მთავარი პოლიტიკა დასავლეთი, რომელიც ჩაგვძახის, _ დემოკრატიის აშენებაში გეხმარებითო, ცხოვრების დღის წესრიგს გვიდგენს

დასავლეთი, რომელიც ჩაგვძახის, _ დემოკრატიის აშენებაში გეხმარებითო, ცხოვრების დღის წესრიგს გვიდგენს

369
გააზიარეთ
დასავლეთი, რომელიც ჩაგვძახის, _ დემოკრატიის აშენებაში გეხმარებითო, ცხოვრების დღის წესრიგს გვიდგენს

27 აპრილი სიერა ლეონესა და ტოგოს დამოუკიდებლობის დღეა. ასეა კალენდარში შესული და, სავარაუდოდ, ორივე ქვეყანაში მოკრძალებულად აღნიშნავენ. მოკრძალებულად იმიტომ, რომ მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და მოერიდებიან ხალხმრავალ ზეიმებს. საქართველოს ისტორიის კალენდარზე კი ეს დღე მოინიშნება, როგორც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გიორგი რურუას შეწყალების დღე. დიახ, დაპირებისამებრ, პრეზიდენტმაჟორიკარურუა ციხიდან შეწყალებით გამოუშვა და ეს მაშინ, როცა შეწყალების კომისიას, საერთოდ, არ ამუშავებს, საქმეებს კარგად ვერ ვსწავლობ და ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდებაო. ისე, კითხვის ნიშნები ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ მკვლელსა და ნარკორეალიზატორზე გაჩნდა და რატომ ჰგონია, რომ რურუაზე არ გაჩნდება, ძნელი სათქმელია. იმ რურუაზე, რომელსაც თამარ თორაძე ხელს ადებს, მთელი ოჯახი ამომიწყვიტა, პირადად ვუყურებდი, ძმები როგორ დამიხოცაო.

“1992 წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს (ლაშას, კახასა და იმედოს) და მათ მეგობარს, ვინმე გელას, “მხედრიონმა” ნუცუბიძის პლატოზე ცეცხლი გაუხსნა. ძმები დაიჭრნენ, მათი მეგობარი კი დაიღუპა. 1992 წლის 3 მარტს, დედ-მამამ, ზაურ თორაძემ და იზო ქურხული-თორაძემ, ლაშა ექიმთან ჭრილობის გადასახვევად წაიყვანეს. თორაძეები ექიმისგან შინ კუთვნილი თეთრი “ვაზ 21-07” მარკის ავტომანქანით ბრუნდებოდნენ, როცა ვერის სასაფლაოსთან თორაძეების ოჯახის სამივე წევრი ჩაცხრილეს. ამის შემდეგ შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა თორაძეების სახლს ალყა შემოარტყეს. ოჯახში დარჩენილ მამაკაცებს მეზობელთან მიაგნეს, სადაც ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ ავტომატის ჯერით დაცხრილეს იმედო და კახა თორაძეები. ამ სასტიკ მკვლელობას სხვებთან ერთად შეესწრო თორაძეების მცირეწლოვანი და _ თამუნა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ტრაგედიის დღეს თორაძეების უფროსი შვილი, ზაზა თორაძე, შინ არ იმყოფებოდა. იგი დილით გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ორი წლის შემდეგ კი 17 წლის პაატა თორაძეც გაუჩინარდა,” _ ეს არის მცირე ამონარიდი იმ საქმიდან, რომელსაც, უკვე წლებია, თამარ თორაძე ადგილიდან ვერ ძრავს. მისი სარჩელი გენერალურ პროკურატურაში, დიდი ხანია, დევს, მაგრამ ამაოდ.

