზე. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია შობადობის მატება უახლოეს 10-15 წელიწადში მაინც, მით უმეტეს, როდესაც ერი მიეჩვია დაბალი შობადობის დონის პირობებში ცხოვრებას, ძნელია რეპროდუქციული განწყობის შექმნა და მისი რეალიზაცია რეპროდუქციულ ქცევაში.

ბუნებრივია, 236 ათასი გოგონა გაცილებით ნაკლებ ბავშვს გააჩენს ფერტილურ პერიოდში, ვიდრე 1980-იან წლებში დაბადებული 455 ათასი გოგონა. ასეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარების დასაძლევად საჭიროა, ჯერ როგორმე შევანელოთ ეს პროცესი და შემდეგ ვიზრუნოთ შობადობის რაოდენობის მომატებაზე. არადა, ვერაფრით მოვაბით თავი საქართველოს დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამის შედგენას და აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას.

(იხ.ცხრილი #1)

2018 წელს გაგრძელდა მოსახლეობის ბუნებრივი მატების (დაბადებულებსა და გარდაცვლილებს შორის სხვაობა) რაოდენობის შემცირების ტენდენცია. ქვეყანაში ბუნებრივმა მატებამ შარშან 4 614 კაცი შეადგინა, გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა ოთხ წელიწადში, რომ არაფერი ვთქვათ 30 წლის წინანდელ პერიოდზე. ნიშანდობლივია, რომ 2014-2018 წლებში, ხუთ წელიწადში, ბუნებრივმა მატებამ 37 559 კაცი შეადგინა, ხოლო 30 წლის წინათ, 1985-1989 წლებში _ 215 377 კაცი. ამ პერიოდის ცალკეულ წლებში მოსახლეობის მატება გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად 2014-2018 წლებში.

2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, გარკვეულწილად შემცირდა გარდაცვლილთა რაოდენობა, მაგრამ 30 წლის წინანდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მაგალითად, 2014-2018 წლებში გარდაიცვალა 243 ათასი კაცი, ხოლო 1985-1989 წლებში _ 207 ათასი. განსაკუთრებით საგანგაშოა მამაკაცების მოკვდავობის მაჩვენებლები. კერძოდ, 2018 წელს ყველაზე მწარმოებლურ ასაკში (15-59 წლები) გარდაიცვალა 7 881 ადამიანი, მათგან _ 5 865 მამაკაცი (74,5 პროცენტი) და 2 015 _ ქალი (25,6 პროცენტი). ანალოგიური ვითარებაა წინა წლებშიც.

მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობაზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ბოლო წლებში, მათ შორის, 2018 წელს, ქორწინებების შემცირებამ და განქორწინებების მატებამ. 2014-2018 წლებში აღირიცხა 133 ათასი ქორწინება და 48 ათასი განქორწინება, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებლები 1985-1989 წლებში იყო, შესაბამისად, 180 ათასი და 34 ათასი.

მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით. ქვეყანაში შობადობის, ქორწინების, ბუნებრივი მატების უაღრესად შემცირებისა და მოკვდაობის ზრდის საერთო ფონზე, იმ რეგიონებში, რომელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამს აღიარებს, მდგომარეობა შედარებით უკეთესია. 2018 წელს, ძირითადად, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში თითქმის ყველგან მოსახლეობის ბუნებრივი კლებაა, კერძოდ: იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, კახეთში, მცხეთამთიანეთში, რაჭალეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ბოლო 2018 წელს მათ რიგებს შიდა ქართლიც მიემატა. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონების თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ბუნებრივი კლებაა. იმერეთის რეგიონის საჩხერის მუნიციპალიტეტშიც კი, სადაც წინა წლებში ყოველთვის იყო მოსახლეობის ბუნებრივი მატება, ბოლო ორ წელიწადში კლება აღინიშნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის ბუნებრივი მატება საკმაოდ სოლიდურია, მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში აღინიშნა ბუნებრივი კლება _ თეთრიწყაროსა და გარდაბანში. აქ მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია (თეთრიწყაროში _ 82 პროცენტი და გარდაბანში _ 54 პროცენტი).

