Home რუბრიკები საზოგადოება დაუსაქმებლის უფლება შრომაზე და დასაქმებულის შრომითი უფლებების კონსტიტუციურად ცნობა აუცილებელია

დაუსაქმებლის უფლება შრომაზე და დასაქმებულის შრომითი უფლებების კონსტიტუციურად ცნობა აუცილებელია

1429
აქცია

მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაუმჯობესება და დაცვა მხოლოდ ხელისუფლების მოვალეობაა და, შესაბამისად, მოქალაქეთა სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაუმჯობესებისა და დაცვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ ხალხს აქვს, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის ძალით, “სახელმწიფოს ხელისუფლების არსებობის წყარო არის ხალხი”.

სახელდობრ, ხალხს ენიჭება უფლება, სახელმწიფოს ხელისუფლებას მოსთხოვოს, კონსტიტუციის მეორე თავში ცალკე მუხლად შეიტანოს:

1.უფლება დასაქმებაზე; 2. უფლება 8-საათიან სამუშაო დღეზე; 3. ექსპლოატაციისგან თავისუფლება; 4. უფლება დახარჯული შრომის ადეკვატურ ანაზღაურებაზე; 5. უფლება პენსიის საარსებო მინიმუმთან სრულ შესაბამისობაზე, რადგან საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის ძალით, “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, … საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”.

რა არის, საზოგადოდ, შრომის უფლება?

შრომის უფლება მოიცავს უფლებას დასაქმებაზე, დასაქმებულის უფლებას მის მიერ დახარჯული შრომის ხარისხისა და რაოდენობის ადეკვატურ ანაზღაურებაზე, შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფასა და შრომითი უფლებების სასამართლო წესით დაცულობას.

ეს არის შრომის უფლების ანბანი და ეს ანბანი დღეს მოქმედ კონსტიტუციაში ორი მუხლით არის წარომოდგენილი, ხოლო კონსტიტუციის პროექტი მხოლოდ ხუთი(!) სიტყვით კმაყოფილდება.

დღეს მოქმედი კონსტიტუცის 30- მუხლით:

1.შრომა თავისუფალია.

2.შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

მუხლი 32: სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში.

ისმის კითხვა: თუ სახელმწიფომ ხელი არ შუწყო უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, მაშინ რა ქნას მოქალაქემ? ვერაფერს იზამს, რადგან მას სასამართლო წესით თავის დაცვის უფლება, ანუ სარჩელის უფლება არ აქვს. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ უფლება სარჩელის უფლებამოსილების გარეშე არ არსებობს. ეს იურიდიული ანბანია, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის განათლებით იურისტებმა, მათ შორის, პარლამენტში მყოფმა ჩემმა ყოფილმა რამდენიმე სტუდენტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე გაიარეს.

დღეს მოქმედ კონსტიტუციაში შრომის უფლების სიღარიბე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მოქმედ პროექტში ნულამდე არის დაყვანილი. სახელდობრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მოქმედ პროექტში ნორმა: “სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში”, ადამიანის უფლებათა თავიდან ზოგად დებულებებში მიიჩქმალა, ხოლო ნორმა: “შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით” _ კონსტიტუციიდან საერთოდ გაქრა. კონსტიტუციის პროექტის ავტორები დაკმაყოფილდნენ ძალზე ზოგადი ჩანაწერით: “შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით”.

ისმის კითხვა: თუ შრომით უფლებებს ორგანული კანონი სათანადოდ არ დაიცავს, მაშინ რა ქნას მოქალაქემ? ამჯერადაც ვერაფერს იზამს, რადგან მას გასაჩივრების უფლება არ აქვს. არადა, გასაჩივრების უფლების გარეშე უფლება არ არსებობს. ესეც იურიდიული ანბანია, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის განათლებით იურისტებმა, მათ შორის პარლამენტში მყოფმა ჩემმა, ყოფილმა რამდენიმე სტუდენტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე გაიარეს.

სად არის გამოსავალი?

ჯერ ერთი: თუ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 პუნქტის ძალით, “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი”, რა უფლება აქვს ხელისუფლებას, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და მის დაუკითხავად შრომაზე უფლება და შრომის უფლებები საქართველოს კონსტიტუციაში თითქმის ნულამდე დაიყვანოს ან, საერთოდ, არ გაითვალისწინოს?

მეორე: საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის ძალით, “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, …საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”.