რურუას გათავისუფლების პარალელურად, საქართველოს პარლამენტი მუშაობს ამნისტიის კანონზე, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ყველა ბრალდებული უნდა გაამართლოს და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტოს. ეს იმიტომ ხდება, რომ ციხიდან ნიკა მელია გამოვიდეს, კაცი, რომელსაც ბრალად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ედება. ჰო, პროკურატურა მელიას პარლამენტში შევარდნის მცდელობას ედავება, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, აუცილებლად გამოჩნდებოდა ერთი ჭიქა ჩაი და ახალ რევოლუციას მივიღებდით. ძალიან ცინიკურია მელიას მოწოდება, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატებს ციხიდან შემოუთვალა: თუ ჩემთან ერთად იმ პოლიციელებსაც შეახებენ ამნისტიას, რომლებმაც რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამნისტიის კანონს მხარი არ დაუჭიროთო. მელია პირდაპირ ამბობს: ის ადამიანები თუ არ გასამართლდებიან, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალებაში ხელი შემიშალეს, მაშინ ამნისტია არ მინდაო. მელიას, რომელიც ნაცტელევიზიებმა ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს, ერთხელაც არ წამოსცდენია, მისი პარტიის ზეობის პერიოდში, ასეულობით ადამიანი რომ აწამეს, მოკლეს და გააუპატიურეს, რატომ არავინ დაისაჯაო. ჰო, არავინ დასჯილა, ერთეულების გარდა და ეს მაშინ, როცა წამება-მკვლელობა-გაუპატიურებაში მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს იღებდნენ, აშანტაჟებდნენ, უსმენდნენ, დევნიდნენ, ქონებას ართმევდნენ. ამაზე ხმას უკვე არავინ იღებს, როგორც კი 9 წელს ახსენებ, მშვიდად გიპასუხებენ: ეგ თემა დაძველდა, რამე ახალი მოიფიქრეთო. რა დაძველდა? კასტილიანი კაცის ვიდეო დაძველდა? მინისტრებისა და დეპუტატების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაძველდა? გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობა დაძველდა? სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფაილები დაძველდა? ეს ყველაფერი ძველია და 20 ივნისის ღამეა ახალი? მიახლოებით მაინც წარმოგიდგენიათ, ნაციონალები ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, რა სისხლიან კალოს დაატრიალებენ, როგორ და რა მასშტაბით, რა ხერხებით დაიწყებენ შურისძიებას? თუ ვინმე ფიქრობს, რომ გივი თარგამაძე, ვანო მერაბიშვილი ან გიგა ბოკერია გაკეთილშობილდნენ და ახლა სხვანაირად აზროვნებენ? თუ ქართველი ერის მაგინებელი თემურ ალასანია პარლამენტის აივნიდან თეთრ თაიგულებს გადმოაყრის თავზე ყველას?!

ისევ რურუას დავუბრუნდეთ. ძალიან პატარაა საქართველო საიმისოდ, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცოდეს ჟორიკა რურუას საქმენი საგმირონი. გენერალური პროლურატურა თუ მოინდომებს, ათეულობით მოწმეს ნახავს, რომლებიც რურუას ქმედებებს დეტალებში მოყვებიან, მაგრამ არა _ იმდენი მოვახერხეთ, რომ დასავლეთს რურუა, პრაქტიკულად, პოლიტპატიმრად ვაღიარებინეთ და პრეზიდენტი ვაიძულეთ, შეწყალების აქტი გამოეცა. ჰო, მაიძულესო, ასე თქვა თავად, ჩემთან შეთანხმების გარეშე გააკეთა მმართველმა გუნდმა განცხადება, გამოსავალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაშია და მერე ევროპამ და ამერიკამ ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობაო. პრეზიდენტმაც დასავლელი პარტნიორების წნეხს ვერ გაუძლო, ზუსტად ისე ვერ გაუძლო, როგორც ეს პარლამენტარებმა და მინისტრებმა ვერ მოახერხეს და დოკუმენტს, რომელზეც აგდებულად საუბრობდნენ, ხელი მოაწერეს, განხილვაც დაიწყეს და ტაშის გრიალით მიიღებენ კიდეც.