(იხ.ცხრილი #2)

2018 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შედარება 30 წლის წინანდელ, კერძოდ, 1989 წლის მონაცემებთან, ნათლად გვიჩვენებს, რომ ამჟამად დემოგრაფიული ვითარება ეროვნული კატასტროფის ტოლფასია. მოცემული ცხრილები ასეთი დასკვნის გაკეთების რეალურ საფუძველს გვაძლევს. 1989 წელს მხოლოდ რაჭაში იყო მოსახლეობის ბუნებრივი კლება და ისიც აღსანიშნავია, რომ რაჭაში, ბოლო 50 წელია, ასეთი საგანგაშო ვითარებაა, უფრო ადრინდელ მონაცემებს ვერ მივაკვლიეთ. რაჭაში მოსახლეობის 37 პროცენტი 60 და მეტი წლისაა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონებს შორის. ასევე დარღვეულია მოსახლეობის სქესობრივი შემადგენლობა. ამჟამად რაჭაში ბავშვები, შეიძლება ითქვას, აღარ იბადება. აღსანიშნავია, რომ 1894-1898 წლებში, ხუთწლიან ინტერვალში, რაჭაში 12 020 ბავშვი დაიბადა, ერთი საუკუნის შემდეგ, 1994-1998 წლებში _ 1030, ხოლო ბოლო ხუთ წელიწადში, 2014-2018 წლებში _ 813 ბავშვი, .., საშუალოდ წელიწადში მხოლოდ 163 ბავშვი.

მოსახლეობის აღწარმოებასთან, როგორც აღვნიშნეთ, მჭიდროდაა დაკავშირებული ქორწინება და განქორწინება. ქორწინება ოჯახის ჩამოყალიბებისა და ოჯახური სტრუქტურის ცვალებადობის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქორწინებითი სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ქორწინებაში მყოფთა, ქორწინებაში არასოდეს მყოფთა, ქვრივთა და განქორწინებულთა რაოდენობას, გავლენას ახდენს შობადობის დონეზე. მაგალითად, რაც უფრო მაღალია დაუქორწინებელი ქალებისა და ქვრივების რაოდენობა, მით უფრო იკლებს შობადობა. იგივე ითქმის ქვრივთა და განქორწინებულთა შესახებ.

მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 50 და მეტი წლის 46 175 ქალი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. ამასთანავე, 50 და მეტი წლის ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფმა 692 299 ქალმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში 1 526 685 ბავშვი გააჩინა, ე.ი., ერთმა ქალმა საშუალოდ 2,2 ბავშვი. თუ 50 წელს გადაცილებული ყველა 46 175 ქალი თავის დროზე გათხოვდებოდა და შენარჩუნებული იქნებოდა ისეთივე შობადობის დონე, როგორიც იყო მათივე წლოვანების ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ ქალებში, მაშინ იმის გამო, რომ 46 175 ქალი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, ქვეყანაში არ დაიბადა 101 585 ბავშვი (46 175 ხ 2,2). რა თქმა უნდა, ყველა ქალი შეიძლება ვერ გათხოვდეს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ 50 წლისა და უფროს ქალებში, მაღალია დაუქორწინებელთა რაოდენობა.

დემოგრაფიული ვითარება

ძირითად დემოგრაფიულ საფრთხეებს შორის ერთ-ერთია ოჯახის ინსტიტუტის კრიზისი, რომელსაც მნიშვნელოვნად განაპირობებს განქორწინების რაოდენობის მატება, ოჯახების მასობრივი დანგრევა. თანამედროვე მობილურ საზოგადოებაში ლაპარაკიც კი ზედმეტია მყარი ოჯახების შექმნაზე, როდესაც უკვე თითქმის ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით მთავრდება. კატასტროფულად მოიმატა განქორწინებათა რაოდენობამ ბოლო წლებში. თუ 2014 წელს 3,4 რეგისტრირებულ ქორწინებაზე ერთი რეგისტრირებული განქორწინება მოდიოდა, 2018 წელს უკვე 2,2 რეგისტრირებულ ქორწინებაზე ერთი რეგისტრირებული განქორწინება მოდის.

ასეთი მძიმე დემოგრაფიული ვითარების გასაუმჯობესებლად, ამ ყველაზე დიდი ეროვნული სატკივარის სამკურნალოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული პრობლემების კვლევის ცენტრში უშუალოდ ამ უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ბატონ ვახტანგ წივწივაძის მორალური და ფინანსური მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, რომლის პრეზენტაცია გაიმართა შარშან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. პრეზენტაციაზე ცნობილ მეცნიერებსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად მოვიწვიეთ ყველა პარლამენტარი და სამინისტროების პირველი პირები. მოსაწვევი ბარათები თითქმის ყველას უშუალოდ გადავეცი, მაგრამ პრეზენტაციაზე მოვიდა მხოლოდ ერთი პარლამენტარი _ ბატონი პაატა მხეიძე და განათლების მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. დემოგრაფიული პროგრამა ცალკე წიგნადაც გამოვეცით. წიგნის ანოტაციაში ვწერდით: პროგრამა დაეგზავნება საქართველოს პრემიერმინისტრს, მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, პარლამენტარებს, სპეციალისტებს, მეცნიერებს, კულტურისა და ხელოვნების მუშაკებს. სრულებითაც არ ვფიქრობთ, რომ წინამდებარე პროგრამა არის უნაკლო და დაზღვეული შეცდომებისგან. ალბათ, პროგრამაში დასამატებელი და გამოსაკლები წინადადებებიც დაიძებნება, მოტანილ ღონისძიებათა სხვაგვარი ინტერპრეტაციაც გახდება საჭირო, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მთლიანობაში პროგრამა თანამედროვე დემოგრაფიულ მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნის გამოყენებით და ეროვნულ ინტერესებთან შეხამებით არის შემუშავებული.

