Home რუბრიკები საზოგადოება “… და ვაზივით აყვავილდებიან”

“… და ვაზივით აყვავილდებიან”

გურჯაანის ღვინის ფესტივალი “წყაროს” რაკურსით

1129
ზეიმი ახტალის პარკში

რადგან იქნება მშვიდობის თესლი: ვაზი გამოიღებს

თავის ნაყოფს, მიწა მოიტანს თავის მოსავალს და

ცა მოსცემს თავის ცვარს, და ამ ერის ნატამალს

(შთამომავალს) დავუმკვიდრებ ყველაფერ ამას”.

(ზაქარია წინასწარმეტყველი, 8:12)

ფესტივალების თვეა ოქტომბერი: პურის ფესტივალი თბილისში; კულინარიის ფესტივალი _ აქვე; გურჯაანის ღვინის ფესტივალი; მცხეთობასაინტერესო ღონისძიებებია, თავიანთი მიზნებითა და ამოცანებით, დანიშნულებით, კულტურულსამეურნეო ღირებულებით და ..დაუმატეთ ამას ახლახან ჩავლილი თბილისობა და კარგ განწყობაზე დადგებით.”საქართველო და მსოფლიომაინცდამაინც ღვინის ფესტივალით დაინტერესდა, რომელიც 12 ოქტომბერს ღვინის ქალაქში გაიმართა _ გურჯაანში.

საქართველოში დავანებული შუამდინარეთის საიდუმლო

ეს იყო ზეიმიც და საქმიანი შეკრებაც ერთდროულად, რომელშიც ორასზე მეტი მეღვინე მონაწილეობდა _ საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენელი, დიდი თუ მცირე (ოჯახური) მარანი. წლეულს აქცენტი უცხოელ სტუმრებზე გაკეთდა _ ფრანგები, ბასკები, პოლონელები, სლოვაკები, უკრაინელები ინტერესით ეცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების ტექნოლოგიას მასტერკლასებში, რომლებიც ნებისმიერი დამსწრესთვის გაიმართა, და სიამოვნებით აჭაშნიკებდნენ ქართულ ღვინოებს. 25 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია ამ დღეს გურჯაანს: დიპლომატიური კორპუსით დაწყებული, ჩვენი მოქალაქეებით დამთავრებული.

მესამე წელიწადია, რაც გურჯაანში ტრადიციად დამკვიდრდა ღვინის ფესტივალი. იდეის ავტორი, პატრონი და სულისჩამდგმელია დავით სონღულაშვილი _ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გურჯაანის რაიონიდან. აქაური მერია ორგანიზატორია, ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ბანკს აქვს ნაკისრი… სახალხო დღესასწაულია _ მაძღარი შემოდგომის ფერთა ზეიმი, უბელო ცხენის ჩაქროლებასავით ზეციური ჰანგების ხეივანში _ “ბერი კაცი ვარ” და “შენ ხარ ვენახი”. “მრავალჟამიერი” უკვდავების ბარაქიან წყაროდ ამოდუღდება მხურვალებადაკარგული მზის სხივების ნათელში და ალაზანივით მდორედ გადაეფარება ადამიანის წინაშე ვალმოხდილი ზვრების სიცარიელეს.

ფელამუშის სიტკბოთი გაიჟღინთება ახტალის პარკი, თონიდან ეს-ესაა ამოყრილი დედას პურების სურნელება პირველი შოთის გატეხვის რიტუალისკენ მიგიწვევს და კახურად ჩამოსხმულ თლილ ჭიქას მასპინძლის სასმისს მიუჭახუნებ:

სტუმრიანობა
სტუმრიანობა

_ ჩვენ გაგვიმარჯოს!

აქეთ: ჩურჩხელის სუროგატებით გემოვნებაგაფუჭებული ქალაქელები თავზე დადგომიან მოთუხთუხე ქვაბს და თათარაში ამოვლებულ “ეკოლოგიურად სუფთა” ჩურჩხელას გაცივებას არ აცდიან.

