Home რუბრიკები პოლიტიკა დედაქალაქის მერობის კანდიდატებად განგებ არჩევენ ყველაზე შეუფერებელ პერსონებს

დედაქალაქის მერობის კანდიდატებად განგებ არჩევენ ყველაზე შეუფერებელ პერსონებს

3194
თბილისის მერია

კახა კალაძე, ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილიწლების წინათ ვინმეს რომ ეთქვა, თბილისის მერის თანამდებობისთვის ეს ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს 2017 წელსო, ალბათ, დასცინებდნენ თბილისელები. დღეს კი თბილისისთვის ესოდენ სამარცხვინო რეალობა აშკარაა და თბილისელებიც იძულებული იქნებიან, ამ ოთხი კომიკური კანდიდატიდან ერთზე შეაჩერონ არჩევანი.

მოკლედ, შემოდგომიდან თბილისს ისევ თბილისელებისთვის მიუღებელი მერი ეყოლება და აქ ხოხობი ნამდვილად არაფერ შუაშია არა იმიტომ, რომ ჩამოთვლილ სამ “ხოხობსა” და ერთ “არახოხობს” შორის დედაქალაქის თავი სწორედ ისევ “არახოხობი” იქნება, რადგან იგი “ქართული ოცნების” წარდგინებით იყრის კენჭს. არა, უბრალოდ, ამ ოთხიდან ნებისმიერი დედაქალაქის მერობისთვის მაინც შეუფერებელი იქნება და თბილისელთათვის _ მიუღებელი, მიუხედავად მისი “ხოხბობისა” თუ “არახოხბობისა”.

პირდაპირ უნდა ვთქვათ: თბილისი არასოდეს მდგარა ასეთი სამარცხვინო არჩევანის წინაშე. თბილისის მერის ყველა წინა არჩევნებზე ერთი ან ორი კანდიდატი მაინც იყო ისეთი, რომლებსაც ნეიტრალური, გულიანი თბილისელები მართლა ალალად ანდობდნენ თავიანთ ქალაქს. ისიც უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერის პოსტი არჩევითი გახდა, თბილისელების არჩევანს მუდამ პოლიტიკურად აჟიტირებული და პარტიულად მოტივირებულითბილისში ჩაწერილიმოქალაქეები განსაზღვრავენ და თბილისს არც ერთხელ არ ჰყოლია არათუ საამაყო, ოდნავ პატივსაცემი მერიც კი.

ახლანდელი ოთხეული კი იმ არაპატივსაცემებს შორისაც გამორჩეულად კომიკური და სამარცხვინოა.

არ გამოვრიცხავ, რომელიმე პარტიამ ან პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ჯერ კიდევ წამოაყენოს ღირსეული ადამიანის კანდიდატურა, მაგრამ მას არჩევნებში გამარჯვების შანსი ნული ექნება და ეს ამთავითვე იოლად მისახვედრია.

არც ვაპირებ დავას იმის თაობაზე, რომ თბილისის მერი უპირობოდ კახა კალაძე იქნება, როგორც “ქართული ოცნების” კანდიდატი. ძალიან სულელი ან ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ სხვა შედეგს ელოდეს. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით თბილისის მერის პოსტზე ბუჩქი რომ დაასახელონ, ისიც მოიგებს არსებულ რეალობაში. კახა კალაძე კი ბუჩქზე ნამდვილად მეტია და გამარჯვებაც არ გაუჭირდება.

ჩვენ, უბრალოდ, სულ სხვა რამ გვაინტერსებს: ნეტავ, ქართული პოლიტიკური პარტიები სპეციალურად აკეთებენ ისე, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატებად განგებ არჩევენ ყველაზე შეუფერებელ პერსონებს? ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე კანდიდატად ყველაზე არაპროფესიონალი, ყველაზე გაუთვითცნობიერებელი და დარგის არმცოდნე კადრების წამოყენება უკვე მოდური ტენდენციაა ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც?

დავიჯერო, “ქართულმა ოცნებამ” სხვა ვერავინ მოძებნა თბილისის მერობის კანდიდატად, რომ ყველაზე შეუფერებელი პერსონა, კარგი ფეხბურთელი, მაგრამ უმაქნისი ენერგეტიკის მინისტრი, არ წამოეყენებინა?! საიდან უჩნდებათ ასეთი ამბიციები თავის სფეროში სასახელო და საამაყო ადამიანებს და რატომ სურთ, ხალხის სიყვარული ქარს გაატანონ პოლიტიკაში მოსვლის გამო?!

ეს კიდევ ერთი ამოუხსნელი ფენომენია.