რა გამოვიდა? დასავლეთის ზეწოლით, რურუა ციხიდან უნდა გამოვუშვათ, 20 ივნისის მონაწილე პოლიციელები არ შევიწყალოთ, ის პოლიციელები, რომლებმაც მომიტინგეებს პარლამენტზე შტურმი არ განახორციელებინეს და არ გავასამართლოთ ის კასტილიანი კაცი, რომელიცსაქმეზემეგის ქარდავას მიერ მიცემული 20 ლარის სანაცვლოდ მიდიოდა?! იმ მეგისას ქარდავასი, უკრაინაში რომ დააკავეს და უკრაინიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, საქართველოში ვერ ჩამოვიყვანეთ. 2017 წელი იყო მაშინ და ქართული მხარე ირწმუნებოდა, უკრაინული კანონმდებლობაა ჩახლართული, ერთი წელი გვჭირდება ექსტრადაციისთვისო. 2017 წელი იყო მაშინ და ახლა იციან, საერთოდ, სად არის ქარდავა? ვინმემ აგვიხსნა, რატომ არ ჩამოიყვანეს? ჩვენ გეტყვით: დასავლეთმა არ აანთო მწვანე შუქი, რადგან ქარდავას, შესაძლოა, ისეთი რამ ჰქონოდა, რაც პირდაპირ დაამტკიცებდა, რომ ყველაფრის თავი მიხეილ სააკაშვილი იყო. “დემოკრატიის შუქურასკი ჩრდილს როგორ მიაყენებდა დასავლეთი?! იმავე მიზეზით არ ჩამოიყვანეს დათა ახალაია და იმავე მიზეზით ხელშეუხებელია ზურაბ ადეიშვილი. ამ ყველაფრის უფლება დასავლეთმა არ მოგვცა. სწორედ ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა აიძულეს საქართველოს ხელისუფლება, დამნაშავეები არ დაესაჯა და უფრო მეტიც, ჩვენი კანონმდებლობით მისჯილები სხვადასხვა ქვეყანაში თანამდებობებზე დაენიშნა. ასე დაინიშნა ადეიშვილი უნგრეთში იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად, სააკაშვილი კი…

დასავლეთი, რომელიც ჩაგვძახის, დემოკრატიის აშენებაში გეხმარებითო, ცხოვრების დღის წესრიგს გვიწესებს, მათ გარეშე არათუ იმას ვერ ვსაზღვრავთ, როგორი უნდა იყოს ქვეყნისთვის უმთავრესი _ საგარეო კურსი, არამედ არჩევანის უფლებაც წართმეული გვაქვს; უფრო მეტიც, კვოტაც კი დაგვიწესეს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი ძალა 43%-ზე მეტს ვერ მიიღებს, 4 წლით არჩეულ პარლამენტს, უმთავრეს საკანონმდებლო ორგანოს, წელიწად-ნახევარში ახლიდან აგვარჩევინებენ. ისე ჩანს, დასავლეთს არც ის მოეწონა, მათ მიერ ჩამოტანილ დოკუმენტზე ხელი მაშინვე რომ არ მოაწერა ხელისუფლებამ და ამიტომ არჩილ თალაკვაძეს პოსტი დაატოვებინეს, მის ნაცვლად კი კახა კუჭავა დანიშნეს. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ირაკლი კობახიძეს ამერიკაში დაუგეგმავი ვიზიტისას სწორედ კუჭავა ახლდა და შტატებში ვიცესპიკერად წასული კუჭავა სამშობლოში სპიკერად დაბრუნდა, ამერიკელთა დანაბარები გადასცა თალაკვაძეს და მანაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

მარტივი შეკითხვა _ სუვერენული ქვეყანა რომ გქვია, რატომ დადიხარ სხვის ჭკუაზე? გაგვახსენეთ ერთი, ერთადერთი ფაქტი მაინც, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ძალით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რომელიც ევროპაში დაწერეს; გაგვახსენეთ ერთი ქვეყანა მაინც, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კვოტა დაუწესეს: თუ ამდენ პროცენტზე ნაკლებს აიღებთ, სხვა არჩევნებს დაგინიშნავთო. ვერ დაასახელებთ, იმიტომ, რომ საქართველოსავით დამონებულდაბეჩავებული არავინ ჰყავთ. აგერ კი თურქეთი და აზერბაიჯანი ამერიკას ემუქრებიან: სომხების გენოციდი როგორ აღიარა ბაიდენმაო?! ჰო, იმ ამერიკას, რომლიდანაც დირექტივებს, სატალეფონო ზარით კი არა, მესიჯებით იღებენ ხელისუფალნი და ახორციელებენ. როგორ ვიცხოვროთ, როგორი დღის წესრიგით, დასავლეთი გვიწესებს და იმასაც გვეუბნება, ეს ყველაფერი კუჭავამ უნდა შეასრულოს თუ თალაკვაძემ…

27 აპრილი სიერა ლეონესა და ტოგოს დამოუკიდებლობის დღეა. ჩვენც ამ დღეს ხომ არ ვიზეიმოთ? ერთი ფასი აქვს დღეს სიერა ლეონეს, ტოგოსა და საქართველოს დამოუკიდებლობას, რადგან ყველაფერი მხოლოდ ფურცელზე წერია.

ბესო ბარბაქაძე

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here