იქით: ცეკვა, სიმღერა და პერფორმანსებად “გაევროპელებული” წარმოდგენები. იხსენებ ქართული წარმართული დღესასწაულებისა და “დიონისეს მხიარული ეპოპეის” სიუჟეტების ოდინდელ მსგავსებას. “ვანისა და სარკინეს ნაქალაქარებში აღმოჩენილია დიონისეს ნიღბები (ტერაკოტა), რაც ანტიკასთან სიახლოვეზე მეტყველებს, _ წერს დიდი ლექსიკოლოგიური კორპუსის ავტორი, მეცნიერი აკაკი გელოვანი და დასძენს: _ ხომ არ იფარება შუამდინარეთის ფერფლში ღვინის კლასიკური ქვეყნების _ საბერძნეთისა და საქართველოს ამ კულტურის უძველესი საიდუმლო?” (მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 142).

ერთიც: “…მცხეთასთან, ნაქალაქარის მახლობლად, მიწაში აღმოაჩინეს ანტიკურ ქალაქ ძალისას ნანგრევებში ჩამარხული დიონისესა და არიადნეს გამოსახულებები. ღვინის ღმერთი ტახტზე ზის, თავს გვირგვინი უმკობს, არიადნეს ხელში სიუხვის რქა უჭირავს” (იქვე, გვ. 143).

დიონისური ცხოვრების ველური სილაღე შემოგვეჭრება საუკუნეთა სიშორიდან…

მაგრამ დროა, მითოლოგიური წარსულიდან დღევანდელ რეალობაში გადმოვინაცვლოთ…

საქმეში გასული.. ოპოზიცია

რთველის მადლი შევირგოთ და, როგორც საქმიან ხალხს სჩვევია, ძირში ჩავხედოთ პრობლემებს, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობის დარგს საკმარისად აქვს.

თუმცა ვის დაუდგენია პრობლემების საკმარისობის სტანდარტი?!

“წყაროზე” ჩავიდეთ და იქაურ საუბარს დავუგდოთ ყური. “წყარო” ამ შემთხვევაში გურჯაანის რაიონის ვეჯინის ღვინის ქარხანასთან ყურძნით დატვირთული მანქანების რიგია. დრო _ 2019 წლის სექტემბერი. რთველი ახალი დაწყებულია. ველაპარაკები ერთ დროულ კაცს, გამოცდილ მევენახეს:

_ ჩააბარებთ მოსავალს და ამოისუნთქავთ.

_ ზუსტად ამოსუნთქვის დრო გვაქვს გამოწერილი, _ მიპასუხა მაშინ იმ პატიოსანმა კაცმა, _ ამოვისუნთქავთ და მერმისის მოსავლისთვის დავიწყებთ ზრუნვას _ შესარვას, შეწამვლას, გასხვლას, ნიადაგის დამუშავებას შევუდგებით. თორმეტთვიანი უწყვეტი მუშაობის ციკლში ვართ ჩართული.

შეხვედრა წარსულთან
შეხვედრა წარსულთან

_ რომელიც რთველით გვირგვინდება. ზეიმით.

_ ვინ გაცლის.

და მოვისმინე საფუძვლიანი პოლიტიკური მიმოხილვა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებენ დაინტერესებული ძალები ამ დროს წარმოქმნილ უმნიშვნელო ჩავარდნებსაც კი ხელისუფლების წინააღმდეგ გალაშქრების პლაცდარმად _ გაფიცვების, აქციების, დემონსტრაციების მოსაწყობად. აქაც ბინძური პოლიტიკაა, რომლის გააქტიურებით ცდილობენ ოპოზიციად დანიშნული .. პარტიები ეროვნული ტრადიციების დაკნინებას და გაცუდებას: არ შეიძლება საქართველოში წარმატებული იყოს რამე.

გლეხის დასახმარებლად ირჯებიანო?! არ დაიჯეროთ!

თუ ბოლო წლებში დარგი წელში გაიმართა, გაბევრდა მოსავალი, დაიწურა მეტი ღვინო, გაუმჯობესდა ხარისხი, მათი ხელი არ ურევია…

აი ჩურჩხელა!
აი ჩურჩხელა!