კახა კალაძე, ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ევროპის ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა ეღირსა, თანაც ორჯერ(!), რატომ უნდა ერეოდეს სამარცხვინო პოლიტიკურ ინტრიგებში ჯერ იმისთვის, რომ მინისტრი გახდეს, და მერე იმისთვის, რომ მერი გახდეს, სრულიად გაუგებარია.

“ორი ავტოგოლის” თემაც ასეთი აქტუალური, ფაქტია, მხოლოდ მას შემდეგ არის, რაც კალაძემ პოლიტიკაში ფაფხური გადაწყვიტა, თორემ დარწმუნებული ვარ, ის რომ მხოლოდ და მხოლოდ “ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელად” დარჩენილიყო, ორი ავბედითი ავტოგოლი არც არავის გაახსენდებოდა.

მხოლოდ პოლიტიკამ განაპირობა ის, რომ კაცს, რომელმაც უამრავი გარდაუვალი გოლისგან იხსნა საქართველოს ნაკრების კარი, ცხვირში ამოადინეს ორი ავტოგოლი, რომლებიც მაინც აუცილებლად გავიდოდა, კალაძეს ფეხი რომც არ “მიეშველებინა”.

აი, ასე იქცა ადამიანი-ლეგენდა და ადამიანი-კერპი ადამიან-ავტოგოლად!

და ვერავინ ვერასოდეს ამიხსნის და გამაგებინებს, რისთვის სჭირდება მას ეს.

კიდევ უფრო დაამძიმებს კალაძის მდგომარეობას ამ მხრივ თბილისის მერის პოსტი. ენერგეტიკის მინისტრი მაინც არ არის ისე თვალშისაცემი და მოსახლეობასთან უშუალო კავშირში მყოფი თანამდებობის პირი, როგორც დედაქალაქის ხელმძღვანელი. მარტივად რომ ვთქვათ, კახა კალაძის მაგინებელთა რაოდენობა, სულ ცოტა, ათჯერ მაინც გაიზრდება.

სხვათა შორის, ამ მხრივ უპირატესობა აქვთ დანარჩენ კანდიდატებს, რადგან მათი მაგინებლების რაოდენობა უკვე ისედაც იმდენია, რომ გაზრდა პირდაპირ წარმოუდგენელია.

ნაციონალებისა და მათგან გამოყოფილი “ევროპელების” კანდიდატებზე არაფერს ვიტყვი და ალეკო ელისაშვილმა (რომელსაც ჯერ ოფიციალურად არ წამოუყენებია კანდიდატურა, მაგრამ საჯაროდ გამოხატა, რომ აპირებს ამას) ბოლო ორ წელიწადში საკუთარი ტუტუცური განცხადებებითა და ამაზრზენი საქციელით ისე გაზარდა თავისი მაგინებლების რაოდენობა, რომ ვეჭვობ, მისი რეკორდის განმეორება ვინმემ შეძლოს.

საზოგადოდ, ამ ოთხივე კანდიდატს შეიძლება ვუწოდოთ ავტოგოლები, ანუ თითოეული მათგანი ავტოგოლია იმ პარტიებისა თუ საინიციატივო ჯგუფების კარში, ვინც ისინი მერობის კანდიდატად უკვე წამოაყენა ან მომავალში წამოაყენებს.

ოთხივეს შემთხვევაში ისმის კითხვა: რა არის ეს _ რეალურისაკადრო შიმშილითუ ხელოვნურად გამოწვეული ტენდენცია სხვადასხვა თანამდებობაზე არაპროფესიონალების, უცოდინარების, კონკრეტულ დარგში ჩაუხედავებისა და, რაც მთავარია, მორჩილი არარაობების დანიშვნის?

საქართველოში აბსოლუტურად ყველა სფეროში დღეს უკვე ძალიან შესამჩნევია ეს ტენედენცია. მთავარი კრიტერიუმი იმისა, რომ ადამიანი სადმე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნონ, არის მისი მონური დამოკიდებულება ამა თუ იმ ლიდერის მიმართ. განათლებულს, გონიერს, დამოუკიდებელი ხასიათის კანდიდატს ყველა ერიდება და ასეთმა შეიძლება დაბალ ან საშუალო რგოლში იპოვოსლუკმაპური .

საბოლოოდ, ქვეყანა კარგავს სწორედ იმ ენერგიას, იმ ინტელექტსა და პოტენციალს, რომლითაც სახელმწიფო უნდა აშენდეს.

იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, დეკადანსი ჰქვია. სხვათა შორის, თუ უფრო გლობალურად შევხედავთ, შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ ასეთივე დეკადანსი სრულიად მსოფლიოში მიმდინარეობს. მაგალითისთვის შეგვიძლია დღევანდელი ევროპის უსახური პოლიტიკური ლიდერები შევადაროთ თუნდაც 80-ანი ან 90-იანი წლების კაშკაშა ლიდერებს; უფრო შორს წასვლა და უინსტონ ჩერჩილის, შარლ დე გოლისა და სხვა ლეგენდების გახსენება რომც არ დაგვჭირდეს, თუნდაც მარგარეტ ტეტჩერი, ჰელმუტ კოლი, ფრანსუა მიტერანი და სხვები გავიხსენოთ…

მუდამ უკან დამხევი, ყველასთვის კუდის მოქიცინე და არაფრის მაქნისი ანგელა მერკელი ანდა სრულიად უსახური ფრანსუა ოლანდი, მით უმეტეს, მისი შემცვლელი მაკრონი, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ დაუდგებიან მსოფლიო პოლიტიკის ხსენებულ “ვეშაპებს”.

ფაქტია, მსოფლიოს მმართველ გარკვეულ ფინანსურ და პოლიტიკურ ძალებს (გინდა, “მასონები” უწოდეთ მათ და გინდ _ სხვა რამ, ამას მნიშვნლეობა არ აქვს) უკვე სრულიად მორჩილი, თევზივით პირში წყალდაგუბებული ადამიანები სჭირდებათ სხვადასხვა უმაღლეს თანამდებობაზე და აღწევენ კიდეც ამას.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ მსოფლიო ტენდენციის სუსტმა, მაგრამ შესამჩნევმა ტალღამ თბილისის მერის არჩევნებამდეც მოაღწია. უდუმაშვილიც, ხოშტარიაც, ელისაშვილიც და კალაძეც ამ მიმართულებით ისეთი უსახური პერსონები არიან, შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, რამდენად შედეგიანი ან უშედეგო იქნება მათი მოღვაწეობა დედაქალაქის მერის ამპლუაში.

ერთი რამ ცხადია: სიტუაცია, როდესაც თბილისს კალაძეუდუმაშვილელისაშვილხოშტარიას შორის უწევს არჩევანის გაკეთება, სამარცხვინოა!

არადა, ნამდვილად ძნელი დასაჯერებელია, რომ ვერც “ქართულმა ოცნებამ” მონახა კახა კალაძეზე უფრო მისაღები კანდიდატურა, ვერც “ნაციონალურმა მოძრაობამ” _ ზალიკო უდუმაშვილზე ნაკლებად კომიკური და ვერც “ევროპულმა საქართველომ” ელენე ხოშტარიაზე უფრო სერიოზული კანდიდატი.

ალეკო ელისაშვილზე (ვინაიდან ჯერ ოფიციალურად წარდგენილი არ არის და არც ის ვიცით, ვინ წარადგენს) ამ ეტაპზე გავჩუმდები, მაგრამ ერთის თქმა მაინც შეიძლება: ეს ადამიანი დანარჩენებზე უფრო სამარცხვინოა და ჩემთვის, პირადად, თბილისის მერის არჩევნები იმ მხრივ უფრო იქნება საინტერესო, გავიგო, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩემს ქალაქში ისეთი, ამ ყოვლად უგვან კაცს რომ მიცემს ხმას.

თუმცა, რას ვამბობთ! ელისაშვილი ხომ არჩევნების გაყალბების ერთადერთ კრიტერიუმად სწორედ იმას სახავს, გაიმარჯვებს თუ არა თვითონ ამ არჩევნებში. გამოდის, თუ ალეკო მოიგებს, არჩევნები პატიოსნად ჩატარებულა, მაგრამ, თუ წააგებს, არჩევნები აუცილებლად გაყალბებულია! თანაც ასეთ შემთხვევაში კბილების დამტვრევითაც კი გვემუქრება.

საერთოდ, ამ არჩევნებს აგრესიული ფონი უკვე დაეტყო. აკი, ზალიკო უდუმაშვილმაც გაგვაფრთხილა, _ იცოდეთ, ძალიან გაბრაზებული ვარო.

აქეთ ელენე ხოშტარია დასდევს თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას, და კატეგორიული ტონით მოითხოვს, ხელითაც კი ექაჩება, _ წამოდი, გზებზე ორმოები ერთად დავთვალოთო.

მოკლედ, თბილისელებს ისღა დაგვრჩენია, უბრალოდ, გავერთოთ და შევეცადოთ, გავარკვიოთ: კალაძე ყველაზე უფრო ავტოგოლია, უდუმაშვილი _ ყველაზე უფრო გაბრაზებული, ელისაშვილი _ ყველაზე უფრო კბილთამტვრეველი თუ ხოშტარიაა ყველაზე უფრო ორმოთმთვლელი…

ხოლო იმას, რომელი მათგანი გახდება თბილისის მერი, არა მგონია, ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს…

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here