რას ნიშნავს საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობა, თუ არა იმას, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია არის საქართველოს კონსტიტუციის სამართლებრივი წყარო. ეს არის იურიდიული ანბანი, რომელიც პროექტში შრომაზე უფლებისა და შრომის უფლებების მიმართ სრულიად უგულველყოფილია.

არადა, ფაქტია: შრომითი დასაქმებისა და შრომითი უფლების დაცვის მიმართულებით საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია 11 მუხლს შეიცავს, მაშინ, როდესაც კონსტიტუციის პროექტი ზოგადი ფრაზით კმაყოფილდება: “შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით”. ეს არის და ეს დღეს _ 21-ე საუკუნეში.

და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია შრომითი დასაქმებისა და დასაქმებულის შრომითი უფლების დაცვის ვალდებულებების ფართო სპექტრს მოიცავს:

მუხლი 113:

სახელმწიფო ზრუნავს თავისი მოქალაქეების ღირსეული არსებობისთვის.

მუხლი 116:

სახელმწიფოს განსაკუთრებული საზრუნავია სოფლის მეურნეობის აყვავება. მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე.

მუხლი 117:

შრომა საფუძველია ხელისუფლების არსებობისა და მისი უზრუნველყოფა მთავრობის განსაკუთრებული მოვალეობაა.

მუხლი 118:

კანონმდებლობით ადგილობრივ თვითმმართველობას ევალება, დააარსოს შრომის ბირჟა, საშუამავლო კანტორა და სხვა ამგვარი დაწესებულება, რომელიც აღნუსხავს უმუშევართ და შუამავლობას გაუწევს სამუშაოს შოვნაში.

მუხლი 119:

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით.

მუხლი 120:

მოხუცებულობით, დაავადებით თუ სხვა მიზეზით შრომის უნარს მოკლებული მოქალაქე, რომლისთვისაც ზრუნვა კანონით ან ჩვეულებით დავალებული არ აქვს მემკვიდრეს, მზრუნველს, მწარმოებელს ან სხვა კერძოსა თუ საზოგადოებრივ დაწესებულებას, და რომელსაც არსებობის სახსარი არ მოეპოვება, მიიღებს დახმარებას სახელმწიფო ხაზინიდან დაზღვევით ან სხვა სახით. ასევე, დაეხმარება ხაზინა, უკეთუ მემკვიდრეს ან მზრუნველს შრომის უნარდაკარგულის რჩენა არ შეუძლია.

მუხლი 121:

დაქირავებული მუშა, რომელიც მოხუცებულობით, დაშავებით ან სხვა მიზეზით დაკარგავს სავსებით ან ნაწილობრივ შრომის უნარს, მიიღებს დახმარებას დაზღვევის სახით თავისი ხელფასის კვალობაზე. დასაზღვევი თანხა უნდა შედგეს დამქირავებელზე შეწერილი საგანგებო გადასახადისგან.

მუხლი 123:

ნორმალური სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს; ამასთანავე, კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს.

მუხლი 124:

წარმოებაში 16 წლამდე ყმაწვილის შრომა აკრძალულია: 16–18 წლის მოზარდთათვის სამუშაო დრო განისაზღვრება 6 საათით დღეში; მოზარდთა და, საზოგადოდ, ქალთათვის ღამით მუშაობა საერთოდ აკრძალულია.

მუხლი 125:

მთავრობის საზრუნავი საგანია, განსაზღვროს ხელფასის მინიმუმი და შრომის ნორმალური პირობანი წარმოებაში. არსდება შრომის ინსპექცია და სანიტარული ზედამხედველობა, რომელიც დამოუკიდებული უნდა იყოს დამქირავებელთაგან.

მუხლი 127:

შრომის დამცველი კანონების დარღვევისთვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით”.

აი ჭეშმარიტად ხალხზე ორიენტირებული დემოკრატიული კონსტიტუციის ნიმუში, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს.

ზემოაღნიშნულ მუხლთაგან, აბა, ერთი მაინც დამისახელეთ, რომელიც კონსტიტუციის პროექტში არის ასახული?

სამწუხაროდ, არც ერთი!

სხვას თავი რომ დავანებოთ, არათუ სისხლის სამართლის წესით, საერთოდ, სასამართლო წესით შრომაზე უფლებისა და შრომის დამცველი კანონების დარღვევისთვის დღეს პასუხს პრაქტიკულად არავინ აგებს.