და იხსენებენ ჭაღარა კაცები: 90-იანი წლების შემოდგომობით “კალიასკიანი” მოტოციკლებით მიჰქონდათ ყურძენი ქარხანაში ჩასაბარებლად. მოსავალი ისეთი მწირი იყო, “ჟიგულის” სავარძლების უკანა რიგს მოხსნიდნენ, ცელოფანს ჩააფენდნენ და ჩაყრიდნენ ყურძენს, ან პარკებით ჩააწყობდნენ. სულ ეს იყო _ ყურძნის მოსავალიცა და გადასაზიდი ტრანსპორტიც. დღეს სხვა მასშტაბებია, სხვა მოთხოვნები და გლეხმაც ამ მოთხოვნებს შრომის ცივილიზებული მეთოდებით უნდა უპასუხოს.

გაიზარდა მევენახისა და მეღვინის პასუხისმგებლობა: ხარისხის ამაღლების პრობლემა უპირველესი საკითხი გახდა.

ეს _ საერთოდ. ახლა მივყვეთ კონკრეტულად.

ამას ამბობდნენწყაროზე

ოთხმოცდაათიანებში თითებზე ჩამოსათვლელი ღვინის ქარხანა თუ მუშაობდა, დღეს იმდენი ქარხანაა, იმდენი “შატო” და იმდენი შენდება, რომ… ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს! ბოლო ათწლეულში დაახლოებით 60 პროცენტით გაიზარდა მათი რაოდენობა. ყველა ხარისხიან ნედლეულზე არის ორიენტირებული. მევენახეებიც ამ მოთხოვნას მიჰყვებიან, მაგრამ ეს უცებ და ერთბაშად არ ხდება. უხარისხო ყურძენი რეალიზაციის გარეშე რჩება და, რა თქმა უნდა, მომყვანსა და მყიდველს შორის ურთიერთობას ამწვავებს.

ბარაქა
ბარაქა

გლეხი სახელმწიფოს სთხოვს დოტაციას, სახელმწიფო გასცემს, მაგრამ არა იმდენს, რომ პრობლემა გადაფაროს. ეს პრობლემის გადაჭრის გზა არ არის. კვლავაც გლეხის საზრუნავია, რადგან: მაშინ, როცა ლარის კურსი ეცემა და ყველაფერი, რაც ვენახის მოვლასთან არის დაკავშირებული (შხამქიმიკატები, ტექნიკის მომსახურება და სხვ), ძვირდება, ყურძნის ფასი უცვლელი რჩება. გლეხი იძულებულია, აიღოს სესხი და ბანკის კაბალაში აღმოჩნდება.

ასე გრძელდება წლიდან წლამდე და, როგორც “წყაროზე” მიიჩნევენ, პრობლემის მოგვარებას კანონმდებლობის დონეზე სჭირდება გადაწყვეტილების მიღება. ასე თუ ჩაცხრება უკმაყოფილება, რომელიც მოსახლეობაშია დაგროვებული.

წლეულს მოსავალი ძალიან დიდი იყო და მოსახლეობამ დააბინავა. ასე თუ ისე, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად პრაქტიკულად შეწყდა თბილისიდან კერძო მყიდველების ჩასვლა, რომლებიც ოჯახებში აყენებდნენ ღვინოს საკუთარი მოხმარებისთვის _ თბილისში სპეციალური ბაზრობებიც კი იმართებოდა. ამანაც იმოქმედა და შესასყიდი, სარეალიზაციო და საბაზრო ფასები ერთ დონეზე გაიყინა.

გლეხისთვის ვენახი ერთადერთი სარჩოსაბადებელია, მასზე ამოსდის მზე და მთვარე და სახელმწიფომ სწორედ ასე უნდა აღიქვას მევენახის პრობლემები, რომელთა მოძალებამ სოფლის ცხოვრებაც გაართულა და დამკვიდრებულ ტრადიციებსაც წყალი შეუყენა: რთველი მხოლოდ სამუშაო პროცესად ჩამოყალიბდა, ხალისი დაკარგა. ან იკარგება თანდათან.

ბოლო პერიოდში 20-21 ივნისის მოვლენებიც მიება _ რუსეთის ბაზრის დაკარგვის საშიშროებამ რეალური კონტურები მიიღო. ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებში ჩვენი ღვინო იმ მოცულობით არ არის გასული, რომ შეძლოს რუსეთის ბაზრის დაკარგვით წარმოქმნილი სიცარიელის შევსება.