ვიმედოვნებთ, მთავრობა შეადგენს სპეციალისტებით დაკომპლექტებულ კომისიას, რომელიც საბოლოო სახეს მისცემს პროგრამას და ხელისუფლება გამოავლენს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამის პრაქტიკული განხორციელების პოლიტიკურ ნებას”.

თურმე სულ ტყუილად ვიმედოვნებდი. ჩემი მხრიდან 150 წიგნი ჩავაბარე პარლამენტის კანცელარიაში და ცალკე მთავრობის წევრებისთვის სახელმწიფო კანცელარიაში შესაბამის განცხადებასთან ერთად ბატონების _ ირაკლი კობახიძისა და გიორგი კვირიკაშვილის სახელებზე. პასუხებს ამაოდ ველოდე. ერთი თვის შემდეგ, როდესაც განცხადებების ბედი მოვიკითხე, შევიტყვე, რომ ირაკლი კობახიძემ ჩემი განცხადება სხვას დააწერა, ხოლო გიორგი კვირიკაშვილის სახელზე შესულ განცხადებას საერთოდ ვეღარ მიაკვლიეს. მართალი გითხრათ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ასეთი უყურადღებობა ჩვენი ყველაზე დიდი ეროვნული სატკივარის მიმართ, რომლის მოუგვარებლობის შედეგად მოკლე ხანში, საშუალოდ ოთხ ათეულ წელიწადში, დემოგრაფიული მონაცემების არსებული ტენდენციების შენარჩუნების პირობებში, მოსახლეობისგან დაიცლება ყველა მუნიციპალიტეტი. ზოგან ეს გაცილებით ადრე მოხდება. მაგალითად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს ცხოვრობდა 32 089 კაცი, ხოლო 2002 წელს _ 50 969 კაცი. 2002-2014 წლებში, 13 წელიწადში, მისი მოსახლეობა შემცირდა 18 880 კაცით. გაანგარიშება გვიჩვენებს: თუ 18 880 კაცით შემცირდა 13 წელიწადში, მაშინ 32 089 კაცით შემცირდება X წელიწადში. X =32089ხ13 და გაყოფილი 18 880-ზე. ამრიგად, X=22-ს. .., რაჭალეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოსახლეობისაგან დაიცლება 22 წელიწადში.

ის, რაც ზემოთ ითქვა, სულაც არ არის ლიტონი სიტყვები. მრავალმილიონიანი რუსეთიც კი შეშფოთებულია დემოგრაფიული ვითარებით. რუსი დემოგრაფების აზრით, თუ ასე გაგრძელდება და რადიკალური ღონისძიებები არ განხორციელდება, 150 წელიც არ დასჭირდება იმას, რომ “რუსეთი გაქრეს პოლიტიკური რუკიდან და იგი შეიერთოს რომელიმე დიდმა მეზობელმა სახელმწიფომ”. აღსანიშნავია, რომ რუსეთში უკვე გაატარეს მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ვითარებაც გარკვეულწილად გამოსწორდა. რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში არსებობს დემოგრაფიის დეპარტამენტი (ჩვენთან ასეთი დეპარტამენტი ნაციონალებმა გააუქმეს), ხოლო იმ რეგიონებში, რომლებშიც მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა _ დემოგრაფიის სამინისტროები. მაგალითად, სამარის ოლქში არსებობს სოციალურ-დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის სამინისტრო.