აშკარაა, რომ მოქალაქის სოციალური უფლებების მიმართ, საქართველოს 1921 წლის დემოკრატიულ კონსტიტუციასთან შედარებით, საქართველოს კონსტიტუციის დღეს არსებული პროექტი აშკარად არადემოკჰრატიულია, ანუ “დემოსის” საწინააღმდეგოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო კომისია ვალდებულია, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მითითებული მუხლები რამდენიმე პრინციპად ჩამოაყალიბოს და კონსტიტუციის პროექტში შეიტანოს, ხოლო ორგანულ კანონში უკლებლივ ყველა გადაიტანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის 1 პუნქტის ხელყოფას, რომლის ძალით, “საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი”.

მაგრამ შეიძლება დაისვას კითხვა: კი მაგრამ, ისეთი რა იურიდიული ძალა აქვს კონსტიტუციის პრეამბულას, რომ საკონსტიტუციო კომისია ვალდებულია, მას დაემორჩილოს?

დასავლეთის, სულ ცოტა, სამსაუკუნოვანი სამართლის ისტორიაში კონსტიტუციის სტრუქტურისა და მთლიანად პოზიტიური სამართლის სისტემის შემდეგი განსაზღვრება ჩამოყალიბდა:

კონსტიტუცია არის ზემოდან ქვემოთ ვერტიკალურად განფენილი კონსტიტუციური ნორმების საფეხუროვანი იერარქია, რომლის მწვერვალი არის კონსტიტუციის პრეამბულა. კონსტიტუციის პრეამბულის შემდეგ ყოველი ნორმა ზემდგომ ნორმას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

კონსტიტუციის, როგორც ძირითადი კანონის, შემდეგ მოდის მეორე ნორმატიული საფეხური. ამ საფეხურს წარმოადგენს კონსიტიტუციური კანონები. მას მოჰყვება მასზე უფრო განტოტილი ნორმატიული საფეხური. ამ საფეხურს წარმოადგენს ორგანული კანონები, შემდეგ უფრო მეტად და მეტად განტოტილი კანონები კოდექსების სახით და მათ დაქვემდებარებული ქვეკანონური ნორმატიული აქტები, რომელთაც მიმდინარე კანონმდებლობას უწოდებენ.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკონსტიტუციო კომისიის განათლებით იურისტებმა, მათ შორის, პარლამენტში მყოფმა ჩემმა ყოფილმა რამდენიმე სტუდენტმა, იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე გაიარეს.

საბოლოოდ ყალიბდება ერ-სახელმწიფოს ვერტიკალურად განფენილი საფეხუროვანი სამართლის სისტემა, რომელსაც ხატოვანად ინდიელთა პირამიდას ადარებენ.

სხვათა შორის, კონსტიტუციის ასეთი სტრუქტურა და პოზიტიური სამართლის ასეთი სისტემა მიჩნეულია, ქვეყნის როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური სტაბილურობის უმთავრესი გარანტიად. ასეთი სტრუქტურა და სისტემა დღემდე წარმატებით მუშაობს დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

სამართლის ამ თეორიული სისტემის დამფუძნებელია ჰანს კელზენი, რომელიც 1998 წელს მსოფლიოს გამოჩენილმა მეცნიერ-იურისტებმა მისი დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავ კონფერენციაზე სამართლის მეცნიერების გიგანტად ცნეს. სწორედ ჰანს კელზენი იყო ავსტრიის პირველი კონსტიტუციის შემქმნელი და მსოფლიოში პირველი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე.

აქედან მოყოლებული დასავლეთში სამეცნიერო დონეზე აღიარებულია, რომ ერ-სახელმწიფოს ვერტიკალურად განფენილი საფეხუროვანი სამართლის სისტემის გარეშე ქვეყანაში ანარქია სუფევს.

რეზიუმე

რადგანაც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის ძალით, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციას, არა ხელისუფლება, არამედ საქართველოს მოქალაქენი აცხადებენ, ამდენად საკონსტიტუციო კომისია ვალდებულია, საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის თერთმეტივე მუხლი რამდენიმე პრინციპად ჩამოაყალიბოს და კონსტიტუციის პროექტში შეიტანოს, ხოლო ორგანულ კანონში ისინი უკლებლივ გადაიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ 1921 წლის კონსტიტუციის საპირწონე მკვეთრად ანტიდემოკრატიულ, ანუ “დემოსის” საწინააღმდეგო კონსტიტუციას, რომლის ნიშნებიც დღეს _ 21-ე საუკუნეში აშკარად იკვეთება.

პატივისცემით,

ბიძინა სავანელი,

სამართლის დოქტორი, საკონსტიტუციო კომისიის ყოფილი წევრი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here