ამასთანავე: საქართველოში ყოველწლიურად ჯიშების მრავალფეროვნებით გამორჩეული (მათ შორის, ქისი, ხიხვი, ძველი მწვანე, ძველი კახური, ჩიტის მარცვალა) ასობით ჰექტარი ახალი ვენახი შენდება და, თუ სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, მაშინ პროდუქციის ის მასა, რომელსაც ამ ფართობებიდან ვაწარმოებთ და რომელიც დარგის რენტაბელობის გასაძლიერებლად არის გათვალისწინებული, ზარალად შემოგვიბრუნდება.

ახლა, როცა ვაზის ათასობით სანამყენე ძირი დაამყნეს და გაამრავლეს (მაგალითად, ვეჯინის ვაზის სანამყენე ჯიშების მეურნეობაში), იქნება კი რეალიზაციის ისეთი მოთხოვნა, როგორც შარშან ან იმის წინათ იყო? გაჰქონდათ არა მარტო საქართველოს რაიონებში, არამედ _ უცხოეთშიც. საფერავის ერთწლიანი ნამყენი ძირი 2 ლარი და 80 თეთრი ღირდა.

ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული: თუ ღვინო არ გაიყიდა, არ გაიყიდება გლეხის მოწეული მოსავალი, არ გაიზრდება მოთხოვნა ახალი ვენახების გაშენებაზე, არც ახალი ჯიშების გაშენებით დაინტერესდება ვინმე. ყურძნის ფასი დაბალი დარჩება და მევენახის შრომა ქარს გატანებულ ამაოებად იქცევა.

დარგი ხელში შემოგვადნება. ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა ლარის კურსის ვარდნამ: გაძვირდა საწვავი, შხამ-ქიმიკატები. შარშანდელთან შედარებით გლეხს გაცილებით ძვირი დაუჯდა კილოგრამი ყურძნის მოყვანა.

წარმოების მასტიმულირებელი პირობა (მოგება) ვეღარ განვითარდა, ჩიხში მოექცა.

ჩვეულებრივ, თუ საქონელი არ საღდება, თუ მყიდველი არ ჰყავს, მწარმოებელი იძულებულია, გააიაფოს პროდუქცია. ბაზარზე ყურძენი არ გაიაფებულა, ქარხნებმა კილოგრამი 70 თეთრად ჩაიბარეს, მაგრამ ამ ფასად გაყიდულმა მოსავალმა მევენახეს გაწეული ხარჯი ვერ აუნაზღაურა.

ყურძენი მალფუჭებადი პროდუქტია, თუ დროზე არ დაიკრიფა და არ გაიყიდა, მარცვალი იწყებს ლპობას და გადასაყრელი ხდება. სამწუხაროდ, ცუდად იქცევიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც კვირაობით აჭიანურებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას დასეტყვილ ფართობებთან დაკავშირებით. უკვე შემოსული და დახეთქილი ყურძენი მჟავდება, ლპება. იზრდება კერძო მეწარმის ზარალი.

წლევანდელი რთველი ბარაქიანი იყო, ცოტაც და სიუხვის რეკორდის მაჩვენებელს მიაღწევს. მაშასადამე, ყველა იმ პრობლემას, რომელთა შესახებაც “წყაროზე” ილაპარაკეს, სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება, რათა ზარალის ოდენობითაც რეკორდული არ აღმოჩნდეს. ღვინის ფესტივალმა, რომელიც გურჯაანში გაიმართა, გვიჩვენა, რომ ჩვენი მევენახეები და მეღვინეები მზად არიან საამისოდ.

ხელისუფლებაც?

არმაზ სანებლიძე, გურჯაანითბილისი

P.S. პასექის დღესასწაულის წინ ინახად დამსხდარ თავის მოწაფეებთან საუბრის დროს იესომ უთხრა მათ: “მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახეა” (იოანე, 15:1) და დასძინა: “მე ვაზი ვარ, თქვენ კი _ ლერწები” (იქვე, 15:5).

მევენახეობა ღვთაებრივი კულტურაც არის, ცხოვრების წესი და რწმენაც. ვინმეს შეიძლებაბიზნესიუფრო მოსწონს. მისი პრობლემაა.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here