დემოგრაფიული ვითარების მყისიერად გაუმჯობესება შეუძლებელია, რაც უნდა დიდი ფინანსური სახსრები გავიღოთ, რადგან დემოგრაფიული პროცესები გარკვეული ინერტულობით ხასიათდება _ ადამიანს დაქორწინება შეუძლია მხოლოდ გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, ბავშვი ვერ გაჩნდება ცხრა თვეზე ადრე, შეუძლებელია მრავალშვილიანობის (3-4 ბავშვი) მასობრივად გავრცელება და სხვ. ამიტომ აუცილებელია დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება ხანგრძლივი პერიოდისთვის. არცთუ იშვიათად სწორედ ეს მომენტი ეღობება წინ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას, რადგან ერთი ხელისუფლების მიერ დაწყებული დემოგრაფიული პოლიტიკის დადებით შედეგებს საბოლოოდ უკვე სხვა ხელისუფლება იღებს. დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების ინიციატორ ხელისუფლებას კი, ასე ვთქვათ, “უქმად” ეხარჯება საკმაოდ სოლიდური ფინანსური რესურსი. ის მხოლოდ ნაწილობრივ იმკის მის მიერ გაწეული სამუშაოს შედეგებს, თუმცა საბოლოოდ მოგებული რჩება ერი, ამიტომ ხელისუფლებაში უფრთხიან მძიმე დემოგრაფიული ვითარების გაჯანსაღებისთვის დიდძალი თანხის გაღებას, მაგრამ ამით ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფენ. უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად გონივრული პოლიტიკის გატარებას იწყებს მხოლოდ პატრიოტული შეგნების ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა არის ერის გამრავლება და მისი უწყვეტობის უზრუნველყოფა.

ანზორ თოთაძე,

დემოგრაფი, პროფესორი

P.S.

2 აპრილს ძმაცუა (ძველი ქართული სიტყვაა და ვერაგს ნიშნავს) ნიკა გვარამიამ უკვე მერამდენედ ინტერვიუ აიღო დიდი მასშტაბის თაღლითთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ნაპრეზიდენტალი ამჯერად ახალ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და არა ძველ, ალბათ, სიმამრისაგან ნათხოვარ კოსტუმში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე ლიეჟში რომ ეცვა, და ეს ცრუპენტელა თავისი ბინძური საქმეების საკეთებლად ემიგრანტებს სთხოვდა დახმარებას. 2 აპრილის ინტერვიუ _ ეს იყო გამიზნული ტყუილებისა და უცოდინარობის კორიანტელი. როგორც დემოგრაფი, შევეხები მხოლოდ ერთ მათგანს. პრეზიდენტყოფილმა ისევ ილაპარაკა ქალაქ ლაზიკის მშენებლობაზე და აღნიშნა, ამ ქალაქში 500 ათასი კაცი იცხოვრებსო. 2012 წლის დასაწყისში, როდესაც მან ეს პირველად თქვა, სპეციალისტებმა მიუთითეს, რომ ანაკლიასა და ყულევს შორის დაჭაობებული ნიადაგია და იმ ადგილებში ხალხმრავალი ქალაქის აშენება დაუშვებელია. ამასთანავე, იქ დაირღვევა ეკოლოგიური ბალანსი, რაც კატასტროფას გამოიწვევს. 2012 წლის 31 მარტს ამ საკითხზე იმსჯელესრუსთავი 2”-ის გადაცემაკურიერში”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერონიკა ქობალიამ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძემ, ეკონომისტმა ემზარ ჯგერენაიამ, “თავისუფალი უნივერსიტეტისდამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ. მათ აღნიშნეს, რომ ლაზიკა გახდებოდა მთელი რეგიონის ფინანსური ცენტრი. ბენდუქიძემ და სხვებმა ისიც აღნიშნეს, რომ ლაზიკა აშენებიდან ცოტა ხანში იქნებოდა თბილისისოდენა ქალაქი, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს მხოლოდ ორ ქალაქში 2,5 მილიონი კაცი იცხოვრებდა. ინტენსიური შიგა მიგრაციული პროცესების შედეგად სულ უფრო მატულობს ქალაქის (ძირითადად, თბილისის) მოსახლეობა და კატასტროფულად მცირდება მოსახლეობა სოფლისა, სადაც ამჟამად ყოველი მეოთხე მცხოვრები 60 წელსაა გადაცილებული, .. დაბერებულია. თუ ჩვენ ლაზიკას ავაშენებთ ისეთი მოსახლეობის რაოდენობით, რამდენსაც პრეზიდენტყოფილი გვთავაზობს, მაშინ ან სოფელი უნდა დავაცარიელოთ, ან აფრიკიდან და აზიიდან ჩამოსახლდებიან სხვა რელიგიური აღმსარებლობის, სხვა კულტურისა და სრულიად სხვა ცხოვრების წესის მქონე ადამიანები. მოსახლეობის ბუნებრივი მატების არც ამჟამინდელი და არც შორეული პერსპექტივა არ გვაძლევს საშუალებას, რომ მილიონიანი ან თუნდაც ნახევარმილიონიანი ახალი ქალაქი ავაშენოთ.

ლაზიკა, რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს, მაგრამ მოსახლეობის იმ რაოდენობით, რომელიც მხოლოდ პორტის მუშაობას უზრუნველყოფს.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here